კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ დაუწუნა თემურ ბაბლუანმა შვილს ამერიკული თრილერის, „13-ის“ სცენარი და რას დაანებებინა თავი მას გარდაცვლილი მამის სულმა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

ბაბლუანების ყოველი გამოჩენა თბილისში დიდ ინტერესსა და სიხარულს იწვევს, რადგან ვიცით, რამდენად წარმატებულია ეს ოჯახი უცხოეთში. ამჟამად თემურ ბაბლუანი თბილისშია. მართალია, რეჟისორს ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა.    
 – ბატონო თემურ, გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება კინოსთან. რამ მოახდინა გავლენა თქვენს მომავალ პროფესიაზე?
– ძალიან პატარა ვიყავი, ეკრანი პირველად რომ ვნახე. დედამ წამიყვანა. მაშინ დარბაზი არ იყო, ზეწარი გააკრეს, ყველა თავისი სკამით იყო მოსული. მერე მოიტანეს კინოაპარატი, რომელიც მახსოვს, ძალიან რიხინებდა, ამ ეკრანზე  გამოჩნდა ქუჩები, სახლები... რაღაც სასწაული ხდებოდა. ყველა გაოცებული ვუყურებდით. გავიქეცით ბავშვები და ეკრანს უკანა მხრიდან ვაკვირდებოდით საიდანაც ჩნდებოდა ეს ყველაფერი. აი, ეს იყო ჩემი პირველი შეხება კინოსთან. მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. ექვსი წლის ვიყავი. აქაც, ყველაზე საინტერესო ეკრანზე ხდებოდა. სკოლის ნაცვლად კინოში მივდიოდით. თუ ძალიან კარგი ფილმი იყო, ორჯერ და სამჯერ ვუყურებდით.
– თეატრი რამდენად მოგწონდათ?   
– სხვათა შორის, თეატრში არ დავდიოდი. თეატრზე, ჩემდა სამწუხაროდ, წარმოდგენა არა მაქვს. ცხოვრებაში სულ ერთი სპექტაკლი მაქვს ბოლომდე ნანახი, ისიც, იმიტომ რომ ჩემი მეუღლის სადიპლომო სპექტაკლი იყო. არ მაინტერესებდა თეატრი. კინოში უფრო მეტი სინამდვილეა. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ თითქოს თეატრის საწინააღმდეგო მაქვს რამე. პირიქით, ძალიან კარგი ხალხია თეატრში და ძალიან კარგი ხალხი სწორედ თეატრს აფასებს უფრო მეტად, ვიდრე კინოს, მაგრამ ჩემი სამყარო კინო იყო და დარჩა.  
– რეჟისორი რომ არა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყავით?  
– სხვადასხვა ინსტიტუტებში ვსწავლობდი – იურიდიულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე. არცერთი არ დამიმთავრებია. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა ასეა. ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, სახურავზე გვქონდა პატარა ოთახი – სხვენი, მთელი ქალაქი ჩანდა. იქ მეძინა. ერთ დღეს მამა დამესიზმრა. მითხრა: რა გინდოდა იურიდიულზე, შენ ვინ მოგცა უფლება, ადამიანების ბედს შეეხო და განაგო. ეგ არ არის შენი საქმე, აგრონომიულზე მაინც ჩაგებარებინაო. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. ჰოდა, მორჩა, იმ დღიდან აღარ წავსულვარ. ხელი ჩავიქნიე.   
– როგორ ფიქრობთ, იურიდიულს რომ გაჰყოლოდით, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება?
– ვერ გავაგრძელებდი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არაფერი  გამოვიდოდა. უბრალოდ, ვერ გავბედავდი, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მამაჩემი ტყუილად არ დამესიზმრებოდა. როცა რაღაცას აკეთებ, შინაგანად უნდა ეთანხმებოდე ან არ უნდა ეთანხმებოდე.  მე ვფიქრობ,  ეს მაინც ინერციით მოხდა. მაშინ  ყველა  სამედიცინოსა და იურიდიულზე გარბოდა. ეგ კი არადა, მე ახლაც არა მგონია, კარგად ვიცოდე, რა მინდა. დედა ძალიან წუხდა და განიცდიდა, რომ ვიწყებდი სწავლას და მერე თავს ვანებებდი. მერე თეატრალურში კინოფაკულტეტი გაიხსნა და იქ ჩავაბარე. რეზო ჩხეიძემ გადაიღო „ღიმილის ბიჭები“ და იქ ამიყვანეს, პატარა როლი მომცეს. თუ რამე ვისწავლე, იქ ვისწავლე, მაგრამ შეხების საშუალება, რომ მეც რაღაც გამეკეთებინა, უკვე კინოფაკულტეტმა მომცა. ჩემი პედაგოგი თენგიზ აბულაძე იყო,  ძალიან საინტერესო და ღირსეული პიროვნება. გვითხრა: მე თქვენ რეჟისორობას ვერ გასწავლით. რეჟისორობას ან ოც დღეში სწავლობენ, ან 300 წელიწადში. ჩემთან თქვენ შეიძლება, ისწავლოთ უფრო ჯანმრთელი დამოკიდებულება კინოსადმი და ცხოვრების დანახვა. შუა მდინარეში შეგიყვანთ და მერე გადმოგყრითო.
