კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-50(937)


​დეამ კარი გააღო და დამფრთხალმა უკან დაიხია. პაატას არ იცნობდა, მაგრამ მიხვდა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო გოროზად მომზირალი, სიმპათიური და უზადოდ ჩაცმული კაცი.
– მობრძანდით, – ჩაილაპარაკა დაბნეულმა.
პაატა იდგა და დაკვირვებით ათვალიერებდა გოგოს.
– მართლა ლამაზი ხარ... ჩემს შვილს გემოვნება ჰქონია.
– ნიკა აქ არ არის.
– ვიცი... მაგრამ ისიც ვიცი, რომ სახლიდან შენ გამო წავიდა. ყავას დამალევინებ?
დეამ ნაძალადევად გაუღიმა. პაატამ ამოიოხრა.
– როცა იღიმი, კიდევ უფრო ლამაზი ხარ. შეგიძლია, გულახდილი იყო? სალაპარაკოდ მოვედი.
– მე არასოდეს ვტყუი. მაშინაც კი, როცა სიმართლის თქმა ჩემთვის საზიანოა.
– კიდევ ერთი კარგი თვისება, თუმცა, ვერ დავამტკიცებ, რომ ნიკას ამისთვის შეუყვარდი. ჩემს ქარაფშუტა შვილს ასეთი შეფასების უნარი არ ექნება.
– ძალიან ცუდად იცნობთ თქვენს შვილს. ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია. ვწუხვარ, რომ ჩვენი გზები უფრო ადრე არ გადაიკვეთა... ყავა ტკბილი გიყვართ?
– ზომიერად.
პაატამ სადად მოწყობილი სახლი შეათვალიერა. ყველგან ისეთი სისუფთავე იყო, მტვრის ნასახსაც ვერსად ნახავდით. მეზობელი ოთახის კარი ოდნავ იყო შეღებული. პაატას ისეთი განცდა გაუჩნდა, რომ იქ ვიღაც უნდა ყოფილიყო.
– მუშაობ?
– დიახ. არ მიყვარს, როცა ვინმეზე ვარ დამოკიდებული. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც ქალს შეიძლება დაემართოს. მით უფრო, ლამაზ ქალს.
კაცმა ჩაიცინა.
– ესე იგი, იცი, რომ ლამაზი ხარ.
დეამ მხრები აიჩეჩა.
– ისე თავგამოდებით მიმტკიცებდნენ, რომ დავიჯერე. ჰო, ზოგჯერ სარკეშიც ვიხედები ხოლმე.
– ჰმ, რამდენი წლის ხარ? ცუდად არ გამიგო, ჩვენ ხომ საქმიანი საუბარი გვაქვს.
– ჩემთვის სულერთია. მკითხეთ, რაც გინდათ, – დეა საკმაოდ გულგრილი, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით შეჰყურებდა კაცს. მაგრამ სუფთა და ნათელი მზერა ჰქონდა. პაატა იძულებული გახდა, ეს ეღიარებინა.
– კარგი. მინდა, გითხრა, რომ მე შენი მტერი არ ვარ. დიდხანს ვიფიქრე, სანამ აქ მოვიდოდი. ნიკამ არ უნდა გაიგოს, აქ რომ ვიყავი. ჩემი ცოლისთვისაც არ მითქვამს.
– გითხარით, ჩემთვის სულერთია. არაფრის თქმას არ ვაპირებ ნიკასთვის. ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერც მოვახერხებ. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა... ისე, რომ სერიოზულად არც კი დაწყებულა. არჩევანი ჩემზე რომ ყოფილიყო, არასოდეს დავთმობდი, მაგრამ... – დეამ შეუმჩნევლად მოიწმინდა თვალები.
– ნიკა ბოლოს როდის ნახე?
– საავადმყოფოდან მოვიდა. თავს ბოლომდე გამოჯანმრთელებულად არ გრძნობდა. ჯერ მისი მეგობარი, გიო იყო მოსული. ცდილობდა, დავერწმუნებუნე, რომ კლინიკაში მივსულიყავი ან ნიკას ზარებისთვის მეპასუხა.
– რატომ არ პასუხობდი ზარებზე?
