კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 შიშები და ემოცია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

შიში და ემოცია უხსოვარი დროიდან წარმოადგენს მეცნიერთა ინტერესის საგანს. ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფიზიოლოგები თავისებურად ხსნიან შიშისა და ემოციის ფენომენს. ფილოსოფოსები შიშსა და ემოციაში ეგზისტენციალურ ძალას ხედავენ, რომელიც ადამიანის სულიერ ევოლუციას განსაზღვრავს. სოციოლოგები და პოლიტოლოგები ემოციებს ადამიანთა მასების მანიპულირების საშუალებად აღიქვამენ. ფსიქოლოგები მათში დამცავ ფუნქციას ეძებენ, რომელიც ინდივიდს ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის საშუალებას აძლევს. ფსიქიატრების აზრით, შიში ერთგვარი დაავადებაა, რომლისგანაც პაციენტის განკურნება აუცილებელია. ფიზიოლოგებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფიზიოლოგიური ძვრები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარეობს შიშისა და ემოციის აღმოცენებისას.
შიში ადამიანის უძველესი ემოციაა, რომელიც მას გადარჩენის შანსს აძლევს, ამიტომ მასზე პასუხისმგებელი ტვინის სტრუქტურები თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. მათ ერთობლიობას ლიმბურ სისტემას უწოდებენ. თავდაპირველად ეგონათ, რომ ნერვულ სისტემაში ერთი ცენტრი იყო, რომელიც საფრთხის დროს აქტიურდებოდა და ადამიანს თავის გადარჩენისკენ უბიძგებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას ორი სტრუქტურა ემსახურება: ერთი შიშის რეაქციას იწვევს, მეორე – საშიშროებისგან გარიდების. რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში იპყრობს? უპირველეს ყოვლისა, აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, ხდება ენერგეტიკული რესურსების მობილიზება და ორგანოთა სისტემები მოქმედების სხვა რეჟიმზე გადადიან. ნერვული სისტემის გააქტიურება იწვევს გულისცემის გაძლიერებას („შიშისგან გული გამეპარა“), გუგების გაფართოებას („შიშს დიდი თვალები აქვს“), მუხრუჭდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მოქმედება („შიშისგან პირი გამიშრა“). პარალელურად აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც საშიშ სიტუაციებში სისხლში შიშის ჰორმონს – ადრენალინს გადაისვრის. სწორედ ადრენალინის დამსახურებაა სისხლძარღვთა სანათურის ძლიერი შევიწროება და სიფითრე („შიშისგან ფერი დაკარგა“). შიშის ფიზიოლოგიის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, როგორ გავლენას ახდენდა ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაზე. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ შიშის თანამდევი სისხლძარღვების ხანგრძლივი შევიწროება, შესაბამის ორგანოებში სისხლმომარაგების დარღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.
ადამიანისთვის ყველაზე ნეგატიური შედეგის მომტანია სოციალური პასუხისმგებლობისა და პრობლემებთან გამკლავების შიში. გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების შედეგებზე, რაც მხოლოდ განგაშს კი არ იწვევს, არამედ უშუალოდ აისახება ნივთიერებათა ცვლასა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე. სხეულში მიმდინარე ცვლილებები ადამიანს მოსვენებას უკარგავს, აფორიაქებს, ამუხრუჭებს მის ფიზიკურ აქტივობას და ჰიპოდინამიას იწვევს. ამგვარი განცდების გამო ბევრს მიუტოვებია კარიერა პოტენციური პიკის მიუღწევლად. მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა გამოცდების შიშია, რომელიც ახალგაზრდებს ახასიათებთ. მართალია, მათ ორგანიზმს შედარებით მყარი მარაგი აქვს და ფსიქოსომატური დაავადებები ნაკლებად უვითარდებათ, მაგრამ ხშირ და მძაფრ ემოციებს ახალგაზრდა ორგანიზმიც შეუძლია, გამოიყვანოს მდგომარეობიდან. გამოცდის წინ განგაშის შეგრძნება ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას: ხშირდება მაჯისცემა, იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა გულისცემის რიტმი. ამასთანავე, ამგვარ პირობებში ეს პარამეტრები ნორმას ძნელად უბრუნდება. თუ ამგვარი შიშით შეპყრობილი სტუდენტი ერთი სესიის დროს 4-5 გამოცდას აბარებს, შესაძლოა, ამ პერიოდმა მის ჯანმრთელობას, მის ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს ღრმა კვალი დააჩნიოს. გარდა სოციალური ფობიებისა, არსებობს შიშის უამრავი ფორმა: კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში, აგორაფობია – ღია სივრცის შიში, ნოზოფობია – დაავადების შიში, ლისოფობია – გაგიჟების შიში, მიზოფობია – დაბინძურების შიში, თანატოფობია – სიკვდილის შიში და სხვა. ფობიები ადამიანის ცნობიერებაში მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ჩნდება და ადამიანი ვერ ახერხებს მათ განდევნას. ფსიქიატრთა აზრით, ფობია ყველაზე ხშირად ასთენიურ და შიზოიდურ პიროვნებებს იპყრობს, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა, ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანსაც დაემართოს.
скачать dle 11.3