კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-48(935)


ნიკამ სარკეში ჩაიხედა და უსიამოვნოდ შეიჭმუხნა.
– აუ, რას ვგავარ! ამ ნაკერებს რომ მომხსნიან, ნაწიბურები დამრჩება? მარიკა, რა თქვა ექიმმა, დარჩებაო?
მარიკა სავარძელში იჯდა და ნელ-ნელა წრუპავდა ცხელ ყავას ლამაზი ფინჯნიდან. პალატა განსაკუთრებულად მოაწყვეს. ავეჯის ნაწილი მთავარი ექიმის კაბინეტიდან გამოიტანეს. ჭურჭელი  მანანას მოატანინეს სახლიდან. მარიკა მუდმივად შვილის გვერდით იყო. მნახველები არ აკლდათ. ბიჭები ძირითადად იქ იყვნენ. ხან ერთი, ხან მეორე, ხანაც სამივე ერთად. ლიზამაც შემოუარა. ნიკას ერთი პერიოდი მოსწონდა ეს გოგო, მისი სითამამე და გამომწვევი გარეგნობა, მაგრამ ძალიან მალე ლიზამ თავისი ნამდვილი სახე აჩვენა. ჰოდა, ბიჭმაც გადაწყვიტა, ჭირვეული და პრეტენზიული საკუთარი თავიც მეყოფაო... მარიკას კი მოსწონდა გოგო, უფრო მეტად მისი მშობლები ესიმპათიურებოდა. მეგობროდა მათთან, უარს არ იტყოდა, თუკი დაუნათესავდებოდა კიდეც. შეიძლება, პაატასაც ჰქონდა ამ კავშირის სიკეთეებზე თავისი მოსაზრება, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. ნიკას მხოლოდ ეღიმებოდა მარიკას აქტიურობასა და მრავალმნიშვნელოვან რეპლიკებზე. ლიზა ზოგჯერ ისე უშლიდა ნერვებს, მოთმინებიდან გამოსული მის ზარებს აღარც კი პასუხობდა. ამიტომ ძალიან არ გაუხარდა, როცა ისევ მიაკითხა. თან, იმ დღეს აფორიაქებული იყო. დეა გაუჩინარდა. არც მესიჯებს პასუხობდა და მობილურიც გამორთული ჰქონდა. აფორიაქებულმა გიო დაიბარა და ახლა მის მოსვლას  მოუთმენლად ელოდებოდა. ამიტომ ლიზას დანახვა, რბილად რომ ვთქვათ, მისთვის შავი კატის დანახვას ჰგავდა. მარიკა გაბრწყინებული სახით მიეგება გოგოს.
– ლიზოჩკა, საყვარელო, როგორი ყურადღებიანი ხარ. ისევ მოხვედი... ნიკუშ, ნახე, შენი საყვარელი ნამცხვარი მოგიტანა – ეკლერი.
– მარიკა, გეშლება, ეკლერი შენ გიყვარს, მე კი არა. როდის იყო, კრემს ვჭამდი. ლიზას კი მადლობა, რომ შეწუხდა. არ იყო საჭირო.
– ნიკუშ, როგორი უხეში ხარ. გოგო გაისარჯა შენთვის. სტუმარს ასე უნდა შეხვდე?
– მარიკა, რას ელოდები ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან? ან სად გაგიგია, საავადმყოფოს პალატაში სტუმრებს იღებდნენ. მე საერთოდ არ მითხოვია, მოდი და მნახე-მეთქი, – ღრენით ჩაილაპარაკა ნიკამ, ისე რომ, ლიზასთვის არც შეუხედავს. მარიკა გაწითლდა.
– აუტანელი ხარ, როცა ცუდად ხარ, – სცადა სიტუაციის შერბილება და ლიზას გაუღიმა, – ბრაზობს, რადგან ჯერ კიდევ არ არის გამოკეთებული. შენ არ გეწყინოს, საყვარელო.
– არა, მარიკა, რას ამბობ. აბსოლუტურად მესმის. მალე გაწერენ?
– არ ვიცით. ექიმმა სამ-ოთხ დღეშიო და მერე სახლში გვესტუმრე.
– აუცილებლად. დედაჩემსაც უნდა ნიკუშას ნახვა და ერთად მოვალთ.
ნიკას გული შეუქანდა.
