კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

თითოეული ბავშვის დაბადება ოჯახისთვის დიდ სიხარულთან, ბედნიერებასთან, სიყვარულის გაზიარებასთან ასოცირდება. ბავშვებისთვის კი და-ძმების გაჩენა სერიოზული, ახალი გამოწვევაა, რომელიც მის სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე რეალურ კვალს ტოვებს. და-ძმების ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უახლოესი ადამიანები არიან, ყოველთვის მშვიდი და სტაბილური არ არის. ხშირია კონფლიქტები, კამათი, ეჭვიანობის სცენები. როგორ უნდა ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი – გვესაუბრა ფსიქოლოგი ანა ქურდაძე-კუხაშვილი: ჩხუბის მიზეზი შეიძლება, მრავალნაირი იყოს – განსხვავებული ასაკი და ინტერესები, პიროვნული თვისებები, პრიორიტეტები, ინტერესები, ოჯახის წევრების მიერ ყურადღების  განსხვავებული გამოხატვა. ხშირად იწვევს კამათს ოჯახური რესურსების არათანაბრად განაწილება. ზოგჯერ ასეთი ქცევით ბავშვები მშობლების ყურადღების მოპოვებას ცდილობენ. რეალურად კი, ბავშვების კამათი მათი ფსიქო-სოციალური განვითარების ნაწილია – ბავშვები მათთვის უსაფრთხო ოჯახურ სიტუაციაში სწავლობენ თავიანთი გრძნობების, სურვილების გამოხატვას, პოულობენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს, ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას. და-ძმის ჩხუბი ოჯახური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. კამათისას „შენ ყოველთვის მის მხარეს იჭერ“, „ის უფრო გიყვარს, ვიდრე მე“, „პირველმა მან დაიწყო“ – ეს ფრაზები მშობლების უმრავლესობისთვის ნაცნობია. მათ ხშირად უხდებათ შვილების ქცევითი სირთულეების გადაჭრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში რამდენიმე ბავშვია. დედმამიშვილები  ხშირად უახლოესი მეგობრები არიან, თუმცა, იშვიათია ოჯახი ბავშვების კამათის გარეშე. სწორი მიდგომის გამოყენებით მშობლები მნიშვნელოვნად ეხმარებიან შვილებს სოციალური უნარების განვითარებაში. ეს კი საბავშვო ბაღში, სკოლაში სხვა ბავშვებთან წარმატებული ურთიერთობის საფუძველია.
– ზოგჯერ ბავშვებს ახასიათებთ ენის მიტანა, ერთმანეთისათვის რაიმეს დაბრალება. როგორი რეაქცია შეიძლება, ჰქონდეთ მშობლებს ამ დროს?  
– თუ თქვენი შვილი ენის მოტანით ეცდება საკუთარი უდანაშაულობის დემონსტრირებას, ეცადეთ, შეინარჩუნით ნეიტრალური დამოკიდებულება, წაახალისეთ ბავშვი, დამოუკიდებლად ეცადოს პრობლემის მოგვარებას. ამ ენის მოტანის წახალისებამ კი, შეიძლება, მსგავსი ქცევის პროვოცირება მოახდინოს. უთხარით ბავშვს, რომ  დარწმუნებული ხართ, თვითონ შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას. უმჯობესია, იყოთ ნაკლებად ემოციური, არ წაახალისოთ მისი ეს ქცევა და არ მიანიჭოთ კმაყოფილება ენის მოტანისა და თქვენი მძაფრი რეაქციის გამო. მეორე მხრივ, ბავშვმა შესაძლებელია, საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ ცემის, სათამაშოს ან რაიმე ნივთის გაფუჭების შესახებ. მნიშვნელოვანია, ბავშვს ასწავლოთ, რომ ენის მოტანის გარდა პრობლემის გადაჭრის სხვა გზაც არსებობს.
– როდესაც მშობლები ერთ შვილს გამოარჩევენ და მიკერძოებულები არიან, როგორ მოქმედებს ეს მეორე ბავშვზე?
