კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ ნიშნავს უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის დაშვება საქართველოს სოფლის მეურნეობის განადგურებას და რატომ არის ბუნებრივი ქართველი მოსახლეობის უცხო მოსახლეობით ჩანაცვლება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა კვლავ აქტუალური თემაა (თითქოს მიწის გაყიდვაზე იყოს დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა). ჯერჯერობით ამ საკითხზე მორატორიუმია გამოცხადებული და თუ აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდნენ, მოტივით, რატომ იჩაგრებიან უცხოელები, რაკი მიწას ვერ შეიძენენ და თუმცა იმ უცხოელების ქვეყანაში ქართველები (და არა მხოლოდ ქართველები) მიწას ვერ შეიძენენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მათ მაინც რთავს საქართველოში მიწის შეძენის ნებას – აწ უკვე სახალხო დამცველმა დაარისხა განგაშის ზარები და უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის ნებართვა მოითხოვა. ამასობაში კი, ეკონომიკის მინისტრმა გვაუწყა, რომ მიწის გრძელვადიანი იჯარით გაცემა უფრო მიზანშეწონილ ფორმად მიაჩნიათ (რაც იგივეა, რა მკვდარი და რა შინმოუსვლელიო). რატომ გამოუჩნდა ქართული მიწის გაყიდვას ამდენი ადგილობრივი და უფრო მეტი მისი ყიდვის უცხოელი მსურველი? – ამ თემაზე აკადემიკოს პაატა კოღუაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.     
– როგორც ვიცი, სულ რომ პირწმინდად გავყიდოთ ჩვენი მიწა, სახელმწიფო ისეთ მოგებას ვერ მიიღებს, რომ ერთხელ და საბოლოოდ ავშენდეთ და ამოვისუნთქოთ, მაგრამ მაინც არ წყდება მიწის უცხოელებისთვის გაყიდვის მოთხოვნა. რა არის ამის მიზეზი? იმის გათვალისწინებითაც, რომ არსებობს ევროკავშირის გამოცდილება.
– საქართველოში არ წყდება დისკუსია მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით და კვლავაც აქტუალურია მოსაზრება სასოფლო-სამეურნეო მიწის თავისუფალ საერთაშორისო ბაზარზე გატანის შესახებ, რაც თითქოს ეკონომიკური არგუმენტებით საბუთდება. აღნიშნული პოზიციის მქონენი აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა გაზრდის მის ღირებულებას და, შესაბამისად, მოიმატებს სასოფლო-სამეურნეო საწარმოების კაპიტალიზაცია, რაც ფერმერების მიერ ფინანსური რესურსების მოძიებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს. კლასიკური ეკონომიკური გაგებით, რაც უფრო დიდია მოთხოვნა საქონელზე, მით მეტია მისი ფასი, თუმცა ეს ერთი შეხედვით უდავო ჭეშმარიტება მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფასწარმოქმნის მექანიზმს და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გაძვირების მხოლოდ ამით დასაბუთება, რომ მიწა შეზღუდული რესურსია, მისი ფასი შეიძლება, ძალიან მაღალიც კი იყოს, არ არის მიზანშეწონილი. თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფასი გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, მიწის ეს ნაკვეთი კარგავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას, რადგან მის ნაყოფიერებაზე სხვა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას და მასზე ნებისმიერი კულტურის მოყვანა არარენტაბელური ხდება. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასის პერმანენტული ზრდის პირობებში, გარკვეული ზღვრის გადალახვის შემდეგ ის კარგავს სასოფლო-სამეურნეო სავარგულის სტატუსს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსგავსი ვითარება არ ქმნის საგანგაშო სიტუაციას სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, ნიდერლანდების შემთხვევაში ვითარებას ამსუბუქებს სესხის ძალიან დაბალი საშუალო საბანკო საპროცენტო განაკვეთი, რაც ამცირებს რენტის გადასახადს და სოფლის მეურნეობის იმგვარი დარგობრივი სტრუქტურა, რაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთეულიდან მაქსიმალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აშშ-ში ზემოაღნიშნული პრობლემა მწვავედ არ იგრძნობა იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდეს ფართობებს. გარდა აღნიშნულისა, ევროკავშირისა და აშშ-ის შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების უმაღლესი დონე და აგრეთვე, ის უდიდესი სახელმწიფო მხარდაჭერა, რაც ამ ქვეყნებში აგრარულ სექტორს გაეწევა. საქართველოში კი სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაა, რისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი რეგიონში უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური პირობებია – საუკეთესოა ტურიზმის განვითარებისა და სამოსახლო თვალსაზრისით. თუ ამას დავუმატებთ უკიდურეს მცირემიწიანობასა და მიწის ფართობების დანაწევრებას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინდუსტრიალიზაციისთვის რთული ფონი იქმნება. შედეგად, საქართველო დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ მიწის ფასის ზრდამ შეიძლება, კიდევ უფრო არარენტაბელური გახადოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობა და შედეგად, მიწის დიდი ფართობები სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან გამოვიდეს.
– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენთან მიწას სწორედ სამოსახლოდ, ტურიზმის განსავითარებლად ან, უბრალოდ, ეგზოტიკისთვის ყიდულობენ.  
– ანალიზის შედეგად აშკარად გამოვლინდა საქართველოს ის რაიონები, სადაც ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი იმდენად მაღალია, რომ მათ, ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მნიშვნელობა და ამ სახელწოდებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვაღა დარჩა. ესენია მცხეთა, ბორჯომი, დუშეთი, გარდაბანი და ზღვისპირა რაიონები. განვიხილოთ, რა შედეგს მოუტანს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავისუფალ საერთაშორისო ბაზარზე გატანა. ამისთვის სრულიად საკმარისია თვალი გადავავლოთ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ბუნებრივ-კლიმატურ და დემოგრაფიულ მაჩვენებლებს. საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის საუკეთესო ჰავითა და ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამოირჩევა. უფრო მეტიც, სამხრეთით რამდენიმე ასეული კილომეტრის შემდეგ იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი უდაბნოს ზონა. დემოგრაფიულ მაჩვენებლებს თუ მოვიშველიებთ, შევამჩნევთ, რომ გარდა რუსეთისა, მეზობლებს შორის საქართველო ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. 2015 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში 1 კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს 113 ადამიანი, სომხეთში – 103, თურქეთში – 101, საქართველოში კი – 53. ირანისა და ერაყის სიმჭიდროვის მაჩვენებლებია 50 და 85 ადამიანი. სამაგიეროდ, იქ შთამბეჭდავია მოსახლეობის საერთო რაოდენობა და წლიური ზრდის ტემპები. ირანის მოსახლეობა 2015 წლისთვის იყო 82 მილიონი, ხოლო ერაყისა – 37 მილიონი. ირანის მოსახლეობა წლიურად იზრდებოდა 1.2 პროცენტით, ხოლო ერაყის – თითქმის 3 პროცენტით, აქვე აუცილებელია, მოვიყვანოთ ისეთი ქვეყნების მოსახლეობის სიმჭიდროვის მონაცემები, როგორიცაა პაკისტანი, ისრაელი, ინდოეთი და ბანგლადეში, რომლებიც არცთუ შორს მდებარეობენ საქართველოდან, შესაბამისად, ეს მაჩვენებლებია 250, 389, 381 და 1 134 ადამიანი 1 კვადრატულ კილომეტრზე, მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე პაკისტანის შესაბამისი რომ იყოს, აქ უნდა ცხოვრობდეს 17,5 მილიონი ადამიანი, ბანგლადეშის სიმჭიდროვის გათვალისწინებით კი ეს მაჩვენებელი 80 მილიონს უნდა აღწევდეს. ზემოთ მოყვანილი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ თუ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა საერთაშორისო ბაზარზე თავისუფალ მიმოქცევაში დაიშვება, მას შეისყიდის მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა და, დიდი ალბათობით, ასეთი მიწების უდიდესი ნაწილი გამოვა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობას, როგორც ეკონომიკის დარგს, გაანადგურებს.
– ხშირად მოჰყავთ არგუმენტი, რომ უცხოელების მიერ მიწის ყიდვა საშიში არ არის, ვინაიდან ეს გავლენას ვერ მოახდენს დემოგრაფიულ სურათზეო. ვერ ვიზიარებ ასეთთა ოპტიმიზმს, რას ამბობს კვლევები ამის შესახებ?
