კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 სად ააშენა სამეფო რეზიდენცია აშოტ კურაპალატმა, როგორ მოკლეს ის და ვინ გახდა მისი მემკვიდრე

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

აშოტ პირველი დიდი, ადარნასე ბაგრატიონის ძე, რომელსაც კეისარმა ბიზანტიის საკარისკაცო ტიტული – კურაპალატობა მიანიჭა, ქართლში ერისმთავრობდა და მისი სადგომი ბარდავი და ტფილისი ყოფილა. როგორც ჩანს, ტფილისიდან განდევნა არაბები და რაღაც დროით დაიმორჩილა ქალაქი. ამ დროს ბიზანტიას შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, მალე გაძლიერდნენ არაბები და მძლავრად შეუტიეს არა მარტო ბიზანტიას, არამედ ჩვენს სამშობლოსაც. არაბებმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს აშოტის ძალებს და ჩვენი ხელმწიფე იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქართლი და ბიზანტიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო.
გაემართა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. თან ახლდა დედა, ცოლი და ორი ძე, უფროსი – ადარნასე და უმცროსი – ბაგრატი. მესამე ძე, გუარამი ჯერ დაბადებული არ იყო. ხელმწიფეს თან ახლდა ტაძრეული და ჯარის მცირე ნაწილი, ცოლშვილიანად. მივიდნენ ჯავახეთის მთებში და ფარავნის ტბასთან გაჩერდნენ დასასვენებლად. ჭამეს და დაეძინათ დაღლილებს. ამასობაში მათ წამოეწიათ არაბთა სამხედრო ნაწილი, რომელიც მძინარე ქართველებს მოულოდნელად დაესხა თავს.
სარკინოზები გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ ღვთის შეწევნით, აშოტის მცირერიცხოვანმა მეომრებმა გაიმარჯვეს არაბებზე, ბევრი დახოცეს და გააქციეს. გამოემართნენ იქიდან და შავშეთის ხევში შევიდნენ.
იმ დროს შავშეთი მცირედ იყო დასახლებული. 735 წლის მურვან ყრუს შემოსევის დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა, სოფლები აოხრდა. ციხე-სიმაგრეები და რაც რამ ნაშენები იყო, ყრუ ბაღდადელმა დაანგრევინა. საქართველოდან გამგზავრებული მურვან ჯორი რამდენიმე წელში ხალიფას ტახტზე ავიდა, მალე კი მას ოჯახის 300 წევრი დაუხოცეს და ისიც მოკლეს.
შემდეგ შავშეთში და კლარჯეთში გავრცელებულა მუცლის ინფექციური დაავადება, სატლობა (ქოლერა), რასაც ასევე ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ამის გამო, ზემო ქართლის იმ ადგილებში მოსახლეობა ძალიან შემცირებული იყო.
შავშეთის მკვიდრებმა სიხარულით მიიღეს ბაგრატიონი და მორჩილება გამოუცხადეს დავით წინასწარმეტყველის შთამომავალს. თეორია ისრაელის წმიდა მეფეთაგან ბაგრატიონთა წარმომავლობისა უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში, რაც მერე დაადასტურა კიდეც საქართველოს ეკლესიის მნათობმა, „უდაბნოს ვარსკვლავმა“ გრიგოლ ხანძთელმა. ასე გახელმწიფდა აშოტ ბაგრატიონი შავშეთ-კლარჯეთში და მომიჯნავე მიწებზე.
აშოტ დიდმა ზოგი სოფელი შეისყიდა, ზოგი აოხრებული ხელახლა აღაშენა. გაამრავლა დასახლებული პუნქტები და ბიზანტიის კეისრის დახმარებით განიმტკიცა ხელისუფლება იმ მხარეში. ბიზანტიას ხელს აძლევდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ძლიერი მმართველის არსებობა, რადგან აშოტ კურაპალატი სარკინოზებს გაუწევდა წინააღმდეგობას.
კლარჯეთში, ერთ გატყიურებულ ადგილას იპოვეს დიდი კლდე, ციხე-სიმაგრის ნაშთი, რომელსაც სახელად ერქვა არტანუჯი. იქ თავის დროს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ციხე. მურვან ყრუ ბაღდადელს დაუნგრევია ის. აშოტ კურაპალატმა აღადგენინა არტანუჯის ციხე, რომელიც საკმაოდ ამაღლებულ ადგილზეა, ძნელია ასაღებად. მის ქვემოთ კი ქალაქი გააშენებინა. ხელმწიფის ბრძანებით, არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე ააშენეს მოციქულთა – პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია. ციხეში ხელმწიფის სასახლეც მოაწყვეს – თავის რეზიდენციად აქცია არტანუჯი აშოტ დიდმა. მრავალგზის გაიმარჯვა აშოტ კურაპალატმა მტრებთან ბრძოლებში. 818 წელს დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფე თეოდოსი პირველთან ერთად დაამარცხა გრიგოლ კახთა მთავარი და მისი მოკავშირე ტფილისის ამირა, რის შედეგადაც დაიბრუნა ქსნის ხეობა. დაიპყრო აშოტმა მიწები კლარჯეთიდან ქსნამდე. დაეუფლა გარეშემო ტეროტორიებს ქალაქ ბარდავის კარამდე.