– არ შეადაროთ საკუთარი შვილები ერთმანეთს, აირიდეთ მიკერძოება ერთი შვილისადმი. ეცადეთ, საუბარში ყოველთვის აღნიშნოთ, რომ თქვენი შვილები თანაბრად ნიჭიერები, ჭკვიანები არიან, გამოიყენეთ მათზე საუბრისას პოზიტიური ეპითეტები. ერთი შვილის გამორჩევა და მისდამი მიკერძოებული დამოკიდებულება, შესაძლოა, შემდგომი კონფლიქტების, ეჭვიანობის სცენებისა და  არასრულფასოვნების შეგრძნებების მაპროვოცირებელი იყოს. რა თქმა უნდა, ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ინტელექტით, გარეგნობით, ზოგი უფრო მეტად ასრულებს თქვენს ინსტრუქციებს, ადვილია მასთან ურთიერთობა, ზოგი კი – პირიქით. მიუხედავად ამისა, თავი აარიდეთ მიკერძოებულობას. შეეცადეთ, წინ წამოწიოთ თითოეულის ძლიერი მხარეები. მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა: „ნინი ძალიან კარგად ანგარიშობს გიოსთან შედარებით, ის უფრო ძლიერი იქნება მათემატიკაში, გიო, ალბათ, ვერ შეძლებს“, გამოიყენეთ: „ნინი ძალიან ძლიერია  მათემატიკაში, გიო კარგად ხატავს, ხატვის მასწავლებელი ყოველთვის აქებს“. შესაძლებლობების ფარგლებში, თითოეულს თავისი სივრცე მიეცით. ეს შეიძლება იყოს საკუთარი ოთახი.  თუ ამის შესაძლებლობა არ არის,  კარადა ან უჯრა,  სადაც ბავშვი მხოლოდ თავის პირად ნივთებს შეინახავს. როგორც წესი, პირადი, ხელშეუხებელი სივრცის არსებობა ჩხუბის სიხშირეს საგრძნობლად ამცირებს.
– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ოჯახში შვილები კამათობენ?
– როდესაც ოჯახში ბავშვები კამათობენ, სასურველია, მშობლებმა დამკვირვებლის როლი მოირგონ. სპეციალისტები გვაძლევენ რეკომენდაციებს, რომ არ ჩავერიოთ მათ კამათში, რათა ბავშვებმა დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშე შეძლონ რთული სიტუაციის გადალახვა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კამათის დროს არაა ფიზიკური ან სხვა რაიმე ტიპის დაზიანების ალბათობა. მნიშვნელოვანია, მშობლებმა და აღმზრდელებმა ბავშვს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება ასწავლონ. ბავშვს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ორივე მხარე პასუხისმგებელია ჩხუბის პროვოცირებაზე. უმჯობესია, მშობლების პოზიცია ნეიტრალური იყოს – კამათისას არ დავიჭიროთ არც ერთის მხარე. აარიდეთ კონფლიქტური სიტუაციის მაპროვოცირებელი სიტუაციები. თუ თქვენს შვილებს ერთი და იმავე სათამაშოთი სურთ თამაში, შესთავაზეთ თავად გადაწყვიტონ, ვინ როდის უნდა ისარგებლოს ამ სათამაშოთი, დააწესონ გრაფიკი, გამოყავით მკაფიო წესები. მნიშვნელოვანია, ბავშვი შევაქოთ და განვუმტკიცოთ პოზიტიური ქცევა, მაგალითად, როდესაც სათამაშოების თანაბრად განაწილებას შეძლებენ, შეაქეთ და აუხსენით, როგორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს მათი გაზიარებით.
– რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ბავშვების ურთიერთობაში?
– ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია არა ის, რამდენ დროს ვატარებთ ბავშვთან, არამედ როგორია ჩვენი ჩართულობა მასთან ურთიერთობისას. შესაძლოა, დღის განმავლობაში მხოლოდ 15-20 წუთი გამოვნახოთ ბავშვთან სასაუბროდ, მაგრამ ეს დრო ისე გამოვიყენოთ, რომ იგრძნოს, როგორ გვინდა გავიგოთ მისი სურვილები, გრძნობები, ინტერესები. აუცილებელი არ არის თანაბარი დრო დაუთმოთ ყველა შვილს. ესაუბრეთ, ეთამაშეთ თითოეულს იმდენ ხანს, რამდენიც მას სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს დრო მხოლოდ მას დაუთმოთ, აგრძნობინოთ, რომ გესმით მისი. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა და და-ძმებისგან განსხვავდება. აუცილებელი არ არის, ყოველთვის ერთნაირი, ერთი რაოდენობის ნივთები უყიდოთ. როგორც წესი, ეს უფრო მეტად იწვევს ხოლმე ბავშვებს შორის დაპირისპირებას. ამიტომ, უმჯობესია მათ მისცეთ ის, რაც რეალურად სჭირდებათ. შესაძლებელია, თითოეულს მისცეთ თავისი ასაკის შესაბამისი პრივილეგია. მაგალითად, გაუშვით მეგობართან მარტო.  გახსოვდეთ, რომ დედმამიშვილებს შორის ჩხუბი ნორმალურია! მნიშვნელოვანია მშობელმა ასწავლოს ბავშვს, როგორ მოაგვაროს კონფლიქტური სიტუაცია. იყავით მისაბაძი მისთვის, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, აუხსენით, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთი უნივერსალური საშუალება არ არსებობს და რომ ყოველი კონფლიქტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. წაახალისეთ მისი ყოველი ინიციატივა, ერთად მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა. მაგალითად, თუ ისევ ვერ იყოფენ სათამაშოს, შესთავაზეთ რომ ერთად ითამაშონ. ყოველი პოზიტიური ქცევა კი შეუქეთ და ამისთვის წაახალისეთ.                                                                              
скачать dle 11.3