კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 შეკვეთილი მკვლელობა

ალენ დეფორდი

 გარდნერს სახე უკმაყოფილოდ დაეღრიჯა და გაიფიქრა, ამ ქალს შეუძლია, საკუთარ გასვენებაშიც დააგვიანოსო. ღამის პირველი საათისთვის მუხრუჭების ხმა გაიგო. სინათლე არ აუნთია და კარიც უხმაუროდ გააღო.
– ყველაფერი მზად გაქვთ? – იკითხა ქალმა მკაცრი ტონით.
– თქვენ? – კითხვას კითხვითვე  უპასუხა გარდნერმა. ქალმა გაიღიმა:
– ფულს გულისხმობთ? თან მაქვს... ნახევარი – ახლა, ნახევარი – მერე, როცა ყველაფერი დამთავრდება.
გარდნერი შეყოყმანდა.
– ჩვენ ასე არ მოგვილაპარაკებია, მადამ. ჩემი რომ არ გჯეროდეთ, აქ არ მოხვიდოდით. ხვალ დილით ჩემს ხალხს უნდა გადავუხადო. მომეცით  მთელი ფული და ამით დავასრულოთ.
ქალმა უხალისოდ გახსნა ჩანთა. გარდნერმა ფული საგულდაგულოდ დაითვალა. შემდეგ შეკვრა მაგიდაზე მოისროლა და შემოსასვლელი კარი გამოაღო.
– ღამე მშვიდობისა, მადამ. ზეგ თქვენი ოცნებები ასრულდება...
***
... დრო თავზე საყრელად ჰქონდათ. ჯეიმს უორელდ ბლეინი სამსახურში თორმეტის ნახევარზე ადრე არასოდეს მიდიოდა.
– უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ, – მშრალად თქვა გარდნერმა, – შეკითხვები არის?
ფერგიუსონს დიდად არ ენდობოდა. ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ მასთან საქმე უკანასკნელად ჰქონდა, მისი მოშორებაც გახდებოდა საჭირო. ასეთი წარსულისა და  გამოცდილების კაცი, უბრალოდ, ჩრდილში ვერ გადაინაცვლებდა. გარდნერმა შეამჩნია, რომ კაუტსი მოიღუშა. ეტყობოდა, რომ ორივე ერთსა და იმავეზე ფიქრობდნენ. ისე, რომ ფერგიუსონს არაფერი შეემჩნია. გარდნერმა ერთ-ერთ შეკვრას ფულის ბანკნოტები დაამტა და კაუტსს ჩუმად ანიშნა. კაუტსმა ძლივსშესამჩნევად დააქნია თავი.
– აი, თქვენი ფული, – თქვა გარდნერმა, – გადაითვალეთ და გაემგაზავრეთ. მოქმედების გეგმა თქვენთვის ცნობილია. იმედია, თვითმფრინავის ბილეთები უკვე იყიდეთ. ყველაფერი გასაგებია?
კაუტსმა ფული გულდასმით გადაითვალა და თითქოს თავი თანხმობის ნიშნად დააქნია. „მშვიდობით, ფერგიუსონ! – გაიფიქრა გარდნერმა, – დღე დასრულებული არ იქნება, ჯეიმს უორელდ ბლეინს უკან გაჰყვები“.
***
იმისთვის, რომ ფორმა შეენარჩუნებინა, რაც აბსოლუტურად გასაგები სურვილია ორმოცდაოთხი წლის კაცისთვის, რომელსაც ოცდაშვიდი  წლის ცოლი ჰყავს, ბლეინი ყოველ დილით ფეხით გადიოდა ორ კილომეტრს, რომელიც სახლიდან მის სამსახურამდე იყო. თან, ყოველთვის ერთი და იგივე მარშრუტს ირჩევდა.
