კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა ეკრძალებოდა „მის მსოფლიოზე“ ნია წივწივაძეს და რატომ დადიოდა ის კუნძულ სანიაზე დაცვით

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„მის საქართველო“, მშვენიერი ნია წივწივაძე ცოტა ხნის წინ „მის მსოფლიოზე“ იმყოფებოდა, რომელიც კუნძულ სანიაზე გაიმართა. ნია ამ კონკურსზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, როგორც გარეგნობით, ასევე თავისი დადებითი ენერგიითა და აქტიურობით. მან ამ კონკურსზე საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო და ბევრი მეგობარიც შეიძინა.
ნია წივწივაძე: საქართველოდან რომ მივდიოდი, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჩემთვის პირველი კონკურსი იყო. იქ ჩასულს გამიმართლა, რომ „მის სომხეთი“, რომელიც მანამდე გავიცანი, ოთახში ჩემთან ერთად მოხვდა. მეორე დღეს, საუზმეზე, ერთმანეთი უკვე ყველამ გავიცანით. ძალიან კარგი ნაკადი იყო, ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით. იყვნენ ისეთები, ვისთანაც კონტაქტში ვერ შეხვიდოდი, მაგრამ უმრავლესობა კარგი იყო და ერთმანეთს არაფერს უშავებდნენ. 120 გოგონა ვიყავით და 4 ჯგუფად დაგვყვეს. ყოველ ჯგუფს თავისი ლიდერები ჰყავდა – ორ-ორი ადამიანი, რომლებიც მუდამ გვაკონტროლებდნენ. არ გვქონდა იმის საშუალება და უფლება, რომ სადმე მარტო გავსულიყავით. უნდა გეთხოვა და გამოგვყებოდნენ. საუზმეზეც კი არ შეიძლებოდა მარტო წასვლა. დაცვა კი ყველგან დაგვყვებოდა, მაგრამ იმხელა სასტუმრო, ისეთი დიდი ქალაქი იყო, მარტო ვერსად წავიდოდით.
– ამბობენ ხოლმე, რომ ასეთ კონკურსებზე ხშირია ჩაწყობა. წინასწარ იგრძნობა ვინ გაიმარჯვებსო. ახლა როგორი სიტუაცია იყო?
– გოგონები კონტინენტების მიხვედით დაგვყვეს. მე ევროპის გუნდში ვიყავი. ზოგადად, „მის მსოფლიოზე“ ვერ გაიგებ, ვინ გაიმარჯვებს. აღარ არის ისე, რომ ლამაზია და გაიმარჯვებს. ამას საერთოდ არ უყურებენ. ტოპ 30-ში თეთრმეტი საიტზე მაყურებლების ხმის მიცემის მიხედვით გადავიდა. ხუთი ქველმოქმედების მიხედვით შეირჩა, ანუ რა გააკეთეს ამ კუთხით წლის განმავლობაში. ვიდეოები რომ ვნახე, მთელი სახელმწიფო იყო ჩართული ქველმოქმედებაში – პრეზიდენეტები, მინისტრები... საქართველოს ბევრი უკლია, რომ ამ დონემდე მივიდეს. ტოპ 30-ში ერთი გოგონა, ოპერის მომღერალი, ტალანტის კონკურსიდან გადავიდა, ხოლო მეორე – სპორტული შეჯიბრების შემდეგ. ის ფიტნეს-ინსტრუქტორი იყო, სასწაული გოგო. სხვათა შორის, ის 11, რომლებიც ხმის მიცემით გადავიდნენ, აზიიდან და ამერიკიდან იყვნენ, ევროპიდან – არცერთი. შოკში ვიყავით, რადგან ევროპას ვგულშემატკივრობდით და არავინ გადავიდა. დანარჩენ 12-ს კი უკვე ჟიური ირჩევდა. თანაბარი რომ ყოფილიყო, ყველა კონტინენტიდან 2-2-ს ირჩევდნენ – წელს რაღაც სხვანაირი წესი ჰქონდათ. ტოპ-ხუთეულშიც მხოლოდ ერთი გავიდა ევროპიდან. ტოპ-ხუთეულში გასულებს, ევროპის გუნდიდან ბევრი გოგონა სჯობდა, მაგრამ, რადგან ერთს ირჩევდნენ, დანარჩენს შანსი აღარ ჰქონდა. წელს კიდევ  ის იყო განსხვავებული, რომ 6-6 გოგონა ვისხედით. ორ კითხვას გვისვამდნენ, ერთს საკუთარ თავზე, ერთს – ზოგადად და იქვე უნდა გაგვეცა პასუხი. ამ ექვსიდან გადის ერთი გოგონა, რომელსაც ხალხი ირჩევს. ხალხს არც აინტერესებს, ვინ როგორ გასცა პასუხი, თავისას ირჩევს.  ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო ჟურნალის ლინკი, სადაც კრიტიკოსები ამ კონკურსის არსებობიდან დღემდე წერენ თავის აზრს, აკრიტიკებენ თითოეულ მონაწილეს და წელს მათი რჩეული ამ ჯგუფიდან მე ვიყავი. წერდნენ: მე გავიყვანდი „საქართველოს“, ძალიან საინტერესოდ ისაუბრაო. სხვათა შორის, სანამ კონკურსზე წავიდოდი, „იუ თუბიზე“ ერთ-ერთ კრიტიკოსს თავისი ტოპ-ხუთეული ჰქონდა გაკეთებული და მასში მე შემიყვანა. არ მჯეროდა, იმდენჯერ გადავახვიე... ასევე, როცა „მის მსოფლიოს“ პოსტერი გააკეთეს, რამდენიმე გოგონას ფოტო აარჩიეს და ერთ-ერთი მე ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო იყო... ბოლოს მექსიკამ გაიმარჯვა.
