კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ ელის საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არჩევნებს, როგორც ბასიანის ბრძოლას და რატომ არ დაპატიჟეს სტამბოლში პუტინმა და ერდოღანმა მარკონთან და მერკელთან შეხვედრაზე ტრამპი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სანამ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიით ვერთობით, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტმა რფ-ელ პუტინს, გერმანელ მერკელსა და ფრანგ მაკრონს უმასპინძლა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა  სირიის საკითხზე იმსჯელეს. უცნაური ის იყო, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც ირანის პრეზიდენტი (რომელიც რფ-სა და თურქეთთან ერთად ერთ არაფორმალურ კოალიციად მოიაზრება სირიის საკითხში და არა მხოლოდ) და არც აშშ-ს წარმომადგენელი (რომელიც, წესითა და რიგით, ერდოღანის, მერკელისა და მაკრონის სტრატეგიული პარტნიორია). საინტერესოა ისიც, რომ იმავე პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს კვლავ განუახლა სანქციები ნავთობპროდუქტებზე, რაც, სხვათა შორის, რუსეთის წისქვილზეც დაასხამს წყალს, იმ თვალსაზრისით, რომ ირანის ნავთობის ამოვარდნა ნავთობის მსოფლიო მარაგიდან ნავთობის ფასს გააძვირებს; ეს კი სულზე მისწრებაა რუსეთისთვის.
რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა და ნიშნავს თუ არა ამ შეხვედრის ფორმატი, რომ დასავლეთი აწ უკვე სხვადასხვა ბანაკებად ცდილობს   თავისი კერძო და არა საერთო მიზნის მიღწევას?
ამ თემას ექსპერტთან კავკასიის საკითხებში,
ვასილ პაპავასთან ერთად განვიხილავთ.

– სტამბოლში მერკელისა და მაკრონის გამოჩენა უკავშირდება იმასაც, რომ მანამდე მათ მოიარეს სამხრეთ კავკასია, თუმცა მაკრონმა არ დაგვაფასა და მხოლოდ ერევანსა და ბაქოს ესტუმრა...
– დავიწყოთ იმით, რომ სტამბოლის ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო ერდოღანი და დანარჩენი მონაწილეებიც გარკვეულწილად ეთანხმებოდნენ ერდოღანის ძირითად პოსტულატებს, რაც საჯაროდაც ითქვა.
– შევახსენოთ მკითხველს.
– იდლიბის პროვინციაში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, იმ შეთანხმების შესრულებაა, რაც დაიდო, ზომიერი ოპოზიციის განიარაღება და გამიჯნვა სხვა რადიკალური დაჯგუფებებისგან; რომ რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ნაწილები ჩაერევიან, თუ უკონტროლო „ბოევიკები“ დაარღვევენ ამ შეთანხმებას. ასევე, ილაპარაკეს დევნილებზეც. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე წლის წინათ ევროპას დიდი პრობლემა შეექმნა მიგრანტების სახით.
– გერმანიამ ფულიც გადაუხადა თურქეთს სირიელი დევნილების მიღებისთვის.
– თურქეთის აზრით, ის თანხა არასაკმარისია, საუბარი იყო რამდენიმე მილიარდზე, მაშინ, როდესაც თურქეთს ეს, როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე ასეული მილიარდი დაუჯდა. თურქეთი ევროკავშირისგან უფრო მეტ დაფინანსებას ითხოვს. თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი სირიელი მიგრანტია, რაც ხარჯია და თურქეთს უნდა, რომ მათ რჩენაში დასავლეთმაც შეიტანოს თავისი წვლილი. ამიტომ მინიშნებაც იყო, რომ შესაძლოა, იგივე კრიზისი განმეორდეს ევროპაში, რაც მაშინ, როდესაც დევნილების ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებს მიაწყდა და, ფაქტობრივად, გაარღვია ეგრეთ წოდებული ლიბერალური საზღვარი.
– რატომ ესწრებოდნენ ამ შეკრებას მხოლოდ მერკელი და მაკრონი? მხოლოდ მათ ხომ არ აწუხებთ დევნილების თემა, თუ ევროკავშირის სახელით ლაპარაკობდნენ, თუ ევროკავშირიც გაიხლიჩა?
– ექსპერტებიც ვარაუდობდნენ, წინა ფორმატებთან შედარებით, რომლებიც შეიქმნა სირიაში ვითარების ნორმალიზაციისთვის და აშშ-ს, საუდის არაბეთისა და სხვა ნავთობმონარქიების  მიერ წახალისებული ოპოზიციის აქტიურობის უკანა პლანზე გადასაწევად, ასტანის ფორმატი დომინირებდა. თუმცა ამ ოთხეულის ბოლო შეხვედრა სტამბოლში არღვევს ასტანის ფორმატს, იმიტომ რომ ირანი, ფაქტობრივად, ამოვარდნილია, მისი ხსენებაც არ ყოფილა.
