კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ გაათავისუფლა და გააერთიანა ფარნავაზმა საქართველო და რომელი ქვეყნის ხელმწიფე დაეხმარა მას ამაში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე


განძის პოვნამ დიდი სიხარულით აღანთო ჭაბუკი ფარნავაზის გული. გამდიდრება კი არ უხაროდა, არამედ სამშობლოს გამოხსნის შანსი გაუჩნდა ფარნავაზიანს, ქართლის მამამთავართა შთამომავალს. გამოქვაბულის შესასვლელი ისევ ამოგმანა და სწრაფად გაეშურა შინისკენ, რათა დედა და დები გაეხარებინა.
სიფრთხილე გამოიჩინეს. იმავე ღამით ფარულად მივიდნენ განძით სავსე გამოქვაბულთან, თან სახედრები და ჩანთები წაიღეს. დაიწყეს განძის გამოტანა, უფრო მარჯვე ადგილას გადაიტანეს და დაფლეს. გამთენიისას კვლავ ამოაშენებდნენ ხოლმე. ხუთი ღამე მოუნდნენ მის გადატანას სხვა ადგილზე, იმდენად ბევრი იყო ოქრო-ვერცხლი გამოქვაბულში.
ფარნავაზ ქართლოსიანმა თავისი მსახური გააგზავნა ქუჯისთან, ეგრისის მთავართან. თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, ქუჯი მამასახლისობის დროს  მხედართმთავარი ყოფილა. იმ დროს ქართული და მეგრული ჯერ კიდევ არ იყო ძალიან დაცილებული ერთმანეთს. შეგნებაც, ჩვეულებრივ, ერთიანობისა ჰქონდათ სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ჩვენს წინაპრებს. ფარნავაზმა შეუთვალა ქუჯის: მე ვარ შთამომავალი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა და ძმისწული სამარა მამასახლისისა. დიდი ქონება მაქვს. ინებე, რათა მოვიდე შენთან ჩემი სიმდიდრით, ვიყოთ ძმები, გამოვიყენოთ ეს ქონება, შევებრძოლოთ აზონ ერისთავს და სვემან ჩვენმან გაგვამარჯვებინოს!“
ძალიან გაუხარდა ქუჯის ეს ამბავი და შემოუთვალა ქართლოსიან ჭაბუკს: „მოდი ჩემთან და მოიტანე შენი სიმდიდრე თან. მაგ ქონებით შეგიკრებ ჯარს, სანამ ავუჯანყდებით აზონს. გაიხარებენ ყოველნი ქართველნი, აზონისგან დახოცილები. ვგონებ, რომაელებიც შემოგვიერთდებიან, რადგან მათგანაც ბევრი დახოცა აზონმა და უკმაყოფილონი არიან“.
ფარულად გაემგზავრა გახარებული ფარნავაზი ეგრისში. რისი ზიდვაც შეძლო თავისი განძიდან, თან წაიღო. წაიყვანა დედა და დები. მივიდა ქუჯისთან.
ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, ქუჯი, რომელიც მტარვალი აზოსგან სამშობლოს გამოხსნაზე ოცნებობდა, გადაეხვია ფარნავაზ ქართლოსიანს და უთხრა:
„შენ ხარ შვილი ქართლის მეთაურებისა და შენ გმართებს ჩემი უფროსობა. ნუ დაიშურებ სიმდიდრეს და გავამრავლოთ ჯარი. თუ გავიმარჯვებთ, შენ იქნები უფროსი ჩვენი და მე შენი მსახური“.
დაიწყეს ჯარის შეგროვება. ქუჯის რაზმებს დაემატა სხვებიც. შეუთვალეს ოსებს და ლეკებს და დახმარებას სთხოვეს. მათაც გაუხარდათ, რადგან უძნელდებოდათ აზონისთვის ხარკის გადახდა. ეგრისში შეიკრიბა დიდი ჯარი და გამოემართნენ ქართლისკენ, აზონთან საომრად. აზონმაც შეკრიბა თავისი ჯარი. ეს ამბები ხდებოდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ბოლოს.
მაშინ ათასი რჩეული რომაელი მხედარი, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ აზონისა, გადავიდნენ ფარნავაზისა და ქუჯის მხარეს. მართლაც, რომაელი მხედრების სახელით ცნობილი სამხედროები, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის ან მისი რომელიმე სარდლის მიერ ქართლში, აზონთან იყვნენ დატოვებულნი, როგორც ჩანს, არ იყვნენ კმაყოფილნი თავისი მეთაური-მბრძანებლისა.  
