კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ ზრუნავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩაცმულობაზე ნატალია ჩხიკვაძე და რა ოცნება ჩაუკლა მას ბაბუამ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დიდი ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილმა, ნატალია ჩხიკვაძემ ჩეხეთსა და ამერიკაში ცხოვრების და წარმატებული კარიერის შემდეგ საქართველოში დაბრუნება და საკუთარი გამოცდილების სამშობლოში გამოყენება გადაწყვიტა.
– როგორც ვიცი, ამერიკაში, „ფეშენ-ვიქებზე“ პიარის მიმართულებით მუშაობდით.
ნატალია ჩხიკვაძე:  ამერიკაში ვმუშაობდი პიარის სააგენტოში, რომელიც დაახლოებით ოცი ბრენდის წარმომადგენელი იყო. პიარის კოორდინატორად დავიწყე მუშაობა და ბოლოს 6 ბრენდის პიარის დირექტორი ვიყავი. დაახლოებით რვა ბრენდი მქონდა ჩაბარებული და მათ ვუკეთებდი პიარს. რამდენიმე მათგანი „ფეშენ-ვიქზე“ გამოდიოდა. გვქონდა პრეზენტაციები, ივენთები, პრესის დღეები... გვიკავშირდებოდნენ ვარსკვლავების სტილისტები და წითელი ხალიჩისთვის სამოსს გვიკვეთავდნენ.
– ალბათ, ძალიან შრომატევადი და დამღლელი საქმეცაა, მაგრამ შორიდან ძალიან მიმზიდველი ჩანს. ბევრ ყურისმომჭრელ სახელსა და გვართან გექნებოდათ ურთიერთობა.
– „ფეშენ-ვიქის“ პერიოდში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი თვე გრძელდება, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით – ეს სრული საგიჟეთი იყო. ფაქტობრივად, ყველა ვარსკვლავთან და მოდურ ადამიანთან გვქონდა ურთიერთობა. რიჰანას სტილისტი ჩვენი ძალიან ხშირი სტუმარი იყო. ბიონსე, მიშელ უილიამსი... მიუხედავად იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე ძალიან იშვიათად დადის, ჯულია რობერტსისთვისაც გაგვიგზავნია სამოსი. ჩვენს კლიენტ ვარსკვლავებს ყოველდღიურად ვასაჩუქრებდით ჩვენი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით. ერთ-ერთი კლიენტი კი მხოლოდ იმიტომ გახდა ძალიან განთქმული, რომ მისი პიჟამას კომპლექტი ქენდალ ჯენერმა ჩაიცვა აეროპორტში და თუ გახსოვთ, იმ პერიოდში პიჟამას გარეთ ჩაცმა ძალიან მოდური გახდა – ეს ჩემი კლიენტის ბრენდი იყო.
– ამ ყველაფრის მიტოვებისა და საქართველოში დაბრუნების სურვილი რატომ გაგიჩნდათ?
– ძალიან ლამაზად და მიმზიდველად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდ ადრენალინთან ერთად იმხელა სტრესია, რთულია, გაუძლო. წამი არ გრჩება საკუთარი თავისთვის. თან, ძალიან რთული უფროსი მყავდა. ჩემდენ ხანს მასთან არავის გაუძლია, ყველა მალევე გარბოდა. იმხელა გამოცდილება მივიღე, შემიძლია, ეს საქმე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ვაკეთო, მაგრამ იქ აღარ მიღირდა. წელიწადში მხოლოდ ხუთი დღე მქონდა დასვენება, სადილისთვისაც არ გვრჩებოდა დრო, რადგან ყველაფერი უცებ უნდა მოგვესწრო. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, ყოველთვის ამ სფეროში ვიტრიალებ, მაგრამ მივხვდი, რომ იმ სიტუაციაში ყოფნა აღარ ღირდა. ასეთი რეჟიმი უკვე ჯანმრთელობაზეც ცუდად მოქმედებდა. ძალიან გადაღლილი და დასტრესილი ვიყავი. ოჯახსა და მეგობრებს ვეღარ ვნახულობდი. ხელფასიც არ იყო ისეთი, ყველაფერზე უარი რომ მეთქვა. იქიდან  ჯერ პრაღაში წამოვედი და შემდეგ თბილისში, მაგრამ ამ სამყაროსთან კონტაქტი არ გამიწყვეტია.
– ამერიკამდე იყო პრაღა, საკუთარი საქმე იქ დაიწყეთ?
