კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ვერაგული კომბინაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

შავროლინგიანმა მამაკაცმა „ფლეშკა“ ჩართო და კედელზე მიმაგრებულ უზარმაზარ ეკრანზე შეშინებული გოგონას სახე გამოჩნდა, რომელიც ამბობდა: „მამი, გატაცებული ვარ და მილიონ დოლარს თუ არ გადაიხდი, ჯერ გამაუპატიურებენ, შემდეგ კი წამებით მომკლავენ. გემუდარები, მიშველე და ფული გადაიხადე... გემუდარები, მამი, პოლიციას არაფერი უთხრა და ამ ხალხის დაჭერას არ შეეცადო... ხვალ უკვე უნდა გქონდეს ფული და ესემესით შეგატყობინებენ, სად და როგორ მიიტანო... მამი, ჩემო მამიკო, გევედრები, ნუ მოაკვლევინებ ამათ ჩემს თავს და ფული გადაუხადე...“ მცირე პაუზის შემდეგ ეკრანზე კვლავ გოგონას სახე გამოჩნდა, რომელიც ამბობდა: „დღეს, საღამოს ათ საათზე, „გეპეის“ პირველი კორპუსიდან გმირთა მოედნისკენ დაეშვი. იმოძრავე ზოოპარკის მხარეს. გზაში შეგხვდება ადამიანი, რომელიც მხარზე დაგადებს ხელს და გეტყვის: „გაზაფხულია, მაისი. მომეცი მილიონი დოლარი“. ფული, ტყავის ჩანთაში უნდა გედოს და მაშინვე მისცე იმ ადამიანს. არაფერი ჰკითხო და გზა განაგრძე. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, რამდენიმე საათში გამომიშვებენ და მე თვითონ მოვალ სახლში. თუ არა და, საშინელი წამებით მომკლავენ. მამი, მამიკო, მიშველე!..“ ჩანაწერი რომ დასრულდა, შავროლიგიანმა მდიდრულ სავარძელში მჯდომ ჭაღარა მამაკაცს უთხრა:
– პირველი ჩანაწერი გუშინ საღამოს მივიღე. ესემესი მომივიდა: შენთვის გზავნილი გვაქვს და რედაქციის წინ რომ საფოსტო ყუთია, იქ „ფლეშკა“ გდია და ამოიღეო. მეორე „ფლეშკა“ კი საათ-ნახევრის წინ ავიღე ვაკის პარკში. მწვანე სკამის ქვეშ არის მიკრულიო, – ასე ეწერა ესემესში.
– როდის გაუჩინარდა თაკო? – ჰკითხა შავროლინგიანს ჭაღარათმიანმა.
– გუშინწინ სახლში არ მოსულა, მაგრამ ხშირად რჩება ხოლმე ჩვენს ძველ სახლში და ვიფიქრე, – ალბათ, იქაა-მეთქი. არ მეცალა და არ დამირეკავს. გუშინაც მთელი დღე გადარბენებზე ვიყავი და მხოლოდ მაშინღა გაიასნდა ყველფერი, როცა პირველი ესემესი მომივიდა.
– ესე იგი, არ იცი, როდის გაუჩინარდა შენი ქალიშვილი.
– პრინციპში, არა.
– ეჰ, გურამ, გურამ... ცოტა მეტ დროს უნდა უთმობდე ხოლმე შენს შვილს.
– რა ვქნა, გივი, უამრავი საქმე მაქვს. თაკოც არაა პატარა გოგო, რომ კუდში ვდიო, – თავი იმართლა გურამმა და დაამატა, – თანაც საკუთარი მანქანა ჰყავს და ქუჩაში ფეხით სიარული არ უწევს.
– ეჰ, ეჰ, – ამოიხვნეშა გივიმ. ხელი ჩაიქნია და დააყოლა, – ვინ იცის თაკოს გაუჩინარების ამბავი?
– მან, გამტაცებლებმა და ჩვენ, – თქვა გურამმა.
– ვინ „ჩვენ“, – გაიმეორა გივიმ.
