კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№46 დავით ყარსიმაშვილი – თუ პაციენტის პრობლემა თავიდან ბოლომდე არ გაითავისე, კარგი ექიმი ვერასდროს გახდები

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

მეან-გინეკოლოგი, ონკო-გინეკოლოგი, ქირურგი ლაპაროსკოპისტი  და პაციენტების საყვარელი ექიმი დავით ყარსიმაშვილი, ძირითად დროს საოპერაციოში ატარებს. წარმატებული ქირურგის სტატუსის მოპოვებასა და აღიარებაში მას წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარა.
დავით ყარსიმაშვილი: ყოველთვის მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და ამ მიმართულებით ჩემი პირველი წარმატებული ნაბიჯი სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება იყო. მოგეხსენებათ, მაშინ იქ მოსახვედრად საკმაოდ მაღალი კონკურსი იყო და ჩემს შემთხვევაში მე-8, მე-9 კლასიდან მეცადინეობაში გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი პირველივე წელს გავხდი.
– შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
– 2003 წელს წარჩინებით დავამთავრე ინსტიტუტი. 2003-2006 წლებში ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, პოსტდიპლომური განათლების მედიცინის აკადემიაში გავიარე კლინიკური ორდინატურა. გამიმართლა და ისეთ სამედიცინო ცენტრში მოვხვდი, სადაც იმ პერიოდში იწყებოდა ლაპაროსკოპიული ქირურგია. ეს სამი წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. 2006 წელს დავბრუნდი საქართველოში, ჩავაბარე სალიცენზიო გამოცდა და მას შემდეგ თბილისში ვმოღვაწეობ.
– თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებას ვინ შეუწყო ხელი?
– წარმოუდგენელია, რომ ახალგაზრდა ექიმმა მასზე გამოცდილი პროფესიონალების დახმარების გარეშე შეძლოს განვითარება. ჩემს შემთხვევაშიც არიან ადამიანები, ვინც დიდი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ გზაზე. ბატონი დავით დავარაშვილისა და თამაზ ნიკოლეიშვილის სახით არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდნენ. გამიმართლა, როცა კლინიკა „მედულაში“ მოვხვდი, სადაც ევროპული გამოცდილების არაჩვეულებრივ ქირურგს – ბატონ ბადრი სეფიაშვილს შევხვდი და პრაქტიკულად, მის ხელში გავიზარდე.
მუშაობა დავიწყე მეანობით დავით დავარაშვილთან, მერე გადავედი ოპერაციულ გინეკოლოგიაში. 2009 წლიდან კლინიკა –„მედულაში“, „MMT ჰოსპიტალში“ კი განყოფილების ხელმძღვანელი გახლავართ.
– ლაპაროსკოპიაში როდის დაიწყეთ მუშაობა და ონკოლოგიურ პაციენტებთან თუ მუშაობთ?
– ლაპაროსკოპია 2009 წლიდან დავიწყე და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ბატონმა რეზო ბოჭორიშვილმა. ონკოლოგის სახელი დამერქვა, იმიტომ რომ დიდ ონკოლოგიურ ოპერაციებს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი ოპერაციების 70 პროცენტზე მეტი არაონკოლოგიურია.  პრაქტიკულად, გინეკოლოგიაში რაც კი ჩარევა ხდება, ყველაფერს ვაკეთებ.
– მეან-გინეკოლოგიას უთავსებთ ერთმანეთს?
– პროფესიით მეან-გინეკოლოგი ვარ, მაგრამ ორივე ერთად, პრაქტიკულად, არ გამოდის. მეანობით დავიწყე, მაგრამ მეანობას, ფაქტობრივად, შევეშვი. სულ საოპერაციოში ვარ და ორივე მიმართულებით მუშაობას ფიზიკურად ვერ ვასწრებ. ვცდილობ, ჩემი ყველა ქმედება ხარისხზე იყოს დაფუძნებული, ამიტომ მირჩევნია, ერთი მიმართულებით დავკავდე და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი იქ გავაკეთო.
– რა ოპერაციებია ყველაზე რთული?