დეამ ირონიულად შეხედა და პასუხს თავი აარიდა.
– ყავა მიირთვით, ბატონო პაატა. იქნებ არ მოგეწონათ?
კაცს გაეღიმა და ყავა მოსვა.
– სულელი ნამდვილად არ ხარ. ამიტომ გამიჭირდება დავიჯერო, რომ ყველაფერი შეგნებულად, გათვლით გააკეთე. ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ. ნიკასთან შენი ურთიერთობა შემთხვევითობა იყო?
დეამ შეხედა.
– ასე რატომ გაინტერესებთ, მინისტრის მოადგილე რომ ბრძანდებით, იმიტომ? ფიქრობთ, რომ თუ ქალი ნიკათი დაინტერესდება ან შეიყვარებს, თქვენი დამსახურება იქნება? ისევ გეუბნებით, ძალიან ცუდად იცნობთ საკუთარ შვილს და ცხოვრებას.
პაატა მიხვდა, რომ ამ სვლაში ქალმა მოუგო. უხერხულობისგან ჩაახველა და შეღებული კარისკენ გაიხედა.
– შვილი გყავს?
– დიახ. ნიკამ ეს იცის. მისთვის არაფერი დამიმალავს, მაგრამ დღეს არც ამას აქვს მნიშვნელობა. ნიკას არ აქვს ვალდებულება ჩემ წინაშე. ტყუილად შეწუხდით და ნერვიულობთ. მე შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ჩემ შესახებ აღარაფერს გაიგებთ. სამწუხაროდ, ნიკას ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ არის, ოღონდ იმიტომ არა, რომ თქვენი თანამდებობა მაშინებს.
– ამას მივხვდი. მეც გულწრფელი ვიქნები. მარიკა, ჩემი მეუღლე, ამ ამბავს ძალიან განიცდის. მისი მესმის და თქვენც უნდა გაუგოთ, – პაატამ იგრძნო, რომ  დეას მიმართ პატივისცემის განცდა გაუჩნდა. დეას თავი ძალიან ღირსეულად ეჭირა. არ უნდოდა იმის აღიარება, რომ მოსწონდა ეს გოგო, ბუნებრივი და უშუალო რომ იყო და ყოველგვარი ძალისხმევის ან მოჩვენებითობის გარეშე ახერხებდა მასზე შთაბეჭდილების მოხდენას.
– ბატონო პაატა, მე თქვენიც მესმის, ამიტომ აჯობებს, დავასრულოთ ეს საუბარი. ბოდიშიც მინდა, მოგიხადოთ, როგორც მამას, რომლის შვილსაც პრობლემები შევუქმენი – იმ ინციდენტს ვგულისხმობ, საავადამყოფოში რომ მოხვდა. ჩემი ყოფილი ქმარია ამაში დამნაშავე. ეს ჩემი პრობლემაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ მისი დისტანცირებისთვის.
– ნიკა სახლიდან წავიდა, – პაატამ ამოიოხრა.
დეამ განცვიფრებით შეხედა.
– მე ეს არ ვიცოდი.
– მჯერა... დეა, სათხოვარი მაქვს, პრინციპში, ამისთვის მოვედი.
– ვერ მიგიხვდით, რა უნდა მთხოვოთ.
– იქნებ ნიკას დაელაპარაკო.
გოგო გაშრა. ტუჩები აუთრთოლდა და თვალები ცრემლით აევსო.
– ბატონო პაატა, რა გინდათ ჩემგან, – ჰკითხა მუდარით. ატირებას აღარაფერი უკლდა.
– მომისმინე, ძალიან გთხოვ, სანამ ყველაფერს არ ვიტყვი, ნუ გამაწყვეტინებ და ნუ ინერვიულებ. მე მინდა, დაგეხმარო, ვიზრუნო შენზე და შენს შვილზე. აღარაფრის საჭიროება არ გექნებათ. ბინასაც გიყიდი, სამსახურშიც მოგაწყობ...
– ბატონო პაატა...
– არა, არა, ჯერ არ დამისრულებია. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შენი კეთილგანწყობა მოვიპოვო ან შვილი გამოვისყიდო. ვიცი, შეიძლება, ასე ჟღერდეს, მაგრამ ასე არ არის. მოკლედ, მე მართლა მინდა, რაღაც გავაკეთო შენთვის...
