კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რის გამო არის ვლადიმერ ბოისას ცხოვრება და დრო ორად გაყოფილი და ვინ არის მისი მთავარი გულშემატკივარი ქალი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვლადიმერ ბოისას სპორტული წარმატებების შესახებ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მეღვინეობითაა დაინტერესებული და მისი სახელობითი კონიაკი და ღვინო წარმატებით იყიდება უცხოეთში. როგორც თავად ამბობს, მეღვინეობის დარგი სპორტს ძალიან ჰგავს – ღვინის დაყენება იგივე აზარტი, განცდა და მოლოდინია, როგორც თამაშის წინ, როცა არ იცი, რა მოხდება და რა შედეგით დასრულდება მატჩი. როგორც თავად ამბობს, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი უმცროსი დაა.
– გვარში, გენეტიკაში, ვინმე გყავდა მეღვინე?
ვლადიმერ ბოისა: ღვინის დაყენების ტექნოლოგიით რომ დავინტერესდი, ჩემი გვარი და გენეტიკა კი არა, საქართველოა „დამნაშავე“ (იცინის). ისეთ მეღვინეებს ვიცნობდი, იმდენი უცხოელი იყო დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის სასმელებით, მეც გადავწყვიტე, ჩემი ვენახი მქონოდა, ყურძენი დამეწურა, ღვინო დამეყენებინა და ჩემს სტუმრებს გავმასპინძლებოდი. ეს ყველაფერი გატაცებით დაიწყო, მაგრამ ახლა სერიოზულ ბიზნესზე ვფიქრობ (იცინის). თავადაც მიყვარს გემრიელი სასმლის დაგემოვნება. ადრე კარგ ღვინოს რომ ვსვამდი, არ ვინტერესდებოდი მისი დაყენების ტექნოლოგიით, ახლა კი, ჩემს დაწურულ ღვინოს რომ მივირთმევ, ორმაგად მსიამოვნებს. 2014 წელს მარათონზე ვიყავი კახეთში. ვირბინე და დასასვენებლად რომ გავჩერდი, ვენახს გადავხედე და იდეა მომივიდა, გავიფიქრე: იქნებ, მეც მეცადა. ჩემს მეგობარს ჰქონდა მარანი და ვენახი. ვთხოვე, ბაბუაშენის მარანში დავაყენებ ღვინოს-მეთქი. მერე მარანს ხელი შევავლე, ღვინის დაყენება ძირძველი ქართული, ტრადიციული მეთოდით დავიწყე და თითოეულ ბოთლში, ჩემი სული და გული ჩავაქსოვე. ჩემი გატაცება სახელობითი ბრენდის წარმოებაში გადაიზარდა. თელავის მახლობლად, სოფელ შალაურში მაქვს ვენახი და მარანი. წარმოიდგინეთ, ღვინო ასწლოვან ქვევრებში ვარგდება. ბოთლებს ეტიკეტზე აწერია, რომ მარანი ძალიან ძველია და ქვევრები 1910 წელს არის ჩაყრილი.
– სპორტსმენები იშვიათად სვამენ. თავად დალევა გიყვარს?
– სულ ვამბობ, როცა ხარ დამწყები, არ უნდა დალიო, მაგრამ პროფესიონალი სპორტსმენისთვის, თამაშის მერე რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევა აუცილებელია, რომ წარმატება აღნიშნო, სტრესი მოიხსნა და გამარჯვება იზეიმო. ისე, დალევა, მეც მიყვარს, მაგრამ იმ დონეზე, სანამ ღვინის სუნსა და გემოს ვგრძნობ (იცინის). ერთხელ ბევრი დავლიე და გავითიშე. მეორე დღეს ვიდეო გამომიგზავნეს ტელეფონში და რომ ვუყურე, თვალებს არ დავუჯერე, ეს მე ვარ-მეთქი (იცინის). ზოგადად, არ ვმღერი და მაგარი მთვრალი ისე ვმღეროდი, ჩემი თავის შემრცხვა, მივხვდი, ღვინომ გადამრია (იცინის). სხვათა შორის, პირველი ღვინის დალევა და სიმთვრალე არ მახსოვს.
– ბურთი თუ ღვინო? ერთხელ თქვი, ღვინო ისეთია, როგორიც მე, მეღვინეობა სპორტს ჰგავსო.