– ონკოლოგიის დროს ეს არის რადიკალური ჰისტერექტომია, ოპერაციული ჩარევები საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, რომელსაც  ვაკეთებთ როგორც ლაპაროსკოპიულად, ისე ტრადიციული მეთოდით. ყოფილა ისეთი რთული პაციენტი, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიხარ და ფიქრობ, ოღონდ ამ შემთხვევიდან გამოხვიდე და გარკვეული პერიოდი საოპერაციოში აღარ შეხვალ, მაგრამ როგორც კი მთავრდება, ყველაფერს ისევ თავიდან იწყებ. ამაშია პროფესიონალიზმი. ბევრს უკვირს, ასეთ რთულ სიტუაციაში მშვიდად როგორ ხარო, მაგრამ როცა იცი, რას აკეთებ, მაშინ ნერვიულობის მიზეზიც არ გაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგ-პროგრამები ძალიან კარგადაა საქართველოში აწყობილი,  ხშირად მოდიან ონკოლოგიური პაციენტები სიმსივნის შორს წასული ფორმებით. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ოპერაციასაც ვერ ვაკეთებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საშვილოსნოს ყელის კიბო, როდესაც დიდი ჩარევაა საჭირო, ზოგს ჰგონია, რომ მარტო საშვილოსნოსა და ყელის ამოკვეთაა საჭირო, სინამდვილეში ასე არ არის, ჩვენების მიხედვით, უნდა ამოიღო ირგვლივ მდებარე ლიმფური კვანძები, საშვილოსნოს ზედა მესამედი, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილი, ისე, რომ  შეინარჩუნო ყველა ნერვული წნული, რომელიც აინერვირებს შარდის გამომყოფ სისტემას. საკმაოდ დიდი და რთული ოპერაციაა და ჩვენ ვაკეთებთ ამას როგორც ლაპარასკოპიით, ისე ღია წესით.
რაც შეეხება ოპერაციებს  საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ეს, პირობითად, გინეკოლოგიური ოპერაციაა. საკვერცხის სიმსივნის გავრცელება ხდება ინპლანტაციური გზით, შეიძლება, ინპლანტი გაჩნდეს ბადექონზე, ღვიძლის კაფსულაზე, ელენთასთან, ამიტომ ონკო-გინეკოლოგიური ოპერაციები სპეციალიზირებულ კლინიკებში უნდა ჩატარდეს.
ჩვენ გვაქვს სრული საოპერაციო მომსახურება – გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი, ამიტომ პაციენტი სრულყოფილ მომსახურებას იღებს.
– რა რეკომენდაციებს მისცემთ ჩვენს მკითხველს, ზემოაღნიშნული დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
– თხოვნა და პირველი რეკომენდაციაა, რომ აუცილებლად იარონ სკრინინგზე. ქალბატონებში სიმსივნის განვითარების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ამიტომ ასეთი პაციენტები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ.  თუ ქალბატონი გეგმიურად ივლის სკრინინგზე, გამორიცხულია, მაგალითად, საშვილისნოს ყელის სიმსივნე გაეპაროს. საკვერცხის სიმსივნე ცოტა ძნელი გამოსავლენია, რადგან ეს არის მუცლის ღრუში და სკრინინგის დროს ასი პროცენტით დიაგნოზის დასმა რთულია, ამიტომ აქ ვითვალისწინებთ გენეტიკურ ფაქტორებს. სამწუხაროდ, საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზით პაციენტები, ძირითადად, შორს წასულ სტადიაში მოდიან.
– რა არის საკვერცხის სიმსივნის პირველი ნიშნები?
– საწყის სტადიაზე საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, პრაქტიკულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს – პირველი ნიშნებია: ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, წონაში კლება, მაგრამ როგორც ვთქვი, როცა სიმსივნეს უკვე სიმპტომები გამოუჩნდება, სამწუხაროდ, ის უკვე კარგად ჩამოყალიბებულია.
– ამ ეტაპზე რომელ სამედიცინო ცენტრებში ხართ დაკავებული?
– ამჟამად ვმუშაობ  „კონსილიუმ მედულაში“ და „MMT ჰოსპიტალში“. ძირითადად  გეგმიური ოპერაციებით ვარ დაკავებული. ჩვენთან თითოეული პაციენტის ოპერაციული მკურნალობის ჩვენების  გადაწყვეტას და შემდეგ მათ მომზადებას საკმაოდ დიდი დრო და ყურადღება ეთმობა. პაციენტი ოპერაციამდე გადის გამოკვლევების გარკვეულ ეტაპს – დგინდება დიაგნოზი, ვარკვევთ, საერთოდ შეიძლება თუ არა ამ პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება, განისაზღვრება ოპერაციის ტაქტიკა და ასე შემდეგ, რასაც დაახლოებით 2-3 კვირა მაინც სჭირდება.
– რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში წარმატებისთვის?
– გამოცდილება, საკუთარ თავზე მუშაობა და ყველაზე მთავარი – პაციენტებთან მიდგომა. როგორი კარგი „ხელოსანიც“ არ უნდა გამოხვიდე, თუ პაციენტის პრობლემა თავიდან ბოლომდე არ გაითავისე, კარგი ექიმი ვერასდროს გახდები.
скачать dle 11.3