კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ დააბრუნა 1922 წელს სერგო ორჯონიკიძემ ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადახვეწილი ოსები და როგორ მოითხოვდნენ ისინი საქართველოსთან ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობა აღიარა, ეგრეთ წოდებულ, საზღვრების გავლებასაც შეუდგა და იმთავითვე გახდა ცხადი (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის), რომ გარკვეულ მონახაზს მიჰყვებოდნენ, რის განსაზღვრაც დიდად რთული არ უნდა ყოფილიყო. კერძოდ, სეპარატისტები და ოკუპანტები ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრით ხელმძღვანელობდნენ. ქართული დიპლომატიის მკვლევართან, სიმონ კილაძესთან ერთად შევეცდებით, დავადგინოთ, კიდევ სად შეიძლება, ველოდოთ საოკუპაციო მავთულხლართებს ჩვენს ტერიტორიაზე.
– რის საფუძველზე იყო განსაზღვრული რესპუბლიკებს შიგნით ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების ადმინისტრაციული საზღვრები საბჭოთა დროს და რა ლოგიკას მიჰყვებიან ოკუპანტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე?
– როდესაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეთნიკური წარმონაქმნები შეიქმნა, რასაკვირველია, ადმინისტრაციული საზღვრების დადგენაც გახდა საჭირო. ეს დაიწყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-ანი წლებიდან, განსაკუთრებით, კავკასიის ტერიტორიაზე გაჩნდა ბევრი ავტონომიური წარმონაქმნი, რაც უფლებამოსილების გამიჯნვას მოითხოვდა. საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიც იმ ხანებში შეიქმნა და როგორც სახელმწიფოების, ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების საზღვრები დაფიქსირდა რუკებსა და დოკუმენტებში. ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო და ამაში საკვირველი არაფერია, გასაკვირი ის არის, თუ რატომ შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. უმჯობესია, ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ, იმიტომ რომ, თუ მაშინდელი რეალობა არ ვიცით, დღევანდელობას ვერ შევადარებთ. გადავიხედოთ კავკასიაში, როდესაც ბობოქარი 1917 წელი დადგა. პირველად ოსებმა თავიანთი განსახლების ტერიტორიისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების წინადადება 1917 წლის აპრილში წამოაყენეს. ამ წინადადებით მათმა იმჟამინდელმა ლიდერმა, ზურაბ ჯიოევმა მიმართა კოზაკოვს, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ხელმძღვანელს (სხვათა შორის, ქართულ ისტორიოგრაფიაში სამხრეთ ოსეთის წარმოშობის ისტორია კარგად შეისწავლა პროფესორმა ლევან თოიძემ და მას შემდეგ ბევრი არაფერი გაკეთებულა). წერილში აღნიშნული იყო, რომ ტერიტორია, რომლებზეც განსახლებულია ოსი მოსახლეობა, განაწილებულია სხვადასხვა მაზრებს შორის.
– ჩვენს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაზრები იგულისხმებოდა.
– რაჭის, გურიისა და გორის მაზრები. ასეთი რამ მიუღებელია და ჯობია, გამოვყოთ ერთი ადმინისტრაციული ერთეულიო. აქვე შევეხოთ საკითხს, საიდან გაჩნდა თავად ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“.
– როგორც ვიცი, რუსეთის იმპერიის დროსაც არსებობდა ტერმინი „იუგო ოსეტინსკიი ოკრუგ“.
– ამ საიმპერიო ტერმინს რუსები იყენებდნენ და იაკობ გოგებაშვილსაც აქვს მოხსენიებული „სამხრეთ ოსეთი“, ანუ ეს ტერმინი არსებობდა არაფოციალურად, მაგრამ ოსებმა ამ ტერმინის გამოყენება დაიწყეს ახალი პოლიტიკური დატვირთვით – ადმინისტრაციული ერთეულის მოთხოვნის მიზნით. 1917 წელს გაიმართა სამხრეთ ოსეთის დელეგატთა მეორე ყრილობა, რომელმაც აირჩია ეროვნული საბჭო და მოითხოვა, ჩამოყალიბებულიყო ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელიც ძირითადად შემოისაზღვრებოდა ოსებით დასახლებული ტერიტორიით.
– იმხანად ჩრდილოეთ ოსეთი არსებობდა?
– ჩრდილო ოსეთი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, მაშინ არ არსებობდა. პირველი სამხრეთ ოსეთი შეიქმნა.