– ელოდებოდით მის გამარჯვებას?
– სხვათა შორის, რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ „მის მსოფლიოს“ ინგლისურენოვან წამყვანთან ერთად ესპანურენოვანი წამყვანიც ჰყავდა. ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა. ამიტომ ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, ვინმე ესპანურენოვანს მოეგო. რადგან, როგორც აღვნიშნე, „მის მსოფლიოზე“ უკვე გარეგნობას აღარ უყურებენ და უპირატესობას ანიჭებენ იმას, რას საქმიანობ ქველმოქმედების კუთხით, როგორი მხარდაჭერა გაქვს, მექსიკა ამაში ნომერ პირველი იყო. როგორც თავად თქვა, სამი წლის წინ მიატოვა კარიერა და მხოლოდ ქველმოქმედებას ეწეოდა, თან, ძალიან ძლიერი ზურგი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან. გარეგნობით კარგი გოგონა იყო, ხასიათითაც – ძალიან დადებითი.
– ასეთი კონკურსები გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. შენთვის რა იყო ყველაზე დიდი სტრესი?
– დროში 4 საათი იყო სხვაობა, ამიტომ როდესაც ჩავედი, ცოტა გამიჭირდა. თან, დილის 5 საათზე გვიწევდა ადგომა,  დღე კი ღამის 12 საათზე
მთავრდებოდა  – ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი სტრესი. სადაც დავჯდებოდი, ყველგან ვიძინებდი. თუმცა, გოგონები ძალიან კარგად ვერთობოდით. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ცეკვის რეპეტიციები იყო. ისეთი მაგარი მასწავლებლები გვყავდა, რომ მათთან ურთიერთობისას დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ზოგადად, ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება მივიღე. თან, იმდენი ადამიანი გავიცანი, ყველა ქვეყანაში მყავს ნაცნობი – რომ ჩამოხვალ, დაგვირეკეო. სხვათა შორის, ერთი რამ დავაფიქსირე, ევროპაში ასეთი კონკურსები საერთოდ არ აინტერესებთ, მით უმეტეს აზიასთან შედარებით. ერთი არ გადასულა ევროპიდან ხმის მიცემით. სოციალურ ქსელშიც ვერ ნახავდით ევროპელ გულშემატკივარს. სხვათა შორის, საქართველოდან ძალიან დადებით კომენტარებსა და მესიჯებს ვიღებდი. მწერდნენ: გამარჯვებულსაც შენ მირჩევნიხარ, შენკენ ვარ, რომელ არხზე ვუყუროო. კონკურსზე ამასაც დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩვენთან არცერთ არხს არ უჩვენებია და იქ თითქმის ყველა კონკურსანტს ჩამოაკითხეს ჟურნალისტებმა. საერთოდ არ სჭირდებათ ისეთი კონკურსანტი, რომელიც არც მის სახელმწიფოს აინტერესებს და არც ტელევიზიებს. ძალიან მწყდებოდა გული. ყველას ინტერვიუები ჰქონდა და მე და რამდენიმე გოგო ვისხედით ჩვენთვის. კიდევ იმაზე დამწყდა გული, რომ დარბაზში ჩვენი ქვეყნის გარდა ყველას დროშა ფრიალებდა. ჩემებს კი უნდოდათ ჩამოსვლა, მაგრამ ფინალზე დასასწრები ბილეთები აღარ იყო.
– როგორ ატარებდით ხოლმე დროს?