– მე, შენ, ნაირამ. მეტმა არავინ, – მხრები აიჩეჩა გივიმ.
– შენმა პატარა გოგომ?
– გვანცამ არა. გვანცა ლონდონშია და კემბრიჯის კოლეჯში სწავლობს.
– ოჰო. უყურე შენ?! ახლა რამდენი წლისაა გვანცა?
– ათის.
– ყოჩაღ თქვენ. ევროპულ ყაიდაზე ზრდით ხომ პატარას?
– აბა, რა ვქნათ, – მხრები აიჩეჩა გურამმა.
– კეთილი. მთავარ თემას დავუბრუნდეთ. რას აპირებ? – ჰკითხა გივიმ გურამს.
– ფულის გადახდას... თუ, რა თქმა უნდა, სხვა უკეთეს ვარიანტს არ შემომთავაზებ, – მიუგო გურამმა გივის.
– ფული გაქვს?
– კი. დღეს დილით ნაირამ გამომიგზავნა.
– თვითონ სადაა?
გურამმა ხელი ჩაიქნია და უპასუხა:
– როგორც ყოველთვის, ბიზნესსაქმეებზე დარბის. ახლა, თუ არ ვცდები, გალში უნდა იყოს შეხვედრაზე
– გალში? – გაიკვირვა გივიმ.
– ჰო, გალში. რატომ გიკვირს. ხშირად სოხუმსა და გუდაუთაშიც ჩადის ხოლმე, – ჩაიქნია ხელი გურამმა და დააყოლა, – რას მირჩევ?
– რას უნდა გირჩევდე, – ჩაეცინა გივის, – სწორ აზრზე ხარ. გააკეთე ისე, როგორც შენი შვილი გეუბნება. სიტყვა არავისთან დაგცდეს. „მაყუთი“ შავი ფერის ტყავის ჩანთაში ჩაალაგე და საღამოს ათ საათზე „გეპეის“ პირველ კორპუსიდან გმირთა მოედნისკენ დაიძარი, – გივიმ საათს დახედა და დააყოლა, – ცხრის ნახევარია. საათ-ნახევარში უნდა დააწვე.
– ჰმ. რა გაეწყობა, ასე უნდა ვქნა. აბა, შვილს ხომ არ გავწირავ? – თქვა გურამ ჯიბლაძემ და გივი ხარაძეს შეხედა.
42 წლის გივი ხარაძე პოლიციის პოლკოვნიკი იყო. პენსიაზე იმყოფებოდა და ერთ-ერთ კერძო დაცვის ფირმას დირექტორობდა. ისინი ბავშვების მეგობრები იყვნენ და ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ერთ ხანს მათი გზები გაიყარა და როდესაც 20 წლის გივი ჯარიდან დაბრუნდა, გურამს უკვე ცოლი და 2 წლის გოგონა ჰყავდა. სანამ ძმაკაცს სახლში მიაკითხავდა, გივიმ უკვე იცოდა, რომ გურამს შეუფერებელი გოგო შეურთავს. გივის დედამ, ქალბატონმა ივლიტამ, როგორც კი ჯარიდან დაბრუნებული  ვაჟის ფერებით იჯერა გული, მაშინვე ჩაუკაკლა:
– გივიკო, დედა, რამ გადარია თუ იცი შენი ძმაკაცი გურამ ჯიბლაძე. თვითონ მშვენიერების განსახიერებაა, მაღალი, ტანადი, კოხტა, მაგრამ ცოლი ჰყავს, არ შეეხედება – დაბალი, შავტუხა, მოკაუჭებული ცხვირით. იმხელა შავი თვალები აქვს, რომ ნუ იტყვი. მოკლედ, ძალიან შეუფერებელი წყვილია, დედიკო და არ ვიცი, არ ვიცი, მასეთს ოცდაოთხი საათი როგორ უნდა უყურო.