დღეს იმ ხელშეკრულებაზე ფიქრობდა, რომელიც ფირმის კონცერნ  „მეტროპოლიტენთან“ გაერთიანებას ითვალისწინებდა. ეს საკმარის მოგებას მოიტანდა. ბლეინიმ ხელი პიჯაკის ჯიბეზე დაიდო და გაიფიქრა: „ტექნიკა სასწაულებს ახდენს!“
სწორედ იმ წუთს დაინახა ადამიანი, რომელიც მისკენ მოემართებოდა. ის კაცი საერთოდ ვერ იცნო.  მაგრამ მან გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
– ბატონო, ბლეინი! – წამოიძახა გახარებულმა, – რა სასიამოვნოა თქვენი ნახვა!
მხოლოდ ზრდილობამ აიძულა უცნობის გამოწვდილი ხელისთვის ხელი შეეგებებინა.
– ნება მომეცით... – დაიწყო ბლეინიმ, მაგრამ პასუხის მაგივრად უცნობმა მამაკაცმა ხელი მძლავრად მოუჭირა და მისდა გასაკვირად ტროტუართან მდგარი მანქანისკენ გაიყოლა. გონზე მოსვლა ვერ მოასწო, რომ სხვა მამაკაცმა მეორე ხელი დაუჭირა და ავტომობილში შეჩურთა. გონზე რომ მოვიდა, თვალები ახვეული ჰქონდა, ხელები – შეკრული, მანქანის იატაკზე ეგდო და  თავზე ტომარა ჰქონდა გადაფარებული.  
მანქანა რომ დაიძრა, ბლეინიმ წარმოიდგინა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მისი აზრით, შორს წაიყვანდნენ და სადმე ჩაკეტავდნენ. შემდეგ აირისს ან მის რომელიმე კომპანიონს დაუკავშირდებოდნენ და ფულს მოსთხოვდნენ.
ბოლოს, მანქანა გაჩერდა.
– გადმოდი! – უბრძანა ერთ-ერთმა.
ბლეინი უხერხულად გადმოძვრა მანქანიდან და ფეხები მიწაზე დადგა. სხეული დაბუჟებული ჰქონდა. მოეჩვენა, რომ ირგვლივ ხეები იყო და ერთ-ერთს მიეყრდნო.
– ახლა მოვრჩეთ საქმეს, – თქვა ფერგიუსონმა. სამი ნაბიჯით უკან დაიხია და ბლეინის კეფაში ესროლა.
– ეი! – დაუძახა ფერგიუსონმა კაუტსს, – მომეხმარე, გადავაბრუნოთ და ფული ამოვაცალოთ. ქალაქში მანქანას მოვიშორებთ  და აეროპორტში ცალ-ცალკე წავალთ. იქიდან კი სხვადასხვა მხარეს გავემგზავრებით.
– ენა ჩაიგდე! – უთხრა კაუტსმა, რომელსაც ზედმეტი ლაყბობა არ უყვარდა.  
– ვინ მისმენს შენი და ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის გარდა? მთელი ეს ტრაგედია იმიტომ გათამაშდა, რომ ერთი მომხიბლავი არსება, ერთ წამში მდიდარ ქვრივად ქცეულიყო. საინტერესოა, როგორ დაამყარა იმ ქალმა ურთიერთობა გარდნერთან?
– კარგი კონტაქტების საშუალებით. არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ ქმარს ქორწინების  მეორე დღიდანვე ღალატობდა.  ახლა კი, თუ გინდა...
– მაცალე, სული მოვითქვა. დარწმუნებული ვარ, გარდნერმა იმ ქალთან მცირე დეტალებიც კი შეათანხმა... შოკისმომგვრელი იდეაა, საკუთარ თავს გაუგზავნო გამოსასყიდის მოთხოვნა!.. შემდეგ ქალბატონი, ალბათ, პოლიციას ეტყვის, რომ გამოსასყიდი თანხა მითითებულ მისამართზე იმავე დღესვე გააგზავნა... ჩვენ კარგად გადაგვიხადეს, მაგრამ ეს ნამცხვრის ნამცეცებია...
კაუტსს უკვე ყელში ამოუვიდა მისი ლაქლაქი. თან საქმე ჰქონდა დასასრულებელი.