– პარტნიორებმა, პუტინმა და ერდოღანმა, ჟარგონით რომ ვთქვათ, „გადააგდეს“ როუჰანი?
– ვიცით, რომ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები. ირანისა და რუსეთის ზურგს უკან არავინ დგას, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ, თუმცა სირიაში გამოიკვეთა ერთგვარი დაპირისპირება რუსეთსა და ირანს შორის, იმიტომ რომ ირანი მომხრეა, სამხედრო გზით გადაწყდეს იდლიბის საკითხი, რუსეთი კი მზადაა, გარიგდეს თურქეთთან ირანის ხარჯზე და თურქეთი თავისკენ შეატრიალოს. მართალია, თურქეთი რჩება „ნატოს“ წევრ ქვეყნად, მაგრამ გვახსოვს მათი დაძაბული დამოკიდებულება აშშ-სთან.
– მე მოკლედ და პირდაპირ ვიტყვი: რუსეთს ირანი გარანტირებული ჰყავს, იმიტომ რომ როუჰანს მის გარდა არავინ უჭერს მხარს და ამიტომ ცდილობს პუტინი თურქეთის მონადირებას ირანის ხარჯზე?
– საეჭვოა, რომ ირანის პრეზიდენტი დაპატიჟებულიც არ ყოფილა, თუმცა ისიც სათქმელია, იქნებოდა თუ არა გამართლებული როუჰანის მონაწილეობა იმ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ მერკელი და მაკრონი. პირადად ჩემთვის უცნაური იყო მერკელის მონაწილეობა: გერმანია არ აქტიურობდა სირიის კონფლიქტში.
– მაშინ, როდესაც საფრანგეთის ავიაცია აქტიურ მონაწილეობას იღებდა სირიის კონფლიქტში.
– მაკრონის მონაწილეობა გასაგებია, თუნდაც, იმიტომ რომ სირია საფრანგეთის მანდატის ქვეშ იყო გასული საუკუნის 30-40-ან წლებში და, ამდენად, საფრანგეთს აქვს გარკვეული ინტერესები და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სირიაში ალავიტების აღზევება საფრანგეთის დამსახურებაა. გერმანიის მონაწილეობა კი ჩემთვის სიახლეა და შეიძლება, ეს მივაწეროთ მერკელის მცდელობას, კანცლერის პოსტიდან წასვლამდე დააფიქსიროს თავისი საგარეო პოლიტიკური აქტიურობა. იმიტომ რომ გერმანიაში აქტიურად იდგა სირიელი მიგრანტების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის, უმსგავსობის პრობლემა. ოპოზიციაც უტევს მერკელს ამ საკითხში და შესაძლოა, ასეთ კონტექსტში ცდილობს ქულების დაწერას, მაგრამ აქ უფრო ირანის ფაქტორის არხსენებაა მთავარი.
– მერკელისა და მაკრონის ჟესტი იყო ერთგვარი უპატივცემულობის დემონსტრირება ამერიკის შეერთებული შტატებისადმი?
– სირიის კონფლიქტი რამდენიმე წელია, დომინირებს მსოფლიო პოლიტიკაში და ახლო აღმოსავლეთში, ერაყის კონფლიქტის შემდეგ, ყველაზე ცხელი კერაა. როგორც კი ისლამური სახელმწიფო გამოჩნდა, ერაყმა უკანა პლანზე გადაიწია. დღეს სირია და ერაყი მიწასთან არიან გასწორებული, ისლამისტების მხოლოდ მცირე ჯგუფებიღაა შემორჩენილი – ერთი-ორ ქალაქსა და რამდენიმე სოფელს თუ აკონტროლებენ. ქურთების თემაც წამოიწია, მაგრამ ისევ მიჩუმათდა. არადა, სახალიფოს განადგურება აშშ-ს მიერ შეიარაღებული და გაწრთვნილი თურქების დამსახურებაა. სახალიფოს დედაქალაქი მათ აიღეს.
– რომ არა ქურთები, ვეჭვობ, სახალიფოს პრობლემა დღეს ამოწურული ყოფილო, ამიტომაა უცნაური, რატომ არ ჩანს აშშ, რომლის დამსახურებაცაა ყველაზე მეტად ისლამური სახელმწიფოს განადგურება?