ქალბტონმა ივლიტამ პაუზა გააკეთა, რომ ჰაერი ჩაესუნთქა. გივიმ ამით ისარგებლა. სიტყვა „ჩააკვეხა“ და დედამისს უთხრა:
– კაცია და გუნება. ზოგს შავი მოსწონს და ზოგსაც – თეთრი, ან სულაც „რიჟა“. ალბათ, კარგი ხასიათის გოგოა.
– ხასიათის რა მოგახსენო, გივიკო, – კვლავ „ამუშავდა“ ივლიტა, – მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახის შვილია. მამამისი, თურმე, „ცეხავიკი“ ყოფილა და დაუჭერიათ კიდეც, მაგრამ ორი კვირის შემდეგ მილიონი გადაუხდია და გამოუშვიათ. უნდა ნახო ერთი, რა გასისინებული მანქანებით დაჰქრის გურამი.
გურამი და გივი ერთმანეთს მეორე დღეს შეხვდნენ. გივი მაღაზიაში მიდიოდა სიგარეტზე და ახალთახალ „ჟიგულში“ გამოჭიმული გურამი უხმაუროდ მიუახლოვდა ძმაკაცს. შემდეგ კი მთელი ძალით მიაჭირა თითი სიგნალს და შეშინებული გივი ჰაერში ახტა. გურამს ხარხარი აუტყდა. მანქანიდან გადმოხტა, ძმაკაცს ჩაეხუტა და უთხრა:
– გივიკო, შე ძველო, როგორ ხარ, ჯარიდან როდის ჩამოხვედი?
– გუშინ, – მიუგო გივიმ.
– მერე, ჩემთან არ უნდა მოსულიყავი?
– დღეს ვაპირებდი.
– ახლა საით?
– სიგარეტზე.
– მეც სიგარეტზე მივდივარ. ჩაჯექი მანქანაში, წავიდეთ და ვიყიდოთ, – უთხრა გივის გურამმა და ლამის ძალით შეაგდო მანქანაში.
ბიჭები მაღაზიის წინ იდგნენ. ამიტომ გივის გაუკვირდა და გურამს უთხრა:
– სად მიგყავარ, აქ არაა მაღაზია? – შევიდეთ და ვიყიდოთ.
გურამმა მანქანა ადგილს მოსწყვიტა და ძმაკაცს უთხრა:
– ამ აყროლებულ ბალახს ვინღა ეწევა. აი, ეს გააბოლე, – გივიმ გურამს ამერიკული „მარლბორო“ მიაწოდა და დააყოლა, – ნაღდი ამერიკულია და მხოლოდ ციგნები ყიდიან ლოტკინზე. სწორედ იქ მივდივართ ახლა და ათი ბლოკი ვიყიდოთ.
– ბლოკი რა ღირს? – იკითხა გივიმ.
– ხუთი თუმანი, – უდარდელად მიუგო გივის გურამმა.
გივიმ გაოცებისგან დაუსტვინა და ჩაილაპარაკა:
– პაჩკა – ხუთი მანეთი. რა ამბავია?! ხუთ მანეთად ათ პაჩკა „კოლხეთს“ იყიდი.
– კარგი ცხოვრება ძვირია. თანაც, შეჩვევა იცის და გადაჩვევა ძალიან ძნელია, – თვალი ჩაუკრა ძმაკაცს გურამმა, – ჯიბიდან ხუთი ცალი ასმანეთიანი ამოიღო და დააყოლა, – აი, სოლომონოვიჩის „გრევია“, ეს სიგარეტის ფული და ორი ამდენს ყოველდღე გამოდის. ბელას ორჯერ მეტს აძლევს. თაკო კი სიგიჟემდე უყვარს და რასაც ჩვენ გვაძლევს, მას ყოველდღიურად ორჯერ მეტს უნახავს. თვეში თვრამეტი ნაჭერი გამოდის.
– თუ სწორად მივხვდი, სოლომონოვიჩი შენი სიმამრია. ბელა – მეუღლე, თაკო კი – ქალიშვილი, – თქვა გივიმ.
– კი, მასეა. სიგარეტს რომ ვიყიდით, პირდაპირ ჩემთან წამოხვალ და ერთი კარგად შევუბეროთ.