იმავე ხანებში კლარჯეთში დამკვიდრდნენ გრიგოლ ხანძთელი და მისი საძმოს წევრები. ბუნებრივია, მამა გრიგოლი და აშოტ კურაპალატი დამეგობრდნენ და ერთიანი ძალებით ცდილობდნენ საქართველოს ამ ნაწილის გაძლიერებასა და ქართული ეკლესიის განმტკიცებას. საფუძველს უყრიდნენ მომავალ დიდ საქართველოს. მამა გრიგოლს დიდი წვლილი მიუძღოდა უფლისწულების, აშოტის ძეების – ადარნასეს, ბაგრატისა და გუარამის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
ერთხელაც, სარკინოზებთან საბრძოლველად ჯარის შეკრება ბრძანა აშოტ კურაპალატმა. იმ დროს შემოიჭრა ხალილ იზიდის ძე, არაბი და დაიპყრო სომხითი, ქართლი და ჰერეთი. დაბანაკდა ერთ ადგილას ჩვენი ხელმწიფე და მაცნეები გააგზავნა ჯარის მოსაწვევად. ჯერ კიდევ არ იყვნენ მისი მეომრები მოსულნი, სარკინოზებს გაეგოთ ხელმწიფის გადაადგილების შესახებ და მოულოდნელად თავს დაესხნენ კურაპალატს. გაერიდა კურაპალატი და ილტვოდა. შევიდა ნიგალისხევში და მეომრების შეკრებას ლამობდა ჩვენი ხელმწიფე. მივიდნენ მასთან მისივე ბრძანებით ოროზ-მოროზის ძენი, თურმე, გულში კურაპალატის მოკვლა ჰქონდათ ჩადებული. არ იცოდა ეს აშოტ დიდმა და სანამ ისინი არ მიუახლოვდნენ, ვერც გაიგო. თავს დაესხნენ მცირე ამალით მდგარ ხელმწიფეს.
შევიდა დოლისყანის ეკლესიაში აშოტ კურაპალატი. მაგრამ, მისმა მტრებმა შეაღწიეს ტაძარში და საკურთხეველთან, აღსავლის კარის წინ მოკლეს წმიდა მეფე. დიდხანს ემჩნეოდა თურმე წმიდა აშოტ ბაგრატიონის სისხლი ტაძარს.
სოფელ დოლისყანაში მყოფმა ქართველმა სოფლელებმა რომ გაიგეს, ხელმწიფე ღალატით მოკლეს, გამოედევნენ მოღალატეებს, დაეწივნენ მათ და ჭოროხის ჭალაში დახოცეს.
მეფის ცხედარი გადაასვენეს არტანუჯში და დაკრძალეს ციხეში, წმიდა მოციქულების ტაძარში, რომელიც საძვალედ ჰქონდა ჩაფიქრებული აშოტ დიდს.
ეს ამბავი მოხდა 836 წლის 29 იანვარს.
იმ დროს წმიდა გრიგოლ ხანძთელი არ იმყოფებოდა საქართველოში. ბიზანტიაში იყო წასული რაღაც საქმეზე. როცა მამა გრიგოლი დაბრუნდა სამშობლში, ტაოში, შეიტყო, რომ ხელმწიფე აშოტ კურაპალატი მოეკლათ. ამან ძალიან დაამწუხრა ქართული ეკლესიის მნათობი მამა გრიგოლი, ქვეყანამ დიდი მებრძოლი და ხელმწიფე, მან კი თანამებრძოლი, თანამოაზრე, დამხმარე და მეგობარი დაკარგა. მამა გრიგოლი აშოტ კურაპალატს უწოდებდა ძლიერ და დიდებულ მეფეს, ეკლესიათა სიმტკიცეს და ქრისტიანთა ზღუდეს.
როგორც ვთქვით, აშოტ დიდს ჰყავდა სამი ძე. უმცროსი გუარამი არტანუჯში დაიბადა. ტერიტორიის ნაწილი არაბებმა წაართვეს აშოტის ძეებს, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მოძლიერებულნი. ცხოვრობდნენ არტანუჯში და ხარკს უხდიდნენ სარკინოზებს. მაგრამ შემდეგში თანდათანობით მოძლიერდნენ აშოტის ძენი. ალბათ, მათი ძმათაშორისი შეთანხმებით, აშოტ დიდის მეორე ძე, ბაგრატი, კურაპალატი გახდა და ძმებმა ნელ-ნელა გაავრცელეს ძალაუფლება მამის ტერიტორიებზე.
скачать dle 11.3