– როდის გახდით დამოუკიდებელი პიროვნება?   
– ფინანსურად არასოდეს გვილხინდა. მამა ადრე გარდამეცვალა. პატარა და მყავდა, დედა ავადმყოფი ქალი იყო.  იძულებული ვიყავი, მემუშავა. 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. დილას სკოლაში ვიყავი, ორის ნახევარზე სკოლა მთავრდებოდა და სამ  საათზე უკვე სამუშაოზე მივდიოდი. ბალნეოლოგიური კურორტის ქვემოთ საზეინკლო სახელოსნო იყო და ცხრა საათამდე იქ ვმუშაობდი მუშად. ვცდილობდი, ჩემს დას კარგი ჩასაცმელი და ფეხსაცმელი ჰქონოდა. პირველი ხელფასი რომ ავიღე, ჩემს დას კაბა ვუყიდე, დედაჩემს – ფეხსაცმელები. ვიცოდი, რომ გაუხარდებოდათ და მეც მიხაროდა.  
– თქვენ და თქვენმა მეუღლემ როგორ გაიცანით ერთმანეთი?   
– თეატრალურში რომ ჩავაბარე, პირველ დღეს რაღაც ღონისძიება იყო. სააქტო დარბაზი მესამე სართულზე იყო. გამოაცხადეს, ახლა ლექსს წაიკითხავს ესა და ესო. დავიღალე და გარეთ გამოვედი. სიგარეტს ვეწეოდი. უცებ, ისეთი მაგარი ტაში გავიგონე... ვინ იყო, ასეთი რა წაიკითხა-მეთქი. მერე გავიარ-გამოვიარე, დავინახე ვიღაც პატარა გოგო ზის და აჩქარებული სუნთქავს. ცუდად ხომ არ ხართ-მეთქი. ვკითხე. არაო. მივხვდი, რომ ეს ის იყო, ლექსი რომ წაიკითხა... ასე გავიცანი. მთავარია, ადამიანი გიყვარდეს, მერე, ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად მიდის.
– 90-იან წლებში საქართველოდან წახვედით, მაშინ, როდესაც თქვენი ფილმებით უკვე საკმაოდ პოპულარული იყავით. საფრანგეთმა კიდევ უფრო გაამყარა ბაბლუანების სახელი კინოში.
– მე არსად წავსულვარ. ჩვენ განვაგრძობდით მუშაობას. მაშინ გავაკეთეთ პირველი კორპროდუქცია ფრანგებთან, გერმანელებთან, ინგლისელებთან, მერე ევროკავშირის დაკვეთით ვმუშაობდით, დოკუმენტურ ფილმებზე შეკვეთები გვქონდა. ასე რომ, 90-იან წლებში ბავშვები (ოლიკო, გელა, სოფო, გიორგი)  სასწავლებლად წავიდნენ. საფრანგეთში ერთი ქართველი ებრაელი მეგობარი მყავდა, ადრე გაიქცა, ემიგრანტი იყო და 1988 წელს, როდესაც კანის ფესტივალზე ვიყავი, სადაც ჩემს ფილმს, „ბეღურების გადაფრენას“, უჩვენებდნენ, იქ შემხვდა და ბინაზე ის დამეხმარა, რისი საშუალებაც მატერიალურად მე არ მქონდა. პერიოდულად ჩამოვდივარ, მივდივარ, ახლა დიდი ხანია, არ ვყოფილვარ.  
– თქვენი შვილის, გელა ბაბლუანის პირველ ნამუშევარზე რა აზრის ხართ. მან გადაიღო ამერიკული ტრილერი „13“, რომელშიც ნამდვილი კინოვარსკვლავები თამაშობენ.   
