კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ვინ იყო ქალი, რომელმაც ყველაფერი გაყიდა კონსტანტინე გამსახურდიას დასახმარებლად

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

კონსტანტინე გამსახურდია კომუნისტებს გზადაგზა, როგორც ძაღლებს – ხორცს, ისე უგდებდა „ვაზის ყვავილობას“, რათა დაეწერა „დავით აღმაშენებელი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“. კონსტანტინე მთელი ცხოვრება რეპრესირებული იყო. კომუნისტების საზეიმო დღეს, 7 ნოემბერს, შავი ჩოხით დადიოდა და მეუღლეს – მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად ლობიოს ახარშვინებდა, სტალინის დროსაც და ბრეჟნევის დროსაც… რუსულ ენაზე მარტო თავის ძაღლს ესაუბრებოდა – ძაღლს ძაღლურად უნდა ელაპარაკოო!
აკაკი გაწერელია:

  მჟავანაძეობის დრო იყო. კონსტანტინე და მე რუსთაველის პროსპექტზე მივაბიჯებდით. ანაზდად კონსტანტინემ შემომთავაზა: ას-ასი გრამი არაყი დავლიოთო! დავლიეთ. ხათრს ხომ არ გავუტეხდი. მერე აიჩემა – არქიტექტორთა ყრილობას უნდა დავესწროთო! ღალატი არ შეიძლებოდა. დავყევი მის სურვილს. შევედით სამხატვრო გალერეაში, სადაც ეს ყრილობა მიმდინარეობდა. კონსტანტინემ ვასილ მჟავანაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება სთხოვა. მისცეს სიტყვა, მთავრობამ იფიქრა, ამ გამოსვლას ხალხთა მეგობრობას დაუკავშირებსო, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. კონსტანტინემ დაიწყო: „უცნაური ხალხი ვართ ქართველები! დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას თბილისში. ძეგლი კი არა, ქუჩაც კი არ გავიმეტეთ, მისი სახელი დაგვერქმია, კამოსთვის კი არაფერს ვიშურებთ, საღამოს ვუმართავთ! მისი საფლავი ძეგლად ვაქციეთ. აი, თქვენი ხუროთმოძღვრება! ამხანაგ კამოს ქართველი ერის წინაშე მხოლოდ ერთი დამსახურება მიუძღვის – ჩვენი უსაყვარლესი ბელადის ცოლს, ქალბატონ ნადეჟდა კრუპსკაიას უკურნებელი ვენერიული სენი შეჰყარა, იმან კი – ლენინს. იცოდეთ, ვასილ პავლოვიჩ, ამას კაცობრიობა დაგიფასებთ!“ კინაღამ ჩაეშალათ ყრილობა. აი, კლასიკური ირონიის მაგალითი. როცა კონსტანტინე ტრიბუნიდან ჩამოვიდა, იქვე, პირველ რიგში მჯდომ მჟავანაძესთან მივიდა და ჰკითხა: „ვასილ პავლოვიჩ, უხერხული ხომ არაფერი მითქვამს?“ იცოდნენ რა მისი ხასიათის სიმტკიცე და პირდაპირობა, მასთან კამათს და ხუმრობას ვერავინ ბედავდა.
