კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ თქვა ცისნამი საყვარლიშვილზე ბიოლოგიურმა დედამ უარი და როგორ გახდა ის ბარონესა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილი გერმანელ ბარონზე გათხოვდა. მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, ბევრი სირთულე გამოიარა, ჯერ კიდევ ახალშობილზე თქვა უარი მისმა ბიოლოგიურმა დედამ, შემდეგ იყო მატერიალური, პირადი ცხოვრების პრობლემები და ემიგრაცია, ოჯახთან და ერთადერთ შვილთან განშორება. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, „ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო“.
ცისნამი საყვარლიშვილი: ერთი წელია, ერთად ვართ და გადავწყვიტეთ, ამ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა. ჩემი მეუღლე ძალიან მაგარი ადამიანია. ბარონია, მისი ოჯახი მთელ ნიუ-იორკშია ცნობილი. დედამისის წინაპრებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ნიუ-იორკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. თავის დროზე გერმანიიდან ჩამოვიდნენ და პირველი ამერიკული ბანკი მათ გახსნეს. თუმცა, ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემი ქმრის ბიძა, დედის მხრიდან, სახელგანთქმული ქართველის – გიორგი ბალანჩივაძის, იგივე ჯორჯ ბალანჩინის ძალიან ახლო მეგობარი იყო. სწორედ მისი ფინანსური დახმარებით დააარსა ბალანჩინმა პირველი ამერიკული ბალეტი. ჩემი მეუღლე  მამის მხრიდან გერმანელი ბარონია. მეხუმრებოდა ხოლმე, ხელს რომ მოვაწერთ, ბარონესა გახდებიო და ახლა უკვე ასეა (იცინის).  21-ე საუკუნეში ვის აინტერესებს ეს, მაგრამ ტიტულია და ხომ ვერ უარყოფ. უნდა, რომ ორი ბიჭი გავუჩინო და ამ ტიტულს უფროსს გადასცემს. უნდა ნახოთ როგორია – მაღალი, მხარბეჭიანი და მიმზიდველი მამაკაცი, მაგრამ გარეგნობას რომ თავი დავანებოთ, ისეთი ადამიანია, შეუძლებელია, გაიცნო და არ შეგიყვარდეს. პოლიტიკური აქტივობები აქვს, უძრავი ქონების საკუთარი კომპანია, მაგრამ საერთოდ არ არის სნობი, უბრალო და საოცარი კაცია. თვითონაც მოსწონს მაღალი, ძლიერი, ჯიშიანი ქალები, როგორიც მე ვარ. მისი გერლფრენდი უმა თურმანი იყო. ახლა მეგობრობენ, ერთმანეთს ურეკავენ ხოლმე და მე ეჭვიანობით ვსკდები – ჯერ უმა თურმანთან რომ ხარ და მერე კახელ ცისნამი საყვარლიშვილთან, როგორია? (იცინის). ყველასთან მაგარი ურთიერთობა აქვს. მე ვერ წარმომიდგენია, ჩემს ყოფილ ქმართან ძმაკაცური ურთიერთობა და ვახშმებზე დაპატიჟება. მაინც ქართულად ვუყურებ ყველაფერს, ვეჭვიანობ და ყოველ ხუთშაბათს ფსიქოლოგთან დავდივართ, აქ ეგ მოდაშია (იცინის).
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
– მის კომპანიას ასისტენტი სჭირდებოდა. შარშან გასაუბრებაზე მივედი, ჯერ სხვა გამესაუბრა, შემდეგ – თვითონ. ნახევარსაათიანი ინტერვიუ სამი საათი გაგვიგრძელდა და ბოლოსკენ მეკითხება, ბოიფრენდი გყავსო? (იცინის) პირველი შეხვედრიდანვე მოვწონებივარ. ჩვენი ურთიერთობა რომ დაიწყო, მასთან მუშაობა აღარ გამოდიოდა ლამაზი. ამიტომ კომპანიიდან წამოვედი და მერე უკვე მისი დიდი სახლების დიასახლისი გავხდი.
– ასეთ ამბავს აქამდე რატომ მალავდი?