– ოსეთი რატომ არ დაარქვეს? უცნაური არ არის?
– აშკარად ჩანს, რომ კავკასიონი ყოფს ჩრდილოეთად და სამხრეთად.
– იმას ვამბობ, ჩრდილოეთში მცხოვრებმა ოსებმა რატომ არ მოითხოვეს განსახლების ტერიტორიის ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება? კოორდინაცია იყო სამხრეთელ და ჩრდილოელ ოსებს შორის?
– კოორდინაცია, როგორც ასეთი, ამ სახელწოდებაში არ ყოფილა, კოორდინაცია მოხდა შემდეგ, როდესაც ორი ოსეთის გაერთიანების საკითხი წამოაყენეს; სახელწოდების „სამხრეთ ოსეთი“ ფესვები მეცხრამეტე საუკუნეში მიდის. ეს ტერმინი არაოფიციალურად არსებობდა და ოფიციალურად შემდეგ იქცა. სიტუაცია შეიცვალა 1918 წელს, როდესაც ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლშევიკების წახალისებით, აჯანყებები დაიწყო. ოსებში ძლიერი იყო ბოლშევიკური მოძრაობა, ამას საბჭოთა რუსეთი უწყობდა ხელს და ბოლშევიკების მხარდაჭერით ოსების პრეტენზიები უფრო და უფრო გაიზარდა. რამდენიმე აჯანყება მოხდა, მაგრამ ყველაზე ძლიერი აჯანყება 1920 წლის მარტში იყო, როდესაც ჩამოყალიბდა სამხრეთ ოსეთის რევკომი, გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოთა რუსეთთან მიერთება განიზრახეს. საქართველოს, ცხადია, ყელში ამოუვიდა ასეთი პრეტენზიები ოსების მხრიდან და აჯანყება ჩაახშო. საერთოდ, ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩაქრობას ხელისუფლება თავდაპირველად მოლაპარაკებით ცდილობს, შემდეგ კი – ძალის გამოყენებით. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებაც ჯერ მოლაპარაკებას ეცადა, მაგრამ ოსები ბოლშევიკების მხარდაჭერით იმდენად იყვნენ შეგულიანებული, რომ არ დათანხმდნენ და ბუნებრივია, შემდეგ საქართელოს ხელისუფლებამ ჩაახშო აჯანყება, რაც ოსებმა გენოციდად მონათლეს.
– რა უცნაური ლოგიკაა, ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს რომ ლახვარი ჩასცეს ზურგიდან, ეს მათთვის ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ რომ პასუხი გასცა, ეს, თურმე, გენოციდია.
– ყველა ამართლებს საკუთარ ქმედებას.
– არსებობს რუსეთის იმპერიის სტატისტიკა, რამდენი ოსი ოჯახი ცხოვრობდა ცხინვალის შემოგარენში და უცებ თავიანთ ტერიტორიად გამოაცხადეს და თან, მიერთებაც გადაწყვიტეს სხვა სახელმწიფოსთან.  
– მაშინდელი სამართლით, აჯანყება ძალის გამოყენებით იხშობოდა და ქართული ჯარი ასეც მოიქცა. მაშინდელი სახალხო გვარდიის უფროსი ვალიკო ჯუღელი იყო. მან მოგვიანებით დღიურების სახით დაწერა მოგონებები – „მძიმე ჯვარი“და ეს მოვლენები აღწერა. ოსების შეიარაღებული რაზმები გადარეკეს რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ დადგა 1921 წლის თებერვალი, საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ჩამოყალიბდა მარიონეტული მთავრობა და ოსებმა, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობდნენ, საქართველოში დაბრუნება მოითხოვეს და იმ პერიოდიდან იწყება უკვე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის დაჩქარებული პროცესი, რომელიც, საბოლოოდ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნით დაგვირგვინდა, მაგრამ, რადგან ადგილობრივ ქართველებს ახსოვდათ, რა საშინელებებს სჩადიოდნენ ოსები, მათი დაბრუნების სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. მაშინ სერგო ორჯონიკიძე საქართველოში იყო, მან 1921 წლის 14 მარტს მიიღო წერილი ვლადიკავკაზიდან, თერგის ოლქის ჯარების სარდლისგან, ემიგრანტი ოსები საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ, რომ თავიანთი მიწა და ქონება დაიბრუნონო. სერგომ ნებართვა მისცა, დაბრუნდნენ, მაინც ერთიანი საბჭოთა სივრცეაო. მაგრამ, როგორც კი ოსები ჩამოვიდნენ, მათსა და ქართველებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. 1921 წლის აპრილში ქართლის სოფლების მოსახლეობამ განცხადება წარადგინა საბჭოთა საქართველოს ცენტრალურ ორგანოებთან, რომ მათ არ სურდათ საქართველოში ოსების ჩამოსახლება, მაგრამ, ვინაიდან ოსებს დიდი დამსახურება ჰქონდათ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში, ქართველმა ბოლშევიკებმა დაუთმეს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მისცეს.
