კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ვერაგული კომბინაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #47-50(937)



თაკო მამას მოეხვია და უთხრა:
– შენზე არანაკლებად ცუდად ვარ მეც. ნაირა თუ ღვიძლი დედა არ იყო, გვანცა ხომ იყო ჩემი და? მამი, მამიკო, ძალიან გთხოვ, მოიწესრიგე თავი და იმ კაცს ღირსეულად დახვდი. წინ უამრავი საქმე გვაქვს. ორმოციც კარსაა მომდგარი და გთხოვ, საკუთარი თავი ხელში აიყვანე.
გურამმა ამოიხვნეშა და ცრემლები შეიმშრალა. შემდეგ საწოლიდან წამოდგა და სანამ სააბაზანოში შევიდოდა, თაკოს უთხრა:
– წვერს გავიპარსავ და ვიბანავებ. შენ კი სუფთა ტანსაცმელი მომიტანე...
***
ზუსტად დღის სამ საათზე ჯიბლაძეების ფეშენ-სასახლეს ტაქსი მოადგა. იქიდან შუახნის მამაკაცი გადმოვიდა. მოსამსახურემ ის სახლში შეიყვანა, გურამი და თაკო კი ჰოლში შეეგებნენ. ახალმოსულმა მამა-შვილს თავი დაუკრა და უთხრა:
– მე ნოტარიუსი ანტონ კანკავა გახლავართ. თქვენი დაღუპული მეუღლის ანდერძი უნდა გაგაცნოთ და სად შეგვიძლია დავილაპარაკოთ?
– აქეთ მობრძანდით, ბატონო ანტონ! – შეიპატიჟა სასტუმრო ოთახში ახალმოსული თაკომ, რომელმაც გოგონას თავი დაუკრა და გაჰყვა.
თაკომ ნოტარიუსს რბილ სავარძელზე მიუთითა და როდესაც სამივე დასხდნენ, გოგონამ სტუმარს უთხრა:
– ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა, ბატონო ანტონ (თაკომ გურამისკენ გაიშვირა ხელი), გაიცანით, ეს მამაჩემია, – გურამ ჯიბლაძე.
მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ახალმოსულმა გურამს უთხრა:
– უფრო თქვენთან მაქვს საქმე, ბატონო გურამ, – სტუმარმა ფურცელი ამოიღო ძვირფასი საქაღალდედან, რომელსაც მოოქრული ლითონით, ლამაზი შრიფტით ამოტვიფრული ჰქონდა ინიციალები NN, რაც ნაირა ნარუაშვილს ნიშნავდა და ნაირას სატიტულო ატრიბუტიკას წარმოადგენდა.
– აი, ამ ფურცელზეა აღბეჭდილი ქალბატონ ნაირა ნარუაშვილის ანდერძი და გაეცანით.
ნაირას სატიტულო ფურცელზე ეწერა, რომ წინამდებარე ანდერძის შემდგენელი ნაირა ნარუაშვილი ადასტურებს, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში მთელი მისი კუთვნილი ქონება და ბიზნესი უნდა გადაფორმდეს მისი ქალიშვილის, გვანცა ჯიბლაძის სახელზე. ხოლო გოგონას (ნაგულისხმევია გვანცას) გარდაცვალების შემთხვევაში, ქონება უნდა მიეკუთვნოს მის მეუღლეს, გურამ ჯიბლაძეს. იმ შემთხვევაში კი, თუ არც გვანცა და არც გურამი არ იქნებიან ცოცხლები, მაშინ ქონების მფლობელი უნდა გახდეს ნაირას გერი თამარ (თაკო) ჯიბლაძე. ანდერძში ნათქვამი იყო ისიც, რომ თუკი ამ ანდერძის შემდგენელი ნაირა ნარუაშვილი ტრაგიკულად დაიღუპება და მის ცხედარს ვერ აღმოაჩენენ, ანდერძის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს დაღუპვიდან ორი კვირის შემდეგ. ხოლო ზემოჩამოთვლილი პიროვნებები სრულუფლებიანი მემკვიდრეები შეიძლება გახდნენ ამ ანდერძის შემდგენლის დაღუპვიდან სამი თვის მერე...