– ლიზა, მოგწონს დედა ტერეზას როლში ყოფნა? ძალიან არ გიხდება ეგ იმიჯი. იყავი ის, რაც ხარ, დამიჯერე.
მარიკამ შვილს თვალები დაუბრიალა და ლიზას ენა მოუჩლიქა.
– საყვარელი გოგო ხარ შენ. აუცილებლად მოდით შენ და დედა. ოღონდ, წინასწარ დამირეკეთ, რომ შესაფერისად მოვემზადო.
– თქვენთან ყოველთვის მეადვილება საერთო ენის გამონახვა, – აჟღურტულდა ლიზა, – თითქოს ჩემზე უფროსი არ ხართ, ასე კარგად დედაჩემი ვერ მიგებს.
ნიკამ ამოიოხრა.
– არ გინდათ, სადმე სხვაგან ისაუბროთ? მე აშკარად ზედმეტი ვარ. თან მეძინება. დასვენება მჭირდება.
ლიზამ საწოლთან მიირბინა და ნიკას შუბლზე გადაუსვა ხელი. ბიჭმა აირიდა მისი მზრუნველი ჟესტი.
– რას აკეთებ?
– მაინტერესებს, სიცხე ხომ არ გაქვს.
– არა. თანაც მაგ საქმისთვის აქ ექთანია. მარიკას ელაპარაკე, უკეთესად გესმით ერთმანეთის. თან, არ მინდა ჩემს სახეს ასეთს ხედავდე, ძველი წინდასავით დაკერებულს.
მარიკა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა. მერე ნაძალადევად გაიღიმა და შვილი საყვედურნარევი ხუმრობის ტონით დატუქსა.
– ნიკუშ, ასე როგორ შეიძლება? ლიზიკოს არ უნდა აწყენინო. მას ხომ ისეთი მოსწონხარ, როგორიც ხარ.
– არ გინდა ეს სისულელეები. მოვწონვარ?! ძალიან კარგი. მაგრამ მართლა მჭირდება დასვენება. მეძინება, – ნიკამ ამ სიტყვების დასტურად, თვალები დახუჭა.
ლიზამ მხრები აიჩეჩა, საწოლს ზურგი შეაქცია, მარიკასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა.
– მგონი, მართლაც არ უნდა მოვსულიყავი.
– არა, საყვარელო. რას ამბობ? ძალიან კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ხომ იცი, ყოველთვის გვიხარია შენი ნახვა?
– შენ კი გიხარია, მაგრამ აი, ნიკუშას აშკარად არ ვეხატები გულზე, – გოგომ ხმას აუწია, რომ მისი სიტყვები ბიჭსაც გააგონა.
– უნდა აიტანო. გაუგო. ძალიან ცუდად იყო. ახლაც არ არის კარგად. ძალიან განიცდის სახეზე ნაკერებს და იმას, რომ ასეთი რაღაც დაემართა.
– გაირკვა, რა დაემართა?
მარიკამ მხრები აიჩეჩა და ლიზას ნაძალადევად გაუღიმა.
– იცი, მე არ ვეკითხები. პაატამ მთხოვა, ღიზიანდება და ნუღარ გაანერვიულებო. კიბეზე დავგორდიო, ამბობს.
– ლიზიკოს ჩაეცინა.
– ჰო? ძალიან უცნაური კიბე ყოფილა. მე რომ მითხრეს, სცემესო?
– ვინ გითხრა? – აფორიაქდა მარიკა.
– რა მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი ისეთი პატარაა, ინფორმაციის გავრცელებას დიდი არაფერი უნდა.
– და ვინ სცემაო?
– ყველაფერს ვერ ვიტყვი. რაც გავიგე, არც ისე სასიამოვნო ინფორმაციაა. ალბათ, თვითონაც გეტყვით, მაგრამ მე მივხვდი, რომ საერთოდ არ ვაინტერესებ.
– ლიზიკო, საყვარელო. რომც ეცემათ, შენ რა შუაში ხარ ამასთან? ახლავე ყავას დაგალევინებ და განწყობა გამოგიკეთდება.
მარიკამ ყავის აპარატს ფინჯანი შეუდგა და ღილაკს თითი მიაჭირა. ლიზიკომ ნიკას საწოლისკენ გაიხედა. აინტერესებდა, გაიგონა თუ არა, მისი სიტყვები ბიჭმა. ნიკა ისევ თვალებდახუჭული იწვა. ლიზიკომ მარიკას ფინჯანი გამოართვა და ყავის არომატი ღრმად შეისუნთქა.
