კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა რეკორდი მოხსნა კონსტანტინე ჯანაშიამ გიგანტების შოუზე და როგორ აფინანსებს მას შვარცენეგერი

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი, 28 წლის „ქართველი ხარი“, ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია გიგანტების შოუზე ყველაზე ძლიერ მამაკაცად დაასახელეს.
კონსტანტინე ჯანაშია: გიგანტების შოუ მანჩესტერში ჩატარდა. შტანგის აწევაში რეკორდი მოვხსენი – 400 კილოგრამი ხუთჯერ ავწიე და საერთო ჯამში, მეორე ადგილი დავიკავე. მონაწილეებს შორის 15 პროფესიონალი, საუკეთესო სპორტსმენი იყო. მსოფლიოში, უმაღლეს ლიგაში უფრო მეტი ათლეტი აღარ არსებობს. შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც მეორე ადგილი ავიღე, დუბაიში „გიგანტების შოუში“, მსოფლიო რეკორდი მოვხსენი – 510 კილოგრამი ამოვწიე. 2017 წელს კი დანიაში, „მსოფლიო ვიკინგზე“ მესამე ადგილი დავიკავე.
– დუბაიში ვინ გახლდა?
– ჩემი შეყვარებული და ჩემი და ქეთი იყვნენ ჩემთან ერთად დუბაიში. ქეთი კალათბურთელია. ძალიან მომეხმარნენ – მამხნევებდნენ, დიდ სტიმულს მაძლევდნენ. შეჯიბრებაზე დის მხარდაჭერა ძალიან მაგარი ყოფილა. არადა, ბავშვობაში სულ ნერვებს მიშლიდა და სულ ვურტყამდი. მე კი ვერეოდი, მაგრამ ის უფრო ჭკუით გამოირჩეოდა. ჩემი დაც ჩემსავით მაღალია. სიმაღლე და წონა კარგია, რადგან მძიმე და მოუხერხებელ ნივთებს ადვილად ვიმორჩილებ, აგრეთვე, დიდ სიმაღლეზე ამ ნივთების დალაგება (რაც ამ სპორტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია) ძალიან მიიოლდება. მოყვარულის დონეზე ჩემი შეყვარებულიც სპორტით არის დაკავებული. ყველანაირად გვერდით მიდგას, ძალიან მაგარი ადამიანია. ის რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა იქნებოდა. ჩემი პიარ-მენეჯერის როლსაც ითავსებს. ინგლისურენოვანი სამი სპონსორი მყავს, ის ესაუბრება. ყველაფერს თვითონ აგვარებს. ჩემი გოგო დარბაზში გავიცანი და თავიდანვე მომეწონა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, სპორტული ცხოვრებით ყოფილიყო დაკავებული. სხვანაირი ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის სპორტი და შრომა, ვერ გამიგებს. სულ რაღაცას ვაკეთებ, სულ ვარჯიშებზე ვარ, განსაზღვრული ჭამის დროები მაქვს. რომ გაიგოს, რას ვაკეთებ, სპორტთან ახლოს უნდა იყოს.
– თვითონ არ შეეშინდა შენი?
– გულადი აღმოჩნდა. მეც არ ვარ „გრუზინი“ ბიჭი. ადრე ეჭვიანობდა, ახლა – ნაკლებად. მიეჩვია, რომ ყურადღებას მაქცევენ. ჩემი აზრით, გენდერული თანასწორობა არ არსებობს, მაგრამ არაფერს ვუშლი და ბარიერებს არ ვუქმნი. საკმაოდ დიდი ხანია, ერთად ვართ.
– სიურპრიზებით ანებივრებ?
– ვიცი მისი სუსტი წერტილები და შესაბამის სიურპრიზებს ვუწყობ. ახლახან ერთმა ჩემმა ფანმა სინგაპურიდან ორივეს საჩუქრად გამოგვიგზავნა „დიორის“ სუნამოები, ჩვენი სახელის ინიციალებით.
– სპორტით ბავშვობიდან იყავი დაკავებული?
– სპორტი პატარაობიდანვე მიყვარს. თავიდანვე მიზნად დავისახე, რომ მწვერვალისთვის მიმეღწია, ამიტომ სულ ვვარჯიშობდი, არასოდეს დამზარებია. თავიდან ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ ძალიან სუსტი, გამხდარი ბავშვი ვიყავი და ძალიან მინდოდა, ძლიერი ვყოფილიყავი. მერე, რაც დრო გადიოდა და ასე ვთქვათ, ჯანი მომდიოდა, მინდოდა, კიდევ უფრო დიდი ვყოფილიყავი. „სთრონგ მენში“ ვარჯიში რომ დავიწყე, 65 კილო ვიყავი. სპორტის ამ სახეობაში მწვრთნელი არ მყოლია, რადგან კვალიფიცირება არავის ჰქონდა. რაგბით ვიყავი დაკავებული. ამ სპორტში კი მოყვარული ვიყავი და ჩემით ვვარჯიშობდი, ინტერნეტში ვნახულობდი. მაშინ შტანგისტების დარბაზში დავდიოდი და იქაური ტრენერები, უბრალოდ, მეხმარებოდნენ, რომ ესა თუ ის მოძრაობა სწორად გამეკეთებინა. ახლა ერთ-ერთი სკოლის შენობაში საკუთარი დარბაზი მაქვს. დატვირთვა ძალიან დიდია. 2009 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია“. იმ დღიდან წავედი და დღემდე ამ სპორტში ვარ. ადრე „ნიჭიერში“ გამოვედი, მანქანა გადავატრიალე და ბოინგი გავწიე.