– იმისთვის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მთლიანად აითვისონ და სატიტულო ნაცია უმცირესობაში გადავიდეს, საჭიროა მიწის შეძენის მოთხოვნა ყოველწლიურად წარმოეშვას ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ქვეყნების მოსახლეობის 0,01 პროცენტს და ეს პროცესი გაგრძელდეს 20 წლის განმავლობაში. ასეთ პირობებში, ქართული მიწები მართლაც იმდენად გაძვირდება, რომ გამოვა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან, რადგან, საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მყიდველები მათ, ძირითადად, სამოსახლოდ გამოიყენებენ და ასეთი მაგალითები საქართველოში უკვე არსებობს. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ცალკეული ნაკვეთები დაეთმობა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მათ ქართული ტრადიციისთვის უცხო მეურნეობა დაიკავებს.
– ჯერჯერობით ჩვენთან ჩამოდიან არც თუ შეძლებული ოჯახები აღმოსავლეთიდან, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები ევროკავშირის მოქალაქეების სახელით შეაქვთ.
– ზემოჩამოთვლილი ქვეყნების უმრავლესობის გაჭირვებული გლეხების საკმაო რაოდენობას შეუძლია, რამდენიმეჰექტრიანი მიწის ნაკვეთის შეძენა და აქ ისეთი მეურნეობის გაჩაღება, რაც მასა და მის ოჯახს სურსათით უზრუნველყოფს, ეს კი მათთვის დიდი ბედნიერებაა. სასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულება უმნიშვნელოვანესი ელემენტია წარმატებული მეურნეობის ორგანიზებისთვის. საქართველოს მთელ რიგ რაიონებში კი, რომელთაც სააგარაკე-ტურისტული დატვირთვა აქვთ, მიწის და, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ღირებულებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ იქ წარმოუდგენელია რენტაბელური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.
– როგორ უნდა გაიყიდოს მიწა, ანუ რა რეგულაციები უნდა დაწესდეს, რომ ცივილიზებული სახელმწიფოს სახეც შევინარჩუნოთ და მიწაც?
– ჰაველმა, ამ უდიდესმა ჰუმანისტმა, ისეთი რეგულაციები ჩაწერა, რომ მიწას ვერ იყიდი: მაგალითად, რომ მამაკაცის ფეხის ზომა უნდა იყოს 47, უნდა ჰქონდეს მესამე თვალი შუბლზე და მისთანანი. თუ გინდა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იყიდო სასოფლო-სამეურნეო მიწა, მასზე მხოლოდ და მხოლოდ ის პროდუქცია უნდა აწარმოო, რასაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოციალური განვითარების ინტერესი ითხოვს. თორემ დაიწყებს იქ ვიღაც კანაფის წარმოებას, მაგრამ ნურას უკაცრავად – იმ ზონაში უნდა აწარმოო მხოლოდ და მხოლოდ კიტრი და პომიდორი ან „ჰერკულესი“ და ასე შემდეგ. ავსტრიაში უფრო რთულადაა საქმე. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან კი რა გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ? არ ითვალისწინებენ მსოფლიო გამოცდილებას და იჟინებენ, რომ გინდა თუ არა, მიწა უნდა მივყიდოთ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებსო. ჩვენ მიწა არ უნდა გავყიდოთ მანამ, სანამ საქართველოში კონკურენტუნარიანი გლეხობა არ გაჩნდება. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში არც ერთი კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არის, მიწის ღია მსოფლიო ბაზარზე გატანა არის კატასტროფა. მიწის მიმართ სხვადასხვა ქვეყანას აქვს ორი დამოკიდებულება: სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესი. ეკონომიკური ინტერესია, რომ იმ მიწაზე უნდა აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე არის სტრატეგიული ინტერესი. ასეთი სტრატეგიული ინტერესი ჩვენი მიწისადმი აქვთ ირანს, თურქეთს, რუსეთს. ამიტომ ასეთ ქვეყნებს ჩვენ მიწა არ უნდა მივყიდოთ.
скачать dle 11.3