– მაშინ დავემშვიდობოთ ერთმანეთს და წაბრძანდით. ამაზე კარგს ჩემთვის ვერაფერს გააკეთებთ.
კაცი ადგა. შერცხვენილს ჰგავდა. თავდაჯერებულობა სადღაც გაუქრა. გოგოს წინაშე ისე იდგა, როგორც დასჯილი ბავშვი.
– კარგი, წავალ. მიხარია რომ გნახე. გაგიკვირდება, მაგრამ ახლა გაცილებით მშვიდად ვარ.
– მე კი არა. რა ვქნა, ვერ მოგატყუებთ. ნიკას კი ვერ დაველაპარაკები, ვერ ვეტყვი, სახლში, მშობლებთან დაბრუნდი-მეთქი. იმიტომ, რომ თუ ერთხელ კიდევ შევხვდები, საკუთარ თავზე პასუხს ვერ ვაგებ და იქნებ, ვეღარც გავუშვა ჩემგან...
კაცმა თავი დაუქნია.
***
გიომ მოხარშული სოსისებით სავსე თასი მაგიდაზე დადგა და ლუდის ბოთლს თავი მოხსნა. ნიკა თვალგაშტერებული იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და მისკენ არც გაუხედავს.
– ბიჭო, შენ ეხლა სულ ასე უნდა იჯდე და მგლოვიარესავით ცხვირ-პირი ჩამოგტიროდეს?! – უკმაყოფილოდ დაიღრიჯა ნოდო. გიომ შეუბღვირა, თავი დაანებეო. ნოდომ ხელი აუქნია.
– მოიცა, რა, შეხედე, რას დაემსგავსა. ყველა და ყველაფერი ხომ არ უნდა შესწიროს იმ ქალს? არც ჩვენ, არც მშობლებს აღარაფრად გვაგდებს.
– გეყოფა! – ვეღარ მოითმინა გიომ.
– გაუშვი, ილაპარაკოს, – ჩაიცინა ნიკამ და ნოდოს დამცინავად შეხედა, – მაინც ვერაფერს მიხვდება და რა აზრი აქვს?
– რას უნდა მივხვდე, ბიჭო... ცხოვრებას ინგრევ, სიყვარული ცუდია-მეთქი, მაგას კი არ გელაპარაკები, მაგრამ ცოტა აზრზე მოდი. არ ჭამ, არ სვამ, მუნჯივით ზიხარ... ოჯახი მიატოვე, მშობლებს ტელეფონზე არ პასუხობ...
– ოჯახმა თვითონ მიმატოვა. დაგავიწყდა, ხო... საავადმყოფოში მიმაგდეს.
– აჭარბებ. რა მიგაგდეს ტო, მამაშენის წყალობით მთელი კლინიკა ფეხზე იდგა. ზედ გადაგყვნენ და უკმაყოფილო რითი ხარ?
– მთავარს ვერ ხვდები შენ – ჩემი არ ესმით. საკუთარ პრინციპებს უნდათ, რომ შემწირონ. ცხოვრებას მიგეგმავენ. ცდილობენ, თვითონ გადაწყვიტონ, ვინ მიყვარდეს და ცოლად ვინ შევირთო. ლიზა მოსწონთ, თურმე... მე აღარაფერს მეკითხებიან. მაგათი ბრალია, დეას ჩემი დანახვა რომ არ უნდა... შენ კიდევ ჭკუას მარიგებ.
– ჭკუას კი არ გარიგებ, ტო. ცხოვრებას რომ ირთულებ, ეგ არ მომწონს.
ნიკამ ამოიოხრა.
– გიო, უთხარი ამას, რომ თავი უნდა დამანებოს. ძალიან მარტივად აქვს ტვინი მოწყობილი იმისთვის, რომ ჭეშმარიტება შევაგნებინო.
გიომ ნოდოს შეუბღვირა.
– მორჩი, რა, ტო... ჭამე სოსისი და დალიე ლუდი.