გურამმა და გივიმ იმ საღამოს მართლა მაგრად „შეუბერეს“ და დილამდე ქეიფობდნენ. სახლში დაბრუნებულ გივის ერთი დღე-ღამე ეძინა და როგორც იქნა, „პახმელიაზე“ რომ გამოვიდა, დედამისს უთხრა:
– მშვენიერი ცოლი ჰყავს გურიკოს, მართალია, ჩემი ძმაკაცი მას სილამაზით ჯობია, მაგრამ ბელას ოქროს ხასიათი აქვს. აი, თაკო კი ზედგამოჭრილი მამამისია და ლამაზი გოგო გაიზრდება.
გივი ხარაძე მართალი იყო. გურამ ჯიბლაძის ცოლი სათნოებისა და  მორჩილების განსახიერება იყო და ქმარი უზომოდ უყვარდა. მართალია, გურამს ცოლზე მზე და მთვარე არ ამოსდიოდა და კარგადაც „გულაობდა“ „შხვართ-შხვართ“ გოგოებში, მაგრამ სოლომონოვიჩის „მაყუთი“ მისი ერთადერთი ქალიშვილის ოჯახის სიმტკიცის საკმაოდ მყარი გარანტია იყო. ბელას ქმარი სიგიჟემდე უყვარდა და არაფრად აგდებდა იმას, რომ გურამმა ის მხოლოდ და მხოლოდ სიმდიდრის გამო შეირთო ცოლად. თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული. რომ იტყვიან, უბედურება მარტო არ მოდისო... და ჯერ სოლომონოვიჩი დააპატიმრეს, რასაც მისი ქონების კონფისკაცია მოჰყვა. მერე კი ციხეში ჩასვეს თხუთმეტი წლით და ციხეში მალევე გარდაიცვალა. შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე ბელა დაავადდა და ისიც მალევე გარდაიცვალა. გურამი კი თორმეტი წლის თაკოს ამარა დარჩა და გული რომ გადაეყოლებინა, დროსტარებასა და ქეიფს მიჰყო ხელი, გოგონა კი მამიდამისთან იზრდებოდა. ამასობაში, სოლომონოვიჩის ისედაც დალეული ქონებიდან მხოლოდ ვაკის ფეშენებელური სახლი დარჩა. გურამს მისი გაყიდვაც უნდოდა, მაგრამ დამ არ დაანება და თაკოზე გადააფორმებინა. ამასობაში, გურამმა ყოფილი ბობოლა მეღვინის ქალიშვილი, მასზე თითქმის ათი წლით უფროსი ნაირა ნარუაშვილი გაიცნო. როგორც კი დიდი „კუში“ იყნოსა, ალფონსი გურამი ქალს „დაეპადხოდა“. სასიყვარულო რომანი გაუბა. ერთ დღეს კი, ორმოც წელს მიტანებული ქალწული „გააფორმა“ და მალე ცოლადაც შეირთო. ცხრა თვის მერე გოგონა შეეძინათ, რომელსაც გვანცა დაარქვეს.
ბელასთან შედარებით, ნაირას ქალობაზე მხოლოდ მისი უზარმაზარი მკერდი მიუთითებდა. ხოლო მასიური ტანითა და განსაკუთრებით კი, „მურტალი“ ხასიათით, უხეშ, გაუთლელ მამაკაცს ჩამოჰგავდა და ხალხი ამბობდა – ზედგამოჭრილი მამამისია, ზაქროო.
ნაირა ისეთი ზეაქტიურობითა და „რქიანობით“ გამოირჩეოდა, რომ მრავლისმნახველი, გამოცდილი ბიზნესმენი მამაკაცებიც კი ხელებს სწევდნენ მის წინაშე და ამ ქალის უპირატესობას აღიარებდნენ. მიუხედავად გაუნათლებლობისა, ამ ქალს, როგორც ეტყობა, ისეთი „ხვატკა“ ჰქონდა, რა თქმა უნდა, მამამის ზაქროს დანატოვარ ფულებთან ერთად, რაც წარმატებული ბიზნესის კეთების საშუალებას აძლევდა.