გურამი რომ ნაირას ანდერძს კითხულობდა, თვალებიდან ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. კითხვა რომ დაასრულა, ფურცელი მაგიდაზე დადო. ცხვირსახოცით ცრემლები მოიწმინდა და მზერა სტუმარს მიაპყრო. ნოტარიუსმა თანაგრძნობით შეხედა გურამს და უთხრა:
– სწორედ გუშინ შესრულდა ორი კვირა ქალბატონ ნაირას ტრაგიკული დაღუპვიდან და ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად გესტუმრეთ. მართალია, უდიდეს გლოვაში ხართ და ალბათ, იურიდიული ფორმალობების შესრულების თავი არ გაქვთ, მაგრამ განსვენებულის ნება უნდა აღსრულდეს.
– გასაგებია, – თქვა გურამმა და დაამატა, – ჩემგან რა არის საჭირო?
სტუმარი სავარძლიდან წამოდგა და ანდერძი გურამს წინ დაუდო. შემდეგ გვერდით ამოუდგა. ხელმოწერის ადგილს საჩვენებელი თითი დაადო და უთხრა:
– აი, აქ ხელი უნდა მოაწეროთ.
გურამმა ორ ეგზემპლარად შედგენილ ანდერძზე, მითითებულ ადგილებზე მოაწერა ხელი. იგივე გაიმეორა სტუმარმაც, რომელმაც ერთი ეგზემპლარი თავის ტყავის ჩანთაში შეინახა, მეორე მასპინძელს დაუტოვა და განუმარტა:
– ამ წუთიდან, ბატონო გურამ, თქვენი გარდაცვლილი მეუღლის ქონების განმკარგველი ბრძანდებით, მხოლოდ სამთვიანი შეზღუდვით, ანუ სამი თვის განმავლობაში თქვენ გაქვთ უფლება, ყოველდღიურად მოხსნათ თქვენი მეუღლის ანგარიშიდან არა უმეტეს ორი ათასი დოლარისა. აგრეთვე, შეგიძლიათ, განახორციელოთ ათი ბიზნესშეთანხმება, რომლის ღირებულება ოცი ათას დოლარს არ გადააჭარბებს. ხოლო სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ კი, როგორც ანდერძშია მითითებული, თქვენ ამ ყველაფრის სრულუფლებიანი განმგებელი გახდებით.
– გასაგებია, – უთხრა სტუმარს გურამმა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, ნოტარიუსი რაც შეიძლება მალე წასულიყო, რომ ჰალსტუხი მოეგლიჯა და რაც მთავარია, რაიმე სპირტიანი გადაეკრა...
სტუმარმა ტყავის ჩანთიდან ინკუსტრირებული ყუთი ამოიღო, რომელზეც აგრეთვე, NN იყო ამოტვიფრული. ყუთი გახსნა და იქიდან ბეჭედი და საბუთები გურამს გაუწოდა:
– ეს ქალბატონ ნაირას პირადი ბეჭედია. აქ კი მისი საბანკო ანგარიშის ნომრები, ბიზნესგარიგებების საბუთები და მფლობელობის დამადასტურებელი ქაღალდებია. აი, სულ ესაა ყველაფერი, კარგად შეინახეთ. მე წავედი და თუკი რაიმე დაგჭირდებათ, აი, ამ ნომერზე დამირეკეთ.
სტუმარმა მაგიდაზე სავიზიტო ბარათი დატოვა, რომელზეც მისი ტელეფონის ნომერი, ვინაობა და სანოტარო ბიუროს მისამართი ეწერა.
გურამმა ხელი ჩამოართვა სტუმარს და თავის ქალიშვილს უთხრა:
– თაკო, გააცილე ბატონი ანტონი.
თაკო ჯიბლაძემ კარამდე მიაცილა სტუმარი. ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– დიდი მადლობა, ბატონო ანტონ. დღეს იშვიათობაა თქვენსავით პატიოსანი და განსწავლული ადამიანები.
– მადლობელი ვარ აღიარებისთვის, ქალბატონო თამარ. სამწუხაროდ, სიბრიყვე და უპატიოსნობა ჩვენი დროის დიდი სენია და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, თავიდან ავირიდო. თქვენ კი, გავკადნიერდები და ერთ რჩევას მოგცემთ, თუ, რა თქმა უნდა, არ გეწყინებათ.
– არა, რას ბრძანებთ, ბატონო ანტონ, – მიუგო თაკომ.