ყოველი ქართველი განუდგა აზონს. დანარჩენ ჯარსაც ვერ ენდო იგი, რადგან იცოდა, მისი ცუდი მმართველობის გამო ჯარისკაცებსაც არ უყვარდათ. გაიქცა აზონი, გადავიდა კლარჯეთში და იქ გამაგრდა ციხე-სიმაგრეებში.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, აზონი ბერძენი იარედოსის ძეა. მაგრამ, „მოქცევაÎ ქართლისაÎს“ ცნობით, აზო იყო არიან-ქართლის მეფის ვაჟი. არიან-ქართლს ზოგი მკვლევარი ირანის გავლენის ქვეშ მყოფ ზემო ქართლად (კლარჯეთ-ტაო-ქალდეა) მიიჩნევს, არსიანის (არ(ს)იანი) ქედის გარშემო არსებულ ტერიტორიად. ზოგი თვლის, რომ აზოს მამას ერქვა არიანე და ის იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მეფე. არის თვალსაზრისი, რომ არიან-ქართლში ბაქტრია (ავღანეთთან არსებული ოლქი) იგულისხმება. არის სხვა ვარაუდებიც.
შემოვიდა ფარნავაზი მცხეთაში და დაიკავა მცხეთის ოთხივე ციხე. იმავე წელს თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელ საქართველოზე (თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით კასპიის ზღვამდე, ქალაქ დარუბანდამდე), კლარჯეთისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გარდა.
ფარნავაზმა და ქუჯიმ გადაწყვიტეს, გავლენიანი მფარველი მოეძებნათ. გარშემო ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ჩამოყალიბებული რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო იყო, რომლებსაც ალექსანდრეს ყოფილი სარდლები, დიადოქოსები მართავდნენ. მოკავშირის მოძებნის მიზნით, გააგზავნეს ელჩობა სელევკოს პირველ ნიკატორთან, ალექსანდრეს ყოფილ სარდალთან, რომელიც შუამდინარეთს და სირიას ფლობდა. ფარნავაზმა გაუგზავნა დიდძალი საჩუქრები, აღუთქვა მსახურება და ითხოვა მისგან დახმარება ბერძნების წინააღმდეგ ბრძოლაში. სელევკმა შეიწყნარა ქართველთა თხოვნა, ფარნავაზს გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი და შვილი უწოდა, ესე იგი, ვასალად მიიღო. სელევკმა სომხეთის ერისთავებს, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ, ფარნავაზის დახმარება უბრძანა.
თავის მხრივ, აზონი დაუკავშირდა ალექსანდრე მაკედონელის სხვა დიადოქოსს, ანტიგონოსს, რომელიც ფლობდა მცირე აზიას და იყო სელევკის მოწინააღმდეგე. დიდი ჯარი მოუვიდა აზონს. ფარნავაზმაც შეკრიბა ჯარი, მოუწოდა ქუჯის და ჩამოიყვანა ოსები. დაიხმარა სომხეთის ერისთავებიც.
მოწინააღმდეგეების შეხვედრა მოხდა არტაანის ნაქალაქევთან, რომელსაც რქმევია ქაჯთა ქალაქი, იგივე ჰური.
გაიმართა სასტიკი ბრძოლა. უამრავი მეომარი დაიღუპა ორივე მხრიდან. საბოლოოდ ფარნავაზის ჯარმა გაიმარჯვა. მოწინააღმდეგენი გაიქცნენ. დევნისას უამრავი ტყვედ ჩაიგდეს ფარნავაზის ჯარისკაცებმა. აზონი მოკლეს.  
გაიჭრა ფარნავაზი წინ და მოაოხრა „საზღვარი საბერძნეთისა, ანძიანძორა“. ზოგი მეცნიერის აზრით, აქ იგულისხმება ქალაქი ნაზიანზი, შემდეგში წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის მშობლიური ქალაქი. ზოგის აზრით, კი – ბასიანის ოლქი. ფარნავაზის სიმდიდრეს დაემატა აზონის ქონებაც, „და იქმნა სიმდიდრე გარდარეული“.
ფარნავაზმა თავისი ერთი და მიათხოვა ოსთა მეფეს, მეორე კი – თავის თანამებრძოლსა და მეგობარს, ქუჯის. ქუჯის ფარნავაზმა დაუმტკიცა საერისთავოდ ქვეყანა ეგრისწყალსა და რიონს შუა, ზღვიდან მთამდე, რომელთა შორისაცაა ეგრისი და სვანეთი.
ქუჯიმ ააშენა დიდი ციხე-ქალაქი – ციხე-გოჯი.
ასე გაათავისუფლა და გააერთიანა ქვეყანა, ქართლი და ეგრისი, ქართლოსიანმა ჭაბუკმა ფარნავაზმა, ქუჯის დახმარებით და განგების ნებით. ამას მოასწავებდა მისი მისტერიული სიზმარი. ფარნავაზმა შექმნა დიდი ჯარი და დაიწყო ქვეყანაში დიდი რეფორმები, რომლებიც ძალიან საჭირო იყო. რეფორმათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ სახელმწიფო ენის საკითხი.
скачать dle 11.3