– ჩემი ბრენდი უნივერსიტეტის დამთავრებამდე შევქმენი. ყოველთვის ვხატავდი და ბებიამ ჩემი ნამუშევრები რომ ნახა, ძალიან მოეწონა. პიარს ვსწავლობდი და დიზაინის კეთებაზე პროფესიონალურად არც მიფიქრია. მაგრამ ბებიამ მითხრა, ძალიან მომწონს და მინდა, ამ საქმეში მხარში დაგიდგეო. ამაზე მაშინ დავიწყე სერიოზულად ფიქრი. სამწუხაროდ, ბებია რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, ორი თვეც არ იყო გასული და ბაბუაც დაიღუპა. ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის და მთელი ჩემი ნეგატიური ემოცია ჩემს პირველ კოლექციაში ჩავდე და მათ მივუძღვენი. საკმაოდ რთული იყო, ახალბედა ვიყავი და ბევრი რამ არ ვიცოდი, არასდროს დამავიწყდება, როგორ დამეხმარა მაშინ ბიჭოლა. ყველაფერს ის მასწავლიდა და ცხოვრების ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები. ბაბუას საღამოზე, რუსთაველის თეატრში, მის დაბადების დღეზე მოვაწყვე პირველი კოლექციის ჩვენება. მშვენიერი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ მე მალევე პრაღაში გადავინაცვლე, რადგან მინდოდა, ყველაფერი დამოუკიდებლად გამეკეთებინა. ვამაყობ ჩემი ოჯახით, მაგრამ არ მინდა, ვინმეს სახელი ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო. ბაბუას თავად არ უყვარდა, სახელის გამო რომ უკეთებდნენ რამეს და მე რა უფლება მაქვს?! მინდოდა, პირადად მიმეღწია წარმატებისთვის, საკუთარი თავდაჯერებულობისთვის და ეს პრაღაში მივიღე. იქ ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს კოლექციას. ჩვენების მოსაწყობად ძალიან ელიტარულ ივენთზე დამპატიჟეს და კრეატიული დირექტორობაც შემომთავაზეს. პრეზენტაცია გოლფ-კლუბში გავაკეთე, სადაც ჩეხეთის პრეზიდენტი დადის, ძველი ელიტა, ვარსკვლავები... იქ ძალიან გავლენიანი ხალხი გავიცანი, მათ შორის, ბაერები, რომლებმაც მაშინვე შეისყიდეს ჩემი კოლექციის ნაწილი. ერთ-ერთმა ვარსკვლავმა უამრავი კაბა შეიძინა და წითელ ხალიჩებზე მისი ხილვისას, ჩემს კოლექციაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. სწორედ მაშინ გაიხსნა იქ „მერსედეს-ბენც ფეშენ-ვიქი“, რომლისთვისაც მესამე კოლექცია გავაკეთე. სადაც გავიცანი ლეგენდარული ჯიმი ჩუ. საქმიანობის შესახებ რომ მკითხა, ვუთხარი, რომ მეც დიზაინერი და მისი ძალიან დიდი ფანი ვიყავი. დაინტერესდა, სავიზიტო ბარათიც მთხოვა და მეც თამამად მივაწოდე (იცინის). იმ მომენტში წარმოუდგენელი იყო ამხელა დიზაინერის ჩემით დაინტერესება, იქიდან ძალიან ბედნიერი წამოვედი (იცინის). ამ ყველაფერს საქართველოდანაც მოჰყვა გამოხმაურება და პატარა, ორდღიანი შოუ-რუმი აქაც გავაკეთე. იმ პერიოდში ჩეხეთის მოდის ჟურნალში პიარისთვის დამპატიჟეს და ამერიკაში გადასვლამდე იქ ვმუშაობდი. სხვათა შორის, ამერიკაში ჟურნალისტებმა პირველად რომ გამიცნეს, გაგიჟდნენ, ისე გაუხარდათ. მითხრეს, ძალიან გვიყვარს საქართველო და იქაური დიზაინერები, ძალიან ნიჭიერები არიანო, რითაც საოცრად ამაყი ვიყავი.
– რაც შეეხება ოჯახს – რას ნიშნავს იყო ასეთი ოჯახის შვილი და პირადად თუ გიფიქრიათ მსახიობობაზე?
– ძალიან მიხარია ამ ოჯახის შვილობა, ამ მხრივ, მდიდარი ადამიანი ვარ. მსახიობობაზე როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ბაბუამ ჩემი ოცნებები მოკლა (იცინის). თვრამეტ წლამდე ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მან იცოდა, ეს რამდენად რთული პროფესიაა და სასტიკი წინააღმდეგი იყო. თან, რა გგონიათ, პრაღაში ან თბილისში მინდოდა? არა, მე პირდაპირ „ჰოლივუდს“ ვუმიზნებდი (იცინის). გურამ საღარაძე ამბობდა ხოლმე, ეს გოგო ნიჭიერი მსახიობიაო და ბაბუა ეუბნებოდა, გაჩუმდი, არ გააგონოო (იცინის). ბაბუას მკაცრ რჩევას დავუჯერე. ჯერ ეკონომიურზე ჩავაბარე, შემდეგ დიზაინის კურსებზე და უნივერსიტეტში პიარის სწავლა გადავწყვიტე.