– გელამ გადაიღო ფილმი, არა უშავდა, მერე ერთად გადავიღეთ, იმასაც არა უშავდა და ასე, გაგრძელდა გელას კინოში მოღვაწეობა. რაც შეეხება კინოწარმოების საშუალებებს, ძალიან სწრაფად ვითარდება. თავისთავად, შეიცვალა მანერაც. ადრე სულელური კანონმდებლობა იყო. კინოტექნიკა რომ შემოდიოდა მისი ღირებულების სერიოზული პროცენტი უნდა გადაგეხადა, რაც კინოწარმოებას ძალიან აფერხებდა. ფილმის ბიუჯეტი არ იყო იმხელა, რა თანხაც ტექნიკას მიჰქონდა. ამან სერიოზული უხერხულობა შექმნა. მერე, საფრანგეთის საელჩომ, რადგან ფრანგული ფილმი იყო, თავი მოვალედ ჩათვალა, დაგვხმარებოდა. გამონახეს ვიღაც, ვინც თავდებად დადგა.   
– სანამ თქვენ ბიუჯეტს დაგიმტკიცებდნენ, რას აკეთებდით, როგორ ცხოვრობდით ამხელა ოჯახი?
– არასდროს მქონია ბევრი ფული და სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ მქონდეს. მონტაჟებზე ვმუშაობდი. ჯერ ერთი,  საფრანგეთში რომ იმუშავო, უფლება უნდა გქონდეს,  ვიღაცამ უნდა მიგიწვიოს და გარკვეული მიმართულებით კონტრაქტი უნდა დაგიდოს. ერთია, როცა ფილმს იღებ, მეორეა მის  პარალელურად რას აკეთებ. იქ ასეა. კინოსტუდიას ბევრი საწარმო აქვს, სადაც შეიძლება, მისთვის საჭირო იყო, მაგრამ თუ კარგად არ შეასრულე, მეორე დღეს არავინ დაგელაპარაკება. მომცეს მონტაჟზე მუშაობის უფლება და ვმუშაობდი. ანაზღაურება ბევრი არაფერი იყო, მაგრამ ცხოვრების საშუალებას იძლეოდა. ამ ქვეყანაში ფული უფრო მეტია, ვიდრე კარგი იდეა. როცა გაქვს იდეა, მისი რეალიზების მეტი გარანტიაც გაქვს.
– როდესაც თქვენმა შვილებმაც თქვენი პროფესია აირჩიეს, რა რეაქცია გქონდათ? რა ურჩიეთ?  
– არა, მე არანაირად არ ვერევი ჩემი შვილების ცხოვრებაში. ყველას თავისი გზა აქვს. თუმცა, მშობელი შვილზე მეტ-ნაკლებად ყოველთვის ახდენს გავლენას. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მონოლოგები და ამბები. მაგალითად, გელამ რომ დაწერა „13-ის“ სცენარი, წამაკითხა. ვუთხარი – ამას თავი დაანებე და უფრო ნორმალური რამე გადაიღე-მეთქი. არაფერი უთქვამს. წავიდა და გადაიღო ის, რაც უნდოდა. ძალიან სწორადაც მოიქცა. არ ვიცი, ჩემთვის რომ დაეჯარებინა, შეიძლება, იმასაც გაემართლებინა, მაგრამ ამან ნამდვილად გაამართლა. თუ შეგეკითხებიან, უპასუხებ, თუ არ შეგეკითხებიან, ჯობს, თავი დაანებო. ცხოვრებაში სულ რაღაც გწყინს და გიხარია.  
– რამდენად გაქვთ სვანური პრინციპები, ხასიათი, წეს-ჩვეულებები, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– საერთოდ, ადამიანი ყველაზე ნაკლებად თავის თავს იცნობს.  შეიცან თავი შენიო, ნათქვამია. წინ ძალიან ბევრი საქმეა.  შეიძლება, მთელი  ცხოვრება დასჭირდეს ამას და ვერაფერი მოახერხო. რაღაც შევიცანი და რაღაც ვერ შევიცანი ჩემს თავში. სვანების ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა – განსაკუთრებულად აქვთ გამახვილებული ღირსების გრძნობა. პიროვნებას არ უნდა შეეხო, რადგან ამაზე ძალიან მძიმედ რეაგირებენ, რაც ცხადია, ყოველთვის არ არის სასიამოვნო. რა ვიცი, სვანი ვარ, რა (იცინის).   
скачать dle 11.3