კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ მოხვდა მძევლად მომავალი ბაგრატ მეოთხე და რატომ მოუყვანეს მას ცოლად ბიზანტიელი პრინცესა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

საქართველოს ახალგაზრდა მეფეს, გიორგი პირველს არ გაუმართლა. ბულგარელები, ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები ბიზანტიის იმპერიასთან ბრძოლაში, დამარცხდნენ ბიზანტიის იმპერატორ ბასილი მეორესთან, რომელსაც ისტორია ბულგართმმუსვრელის სახელით იცნობს. მაჰმადიანთა ხალიფა ალ-ჰაქიმი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ქართული სახელმწიფო მარტო დარჩა ბიზანტიის უზარმაზარი სამხედრო ძალის პირისპირ. ტაქტიკური შეცდომების გამო ქართული არმია დამარცხდა. გიორგი მეფეს მოუხდა თავისი 3 წლის ვაჟის, უფლისწულ ბაგრატის მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში. იმავე ხანებში დამარცხდა შიდაბიზანტიური აჯანყება. სიკვდილით დასაჯეს აჯანყების ლიდერები. მათ შორის ჩვენი ხელმწიფის სიძე, დის ქმარი, ფერის (ფერსი) ჯოჯიკისძე, პატრიკიოსი, რომელიც შიდაბიზანტიური აჯანყების ერთ-ერთი მოთავე იყო და ძველი ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნებაზე ოცნებობდა. მეფის და კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. ფერის ჯოჯიკისძისა და მეფის ასულის ქართულ-მართლმადიდებლურ ოჯახში ეზოსმოძღვრად მსახურობდა გამოჩენილი ქართველი მონაზონი გიორგი მწერალი. მას თან ახლდა თორმეტიოდე წლის ძმისწული, მორჩილი გიორგი, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა – გიორგი მთაწმინდელი. ისინი თან წაჰყვნენ მეფის დას კონსტანტინოპოლში.
საქართველოს მომავალ მეფეს, უფლისწულ ბაგრატს და მომავალ წმიდანს, მორჩილ გიორგის ერთად მოუწიათ მძევლობაში ყოფნა. სამი წლის მერე, შეპირებისამებრ, ბასილი ბულგართმმუსვრელმა შინ გამოუშვა უფლისწული ბაგრატი.
1027 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა გიორგი პირველი. მაშინ 27 ან 31 წლისა იქნებოდა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ბაგრატ მეოთხე. 1030 წელს დედა-დედოფალმა, მარიამ სენაქერიმის ასულმა არწრუნმა, კონსტანტინოპოლთან გარიგება მოახერხა და თავის მცირეწლოვან ვაჟს, საქართველოს მეფეს ცოლად მოუყვანა ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ მესამის ძმის, ბასილის, ასული – ელენე. კონსტანტინოპოლში დედა-დედოფალს თან ახლდა გიორგი მთაწმინდელი. ქორწილი ბანაში გადაიხადეს. მაგრამ, საქართველოს დედოფალი მალე გარდაიცვალა. ბაგრატ მეფეს მეორე ცოლად ოვსთა მეფის ასული მოუყვანეს.
გავიდა დრო. ბიზანტიასთან ურთიერთობა ისევ დაიძაბა.
დაახლოებით, 1052 წელს ბაგრატ მეფე იძულებული გახდა, საკუთარი ქვეყნის საქმეების მოსაგვარებლად ბიზანტიაში გამგზავრებულიყო კონსტანტინე მეცხრე – მონომახთან, რადგან ბიზანტიელები სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას უწევდნენ მის მოწინააღმდეგე ერისთავს, ლიპარიტ ბაღუაშს. მეფეს თან ახლდა დედა-დედოფალი. წასვლის წინ ბაგრატ მეფემ თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი მეორე ქუთათისში თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა.
 მეფე და დედა-დედოფალი კონსტანტინოპოლში სამი წელი  გააჩერეს „საპატიო“ მიზეზებით. პრინციპში, არც ბიზანტიის სამეფო კარს ჰქონდა დალაგებული სიტუაცია თავის სახელმწიფოში. იქ კიდევ უარესი მდგომარეობა იყო და დინასტიებიც სულ იცვლებოდა.
 მეფე ბაგრატისა და დედა-დედოფალ მარიამის სანახავად ათონის წმიდა მთიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც საქმეებიც ჰქონდა კონსტანტინე მონომახთან. მეფემ და დედამისმა ძალიან გაიხარეს წმიდანის ხილვით. ბაგრატ მეფე გიორგი ათონელს ბავშვობიდან იცნობდა და მეგობრობდა მასთან. რა თქმა უნდა, ეხმარებოდა ქართველ მეფეს საქართველოს ეკლესიის დიდი მნათობი. მას ბიზანტიაში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
დაემოწაფა დედოფალი მარიამი გიორგი ათონელს და მის მიერ მონაზვნად აღიკვეცა. მეფე ბაგრატმა გიორგი მთაწმინდელს სთხოვა, ჩაებარებინა ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრა, სადაც თავისი საძვალე ეგულებოდა, მაგრამ წმიდა მამამ უარი უთხრა. მისი მთავარი მიზანი ქართველთა ბიბლიოთეკების საღვთო წიგნებით გამდიდრება იყო. გარდა ამისა, ამქვეყნიურ პატივსა და მღვდელმთავრობას გაურბოდა.
 ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ – იმპერატორ კონსტანტინე მერვის ასულმა თავისი გარდაცვლილი დის, ზოიასა და მისი მესამე ქმრის, იმპერატორ კონსტანტინე მეცხრის თანამმართველმა, კონსტანტინე მეცხრის გარდაცვალების მერე კი ერთპიროვნულმა იმპერატრიცამ, ბაგრატ მეფეს შესთავაზა, მე გავზრდი თქვენს ასულ მართასო. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, ეს სიხარულით მიიღო ჩვენმა მეფემ, თუმცა, შესაძლოა, პატარა ქართველ პრინცესას, ერთგვარად, მძევლად დატოვება უნდოდათ ბერძნებს.
 ამ დროს ძალიან საინტერესო რამ მოხდა. როცა პატარა მართა ბაგრატიონი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იმ დღეს გარდაიცვალა დედოფალი თეოდორა. იმ მომენტში ბაგრატის დედა, მარიამ დედა-დედოფალი სასახლეში იყო. გიორგი მთაწმინდელიც იქვე ყოფილა. სწორედ იმ წუთებში კონსტანტინოპოლის პორტიდან ექვსი წლის მართა ბაგრატის ასული სასახლეში მიუყვანიათ. ეს რომ იხილა საქართველოს ეკლესიის მნათობმა, ყველას გასაგონად თქვა:
 – „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“!
 მართა ბატონიშვილი ცოტა ხანს გააჩერეს კონსტანტინოპოლში. ბაგრატ მეფეს იმპერიაში მიანიჭეს კურაპალატზე მაღალი – ნობელისიმუსის, მერე კი სევასტოსის წოდება. ამ წოდებებს იმპერატორის ოჯახის წევრები ატარებდნენ. ახლა ბაგრატ მეფე უფრო სჭირდებოდათ ბიზანტიელებს, ვიდრე მეფესთან მეომარი ლიპარიტი, რადგან რეგიონში თურქ-სელჩუკები შემოიჭრნენ და ბიზანტიელებს მათთან მებრძოლი საქართველოს მეფე ნამდვილად წაადგებოდათ. 1056 წელს ბაგრატი სამშობლოში დაბრუნდა და ლიპარიტი დაამარცხა.
 1059 წელს კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე მეათე დუკა. 1065 წელს იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ, თავისი შვილისა და მემკვიდრისათვის, მიხეილისთვის, მართა ბაგრატის ასულის ხელი ითხოვა.  
 ბევრს ახსოვდა წმიდა გიორგი მთაწმინდელის სიტყვები, ექვსი წლის ბატონიშვილ მართას შესახებ ნათქვამი, დედოფალ თეოდორას გარდაცვალების დღეს. საქართველოს ეკლესიის მნათობის წინასწარმეტყველება ახდა.
 1067 წელს გარდაიცვალა კონსტანტინე მეათე დუკა, მართას მამამთილი. მისი დედამთილი სახელგანთქმულ მეომარს, რომან დიოგენს გაჰყვა ცოლად. რომანოზი ნიჭიერი სარდალი იყო და ბიზანტია თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში მასზე ამყარებდა იმედებს. იმპერატორმა რამდენჯერმე დაამარცხა სელჩუკები, მაგრამ 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში დუკებმა უღალატეს და თურქებმა იმპერატორი რომანოზ მეოთხე ტყვედ ჩაიგდეს. მართალია, შემდეგ გამოუშვეს, მაგრამ ტახტის დაბრუნება ვერ შეძლო. იმპერატორის ტახტზე ავიდა მიხეილ მეშვიდე დუკა, მართა ბაგრატიონის მეუღლე. ასე გახდა ქართველი პრინცესა ბიზანტიის დედოფალი. მას მარიამი უწოდეს. ქართველთა მეფის ასული განსაკუთრებულად ლამაზი ყოფილა, ძალიან განათლებული და კეთილი ადამიანი, საქართველოს დიდი პატრიოტი. მარიამ დედოფალსა და მიხეილ დუკას 1074 წელს შეეძინათ ვაჟი კონსტანტინე, რომელსაც პორფიროგენეტი უწოდეს.
 მარიამ ბაგრატიონს მეორედ გათხოვება ელოდა, ისევ იმპერატორზე.
скачать dle 11.3