– არ მინდა, ნორმალური საჭმელი მომენატრა... კაროჩე, წავალ სახლში, მეც გამოგდებული კი არ ვარ. აი, ლიზას კი რას უწუნებ, მართლა არ მესმის. მაგარი „ნაშაა“, თან, ფულიანი მამიკო ჰყავს.
– აუ, გიო, უთხარი რა, წავიდეს, თორემ ვესვრი რაღაცას.
ნოდომ დაუსტვინა.
– მივდივარ. დავიღალე აქ ჭირისუფალივით ჯდომით. მით უმეტეს, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რას ვგლოვობთ.
კარის ხმამ ნიკა თითქოს გამოაფხიზლა. ჩამქრალი ნამწვი ისევ ხელში ეჭირა.
– გიო, დამეხმარე, ძალიან გთხოვ.
– რანაირად. არ უნდა იმ გოგოს შენი დანახვა და რა გავაკეთო. მივიდოდი, მაგრამ კარს არ მიღებს. თანაც... იქნებ ნოდო მართალია.
– რაშია მართალი, არ გამაგიჟო?! – იფეთქა ნიკამ და წამოენთო.
– მოიცა, ნუ გიჟდები... იმაშია მართალი, რომ ცხოვრებას ვერ დაინგრევ მაგ გოგოს გულისთვის.
ნიკამ ცარიელი კოლოფი მოჭმუჭნა და სევდიანად ჩაილაპარაკა, – დეას გარეშე კი ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს. რაც მალე მიხვდებით ამას, მით ნაკლებად გამიბურღავთ ტვინს.
მარიკა და მანანა სამზარეულოში ყავას სვამდნენ, როცა პაატა სახლში დაბრუნდა. ქალებმა მისი მოსვლა იქამდე ვერ შენიშნეს, სანამ კაცი თავზე არ წამოადგათ.
– მანანა, რამე მაჭამე, დილიდან ყავის მეტი არაფერი ჩამსვლია პირში.
მარიკამ დამხმარე ქალს ანიშნა - გააკეთე, რაც გთხოვაო,  ქმარს მიუბრუნდა და მოუთმენლად დააყარა შეკითხვები.
– აბა, გელოდები. მოყევი. ერთი სული მაქვს, გავიგო, რა გითხრა იმ კახპამ. ხომ იყავი და ნახე?
პაატა შეიჭმუხნა.
– ძალიან გთხოვ, ასე ნუ მოიხსენიებ იმ გოგოს.
მარიკამ გაოცებით ასწია წარბები და თვალები გაუფართოვდა
– ღმერთო, ეს რა მესმის. მანანა, გაიგონე? აი, ახლა კი გავგიჟდები! ის არ იკმარა, რომ შვილი წამართვა, ახლა შენც აგირია გონება?! მე უნდა მივსულიყავი, არ შეიძლებოდა შენი იქ გაშვება... მაინც რა იცის ამისთანა, ჯადოს აკეთებს?
– მარიკა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. სულ გამოგაშტერა ამ სერიალებმა! – დაუყვირა მოთმინებადაკარგულმა კაცმა და მაგიდის ზედაპირს ხელი დაარტყა. ეს ისეთი უჩვეულო იყო იქ მყოფი ორივე ქალისთვის, რომ მარიკა სკამზე შეხტა. მანანას კი თეფში გაუვარდა ხელიდან, სამზარეულოს გრანიტის იატაკს დაენარცხა და ნამსხვრევებად იქცა. პაატამ წამიერი პაუზით ისარგებლა და ბრძანებანარევი, თუმცა უკვე დამშვიდებული  ტონით გამოაცხადა.
– მოკლედ, თუ რამის გაგება გინდათ, სანამ მე ვილაპარაკებ, თქვენი ხმა არ გავიგონო. შეკითხვები მერე დამისვით. როცა ყველაფერს ვიტყვი. ვიყავი იმ გოგოსთან და ველაპარაკე. მიკვირს, რომ საერთოდ შეუყვარდა ჩვენი ჩერჩეტი შვილი. არც სულელია და არც ბოზი. ძალიან ლამაზიცაა, სხვათა შორის...
მარიკამ თვალები გადაატრიალა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ქმარმა ხელის აქნევით გააჩერა.