– ქალბატონო თამარ, გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ მამათქვენს. ბატონ გურამს აშკარად ეტყობა, პირადი ტრაგედიით ისეა დათრგუნული, რომ შვებას სასმელში ეძებს. ეს კი, მერწმუნეთ, კატასტროფისკენ მიმავალი გზაა და ნუ დაუშვებთ.
– სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით, ბატონო ანტონ. მამა სულ მთვრალია და ამ დილით ძლივს ვაიძულე ფორმაში ჩამდგარიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკვე ალკოჰოლს სვამს და თქვენი ნებართვით, მე დავბრუნდები.
– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. მიდით, მიხედეთ მამას, – მიუგო სტუმარმა თაკოს. ხელი ჩამოართვა და სახლიდან გავიდა. თაკომ კი კიბეებზე აირბინა და სასტუმრო ოთახი მოათვალიერა, სადაც გურამი აღარ იყო. სამაგიეროდ, მაგიდაზე ელაგა ანდერძი და ძვირფას ყუთში მოთავსებული ნაირას პირადი ბეჭედი და საბუთები...
***
სტუმარი დინჯად გაუყვა ფეშენ-დასახლების მოასფალტებულ გზას და ასიოდე მეტრი რომ გაიარა, ისევ იმ ტაქსიში ჩაჯდა, რომლითაც მოვიდა. მძღოლმა მანქანა ადგილიდან დაძრა და მგზავრს ჰკითხა:
– საით წავიდე?
– როგორც ყოველთვის. ყოველი შემთხვევისთვის წაიმანევრე, – მიუგო მძღოლს მგზავრმა.
ტაქსისტმა თბილისის ქუჩებში რამდენიმე მანევრი შეასრულა და რომ დარწმუნდა, „კუდზე“ არავინ აჯდა, გეზი დიდი დიღმისკენ აიღო და მგზავრი კერძო სახლთან ჩამოსვა.
– თავისუფალი ხარ. თუ დამჭირდები, გიხმობ, – უთხრა მგზავრმა ტაქსისტს და გაისტუმრა. შემდეგ სახლში შევიდა და მობილურს უპასუხა:
– გაგიმარჯოს. კი, ახლა დავბრუნდი სახლში. ყველაფერი რიგზეა.
მასპინძელმა ტელეფონი გათიშა და მეორე სართულზე ავიდა. შემდეგ საქალაქო ტელეფონით დარეკა:
– ჯიმი გოგოლაძე ვარ. დეენემის ექსპერტიზის პასუხები ხომ არ მოსულა?
პასუხი რომ მოისმინა, ჯიმი გოგოლაძემ ყურმილი აპარატზე დადო, ახლა მობილურით დარეკა:
– დეენემის პასუხები მოვიდა. არ დაემთხვა და მართალია, იქიდან სამხილი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ჩემს ვერსიაზე ვდგავარ. მერწმუნე, მართალი ვარ. მაინც გავაბამთ მახეში და მალე დარწმუნდები ჩემი ვარაუდის სისწორეში. კარგი, ნახვამდის.
კერძო დეტექტივმა ტელეფონი გათიშა. შემდეგ ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან აბოლებდა და ფიქრობდა. ბოლოს კვლავ სავარძელში მოკალათდა, თავი გააქნია და ჩაილაპარაკა: „არც თუ ისე იოლად გასაბმელი ჩანს მახეში და საკმაო ძალისხმევა დამჭირდება საამისოდ“.
***
სასტუმრო ოთახში დაბრუნებულმა თაკომ, იქ რომ მამა ვერ ნახა, თვალი შეავლო ანტონ კანკავას მიერ დატოვებულ საბუთებს და თავი გააქნია. შემდეგ სამზარეულოსკენ გაემართა და გურამს იმ დროს წამოადგა თავზე, როდესაც ის გაუზავებელ ვისკის ასხამდა უზარმაზარ ჭიქაში. გოგონამ მამამისს შეუბღვირა  და უთხრა:
– ისევ ლოთობ, ხომ? შენი საშველი არაა.
– არაა ჩემი საშველი. მართალი ხარ, შვილო, – გაიმეორა თვალცრემლიანმა გურამმა, ვისკი დალია და დააყოლა, საშველი კი არა და, ჭირი და სიკვდილი მე! რაში მჭირდება შველა და საშველი, როცა ცოლ-შვილი აღარ მყავს?