***
 კონსტანტინე გამსახურდია და ელენე ბაქრაძე (დარიანი) ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს შავჩოხიანები: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი შავ ცხენებზე ამხედრებულები სწვევიან ცისფერყანწელთა დედოფალს – ელენე დარიანს. მათთვისაც მოუგვრიათ 2 ცხენი და უთხოვიათ: შენ და სიმონ ჯანაშია უნდა გახდეთ ჩვენი ძმობის წევრებიო. მათი მიზანი საქართველოს ამერ-იმერის შემოვლა და ხალხთან შეხვედრა იყო. შავჩოხიანებს ელენე დასთანხმებია, მაგრამ სიმონ ჯანაშიას უთხოვია, შეეწყვიტათ ასეთ რამეზე ფიქრიც კი, თორემ მთავრობაში უკვე იციან ამის შესახებ და დაგვაპატიმრებენო… მე პირადად ყოველთვის თქვენთან ვიქნები, მაგრამ ივანე ჯავახიშვილს ვერ ვუღალატებ, თუ არ შეწყვეტთ ამაზე ფიქრს, იმასაც დააპატიმრებენ და ჩვენცო… ასე რომ, ჩაიშალა შავჩოხიანთა ის ლაშქრობა… იმ პერიოდში შეუძლოდ შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდია. ის მოსკოვში წავიდა სამკურნალოდ და იქიდან საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. ელენემ მის სამკურნალოდ და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი გზის ფულისთვის მთელი თავისი სამკაული გაყიდა. შემორჩენილია კონსტანტინეს მიერ 1926-1927 წლებში დაწერილი ერთი წერილი, ერთი ფრაგმენტი და ერთი ღია ბარათი… 1926 წელს კონსტანტინე გერმანიის ჯაშუშობის ბრალდებით სოლოვკის კუნძულებზე გადაასახლეს. სწორედ იქიდან გამოუგზავნა ეს წერილი ელენეს: „ძვირფასო ელენე, რასაკვირველია, მე არ შემიძლია ისეთი მშვენიერი ბარათის დაწერა, როგორიც შენ მომწერე. შენ პოეტი ხარ და იცი, როცა ადამიანი ბევრს განიცდის, გამოხატვა არ შეუძლია. თანაც, მე ავად ვარ. ფიზიკურად, სულიერად დაშლილი. ეს წელი ჩემთვის ყველაზე კოშმარული იყო. ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ გავედი საზღვარგარეთ და სიკვდილის გემო შევიგრძენი… ჯერაც საავადმყოფოში ვარ. რამდენჯერმე მოწმე გავხდი საშინელი გაორებისა. ასეთი მდგომარეობა ჩემი წარმოსახვით აღვწერე ჩემს მოთხრობაში „ტაბუ“. მოსკოვში გადავიტანე ძლიერი, სულისშემხუთველი შემთხვევები. მე ვაგრძელებ შემოქმედებით მუშაობას, მაგრამ სიკვდილი სანატრელი გამიხდა. ეს მარტო ფრაზა არაა – ზუსტად ამას განვიცდი… მინდოდა საქართველოდან სრულიად წასვლა, სრულიად დაუმსახურებლად, იმდენ სიძულვილს ვგრძნობდი, რომ მე ვიყავი მოწამლული და გადაწამლული. მე ასეთმა ცხოვრებამ მიწია, როგორც მაჩაბელსა და ბარათაშვილს, შეიძლება უარესმაც. მე მიკვირს, როცა ახალ რომანზე მწერ – არა მგონია, როდესმე დავუბრუნდე ქართულ ლიტერატურას. საერთოდ არა ღირს, როცა ხალხი გპასუხობს ყველაზე დიდი სიძულვილით. სოლევეცკი გუმბათზე შლის თავის ნაბადს. მარჯვენა მხარეს არ შემიძლია წოლა, ტკივილები – გულში, რევმატიზმი – სახსრებში… გახსოვს, მე მარჯვენა ხელზე ვმკურნალობდი თბილისში… აქაური ნესტისგან შეიძლება, წამერთვას ხელი, ყოველდღიური თავის ტკივილები… ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ზოგჯერ მწუხრობისას ვიკრიბებით და ვმღერით, თანაც თანამემამულეთა
გარდა, ვერავის ვხვდები, საინტერესო ხალხი არ არის. წავიკითხე ალექსანდრე ფირმანი, მომეწონა. ველოდები შენს სონეტებს. მხოლოდ, თუ შეიძლება, მიეცი კარგი სათაურები, მე ვფიქრობ, შენ ისეთი გამბედავი ხარ, რომ დამფუძნებელი იქნები ქალური ლირიკისა… ვნახოთ… მე წავიკითხე ქართული ჟურნალები, მხოლოდ მომეწონა აბაშელის ლექსები და ქიაჩელის მოთხრობები. აბაშელი ახალ სტადიაში შედის. ივანეს ავადმყოფობამ (ჯავახიშვილი) ძლიერ შემაწუხა. ვკოცნი სიმონიკოს (ჯანაშია), უთხარი მას, რომ უნივერსიტეტის გამოცემები შემახვედროს. შენ ნუ ბრაზობ…“ აქ წყდება წერილი, როგორც ჩანს, ბოლო ნაწილი ძალიან ინტიმური იყო და ადრესატმა გაანადგურა. თანამედროვე მოგონებებიდან ცნობილია, რომ ვერაზე, ელენეს  სახლში, ჩოხა-ახალუხით დამშვენებული მწერალი, განუყრელი მეძებარი ძაღლითურთ, ხშირად სტუმრობდა… იქიდან კი „ფიქრთ გასართველად“ მიუყვებოდა ვარაზის ხევს, ხან მდინარე ვერეს ხეობას.
