კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რომელ ექვს არაწმიდა სულთან უწევს ადამიანს მთელი ცხოვრება ბრძოლა და როგორ უნდა მიხვდეს ის, არის თუ არა ბედნიერი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ადამიანები მუდივად ვებრძვით ჩვენს თავში, სულში არსებულ არაწმიდა სულებს, რომლებიც განსაკუთრებით მარხვის პერიოდში აქტიურდებიან. იმისთვის, რომ მარხვა, ეკლესიაში სიარული, ჩვენი ზიარება უნაყოფო არ იყოს და მაცხოვრის შობას განწმენდილები შევხვდეთ, უნდა შევებრძოლოთ არაწმიდა სულებს, ჩვენს ცოდვებს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი)

– იმ მდიდარს ნუ დაემსგავსებით, რომელმაც ბევრი სიმდიდრე დააგროვა და იფიქრა: მოდი, ძველ ბეღელს დავანგრევ და ამ სიმდიდრეს იქ შევინხავ. მერე ვეტყვი ჩემს სულს: ჭამე, სვი და გაიხარეო. ასე ფიქრობს დღს ბევრი: შემოსავალი მაქვს, ბანკში თანხა მაქვს, არაფერი მიჭირს: ჭამე, სვი და გაიხარე. მაგრამ ამ დროს შეიძლება, კარი შემოაღოს სიკვდილმა, რომელიც უჩინოა და გითხრას: წამოდი! 28 ნოემბერს მარხვა დაიწყო და ვისაც აქამდე არ დაგიწყიათ, დაიწყეთ. კიდევ ერთხელ მინდა გაითვალისწინოთ, რომ მარხვაში ხორციელი სიამოვნება უნდა მოვიკლოთ. რძის ნაწარმზე კურთხევა არ ნიშნავს მეგრული ხაჭაპურების ჭამას. ეს ნიშნავს იმას, რომ მე უძლურებაში ვარ და ნუგეშის სახით, ცოტა რძის ნაწარმი უნდა მივიღო. თუ კარგად იმარხულებთ, თქვენ ხორციელი ნუგეში არ დაგჭირდებათ, სულიწმიდის მადლი გადმოვა თქვენზე და რა სნეულებაც გაწუხებთ, ყველაფერი დაგტოვებთ. მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, რომ შობის დღესასწაული სულში და გულში მივიღოთ, რომ ჩვენს გულებში დაიბადოს, იშვას განკაცებული იესო ქრისტე. ეს მოხდება მარხვით, ლოცვით, თავმდაბლობითა და სიყვარულით. სხვანაირად ჩვენ არაფერი გვეშველება. წირვაზე მოსვლა ყველას უნდა გვიხაროდეს, ყველამ საერთო საქმე უნდა აღვასრულოთ. აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ. რომც არ ვეზიაროთ, ქადაგება მაინც უნდა მოვისმინოთ. რომ მოდიხარ, რამე გაწუხებს, უნდა მიხვდე, რომ თუ კარგად მოიქცევი, შენზე სულიწმიდა გადმოვა. ვისზეც სულიწმიდა გადმოდის, ის ინკურნება, ყველაფერი ლაგდება, მშვიდდება. მაგრამ, თუ შენ ხმაურობ, არ უსმენ იმ მარგალიტებს, რომელიც წირვის დროს იკითხება, შეიძლება, შენზეც გადმოვიდეს სულიწმიდის მადლი, მაგრამ მიღება ვერ შეძლო. ყველა ადამიანი ბედნიერებისთვის არის დაბადებული. ბედნიერება ყველა ადამიანშია.
– როგორ უნდა მივხვდეთ, არის თუ არა ჩვენში ბედნიერება, რომ ბედნიერები ვართ?
– ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება, თავისი ენით, ხელით, ფეხით ემსახურება სხვა ადამიანებს, ბედნიერია. ჩვენ იმიტომ არ ვართ ბედნიერები, რომ სხვების გვშურს, მათი სიხარული არ გვიხარია – იმას რატომ აქვს, მე რატომ არ მაქვსო. თუ შენ იმას, რაც ღმერთმა მოგცა სხვისთვის გაიმეტებ, ბედნიერი ადამიანი იქნები. ჩვენ არ ვართ ასეთები. მთელი ცხოვრება ხელი გაშლილი გქონდეს – სიკეთე გაეცი, სიყვარული, სიხარული, დაეხმარე სხვას და აუცილებლად იქნები ბედნიერი, რომ მერე მშვიდად დაიდო ხელები ჯვრის სახით. ჩვენ ხომ სულ ვფიქრობთ: ის მოკვდა, ის დასნეულდა, ის საავადმყოფოშია, ის – საპატიმროში და ჩვენ არაფერი მოგვივაო. თქვენი მარხვა რომ ნაყოფიერი იყოს, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ წიგნები. განსაკუთრებით კი – იოანე სინელი, მისი 23-ე თავი, სადაც ამპარტავნების, პატივმოყვარეობის შესახებ წერია. ვინც არ იცის პატივმოყვარეობა რა არის, მან არ იცის რა არის ამპარტავნება. პატივმოყვარეობაა ამპარტავნების დედა. თუ დედა არ იცი, შვილისას ვერაფერს გაიგებ. ასევე, მინდა კარგად იცოდეთ, თუ რომელ სულებს უნდა განვერიდოთ მარხვაში.
– რომელია ეს სულები?
– ყველა დასწრებიხართ ნათლობის საიდუმლოს. ამ საიდუმლოს აღსრულების დროს მღვდელი ექვს არაწმიდა სულს განაძევებს თავისი ბაგეებით. ამ დროს ბუნებრივია არავის უსმენს მღვდელს. არადა, უნდა ვიცოდეთ, რა სულები გვებრძვიან. არაწმიდა სული კი მარხვით და ლოცვით უნდა გავიდეს ჩვენგან. ექვს არაწმიდა სულს „შეფუცებ“ ჰქვია. ზოგი პარაკლისზე დადის და ჰგონიათ, რომ კვეთებულებზე დადიან. კვეთებულის ლოცვა, უპირველეს ყოვლისა, ნათლობის დროს იკითხება, მაშინ, როდესაც პირველი სამი ლოცვა იკითხება: შეფუცების და შემდეგ ექვსი არაწმიდა სული გადის ადამიანისგან. პირველი: სულსა მაცდურებისასა – ეს არის პირველი არაწმიდა სული, ანუ ხიბლი. ხიბლი კი გონიერი ადამიანების საცდურია. სწორედ გონიერ ადამიანებს აცდენს ხიბლი. იმისთვის, რომ ეშმაკმა გონიერი ადამიანი შეაცდინოს, მას ხიბლის მდგომარებაში აგდებს, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნას: მე მაგარი ვარ, მე ქართველი ვარ და ასე შემდეგ. მეორე – ეს არის სული უკეთურებისა, ანუ უკეთურება არის ყველაფერი ის, რაც არ არის სიკეთე, რაც არ არის ღვთაებრივი, უფლისგან. მესამე არის სული კერპთმსახურებისა – განსაკუთრებით შობის მარხვაში გველოდება ამის საშიშროება: იანიუსის კერპი, რომელსაც ორი სახე აქვს და ახალი წლის ღამეს ყველა ადამიანი რომ გარკვეულ კერპს ემსახურება. ეს კერპი შეიძლება იყოს შვილი, ქმარი, ცოლი, მშობელი, საჭმელი. მაგრამ ორი ძირითადი კერპი მუდმივად არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, ესენია: ბახუსის, ანუ დიონისეს კერპი და ვენერას კერპი. ბახუსის კერპი – ეს არის ლოთობა. მამაკაცები კიტრს, პომიდროს ჭამენ და ღვინოს აყოლებენ, მარხვაზე არიან. ან მარხვაზე იყავი, ან იქეიფე. ღვინით მთვრალი კი იწყებ მერე მრუშობას. ან პირიქით, ჯერ მრუშობ და შემდეგ იწყებ სმას. ჩართეთ ტელევიზორი, ყველგან სიშიშვლე და მაიმუნობაა. მეოთხე სული, ეს არის სული ანგარებისა. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კარგად ვმარხულობთ. ზოგი ამბობს: არასამარხვო კერძებს არ გავეკარები, სამაგიეროდ, ლობიანით გამოსკდები. თუ თქვენ მარხვაში დრო მეტი გრჩებათ და თანხაც დაგეზოგათ, ესე იგი, კარგად მარხულობთ. ხსნილში სამზარეულოში ვართ სულ, ვფუსფუსებთ, ვამზადებთ, ვჭამთ, მარხვაში კი ცოტა უნდა მოშორდე სამზარეულოს. შესაბამისად, უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნება კითხვისთვის, ლოცვისთვის. ნაირ-ნაირ საკვებს რომ არ ყიდულობ, თანხაც გეზოგება, რომელიც გაჭირვებულებს უნდა მოახმარო. მაგრამ პირიქით ხდება. ზოგი ამბობს: ხორცს არ ვჭამ, ორაგულს ვიყიდი, კალმახს, ზუთხს... შევჭამ. ეს აღარ არის მარხვა. მოერიდეთ ბევრ ჭამას მარხვაში, თანხაც დაგეზოგებათ და დროც. უანგაროდ იმარხულეთ, რადგან ადამიანი დღეს ყველაფერს ანგარებით აკეთებს. ანგარებით მარხულობს, ანგარებით მიდის ეკლესიაში, ანგარებით ექცევა ადამიანებს. უანგაროდ იმარხულეთ, უანგაროდ ილოცეთ, უანგაროდ გაეცით და დაეხმარეთ ადამიანებს. მეხუთე სული, ეს არის სულსა ტყუილისასა – დიდი და პატარა, ყველა იტყუება, თან, ყველაფერზე. ნახეთ სოციალურ ქსელში რამდენი ტყუილია. ადამიანებს ტყუილები მოსწონთ, რადგან ტყუილი ტკბილია, სიმართლე კი – მწარე. მწარე სიმართლე უნდა გვერჩივნოს ტკბილ ტყუილს. და ბოლო, მეექვსე სული ეს არის, ყოვლისა არაწმიდებისასა – ერთი სული ჰქვია, მაგრამ თავის თავში ყველა არწმიდა სულს მოიცავს. არაწმიდებაში კი იგულისხება, ყველა ჩვენი ფიქრი, გამოხედვა, მეტყველება, აზრი, საუბარი. ამიტომაც მოერიდეთ ყველა არაწმიდებას, განსაკუთრებით კი, მარხვაში. ვინც იტანჯებით თამბქოს მოწევით, ბევრი ჭამით, შობის მარხვაში მაინც შეიკავეთ თავი და შობას თქვით: მამაო, აღარ ვეწევი, აღარ ვჭამ ბევრს, აღარ არის ჩემში ანგარება, შური, ბოროტება, ამპარტავნება და ნელ-ნელა ჩემში აღმოფხვრა არაწმიდებაო. თორემ ეს 40 დღეც ისე გავა, რომ არაფერი გვეშველება. მთავარია გონიერებას, სულიერებას მოვუხმოთ და შედეგი მივიღოთ. ეკლესიაში იმიტომ მოვდივართ, იმიტომ ვმარხულობთ, რომ უკეთესები გავხდეთ, დავამარცხოთ ჩვენში არსებული არაწმიდა სულები და შობა ერთად ვიზეიმოთ განწმენდილებმა, ბედნიერებმა, სულიწმიდით აღსავსეებმა.

скачать dle 11.3