– მე შენი შვილი არ ვარ, ხომ? – თქვა თაკომ და გურამს თვალი თვალში გაუყარა.
– ხარ, როგორ არ ხარ, ჩემო გოგონა. შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ და ერთადერთი შენღა დამრჩი ამქვეყნად, – თქვა თვალცრემლიანმა გურამმა.
თაკომ ვისკის ბოთლი მაგიდის კიდეში დადგა, რომ მას გურამი არ მისწვდომოდა და მამამისს უთხრა:
– მამი, მამიკო. ახლა გვჭირდება ჩვენ სიმტკიცე, გაძლება და ერთმანეთის გვერდით დგომა. ახლა თუ დავეშვით, მერწმუნე, რომ წელში ვერასდროს გავსწორდებით. ეს უმძიმესი პერიოდი უნდა გადავიტანოთ. ამიტომ გამაგრდი და თუ მართლა გიყვარვარ, ვარდნა შეწყვიტე.
გურამს ქალიშვილის სიტყვებზე სევდიანად გაეღიმა და თვალცრემლიანმა ჰკითხა:
– მაინც, რა გინდა, რას მთხოვ?
– ერთადერთს, მამი, ერთადერთს – ლოთობას მოეშვა და ფორმაში ჩადგე, ისევ და ისევ შენი დაღუპული ცოლ-შვილის გამო და სხვა ტალღაზე გადაერთო.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა შვილს გურამ ჯიბლაძემ.
– რას, მამიკო და, ცხონებული ნაირას საქმე გააგრძელო. დაგავიწყდა, რომ ამ წუთიდან სწორედ შენ ხარ მემკვიდრე? მართალია, დროებით შეზღუდულად, მაგრამ ეს დროებითობა სულ მალე, სამ თვეში გაივლის და სრულუფლებიანი მემკვიდრე გახდები.
გურამმა ხელი ჩაიქნია და თაკოს მიუგო:
– ბიზნესსა და მსგავს რამეებში არაფერი გამეგება.
– მერე რა, რომ არაფერი გაგეგება. ეს იმიტომ, რომ არასდროს დაინტერესებულხარ. ახლა კი, უბრალოდ, ვალდებული ხარ, ეს გააკეთო და შენი ცოლის წარმატებული საქმე გააგრძელო. მეც გვერდში ამოგიდგები და ყველაფერი კარგად იქნება.
– ვითომ, გამოგვივა რამე, შვილო? – თქვა გურამმა.
– მამი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოგვივა, – თაკომ ცრემლები მოსწმინდა მამამისს და დაამატა, – წამოდი, ნოტარიუსის მოტანილ საბუთებს გავეცნოთ და ცოტა გულსაც გადავაყოლებთ.
***
ნაირას და გვანცას ორმოცი ახლოვდებოდა. მამა-შვილი ჯიბლაძეები ნაირა ნარუაშვილის ბიზნესის ღირსეული გამგრძელებლები აღმოჩნდნენ და სამთვიანი შეზღუდვის მიუხედავად წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ. თაკოს სიტყვებმა, მართლაც რომ, მაგიურად იმოქმედა გურამზე. ის უკვე აღარ ლოთობდა და მთელი არსებით ბიზნესში იყო ჩართული. გივი ხარაძე საკუთარ თვალებს არ უჯერებდა და მამა-შვილის წარმატებებით ძალიან გახარებული იყო. მას მერე, რაც ლოთობას მოეშვა, ბუნებით ლამაზი და ელეგანტური გურამი, უფრო დაიხვეწა. კარგად მოვლილი და ჩაცმული თავის ქალიშვილთან ერთად საგრძნობ ეფექტს ახდენდა საქმიან პარტნიორებზე, რაც დიდად ეხმარებოდა ბიზნესსაქმიანობაში.
– ყოჩაღ, ჯიბლაძეებო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მაგრად ამოძრავდებოდით, – უთხრა მამა-შვილს გივი ხარაძემ, რომელიც თითქმის ყოველდღე სტუმრობდა მათ საღამოობით.
გურამი თაკოს თმაზე მიეფერა, ლოყაზე აკოცა და ძმაკაცს უთხრა:
– აი, ყველაფერი ამის დამსახურებაა. რომ არა თაკოს პრინციპული პოზიცია, ახლა უკვე, ალბათ, ალკოჰოლში ჩამხრჩვალი ვიქნებოდი.