***
 კონსტანტინე გამსახურდიას მისმა სიყრმის მეგობარმა, ლადო გუდიაშვილმა მოზეიმე ქართული ფრესკა შეარქვა. მიხეილ ჯავახიშვილმა კი თანამოკალმეს ფრესკების მხატვარი უწოდა. მწერლის მისტიკური მდუმარებით აღსავსე ასკეტური სახე ოდნავ ჩამოჰგავს კიდეც რენესანსის მხატვართა მიერ ფრესკაზე გამოყვანილ წმიდანთა სათაყვანებელ ლანდებს. მათსავით სევდიანი და უძიროა მწერლის სულიერი ხატება და გარეგნული პორტრეტი. თუმცა ფრესკის მსგავსად, მწერლის ნაღვლიან სახესაც გადაეფინებოდა ხოლმე ღიმილის სხივი. ამ იშვიათი სიცილის გამო მოხდენილად უწოდეს ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლებმა შესაფერისი სახელი: „კოლხი კაცის ფრესკის ღიმილი“. კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების ეტლი სამშობლოს ბედისწერასთან იყო გადატიხრული. ღირსებაშელახული ქვეყნის მძიმე ხვედრი კი დალხინებული ცხოვრების საფუძველს არ აძლევდა მწერალს. ის, მართლაც, იშვიათად უნახავთ გაღიმებული. ერთხელ, ნათელასაც უთქვამს მარად მოღუშული მამისათვის:
– რატომ ხარ ასე, შუბლი გახსენი, გაიცინეო, მამა!
– რა ვქნა, ჩემო ნათელიკო, ასეთი ცხოვრება მარგუნა ბედმა! თავად მწერლის ახლობლების განცხადებით, მას მეტად ზომიერი იუმორი ახასიათებდა. მის მიმართ წარმოთქმული ხუმრობაც არასოდეს სწყინდა და ხალისითაც ჩაებმებოდა, თურმე, ამ ხუმრობაში. მაგრამ მწერალი ერთმანეთისაგან ანსხვავებდა ზომიერ ხუმრობასა და წრეგადასულ, უმართებულო ქილიკს, რომელსაც მიმართავდნენ ხოლმე უნიათო კრიტიკოსები მისი სახელის დისკრედიტაციისათვის. მწერალი მოთმინებით იტანდა მათ გამოხტომებს. იტყოდა ხოლმე, „კრიტიკის იმუნიტეტი მოვიპოვეო“. თუმცა ამ კალამბურამ მომეტებულად გაათამამა ზოგიერთები და საბაბი მისცა მავანთ, საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან საგანგებო ბრალდებები წამოეყენებინათ მისთვის. ასეთ დროს მწერლის იუმორი მრისხანე ძალას იძენდა. სწორედ პუბლიცისტური სატირის მეშვეობით მოახერხა მან ცნობილი რუსი კრიტიკოსის ვ. შკლოვსკის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამასხარავება. კონსტანტინე გამსახურდიამ საკავშირო მასშტაბის ჟურნალებსა და გაზეთებში გამოქვეყნებული წერილებით ისეთი სილაქი გააწნა გათავხედებულ კოლეგას, რომ მისი ტლაშუნი მთელს საბჭოთა კავშირში გაისმა. ერთმა ხელისუფლების პირმა წყენა არ დამალა და მას მოურიდებლად უთხრა: კაი კაცი ხარ, მაგრამ გესლიანი ენა გაქვსო, – რაზეც მწერალმა პასუხი არ დააყოვნა.
– რა ვქნა, გესლიანი ენა მე განგებამ მომიგდოო.