– სირიის დაფაზე ბევრი მოთამაშეა და ყველა ცდილობს, თავისი ინტერესით იმოქმედოს. უხეშად რომ ვთქვა, მათი აქტივობა არ არის გუნდური. როგორც ჩანს, ამერიკა თურქეთთან რადიკალური დაპირისპირებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. თურქეთი არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო. თურქეთის პრეზიდენტი, მოგვწონს თუ არა მისი მმართველობის სტილი, არის ერთ-ერთი გამოჩენილი მსოფლიო პოლიტიკოსი, რომელზეც რეგიონში ბევრი რამაა დამოკიდებული. ამდენად, აშშ-ს გაუჭირდება ვითარების სათავისოდ შემოტრიალება. თურქეთის უკან დგანან სახელმწიფოები – რუსეთი, ჩინეთი, რომლებიც დაინტერესებული არიან ამერიკის დასუსტებაში და რომლებიც ამ დაპირისპირებას სათავისოდ გამოიყენებენ. ჩემთვის გაუგებარია, რას მოიმოქმედებს აშშ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მოკავშირეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ აშშ  მათ არ მიატოვებს.
– ამიტომაც დავსვი ეს შეკითხვა: ჩვენზე როგორ აისახება აშშ-ს პოზიციების შესუსტება ახლო აღმოსავლეთში? იმიტომაც ვახსენე მაკრონის მიერ თბილისისთვის გვერდის ავლაც სამხრეთ კავკასიაში სტუმრობისას. ჩვენ თამაშგარე დავრჩით?
– საქართველო ისეთ სიტუაციაშია, როდესაც არ ჩანს არა მხოლოდ საგარეო გეოპოლიტიკური აქტივობა, არამედ რეგიონული აქტივობა. იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თვითონ საქართველოსთვის რას ნიშნავს რეგიონული პოლიტიკა და რა ინტერესი აქვს, თორემ ისტორიულადაცაა ცნობილი და ამ ეტაპზეც, რა ინტერესები აქვთ რუსეთს, ირანსა და თურქეთს. უბრალოდ, მიდგომები იცვლება, ახალი კონფიგურაციის ალიანსები ყალიბდება, ინტერესები კი რჩება. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთის ომში თურქეთიც აქტიურობდა. ეხმარებოდა აფხაზ სეპარატისტებს, მაგრამ, როდესაც დაინახეს, რუსეთის როლი იყო დომინანტური და სეპარატისტები პირწმინდად პრორუსულები იყვნენ, თურქეთმა იმისთვის, რომ აზერბაიჯანისკენ გასასვლელიც არ დაეკარგა, გადაწყვიტა, ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინა საქართველოსთან. იმიტომაც შეწყვიტა სეპარატისტების  სრული მხარდაჭერა, თორემ ბევრი მოჰაჯირია თურქეთში და მათ აქვთ თავიანთი გავლენები. ამდენად,  მთავარია, ჩვენ რა ინტერესები გვაქვს. ვიმეორებთ ლოზუნგებს: რომ გვინდა „ნატოსა“ და ევროკავშირში გაწევრიანება. გასაგებია, რომ ეს არის საკვანძო მიმართულებები, მაგრამ მანამდე რას ვაკეთებთ?! აფხაზი და ოსი სეპარატისტები უკვე დაგვცინიან: იტაცებენ ჩვენს თანამემამულეებს, აკრძალეს ქართული ენა, გალისა და ახალგორის რაიონებში შოვინისტურ პოლიტიკას ეწევიან, არავის უგია პასუხი არც ოთხოზორიას არ არც ტატუნაშვილის მკვლელობის გამო. ჩვენ ვართ დაუცველები და მაინც მუდმივად რიტორიკის დონეზე ვლაპარაკობთ, რაც არაფერს გვაძლევს. რეგიონულ დონეზეც არაფერს წარმოვადგენთ, რომ აქ მაინც გამოვჩნდეთ რაღაც აქტივობით. მართალია, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაგრამ, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკონტროლებს, ის ტერიტორიაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ. რეალურად კი ხდება ის, რომ ვატარებთ არჩევნებს და ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვიბრძვით და ბასიანის ბრძოლის წინა დღეა. პოლიტიკური, იდეური ბრძოლა რომ იყოს, კიდევ გასაგები იქნებოდა ეს დაპირისპირება, მაგრამ ჩვენთან არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი არც პროდასავლური ვექტორი, არც სხვა მიმართულებები, უფრო ლოიალურია. ხუთპარტიაგამოცვლილი პოლიტიკოსები არიან ისევ პოლიტიკურ სცენაზე და იმდენად დამყაყდა ვითარება, რომ პირადად მე პერსპექტივას ვერ ვხედავ. არ ჩანს არც პოლიტიკური, არც სამხედრო ელიტა, არც ბიზნესმენები იჩენენ პასუხისმგებლობას. ყველა თავისი ინტერესით მოქმედებს: მოასწროს და, რაც შეიძლება, მეტი დააგროვოს.
– ამასობაში, ფაქტია, გადანაწილების წინაპერიოდია და ისეც შეიძლება, მოხდეს, რომ ამა თუ იმ ბანაკში ისე აღმოვჩნდეთ, ვერც კი მივხვდეთ?
– სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა არ იცის, რომ, თუ დიდი გადანაწილება მოხდა, ყველას ზედ მიაყოლებენ.
скачать dle 11.3