– ყოჩაღ, თაკუნა, ყოჩაღ, ნათლულო! მე შენით ვამაყობ, – ღიმილით უთხრა გივიმ გოგონას, რომელმაც ღიმილითვე მიუგო:
– კი, მეც მიმიძღვის მამიკოს გამოსწორებაში წვლილი, მაგრამ ძირითადი მაინც მან გააკეთა და საამისოდ მთელი ნებისყოფა მოიკრიბა. სიმართლე გითხრათ, ძია გივი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას.
– ვერც მე, – თქვა გურამმა, – შენმა სიყვარულმა გამაკეთებინა ეს, შვილო.
– არა მარტო ამან, მამიკო. ცხონებული ნაირასა და გვანცას ხსოვნამაც, – დაამატა თაკომ.
– ჰო, ამანაც, – ნაღვლიანად თქვა გურამმა და დაამატა, – რა სწრაფად გადის დრო. ორმოციც კარზე მოგვადგა.
გივი ხარაძემ თავი გააქნია და მამა-შვილს თანაგრძნობით შეხედა. გურამს კი ჰკითხა:
– ბოდიში, გურო, რომ ძალიან მტკივნეულ თემას შევეხე, მაგრამ სიტყვამ მოიტანა. გამოძიებაში თუა რაიმე სიახლე.
გურამმა ამოიოხრა და მიუგო:
– ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ჯერ არ მოსულა, მაგრამ გამომძიებელმა მითხრა, – თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ტერაქტი იყოო.
– ესე იგი, კონკურენტების გაჩალიჩებულია... ეჭვი მაინც არავიზე გაქვს?
გურამმა თავი გააქნია და თქვა:
– გამომძიებელიც ამას მეკითხება. არა, არავისზე. აბა, საიდან უნდა ვიცოდე ეს? – გურამმა მხრები აიჩეჩა და დააყოლა, – ნაირას ბიზნესპარტნიორები და კონკურენტები სულ ახლახან გავიცანი, ვერავიზე ცუდს ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, მე ვერავის ვერაფერს ვამჩნევ. პირიქით, ყველა თანაგრძნობით გვექცევა და ნაირაზე მცირედი ირონიაც კი არავის დასცდენია.
გივიმ უხმოდ დაუქნია თავი მეგობარს. ამ დროს თაკოს ტელეფონმა დარეკა. გოგონამ უპასუხა, შემდეგ კაცებს მოშორდა და ტელეფონზე ლაპარაკი ხმადაბლა  განაგრძო. მობილური რომ გათიშა, გურამსა და გივის დაუბრუნდა და თქვა:
– ბადრიმ დარეკა, მამიკო, რესტორანში გვეპატიჟება. დღეს დაბადების დღე ჰქონია. წამოხვალ?
– შენ მიდიხარ? – კითხვა შეუბრუნა ქალიშვილს გურამმა.
– თუ არ გინდა, არ წავალ, – მიუგო თაკომ.
– არა. რატომ, წადი, შვილო. უხერხულია უარის თქმა, – მიუგო გურამმა და დაამატა, – მე კი ნამდვილად ვერ წამოვალ. ყველაფერთან ერთად, ვერ ვსვამ და თეთრი ყვავივით ჯდომა კი არ მინდა.
– მაშინ, არც მე წავალ. ჯერ ჩვენების ორმოციც არ გადაგვიხდია და რას იტყვის ხალხი, – თქვა თაკომ.
– წადი, შვილო, წადი. ხალხმა რა უნდა თქვას. რესტორანს ნუ დაიმხობ თავზე. ისე კი, წადი ბადრის დაბადების დღეზე. კარგი კაცია და ნუ აწყენინებ. თანაც, შენ მიმართ გულგრილი არაა, – თქვა გურამმა.
თაკომ ლოყაზე აკოცა გურამს. მადლობა გადაუხადა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად გაემართა. ოციოდე წუთის მერე კი ოთახიდან ძალიან ეფექტურად გამოწყობილი გამოვიდა.
– მშვენივრად გამოიყურები, თაკუნა. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საღამოს დედოფალი იქნები, – უთხრა გურამმა.
– კი. ნამდვილად, – იგივე გაიმეორა გივიმაც.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3