– შარშან „მის ტურიზმზე“ ვიღებდი მონაწილეობას და ქართველებმა პატარა წარმატება არ მაპატიეს. იმხელა ბოროტება გამიკეთეს, რომ გადავწყვიტე, ეს ამბავი კარგა ხანს საიდუმლოდ შემენახა. მეშინოდა, ხალხს ძალიან შურს ჩემი და ბევრს ეს ამბავიც არ გაუხარდება-მეთქი. სხვათა შორის, ასაკით ჩემზე დიდია – ოცი წლითაა უფროსი. შემდგარ კაცთან მაქვს ურთიერთობა და არა პატარა ბიჭთან. დედოფალივით მაცხოვრებს, არაფერს მაკლებს და მეც ხელისგულზე ვატარებ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დიასახლისობა ამხელა ბედნიერებას მომანიჭებდა, სხვა არაფერი აღარ მინდა. თუმცა კარიერული ზრდა არ შემიჩერებია. ჩემს ქმარს „სტენფორდი“ აქვს დამთავრებული, პროფესიით ჟურნალისტია, „სიბისიზე“ მუშაობდა და დღემდე წერს სტატიებს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე. მას მარტო ჩემი გარეგნობა კი არა, გონებრივი შესაძლებლობებიც მოეწონა. მისი დახმარებით ბევრი ადამიანი გავიცანი, ძალიან მაგარ ადგილას გავდივარ სტაჟირებას და ბევრსაც ვაკეთებ, მაგრამ ჩუმად, რაც მეტი გაიგებს, მეტი პრობლემა მოჰყვება. ძალიან დაკავებულები ვართ, ოფიციალურად მისი ასისტენტი არ ვარ, მაგრამ ყველაფერში ვეხმარები, მისი მარჯვენა ხელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სახლს გვილაგებენ, მაინც დიდი დოზით ვარ სახლის საქმეებში ჩართული. იყო დრო, როცა მე თვითონ ვალაგებდი სხვის სახლებს და ფულს ამით ვშოულობდი, მაგრამ მადლობა უფალს, სიტუაცია შეიცვალა.
– როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს ფუფუნებაში ცხოვრება.
– კი და ძალიან გამიმართლა. ვფიქრობ, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს და რაც გულით გინდა, ყოველთვის გექნება. მდიდარი ოჯახის შვილი არ ვარ. გურჯაანის რაიონის სოფელში, ვაჩნაძიანში გავიზარდე, სიღარიბეში და ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად მექნებოდა ის ყველაფერი, რაც მინდოდა. ჩემი შრომით ისე ავიწყვე ცხოვრება, დღესვე რომ დავბრუნდე საქართველოში, ყველაფერი მექნება – ბინაც ვიყიდე, აგარაკიც და მიწებიც, კარგად მოვეწყვე, მაგრამ რაც ახლა ჩემს თავს ხდება, ეს უკვე სულ სხვა რამაა. რადგან ჩემი მეუღლე ასაკით გაცილებით უფროსია, ვიცი, ბევრი იტყვის, ცოლად ფულის გამო გაჰყვაო. კარგის თქმას ხომ ვერავინ გაიმეტებს. მაგრამ რა ფული, რის ფული, ისეთი მაგარი ტიპია, ასეთ კაცთან ყოფნა ოცნებაა. მზეჭაბუკს ვეძახი, მაგრამ ნორმალურად ვერ ვუთარგმნი (იცინის). საკუთარი ცხენები ჰყავს და საჯირითოდ დავდივართ ხოლმე. სხვათა შორის, მოჯირითეა და ბევრი შეჯიბრება აქვს მოგებული. პირველად რომ დავინახე ამხელა კაცი ჯირითისას, ოკეანის სანაპიროზე რომ გააჭენა ცხენი და  მხრები შეუტოკდა, მერე ცხენით შევიდა ოკეანეში და... სულ გადავირიე  – აი, მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდა (იცინის).
– პირველი დანგრეული ოჯახის შემდეგ, ამ ნაბიჯის გადადგმა არ გაგიჭირდა?
– რას ამბობ!? ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდით ამ ეტაპამდე (იცინის). ზუსტად ვიცი, ვიღაც ქართველი იტყოდა, საყვარელი ჰყავს ცისნამისო – ვერ ვიტან მაგ სიტყვას. ქმრის მერე ურთიერთობა არავისთან მქონია და ეს ნაბიჯიც იმიტომ გადავდგი, რომ ძალიან ეცადა. იმასაც გეტყვით, რომ სპორტსმენია და თან, ძალიან წარმატებული. მისი გუნდი სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი „ფრიზბიში“.