– ნიკასთვის შეიძლება ყავა?
– არა, რას ამბობ. ჯერ მხოლოდ დიეტურ საკვებს ჭამს. ექიმი ეუბნება, რომ რამდენიმე დღე  კიდევ აქ უნდა იყოს. ლიზიკო, რატომ უნდა ეცემათ ნიკუშა? ვის? არც აყალ-მაყალის ამტეხია და არც ქუჩური მენტალობით გაგვიზრდია.
– ასეა, მარიკა, მაგრამ მაპროვოცირებელი ფაქტორებიც ხომ არსებობს? – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ლიზამ და ყავა მოსვა. მარიკამ გაოცებით გადახედა, რაღაცის თქმას აპირებდა, რომ კარი გაიღო და პალატაში გიო შემოვიდა. ლიზას დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია.
– მარიკა, გამარჯობა. ნიკას სძინავს?
– გამარჯობა, გიო, მე რატომ არ მომესალმე? – გამომწვევად ჰკითხა ლიზამ და ბიჭი დამცინავად შეათვალიერა, – ვგიჟდები შეთქმულებებზე.
– გამარჯობა, ლიზა. არ ვუპასუხებ შენს პროვოკაციულ გამოწვევას. ამაზე მხოლოდ მეცინება. წავალ და მერე მოვალ.
ნიკამ თვალები გაახილა.
– გიო, მოდი. ბიჭები სად არიან?
– ერთ საათში მოვლენ მიხოც და ნოდოც, – გიო საწოლზე ისე ჩამოჯდა, რომ ქალებისკენ ზურგშექცევით ყოფილიყო. ეს საშუალებას მისცემდა, სათქმელი ისე ეთქვა, რომ არც მარიკას, არც ლიზას მისი ტუჩების მოძრაობა არ დაენახა.
– მომისმინე, შენი დახმარება მჭირდება, – ჩურჩულით თქვა ნიკამ.
– რა მოხდა? ლიზას აქ რა უნდა?
– ჰმ, რა ენდომება? მეორედ მოვიდა უკვე. რომ ჰკითხო, მგულშემატკივრობს და მარიკას კი ეპრანჭება. თან, სისულელეებს ელაპარაკება, მაგრამ ეს ყველაფერი მაგრად მკიდია. სხვა რამე უფრო მადარდებს. დეა დაიკარგა. მეორე დღეა, ტელეფონი გამორთული აქვს. მესიჯებზეც არ მპასუხობს. ლამის გავგიჟდე...
– შენი ეს მდგომარეობა მასთან კავშირშია? – ჩურჩულით ჰკითხა გიომ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, – გაფითრდა ნიკა, – ძმაკაცი თუ ხარ, უნდა დამეხმარო. დეა უნდა ნახო და დაელაპარაკო. თუ არ გავიგებ, რა ხდება, გავგიჟდები.
– ნიკუშ, მომისმინე, ძალიან ლამაზი კი არის ეგ გოგო, მაგრამ მგონი, ამდენ თავის ტკივილადაც არ ღირს. ლამის დაგასახიჩრეს და გეყოფა. ხომ არ უნდა მოგკლან?
– გაჩუმდი, მარიკამ არ გაიგონოს. ლიზასაც ყურები აქვს დაცქვეტილი. აქეთ იყურება. მოკლედ, დეა უნდა ნახო, დაელაპარაკო და დაარწმუნო, მოვიდეს.
– მერე დედაშენი? პაატა? შარია ეგ გოგო-მეთქი.
– ფეხებზე მკიდია. არავის აზრი არ მაინტერესებს. დედაჩემის და მამაჩემის – მით უმეტეს. ეს ჩემი ცხოვრებაა და ვისაც მინდა, იმას შევიყვარებ.
– ჰო, რა თქმა უნდა, ეგრეა. მაგრამ იმას უყვარხარ?
ნიკა დაიძაბა.
– რისი თქმა გინდა?
გიომ მხრები აიჩეჩა.
– მითხარი, – ხმას აუწია ნიკუშამ, მარიკა და ლიზა ორივე საწოლისკენ შეტრიალდა.
– რა ხდება? – მარიკა ბიჭებს მიუახლოვდა, – ჩხუბობთ?