– რასაკვირველია, ჯერ ბურთი და მერე ღვინო. რასაც მივაღწიე ცხოვრებაში, ბურთის დამსახურებაა. ღვინის დაგემოვნება კი, წარმატების მიღწევის აღსანიშნავად დავიწყე. როგორც გითხარით, მე ღვინოს, ძველი ქართული ტრადიციით ვაყენებ, როგორც რვა ათასი წლის წინ ხდებოდა. როცა დუღილი სრულდება, ქვევრებს ვხურავ და აპრილში ვხსნი. მთელი, ექვსი თვე, ველოდები მის დაღვინებას მიწაში. ეს, იგივე გრძნობაა, რაც თამაშის წინ მეუფლება, როცა არ იცი, მოიგებ, წააგებ, „მანდრაჟში“ ხარ, ემოციებში. მეღვინეებიდან ვიცი, ყოველ ორ კვირაში ვხდით ქვევრს თავს და ვნახულობთ, რა ხდებაო, მე კი მთელი ექვსი თვე ვითმენ და ველოდები ქვევრის ახდისას მიღებულ სიამოვნებას. მე სხვა შემოსავალიც მაქვს, მაგრამ წლების მერე, ვაპირებ კარგი მეღვინე დავდგე და ეს გატაცება ბიზნესად ვაქციო. ევროპაში ქვევრის ღვინო ახალია, უცხო გემო აქვს და ძალიან მოსწონთ.
– ქვევრებს შენი ხელით რეცხავ?
– არა, ფიზიკურად დიდი ვარ და ქვევრში ვერ ვეტევი (იცინის). ძალიან მინდა, ვენახშიც ვიმუშაო, თავად მოვუარო ვაზს, მაგრამ ჯერ დრო არ მაქვს. თან, აქამდე  ორი ჯიში – რქაწითელი და საფერავი მქონდა, წელს კი, უნიკალური ქართული ჯიშები – ქისი და ხიხვი ვცადე. ყველა პროცესში ჩართული ვარ. ისე არაა სიტუაცია, რომ ვლადიმერ ბოისასთვის ვიღაც აყენებს ღვინოს. მე თავად ვსწავლობ ყველაფერს და ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ეს ტრადიცია ჩემშიც ზის. ჩემი ცოლ-შვილი სლოვენიაში ცხოვრობს და იქაც ხშირად მიწევს გაფრენა. ასე რომ, სულ ცაში ვარ, მიფრენ-მოფრენაში. და იცით, რა მიხარია? ჩემი ქართველი მეგობრები მეუბნებიან, სახლში როდის მიფრინავო. როცა სლოვენიაში ვარ, იქაური მეგობრები მეუბნებიან, სახლში როდის მიდიხარო. ფაქტობრივად, ჩემი დრო და ცხოვრება ორადაა გაყოფილი. მე ორი სახლი მაქვს – საქართველო და სლოვენია. როცა საქართველოს მიწაზე ვდგამ ფეხს, სულ სხვანაირად ვსუნთქავ, ვგრძნობ, რომ ჩემია.
– თქვი, ვფიქრობ, სერიოზულ ბიზნესად ვაქციო ჩემი გატაცებაო. თუმცა, როგორც ვიცი, შენი ჩამოსხმული სახელობითი ალკოჰოლური სასმელი, უკვე ექსპორტზე გადის უცხოეთში. მეღვინეობა შენთვის ბიზნესჰობია თუ აზარტული გატაცება?
– ღვინო უფრო აზარტული გატაცებაა, კონიაკის ჩამოსხმა კი – ბიზნესი. მიხარია, რომ მაქვს საკუთარი წარმოების მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ბრენდი. ბოთლს აწერია „ბოისა“, ამ დასახელებამ და ჩემი გვარის ხსენებამ, შეიძლება, იმოქმედოს გაყიდვაზე, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ხარისხია. ღვინო ჩემი ფანატიზმია, ჩემთვის დავიწყე დაყენება-ჩამოსხმა და ევროპაშიც გავიტანე გასაყიდად. ჯერ სლოვენიაში გავიტანე, იქიდან – ავსტრიაში, მერე – იტალიაში. სულ წელიწადში სამი-ოთხი ათას ბოთლს ვასხამ და კიდევ ვამბობ, ეს ჰობია. სახლში კი, სტუმრებისთვის, სულ მაქვს „საფერავი“. მე ბიზნესში წაგებაში არ წავალ, მაინც ხომ უნდა მეყიდა ჩემთვის და დამელია? ახლა მე ვაწარმოებ, თან, ვყიდი და თან თავადაც ვსვამ და სტურებსაც ვასმევ. თუ არ გავყიდი, დავლევ (იცინის). თუმცა, ამ ეტაპზე გაყიდვის პრობლემა არ მაქვს. კონიაკი ბიზნესია, რომელიც ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებში გადის გასაყიდად, ღვინო კი დაინტერესება და გატაცებაა. უცხოელებისგან ჩემს ბრენდზე ჯერ ცუდი შეფასება არ გამიგია, ამბობენ, ყალბი არ არის, ნამდვილიაო და ეს, ყველაზე მაგარი შეფასებაა.
скачать dle 11.3