– შეხედე! – იყვირა მან, – ეს რა არის?
ფერგიუსონი შეტრიალდა. ამ დროს კაუტსი, რომელიც მასზე მეტად ჩაფსკვნილი იყო, მივარდა, ხელიდან რევოლვერი წაჰგლიჯა და ვიდრე ფერგიუსონი მიხვდა, რა ხდებოდა, საფეთქელში ესროლა. შემდეგ, უკვე მკვდარს, ხელში რევოლვერი ჩაუდო. მანქანის ადგილზე დატოვება გადაწყვიტა. მახლობელ ვაგზლამდე ფეხით მისვლა პრობლემას არ წარმოადგენდა. ის ფულიც უნდა წაეღო, რომელიც ფერგიუსონმა გარდნერისგან მიიღო. ერთი მხრივ, მან ის დაიმსახურა, მეორეც, თუ ფერგიუსონს ბევრ ფულს უპოვიდნენ, ეს ეჭვებს გამოწვევდა. მხოლოდ ერთი საკითხი რჩებოდა გასარკვევი. საჭირო იყო, თუ არა, პოლიციაში ანონიმური ზარის განხორციელება და ამით გვამების აღმოჩენის დაჩქარება. გარდნერმა მკაცრად გააფრთხილა, რომ გვამები რაც შეიძლება მალე უნდა ეპოვათ, რათა ანდერძი ძალაში სასწრაფოდ შესულიყო.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა კმაყოფილი იყო ნამუშევრით! აირის ბლეინი თითქმის არ ნერვიულობდა. როდესაც საქმე ისეთ შუამავალთან გაქვს, როგორიც გარდნერია, სანერვიულო რა შეიძლება, გქონდეს. ვიღაცამ მისი დამქაშებიდან პოლიციას უკვე შეატყობინა და საცოდავი ჯეიმსის გვამი მზის ჩასვლამდე იპოვეს.
და აი, კარზეც დააკაკუნეს... ვიდრე მოსამსახურე კარს აღებდა, აირისმა  პოლიციასთან პირველი შეხვედრისთვის შესაფერისი განწყობა შეიქმნა. სარკესთან უკვე შეიმუშავა გამომეტყველება, რომელსაც ცუდი ამბის გაგების დროს მიიღებდა. ალბათ,  ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა ფორმალური საკითხების მოგვარება, თანაგრძნობის გამოხატვა, სამძიმრების მიღება და შემდეგ ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა, მშვენიერ და მდიდრულ ცხოვრებას.
ოთახში ორნი შემოვიდნენ. სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ აირისი მაშინვე მიხვდა, რომ ისინი პოლიციიდან იყვნენ.
– რა ხდება. ჩემს ქმარს ხომ არაფერი შეემთხვა? – იკითხა მთრთოლვარე ხმით, მაგრამ მოვლენები უცნაურად და მისთვის მოულოდნელად განვითარდა. ქალს ელდა  ეცა, როდესაც ერთ-ერთმა მოსულმა იმ ფორმალობების ჩამოთვლა დაიწყო, რომელიც დამნაშავის  დაკავებას წინ უძღვის, ხოლმე.
– ეს რას ნიშნავს? – დაიწყო ქალმა და გაოგნებიდან შეტევაზე გადავიდა, – თქვენ რაღაც გეშლებათ. მე... მე.. არაფერ შუაში ვარ.
– გეყოფათ ქალბატონო, – გააწყვეტინა მეორე პოლიციელმა, – იცით, თქვენს მეუღლეს პიჯაკის ჯიბეში რა უპოვეს? მოსასმენი აპარატურის უახლესი მოდელი. სავარაუდოდ, მისი არსებობის შესახებ თქვენ არაფერი იცოდით... როდესაც მკვლელმა ესროლა და  მისტერ ბლეინი მიწაზე დავარდა, აპარატი თავისით ჩაირთო. ბევრი ძალიან საინტერესო დეტალი სწორედ მისი  წყალობით  გავიგეთ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ  
      
скачать dle 11.3