– დედა, გვაცადე რა ლაპარაკი, – დაიღრიჯა ნიკა, – წადი, ყავის სმა გააგრძელე.
მარიკამ ამოიოხრა.
– როგორი აუტანელი ხარ, როცა ცუდად ხარ. ლიზა, საყვარელო, წვენს დაგისხამ. ეს მაინც არ სვამს.
– არა, წავალ მე. მაღაზიებში უნდა გავიარო. დედას დაბადების დღე მოდის, მე კი საჩუქარი არ შემირჩევია.
– გაგაცილებ. ნიკა, დაემშვიდობე ლიზას.
– ნახვამდის, ლიზა. დიდი მადლობა, რომ ჩემთვის შეწუხდი. არ იყო საჭირო. როცა უკეთ გავხდები და შესაფერისი განწყობაც მექნება, დაგირეკავ.
მარიკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და გოგოს უკან გაჰყვა. დერეფანში შენიშნა, რომ ლიზას დაღვრემილი სახე ჰქონდა. მკლავზე მოჰკიდა ხელი და ალერსიანად გადაულაპარაკა:
– საყვარელო, შენ არ გაბრაზდე. ხომ იცი, როგორი უცნაური ხასიათი აქვს. თან, ახლა ავად არის. დარწმუნებული ვარ, უყვარხარ.
– ასეთი დარწმუნებული ნუ იქნებით. საერთოდ აღარ ვაინტერესებ. ხომ ნახეთ.
– დღევანდელი მისი საქციელით ნუ იმსჯელებ. ხომ გითხარი, ძალიან არეულია. მეც ასე უხეშად მელაპარაკება, მამამისსაც...
– ჰო? მერე იცით მისი ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი? – ლიზამ მრავალმნიშვნელოვნად მობუშტა ლამაზი, ხორციანი ტუჩები.
– კიბეზე დაგორდა, საყვარელო.
– ჰმ, მშვენიერი ზღაპარი მოუფიქრებია. არა, მარიკა, კიბეზე კი არ დაგორდა, სცემეს?
– რაო? სცემეს? ჩემი ნიკუშა? კი მაგრამ, ვინ? ვინ გაიმეტა ჩემი ბიჭი? რას ამბობ, ლიზოჩკა?!
– ვინ გაიმეტა და იმ ქალის ქმარმა თუ საყვარელმა, ვისთანაც დაძვრება. ძალიან კი მალავს ამ ამბავს, მაგრამ ეს ქალაქი ისეთი პატარაა, ყველამ ყველაფერი იცის.
მარიკა გაფითრდა.
– ღმერთო, ეს რა გავიგე. არა, ლიზიკო, რაღაც გეშლება.
– არაფერიც არ მეშლება. ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ არაფერი იცოდით. ის ქალი ნიკაზე უფროსია და შვილიც ჰყავს.
მარიკა შეტორტმანდა. ლიზამ შეჰყვირა და ხელი მოხვია.
– არ გინდათ, ცუდად ნუ გახდებით. შეიძლება, სერიოზული არაფერია და მხოლოდ გატაცება აქვს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მოეკლა იმ მუტრუკს და ღირს ის ქალი ამისთვის?
– ლიზა, რა მითხარი? ვინ ქალია? დავიღუპე... სასწრაფოდ უნდა ვუთხრა პაატას.
– ჯერ ბატონ პაატას ნუ ეტყვით, იქნებ თქვენ ათქმევინოთ სიმართლე. მე ჩემი მხრიდან ვეცდები, იმ ქალზე ყველაფერი გავიგო და დაგირეკავთ.
– უნამუსო, უსირცხვილო... ჩემი შვილი როგორ აცემინა?! ლიზიკო, საყვარელო, შეეცადე, მალე გაარკვიო, ძალიან გთხოვ.
– ხომ გითხარით, ყველანაირად ვეცდები.  თქვენ ნიკას დაელაპარაკეთ.
მარიკამ ხელები გაასავსავა.
– ეს რა დღეში ჩავვარდი. ესღა მაკლდა...
***
ნიკამ გიოს შეუბღვირა.
– სისულელეების ლაპარაკს შეეშვი და მითხარი, დამეხმარები თუ არა.
– კიდევ გინდა, რომ გცემონ?
– ეგ არ არის შენი საქმე. რასაც გთხოვ, გააკეთე.
გიომ ამოიოხრა.