– მსოფლიოს ჩემპიონი, ასეთი კარგი ადამიანი საოცარი ოჯახით – მეტი რა უნდა ინატრო?! შვილი თუ გააცანი უკვე?
– „ავრორამ“ ჩემთვის ისროლა. ჩემი შვილი ძალიან კარგად იცნობს, ხშირად საუბრობენ, განსაკუთრებით სპორტზე. ირაკლიც მალე ჩამოვა ამერიკაში, მისთვის უკვე კოლეჯს ვარჩევთ. ექვსი წელია, არ მინახავს და ადამიანმა ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა მაჩუქოს – მალე საკუთარი შვილი გვერდით მეყოლება. სხვა მხრივ, არც ბრილიანტის ბეჭდის კარატებით ვინტერესდები, არც სვაროვსკის თვლების რაოდენობით, საერთოდ არ ვარ საჩუქრებზე ჩაციკლული.
– თუმცა, სიურპრიზი მაინც ყველას სიამოვნებს.
– აღარ მინდა, მომწყინდა უკვე. ადამიანს ყველაფერი რომ გაქვს, მერე აღარ გინდა. აღარ ვიცი, როდის რა ჩავიცვა და გავიკეთო. არაფერი მაკლია, ოპერაში, კინოში – ყველაგან დავდივართ და მოსაბეზრებელია. რესტორანში სიარულის ნაცვლად სახლში მომზადებულ კერძებს მივაჩვიე, თან, ძალიან გემრიელად ვამზადებ. სხვათა შორის, ხინკალზე გიჟდება.
– შენი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს. რთული გზა გაქვს გავლილი – პატარა იყავი, როცა გაიგე, რომ ბიოლოგიურმა დედამ მიგატოვა.
– კი, ნაშვილები ვარ. ძალიან საყვარელმა ოჯახმა გამზარდა. დედა პირველი ჯგუფის ინვალიდია, კარგად ვერ ხედავს და მამა საერთოდ ვერ ხედავდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან თბილ გარემოში გამზარდეს და ორი წლის შემდეგ ეყოლათ საკუთარი შვილი – ოთარ საყვარლიშვილი, კახეთში ცნობილი მუსიკოსია. ნამდვილ მამას არასდროს შევხვედრივარ. დედას ორჯერ შევხვდი, მაგრამ მას თავის ცხოვრება აქვს, მე არ ვაინტერესებ. როცა ადამიანს არ უნდიხარ, ხომ არ „შეეტენები“? ჩვენი შეხვედრა არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდი. არ ვუნდივარ, არადა მისი ასლი ვარ. ეს ჩემთვის დღემდე დიდი ტრავმაა – როგორია, როცა იგებ, რომ შეცდომა ხარ?! პირში მითხრა იმ ქალმა, რომ ერთხელ მოისიყვარულა ადამიანი და მე ჩავისახე. არ ვუნდოდი, შვიდთვიანი დავიბადე და მანამდე მუცელაკრული დადიოდა, ხალხს რომ ორსული არ დაენახა. ჩუმად გამაჩინა და დამტოვა. ნამდვილად არ მქონია მარტივი ცხოვრება. კახელებს აქვთ გამოთქმა: „ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო“, როგორც იქნა, ჩემი კვერიც გამოცხვა.
– მერე ამერიკაში წახვედი, ოჯახი, შვილი დატოვე...
– ცხრა წელია, ემიგრაციაში ვარ. ერთი წლის შვილი დავტოვე და დღემდე სიზმარში ვხედავ ირაკლის, ხელგაშლილი რომ მეხვეწება: დედა, არ წახვიდეო. დიდი ტრაგედია გამოვიარე, ჩემმა ყოფილმა ქმარმა ორი თვის ბავშვით დამტოვა ქუჩაში, უმუშევარი, უფულო. მამაც დამეღუპა და მთელი ოჯახი ჩემს კისერზე აღმოჩნდა. არადა, მაშინ სულ 21 წლის ვიყავი. თუმცა, შევძელი ფეხზე წამოდგომა და დღეს, ჩემი შრომით, საქართველოში ყველაფერი უმაღლეს დონეზე მაქვს გაკეთებული. რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში ვყოფილიყავი, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი აუცილებლად მოხდებოდა. საოცრად ოპტიმისტი ვარ და დიდი მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
скачать dle 11.3