– დაუფასდათ ღალატი.
– თავდაპირველად უნდოდათ, რომ საბჭოთა რესპუბლიკად გაერთიანებულიყვნენ საქართველოსთან ფედერაციის საფუძველზე, მაგრამ ეს წინადადება კავკასიის ბიურომ დაიწუნა და შეთანხმდნენ, რომ ავტონომიური ოლქი შექმნილიყო – ადმინისტრაციული ერთეული საქართველოს ტერიტორიაზე. გამოიცა სპეციალური დეკრეტი. მე მოვიძიე ეს დეკრეტი და სრული სახით მაქვს. მასში ჩამოყალიბებულია მუხლები, სად გადის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი, მოცემულია მიმართულება, ქედები, მდინარეები.
– არის მოხსენიებული ის ქართული სოფლები, სადაც მავთულხლართებს ატარებენ?
– დიახ, ნახსენებია ხურვალეთი, ატოცი… მითითებულია, სად გადის ადმინისტრაციული საზღვარი ამ მიმართულებით. ანუ ამ დეკრეტით დადგინდა სამხერთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები. რასაკვირველია, ეს არ იყო დაცული საზღვარი ბანერებით, ეს იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შიგნით არსებული ავტონომიური წარმონაქმნის ადმინისტრაციული საზღვარი. მხოლოდ დოკუმენტებში იყო განსაზღვრული იმ მიზნით, რომ განესაზღვრათ, სად მთავრდებოდა ხაშურის რაისაბჭოს უფლებამოსილება და სად იწყებოდა ცხინვალის აღმასკომის უფლებამოსილება.
– მავთულხლართებით იმ დეკრეტში აღწერილ ადმინისტარციულ საზღვარს მიჰყვებიან?
– როგორც ჩანს, ეს მონაცემები აქვთ აღებული რუსებსა და ოსებს და, ძირითადად, ალბათ, მას მიჰყვებიან, იმიტომ რომ ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც ადმინისტრაციული საზღვარი მოცემულია, ეს დეკრეტია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა აქვთ მათ. ამბობენ, რომ აქვთ რუკები, მაშინდელიც და ახლანდელიც, მათ შორის, გენშტაბის რუკები. საერთოდ, გენშტაბის რუკებში მილიმეტრებით არის მოცემული ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რით სარგებლობენ. პირადად მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტარციული საზღვრები, არის ნომერი ორი დეკრეტი, რომელიც ხელმოწერილია 1922 წლის 20 აპრილს. რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლების დროს იცვლებოდა ადმინისტრაციული საზღვრები რაიონებს შორის, მაგრამ, ძირითადი მიმართულება იგივე დარჩა. უბრალოდ, ბევრი დრო გავიდა და, თუ მაშინ სოფელი არ იყო, დღეს სოფელია, ამიტომაც, თუ იმხანად  ადმინისტრაციული საზღვარი ცარიელ ადგილას გადიოდა,  დღეს იქ უკვე ბაღებია. ამიტომაც ჭრის ეზოებსა და ბაღ-ვენახებს მავთულხლართები. მართალია, ისინი აცხადებენ, რომ ახალი დოკუმენტები იპოვეს, მაგრამ არავინ იცის, რაზე ლაპარაკობენ.
– როგორც მივხვდი, მავთულხლართები ყველგან არ აქვთ გავლებული?
– თუ ჩემს ხელთ არსებული დეკრეტით ხელმძღვანელობენ, კიდევ არის დარჩენილი ადგილები, მაგრამ, ვიმეორებ, არ ვიცით, რა დოკუმენტები აქვთ დამატებით,  რაც ჩვენთვის არასახარბიელოა.
скачать dle 11.3