– ხომ ვთქვი, სანამ ლაპარაკს არ დავამთავრებ. თქვენი ხმა არ გავიგონო-მეთქი. პირადად მე, ადამიანების ცნობა ვიცი და დარწმუნებით ვიტყვი: ნიკა უყვარს. ღირსეული ადამიანია და მასთან პრეტენზია ვერ გვექნება.
– პრეტენზია ვერ მექნება, კი არა, ყველაფერი მაგისი ბრალია. ისიც, რომ ჩემი შვილი სახლიდან წავიდა და ჩვენი დანახვა არ უნდა, – მაინც ვერ მოითმინა მარიკამ, – როგორც გამიქცია შვილი, ისე დააბრუნოს უკან! ტვინი აურია ბიჭს...
– ჰო, რაც შეეხება ტვინს. მინდა გითხრათ, რომ ნიკამ გამაოცა. საერთოდ უჭკუო მეგონა ეგ ბიჭი და უარესს ველოდი.
– პაატა, ხომ არ შეიშალე. ეგ გოგო გინდა რძლად? შენ შვილზე უფროსი რომ არის, მაგაზე კიდევ დავხუჭავდი თვალს. მაგრამ ბავშვით და ქმრით სად მოგყავს?!
– არსად  არ მომყავს. შეგიძლია, მშვიდად იყო. გითხარი, ღირსეული გოგოა-მეთქი.
– თუ ღირსეულია, უთხრას ნიკას, რომ სახლში დაბრუნდეს.
პაატამ ცოლს შეხედა. ქალის ლამაზ თვალებში რისხვა ჩანდა. იმ ძუს გავდა, თავისი ნაშიერის დასაცავად ნებისმიერს რომ გამოღადრავს ყელს. გულის სიღრმეში გაუხარდა. მარიკა ყოველთვის სუსტ, დაუცველ ადამიანად მიაჩნდა.
– ნიკას ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ. მაგრამ ისე არა, როგორც შენ ფიქრობ. ბიჭმა უნდა დაინახოს, რომ მის არჩევანს პატივს ვცემთ...
– არა, გამორიცხულია. მე მაგ ქალს სახლში არ მოვაყვანინებ, არავითარ შემთხვევაში! – გადაჭრით თქვა მარიკამ.
– მაშინ შვილს დაკარგავ. ჰო, რეალობა ესაა და ისე ნუ მიყურებ, თითქოს შემიძლია, რამე შევცვალო და არ ვაკეთებ. მე ვერ გავლანძღავდი იმ გოგოს და ვერც ვერაფერს ვაიძულებდი.
– აჰა, მისმა ქმარმა რომ კინაღამ მოგიკლა შვილი, ეს არაფერია ხომ?
– ჯერ ერთი, ყოფილი ქმარია, მეორე – ქალის გამო ჩხუბი ნორმალურია, მით უფრო, ისეთი ლამაზი ქალისთვის, როგორიც ეგ გოგოა.
– სამაგიეროდ, შენი ასეთი პოზიციაა არანორმალური. – იწივლა მარიკამ, – მაგ ქალს არ დავუთმობ ჩემს შვილს. მე მივალ და ვანახვებ, როგორ უნდა სხვისი კაცების გადარევა.
– არ გაგიჟდე და ფეხი არ მიადგა დეასთან! – გამოსცრა პაატამ, – თავს ხომ მოიჭრი და ნიკასაც შენი დანახვა არ ენდომება. ვაცალოთ, თავისით დალაგდება ყველაფერი.
– ანუ, გულხელდაკრეფილი დავჯდე და დაველოდო, მაგ ძუკნას სახლში როდის მომითრევს?
– არ არის-მეთქი ძუკნა. რატომ არ გესმის და კიდევ, მადლობელი უნდა იყო, ცოლად თუ გამოჰყვება.
პატაამ სიგარეტს მოუკიდა და აივანზე გავიდა
– მანანა, ხედავ რა დღეში ვარ? – შესტირა მარიკამ შინამოსამსახურეს.
ქალმა პასუხად მხოლოდ ამოიოხრა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ტუჩები ისე ააცმაცუნა, თითქოს ლოცულობსო.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3