– როდის გქონდა რთული პერიოდი შენს სპორტში?
– შეჯიბრებებზე რომ მევლო და მეარსება, მუდმივი სპონსორი არ მყავდა. რაც ძალიან რთულია. ძირითადად, ბანკიდან ვიღებდი კრედიტს, შემდეგ კი საპრიზო თანხებით ვფარავდი ხოლმე, მთელი ჩემი მოგებული ფული ვალებში მეხარჯებოდა. ერთჯერადად რამდენჯერმე დამასპონსორეს. აქ სავარჯიშო პირობებიც ცუდი იყო. ევროპაში რომ ჩავდივართ, მათ ყველანაირი პირობა აქვთ, ტექნიკით დაწყებული და საშხაპეებით დამთავრებული. აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ, რაც სპორტსმენს სჭირდება, ჩვენ კი ხელნაკეთი ატრიბუტებით გვიწევდა ვარჯიში.
– რა მოძრაობებია თქვენს სახეობაში?
– ძალიან ბევრია, დაახლოებით 30. კონკრეტულ შეჯიბრებებზე ფედერაცია ექვსს ირჩევს, ორი თვით ადრე მოგვდის ინფორმაცია, თუ რა მოძრაობები იქნება და იმის მიხედვით ვემზადებით. მაგალითად, შტანგის წელამდე ამოწევა ერთ-ერთი სახეობაა. ევროპაზე რომ გავედი, იყო მოუხერხებელი მორის აწევა – ჩვეულებრივი ხის მორია, რომელსაც ხელის მოსაკიდებელი უკეთდება და თავს ზემოთ უნდა ასწიო; მეორე მოძრაობა იყო 360-კილოგრამიანი შტანგის წელამდე რამდენიმეჯერ ამოწევა. მესამე მოძრაობა იყო, ეგრეთ წოდებული, უღელის დადება – მანქანაა, 450 კილოგრამი, ისე აქვს ამოჭრილი, რომ ბეჭებით შეუდგე და გასწიო. 20 მეტრზე რაც უფრო სწრაფად წაიღებ, მით უფრო კარგია. დროს ინიშნავენ. მეოთხე მოძრაობა იყო, ეგრეთ წოდებული, „ჩემოდნები“, დიდი რკინის კონსტრუქცია, რომელსაც ხელს ჰკიდებ და 40 მეტრზე უნდა გადააადგილო, თითო ჩემოდანი კი 160 კილოგრამს შეადგენდა, ჯამში – 320-ს. ბოლოს იყო ატლასის მრგვალი ქვები, 120-დან იწყებოდა და 200-ზე მთავრდებოდა, გარკვეულ სიმაღლეზე უნდა შემოგედო.
– როგორც ვიცი, ახლა არნოლდ შვარცენეგერი გაფინანსებს...
– 2009 წლიდან დღემდე ყველა წელიწადს არნოლდ შვარცენეგერთან ვარ, ჩემს კუმირთან, სურათებიც ბევრი მაქვს გადაღებული, რესტორანშიც ხშირად ვართ ერთად. ისე მოხდა, რომ ამ სპორტში პროფესიონალებში სანამ შეხვალ, მანამდე უნდა მოიგო მოყვარულების ევროპა, მერე შვარცენეგერის სახელობის ტურნირი და ამ ტურნირზე არნოლდი გხვდება და პროფესიონალის ბარათს გაძლევს. მერე პროფესიონალების გუნდს, შვარცენეგერი ასპონსორებს და სპორტსმენებს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მაგარი ადამიანია. ის რომ არ იყოს, მსოფლიო მასშტაბით სპორტის არაოლიმპიური ოცდასამამდე სახეობა დაკარგული იქნებოდა.
– რატომ გეძახიან „ქართველ ხარს“?
– ქართველ ხარს ჩემი დიდი მხრებისა და ტრაპეციების გამო მეძახიან. ერთი წელი ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, „ჯეორჯიან ბულ“ მაშინ შემარქვეს  და როდესაც შვარცენეგერი მაჯილდოვებდა, ხალხს უთხრა, მართლა ქართველი ხარი ყოფილაო. საქართველოს სახელი გავაგებინე, უკვე აღარ ეშლებათ იქაურ ჯორჯიაში.
– როგორ ერთობით გოლიათები?
– გართობისთვის დრო არ გვაქვს. ჭამის, ძილის, ვარჯიშის ძალიან ცუდი რეჟიმი მაქვს და სხვა რაღაცებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. ფლეისთეიშენზე ვთამაშობთ შტანგის აწევებს.
скачать dle 11.3