– ვიყავით ბევრ სხვადასხვა ღონისძიებაზე. ვათვალიერებდით ქალაქს. ერთი კვირით სხვა ქალაქშიც გადავედით და იქ ისეთი რაღაცები გავაკეთე, რასაც მეგონა, ვერასდროს გავაკეთებდი: ქალაქს რომ ვათვალიერებდით, ზიპლაინით ჩამოვსრიალდი. სიმაღლის ისე მეშინია, გული მისკდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მაშინ უკან ფეხით უნდა ავბრუნებულიყავი. 20 წუთი ვიდექი და ვამბობდი, თან ტირილით: ღმერთო, ვერ წავალ-მეთქი. ერთი ჩინელი ბიჭი იყო და ის მეუბნებოდა: მიდი, ნუ გეშინია, აქ ვარო. ბოლოს გავბედე და ისე მომეწონა, ვამბობდი: კიდევ მინდა-მეთქი. შიში დავძლიე. თვითმფრინავისაც მეშინოდა და იქიდან ისე ვიფრინე, აღარ შემშინებია. ისეთ საქანელაზე ვიჯექი, ფაქტობრივად, სულ ჰაერში ხარ. ისეთი ექსტრემი და ადრენალინი იყო... ძალიან საინტერესო და ულამაზეს ადგილებში ვიყავით. თან ზაფხული იყო, სანაპიროზე დავდიოდით, გადაღებები გვქონდა, შეჯიბრებები. ზამთარში ისე მეზარება, ერთ ნაბიჯს ვერ ვდგამ ხოლმე და იქ სულ ცხელოდა. ის ქალაქი, სადაც ერთი კვირით ვიყავით, „ბარსელონას“ სპონსორია და იმ სასტუმროში, სადაც ჩვენ ვიყავით  რამდენიმე ფეხბურთელს თავისი ანაბეჭდები ჰქონდა დატოვებული, სახელებით და გვარებით, ასევე, კალათბურთელებს, მსახიობებს. ქალაქში არის „ბარსელონას“ მუზეუმიც, რომელიც ისეთი საოცარია... თან, მე ხომ ვგიჟდები „ბარსაზე“. სათვალეს იკეთებ და გგონია, რომ კამპ ნოუზე დადიხარ, თამაშს უყურებ, ფეხბურთელებს ხედავ... ისეთი მაგარი მუზეუმი იყო, რომ სულ რომ არაფერი, ამის ნახვად ღირდა.
– საფინალო შოუმ როგორ ჩაიარა?
– საოცარი შოუ იყო. ცეკვით გავხსენით. ბრიტანელი მომღერალი მღეროდა, რომელიც სპეციალურად ჩამოიყვანეს. ასაკით პატარაა, მაგრამ ძალიან პოპულარულია, ამომავალი ვარსკვლავია, ბრიტანული ბავშვების „ვოისიც“ მოიგო. ისეთი მაგარი სიმღერა და ცეკვა იყო, რომ დღემდე ვწერ: რა მაგარი იყო-მეთქი. ფინალურ შოუზე sister sledge ჩამოვიდა. თავიდან მეგონა, მათ სიმღერას ჩართავდნენ. ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი და რომ გავიცანი, ვუთხარი: არ მჯეროდა, თუ ჩამოხვიდოდით-მეთქი. ფოტოებიც გადავიღეთ, ვიდეოებიც. ისეთი მაგარი ფინალი იყო, დღესაც სიამოვნებით გამოვიდოდი.
– ერთი თვე შეყვარებულისგან შორს მოგიწია ყოფნა. ეს თქვენი პირველი დიდხნიანი განშორება იყო?
– კი. ერთმანეთის გარეშე ამდენი ხანი არ ვყოფილვართ. უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ თამაშები ჰქონდა. თან, ერთმანეთს წესიერად ვერ ველაპარაკებოდით. დილით, მე რომ მივდიოდი, აქ ღამე იყო, საღამოს რომ მოვდიოდი, ისე ვითიშებოდი, ეგრევე ვიძინებდი. თან, დაღლილი რომ ვიყავი, სულ ვეჯუჯღუნებოდი, ვებუზღუნებოდი და ის: კარგი, არა უშავს, ამ ერთ თვეში რასაც მეტყვი, ყველაფერს ავიტანო. თან, რომ ვიგებდი ჩემი ყველა მეგობარი ერთად იყო, ვეუბნებოდი, წავედი, აღარ მინდა საუბარი, დამანებეთ თავი-მეთქი. ყველაფერს მშვიდად იტანდა. სულ დაკავებული ვიყავი და ამიტომ დრო მალე გავიდა. საჭმელი ისე მენატრებოდა, რომ ჩამოვედი, ეგრევე, წავედით და ვჭამეთ. მეკითხებოდა: რა დაგახვედროო. არაფერი მინდა, საჭმელად წავიდეთ-მეთქი.
скачать dle 11.3