– როგორია მათთან დაკავშირებული მოგონებები?
– პირველად რუსთაველის თეატრში „კავკასიური ცარცის წრე“ რომ ვნახე და ბაბუა აზდაკის დაგლეჯილი ტანსაცმლით და გრიმით იყო, თურმე ტირილი დამიწყია და დედასთვის მეთქვამს: ბაბუ რატომ არის დაგლეჯილ ტანსაცმელში, წამო, რამე კარგი ვუყიდოთ-მეთქი. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მთელი დარბაზი ფეხზე დადგა და ტაში არ წყდებოდა, გავგიჟდი. დედამ ყვავილების მისართმევად ამიშვა სცენაზე და იქ ასულმა, რომ გამოვიხედე და ჩემ წინ ამდენი ხალხი ტაშს უკრავდა, მგონი, იმ მომენტში მომინდა მსახიობობა (იცინის). მესმის, რა მასშტაბის მსახიობიცაა, მაგრამ ჩემთვის ის იყო ბაბუა, რომელიც საშინაო დავალებების მომზადებაში მეხმარებოდა. ყველაფერს მასწავლიდა, პოეზიას მიკითხავდა, კროსვორდების შევსებაზე გიჟდებოდა, დასასვენებლად ერთად დავდიოდით – ბაბუ და ბებო აქტიურად იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში ჩართულები.
ნიუ-იორკში ცხოვრებისას, მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი წავედით ბამის თეატრში მსახიობთან შეხვედრაზე დასასწრებად. მთავარი მოსაუბრეები იყვნენ, ითენ ჰოუკი, რომელიც „ჰოლივუდის“ ძალიან ცნობილი ვარსკვლავია და დეივიდ ჰაიდ ფირსი – თეატრის გენიოსი. ითენ ჰოუკმა გასტროლზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე დაიწყო საუბარი, შემდეგ დეივიდ ჰაით ფირსმა განაგრძო: მე 1989 წელს ვიყავი ჯერ რუსეთში, შემდეგ სავჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკები მოვიარეთ და ყველგან არაჩვეულებრივი სპექტაკლები ვნახეთ, მაგრამ ცხოვრებაში არ დამავიწყდება საქართველოში, პატარა ქალაქ თბილისში ნანახი იქაური ცნობილი სპექტაკლი რუსთაველის თეატრში. ის ენა არ ვიცი და ერთი სიტყვა არ მესმოდა, რასაც მთავარი როლის შემსრულებელი ამბობდა, მაგრამ იმდენად კარგად თამაშობდა, მისი ყველა ემოცია და აზრი იდეალურად გავიგე,. ასეთი გენიალური არაფერი მინახავს, იმ სპექტაკლს „მეფე ლირი“ ერქვაო. როცა მივხვდი, ბაბუაჩემზე საუბრობდა, ვერ ავღწერ, რა დამემართა – მაჟრიალებდა, ტირილი ამიტყდა, დაქალს მივუბრუნდი, ხომ ნამდვილად ბაბუაჩემზე ილაპარაკა-მეთქი და კიო. არ მახსოვს, მას შემდეგ რა ხდებოდა, ცრემლები თავისით მომდიოდა. თეატრის შუაგულში ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ გადავახტე ამ ხალხს და ამ კაცამდე მივაღწიო-მეთქი. როგორღაც მოვახერხე გადასვლა. მივვარდი და თვალებგადიდებული, აკანკალებული ვუყურებ და ალბათ, იფიქრა, რომ ცოტა ვერ ვიყავი (იცინის). უკან გავყევი, ძლივს მოვახერხე, მისვლა და თქმა: ცოტა ხნის წინ რომ ასეთი აღფრთოვანებით საუბრობდით „მეფე ლირზე“... – კაცი დაიბნა და უცებ მივამატე, – მეფე ლირი ბაბუაჩემი იყო და ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე თბილად ახსენეთ-მეთქი. კაცი გაგიჟდა, – უღრმესი მადლობა თქვენ, რომ გამომეხმაურეთ. 27 წელია გასული და ვერ წარმოიდგენთ, დღემდე როგორი შთაბეჭდილების ქვეშ ვარო. დიდხანს ვისაუბრეთ და იქიდან ბედნიერებისგან აკანკალებული წამოვედი. მაშინ უფრო გავაცნობიერე, რამდენად დიდი მსახიობი იყო ბაბუა. ამ დონის მსახიობი, მისი გარდაცვალებიდან ამდენი წლის შემდეგ, რომ ასეთი ემოციებით საუბრობდა მასზე, წარმომიდგენია, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა. იმ ემოციების გახსენებისას ახლაც მაკანკალებს.
скачать dle 11.3