– კარგი, რადგან არ იშლი, ყველაფერს გეტყვი. დეას შენთან შეხვედრა აღარ უნდა.
– რაო?! ეგ საიდან მოიტანე.
– თვითონ დეამ მითხრა. მთხოვა, შენთვის გადმომეცა, რომ აღარ ეძებო.
– მატყუებ. მარიკას ელაპარაკე? დედაჩემს მოუყევი ყველაფერი? არაფერი გამოგივათ, მიყვარს ეგ გოგო და ათჯერაც რომ მცემონ, მაინც მასთან ვიქნები.
– აუ, შენ რა ჯიუტი ხარ, ტო... იმ დღეს სახლამდე რომ მივაცილე, მაშინ მელაპარაკა დეა და მითხრა, ნიკას გადაეცი, დამივიწყოსო.
– არ მჯერა!
– კარგი, რადგან არაფრის გჯერა... – გიომ ჯიბიდან გაკეცილი ფურცელი ამოიღო და ნიკას გაუწოდა.
– ეს რა არის?
– წერილია. დეამ გამომატანა შენთან.
ნიკამ ფურცელი გამოსტაცა და გაშალა. რამდენიმე წინადადება ჰქონდა წასაკითხი, მაგრამ საკმაოდ დიდხანს იყო ნაწერს მიჩერებული და ტუჩებს აცმაცუნებდა. მერე ბრაზით მოჭმუჭნა ფურცელი, მუჭში მოიქცია და გიოს ავად შეხედა.
– შენი ხელი ურევია?
– რაო, გაგიჟდი? არც კი წამიკითხავს.
– გიო, არ გინდა. შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. შენი მოკლე ჭკუით გგონია, კარგი გააკეთე, დეა რომ აიძულე, ეს დაეწერა?
– მგონი, საერთოდ აურიე. ეტყობა, მაგრად მოგხვდა თავში. გეუბნები, დეამ თვითონ დაწერა, არაფერი მითქვამს...
– აბა, საიდან იცი, რა წერია.
– არ ვიცი, ადამიანო. უბრალოდ, როცა ეგ ფურცელი მომცა, მითხრა, ნიკასთვის აჯობებს, თუ აღარ მნახავსო.
– არავის გადასაწყვეტი არ არის, რა აჯობებს ჩემთვის და რა – არა. გესმის? არც შენი, არც ჩემი მშობლების და არ დეასი. თუ ჰგონია, რომ ამ არაფრისმთქმელი ფრაზებით მომიშორებს თავიდან, ძალიან ცდება! – აყვირდა ნიკა. პალატაში ამ დროს შემოსულმა მარიკამ სწორედ ეს სიტყვები გაიგონა და შვილთან მიიჭრა.
– რა მოხდა, ნიკუშ, რა გაყვირებს?
– წადი, ექიმს დაუძახე, უნდა ავდგე. ან ორივე მომეხმარეთ და ამაყენეთ. უნდა წავიდე ამ წყეული საავადმყოფოდან, აღარ შემიძლია მეტი.
– გიო, რა სჭირს ამას? – მარიკა ძლივს აკავებდა საწოლში მოხტუნავე ნიკას, რომელიც ჯერ ისევ სუსტად იყო და ამ ბრძოლამ სულ უფრო გამოაცალა ძალა. რამდენჯერმე გაიბრძოლა და საწოლზე ღონემიხდილი მიეგდო, ხელისგული გაეშალა და ფურცელი იატაკზე დავარდა. მარიკამ თვალებდახუჭულ შვილს საბანი გაუსწორა. ფურცელი აიღო და წაიკითხა:
„ნიკა, მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ დავშორდეთ, სანამ ორივეს უფრო ღრმად არ შეგვიტოპავს. ვერ ავიტან, შენი ტკივილის ან უბედურების მიზეზი ვიყო. ჩემთვის სულერთი არ ხარ და ბედნიერი ვიქნებოდი, შენთვის რამის შემოთავაზება რომ შემეძლოს, მაგრამ ბედნიერების უფლება არ მაქვს. მშვიდობით, დეა.“
ქალმა გიოს შეხედა.
– დეა ვინ არის? გიომ თავი დახარა. ნიკუშამ თვალები გაახილა და სუსტი, ძლივსგასაგონი ხმით წარმოთქვა:
– დედა, დეა ის ქალია, ვინც მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3