კონსტანტინე გამსახურდია ადამიანის ხასიათს, მის სულიერ სამშვინველს სიცილის მეშვეობითაც სწვდებოდა. მწერლის აზრით „არაფერი ისე არ ახასიათებს ადამიანს, როგორც სიცილი“. მან ცხოვრებისეულ კრედოდ გაიხადა დანტე ალეგიერის სენტენცია „სიცილი სულის ტაროსია“. ამიტომაც ის უაღრესად სასოწარკვეთილების ჟამსაც არ კარგავდა იუმორის გრძნობას და სიცილის ხალისს. 1924 წელს მეტეხის ციხეში გამომწყვდეულმა მწერალმა იუმორისტული კედლის გაზეთიც შეადგინა და მეგობრებს გულიანად აცინებდა. არადა, მოგვიანებით, როგორც სანდო წყაროებიდან შეიტყო, თურმე დასახვრეტთა სიაში
ყოფილა გამწესებული. მწერალი არც 1937 წლის რეპრესიების სუსხიან დღეებში ღალატობდა იუმორს. როცა დააპატიმრეს, „სახელგამის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლიდა გასვიანი და სასტიკად აწამეს, ქალის ბუნებამ ვერ გაუძლო და მანაც თავის თანამოაზრეებში და თანამზრახველებში კონსტანტინე გამსახურდია დაასახელა. საქმეში გამსახურდიას ოქმიც იყო. დაკითხვაზე გამომძიებელმა კითხვა დაუსვა: რატომ დაგასახელათ ქალბატონმა ლიდა გასვიანმა. – ახალგაზრდობაში მომწონდა, მერმე ცოლად არ შევირთე და ალბათ, ამიტომო, – ცრემლნარევი ხუმრობით უპასუხა გამომძიებელს მწერალმა. კონსტანტინე გამსახურდიას ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლებთან. მწერალს უყვარდა მათთან მუსაიფი, ანეკდოტების მოყოლა. ზოგჯერ ფრთიან ფრაზას ესროდა რედაქციაში მოფუსფუსე ჟურნალის თანამშრომლებს: – „რას იქთ, ვოჟებო, ვის ჯღანავთ ახლა!“ – „ნიანგელებიც“ ჩვეული იუმორითა და ხალისით პასუხობდნენ ქართული პროზის დიდოსტატს, და როდესაც მორიგ „დაჯღანულ“ სახეს აჩვენებდნენ, მისი გოროზობიდან ნატამალიც არ რჩებოდა, ისეთი სითბოთი და ალერსით გაუნათდებოდა სახე. კონსტანტინე გამსახურდია არასოდეს თაკილობდა ახალგაზრდა და დამწყები იუმორისტების გვერდით თავისი დიდებით მოსილი სახელისა და გვარის დაბეჭდვას. მისი სიბრძნითა და სიმახვილით აღსავსე, ხალხური იუმორით განმსჭვალულ იგავ-არაკებს მკითხველი პირველად სწორედ „ნიანგის“ ფურცლებიდან ეცნობოდა. დიდ კონსტანტინეს დიდი მწერალი სატირის გარეშე არ სწამდა. ეს გულთბილი ურთიერთთანამშრომლობა „ნიანგის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ნომერში დასტამბული ლექსიდანაც ჩანს:
„ნიანგო, ღმერთს გეფიცები,
გულში სულაც არ გემდური,
არ დავფარავ, თუმცა მითქვამს
ბევრჯერ შენი საყვედური.
ვწუწუნებდი, შესაჭმელად
ვხედავთ, ყველას ვეამები
და ჩუმად კი მიხაროდა
მე ხშირ-ხშირი რეკლამები“.
ეს თანამშრომლობა ომის პერიოდშიც გრძელდებოდა, რასაც განსაკუთრებით ემადლიერებოდა ჟურნალის რედაქცია: „ნიანგის“ გვერდზე გაისმა მრავალი გამორჩეული მწერლის, პოეტის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ომახიანი ხმა. კონსტანტინე გამსახურდიასა და ჟურნალ „ნიანგის“ თანამშრომლობა ზოგჯერ მუქ ფერებშიც ვითარდებოდა. მწერალს ჟამიდანჟამ „ნიანგის“ ოხუნჯობაზეც მოსდიოდა ბრაზი. როცა ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, „ნიანგმა“ გამოაქვეყნა კარიკატურა, სადაც კონსტანტინე გამსახურდია ჩოხა-ახალუხშია გამოწყობილი და თეთრ ცხენზეა ამხედრებული, გვერდით მწევარი მოჰყვება ღვედით, წარწერა კი ასეთია:
„სწავლულებთან სიარულში გამსახურდი კოსტა და ჩადექი რიგში აკადემიკოსთა“. კონსტანტინე გამსახურდიას ამჯერად სერიოზულად მოსვლია გული. საჯაროდ იმუქრებოდა, „ყური უნდა მოვაჭრა „ნიანგის“ რედაქტორს, ძველმა ქართველებმა ასე იცოდნენო. საერთოდ, მწერალს ხშირად ხატავდნენ მიმინოთი ხელში, გაძვალტყავებულ ცხენზე ამხედრებულს, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. მწერალს არც ის მოეწონა, „ნიანგელებმა“ დანტეს ბიუსტზე მისი და კონსტანტინე ჭიჭინაძის კარიკატურები რომ გამოხატეს, ნიშნად მათ მიერ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ „უსუსური“ თარგმანისა. თუმცა, მწერალი წყენას გულში დიდხანს არ იტოვებდა, მღელვარებას ისევ სიცილით იქარვებდა და მათი ურთიერთობა ჩვეულ შემოქმედებით კალაპოტში დგებოდა.
скачать dle 11.3