ნაირა ნარუაშვილს მაინცდამაინც არ ადარდებდა ქმრის ღალატი და ბელასგან განსხვავებით, სულაც არ უყვარდა გურამი. ნაირას მხოლოდ ორი სიყვარული გააჩნდა – პატარა გვანცა, რომლის გამოც თავს გასწირავდა და ბიზნესი; დანარჩენი კი მისთვის მეასეხარისხოვანს წარმოადგენდა. მას არც ის ადარდებდა, რომ გურამის უფროსი ქალიშვილი, თაკო მას ვერ იტანდა და თავადვე ამბობდა, – ფეხებზე მკიდიაო. თუმცა, თაკო მათ ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობდა და ერთხელაც არ უგრძნობინებია გოგონასთვის, რომ ის ზედმეტი იყო. გერი და დედინაცვალი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ და მაშინაც კი არ სცემდნენ ხმას, როდესაც პირისპირ შეხვდებოდნენ ხოლმე. როდესაც გურამმა თაკოს გამტაცებელთა გზავნილი მიიღო და ნაირასაც აყურებინა, ქალმა ქმარს უთხრა:
– ხვალ დილით რომ წავალ, ფულს ერთ საათში გამოგიგზავნიო.
***
გურამ ჯიბლაძე ზესტად საღამოს ათ საათზე დაიძრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. მხარზე შავი ფერის ტყავის ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. ჩანთაში კი ასი ცალი ასდოლარიანების დასტა ეწყო, რაც, საბოლოო ჯამში, ერთ მილიონ დოლარს შეადგენდა.
მაისის თბილი საღამო იდგა. გურამს თხელი, საგაზაფხულო პიჯაკი ეცვა. სიგარეტს აბოლებდა და ქუჩაში, ზღვა მანქანების ყურისწამღები ხმაურის ფონზე ნელა მიაბიჯებდა. ასეთ ვითარებაში ჩაუარა მან ზოოპარკს და ვარაზისხევის ასახვევამდე სულ რაღაც სამოციოდე მეტრი რომ რჩებოდა, მხარზე ხელის შეხება იგრძნო. მიიხედა და შავებში გამოწყობილი, შავშლემიანი ადამიანი შერჩა ხელში. მას სახე არ უჩანდა და გურამს ბოხი ხმით უთხრა: „გაზაფხულია, მაისი. მომეცი მილიონი დოლარი“. შემდეგ ჩანთა მოხსნა და სანამ დაბნეული გურამი გამოერკვეოდა მოტოციკლეტი ადგილიდან დაძრა და ვერის აღმართი ისე სწრაფად აიარა, რომ გურამმა თვალი ვერ შეასწრო. სახლში რომ დაბრუნდა, გივი ხარაძე კვლავ სავარძელში იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. გურამს ჰკითხა:
– როგორაა საქმე?
– გადავეცი. უფრო სწორად, ჩანთა ლამის ძალით წამგლიჯა და გაუჩინარდა. აშკარაა, რომ პროფესიონალები მოქმედებენ, – თქვა გურამმა და გივის დაწვრილებით მოუყვა მოტოციკლისტის ამბავი. ბოლოს კი დააყოლა, – მეგონა, რომ ფულის წამღები პირისპირ შემხვდებოდა, ის კი უკნიდან მომეპარა. თანაც მოტოციკლით. შლემი ეკეთა, რომ სახე დაეფარა.
– კი. გეთანხმები, რომ თაკოს გატაცება პროფესიონალების ნაჩალიჩარია, – დაეთანხმა მეგობარს გივი და დააყოლა, – თაკოს დაველოდები. ალბათ, ორ-სამ საათში მოვა და ჩემს ნათლულს ყველაფერს გამოვკითხავ.
– ჰო, რა თქმა უნდა, – დაეთანხმა გივის გურამი. შემდეგ მოსამსახურე გოგონა იხმო, მსუბუქი ვახშმისა და ბლომად დასალევის მოტანა სთხოვა და გააბოლა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3