კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ უწოდა ჩერჩილმა სტალინს რუსეთის იმპერიის „უგვირგვინო მეფე“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინის ძალაუფლების საიდუმლო კადრებშია, რომლებიც რევოლუციონერმა „კობამ“ ჯერ კიდევ მეფის რუსეთში მოამზადა და ძალიან მარჯვედ გამოიყენა ბელადმა სტალინმა. პროფესორი პავლე კარბიშევი წერს: „ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა თავის მემუარებში დაწერა: ბატონი სტალინი ჯერ კიდევ მეფის რუსეთში, ბოლშევიკურ გადატრიალებამდე დიდი ხნით ადრე იყო რუსეთის იმპერიის უგვირგვინო მეფე. ის დიდ გავლენას ახდენდა სახელმწიფო პოლიტიკაზე და მის ხელისუფლებაში მოსვლა ამ სტატუსის ოფიციალურად გაფორმება („გაპრავება“) იყოო. ჩერჩილის ეს სიტყვები ჰაერიდან მოტანილი არ ყოფილა, მზვერავებისა და ისტორიკოსების რეალური ინფორმაციების ღრმა ანალიზს ემყარებოდა.
მავანთ, მათ შორის, ზოგიერთ სერიოზულ, ცნობილ მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ უმძლავრესი ბოლშევიკური ორგანიზაცია ლენინის შრომის პროდუქტი იყო. არავინ დაობს იმაზე, რომ ლენინს უდიდესი წვლილი მიუძღვის ბოლშევიკური იატაკქვეშეთის შექმნაში და ეს იდეა ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა, მთელი პრაქტიკული, საიდუმლო ორგანიზაციული საქმიანობა, რაც უკიდეგანო რუსეთის იმპერიაში უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვდა, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის შესრულებული იყო, რომელსაც იმ პერიოდში „კობა“ ერქვა და ასე იცნობდა მას როგორც „ოხრანკა“, ასევე პარტიული ამხანაგები. სწორედ ამიტომ მოხდა ისე, რომ როდესაც ბოლშევიკური გადატრიალება განხორციელდა, უამრავ ძლიერ რევოლუციურ პარტიებს შორის, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, მხოლოდ ბოლშევიკებს აღმოაჩნდათ ის კადრები, რომლებიც უზარმაზარი რუსეთის მმართველობას შეუდგნენ. ემიგრაციაში გაქცეული რუსეთის დროებითი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ალექსანდრე კერენსკი იხსენებდა: „ბოლშევიკების ძალა, ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე ბევრად ადრე იგრძნობოდა, ხოლო როდესაც მეფე გადადგა და ჩვენ გავმმართველდით, მათი (ბოლშევიკების) რეალური ძალა კიდევ უფრო მეტად გამოაშკარავდა და ჩემთვის ნათელი იყო, რომ სწორედ ორნი იყვნენ ახალი რუსეთის მომავალი მმართველები. ყველას მიაჩნდა, რომ მათი ჭეშმარიტი ლიდერი ულიანოვ-ლენინი იყო და ის მართლაც მეთაურობდა მათ. თუმცა, პირადად მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ბოლშევიკების ბურჯი სტალინი იყო და ჩემი ვარაუდი ასი პროცენტით გამართლდა. როდესაც ჩემი მთავრობის მინისტრები დაჟინებით მიკიჟინებდნენ – ლენინი დააპატიმრე და ბოლშევიკები დაწყნარდებიანო, მათ ვპასუხოდი – ლენინი ბოლშევიზმის სახეა, ასე ვთქვათ, ფასადი. მათი რეალური, უდრეკი ძალა კი სტალინია-მეთქი...“ ლონდონში გამოქვეყნებულ მემუარებში კერენსკიმ დამალა ერთი ფაქტი, რომელსაც ისტორიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, უდიდესი და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თავის გამოუქვეყნებელ დღიურებში ფელიქს ძერჟინსკი წერდა: „შემოდგომის დადგომასთან ერთად პეტროგრადში პოლიტიკური ტემპერატურა უფრო და უფრო ზევით იწევდა. მართალია, დროებითი მთავრობა სულაც არ იყო ძლიერი, მაგრამ რეალური ძალაუფლება ჰქონდა და რაც მთავარია, მათ რუსეთის რეგულარული არმიის დიდი ნაწილი ექვემდებარებოდა. ამას კი გამწვავების შემთხვევაში შეიძლება, დიდი სისხლისღვრა მოჰყოლოდა. გარდა ამისა, ლაპარაკი იყო ლენინის დაპატიმრებაზე. ეს ჩვენ მნიშვნელოვან ზიანს მოგვიტანდა. დროებით მთავრობაში შესული ჩვენი ხალხი ყოველდღიურად გვაწვდიდა ცნობებს მათი გეგმების შესახებ და ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავით. ეს ინფორმაციები ჩემთან იყრიდა თავს. მე კი მათ სტალინს გადავცემდი და ის და ლენინი გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ზამთრის სასახლის აღებამდე სამი კვირით ადრე გვაცნობეს, რომ სტალინის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რომლის სანქციაც კერენსკის უნდა გაეცა და ეს უკანასნელი (ალექსანდრე კერენსკი) ყოყმანობდა. მოფიქრებისთვის ორმოცდარვა საათი მოუთხოვია და საიდუმლო პოლიცია მის გადაწყვეტილებას ელოდა. სტალინთან რომ ამ ცნობით მივედი, მან ჩიბუხი გააბოლა და კონსპირაციულ ბინაში ბოლთის ცემას მოჰყვა. ბოლოს ჩემ წინ შეჩერდა, თვალებში მომაჩერდა და მითხრა:
– კერენსკის უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. ვფიქრობ, გონიერი კაცია და რუსეთში ქაოსის მომხრე არ უნდა იყოსო.
დროებითი მთავრობის თავმჯდომარესთან საიდუმლო შეხვედრა 1917 წლის 6 ოქტომბერს, ღამის 12 საათზე მის რეზიდენციაში, პავლოვკაში შედგა. კობას მე და ლეონიდ კრასინი გავყევით. საქმის კურსში იყო ლენინიც, რომელიც ყველაზე მეტად ნერვიულობდა და სტალინს უთხრა: შენ დარჩი და ძერჟინსკი და კრასინი გაუშვიო, მაგრამ უარი მიიღო. კერენსკისთან საუბრის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მას უარი ეთქვა ტერორისტულ მეთოდებზე და ქაოსისთვის ხელი არ შეეწყო, რაც რუსეთისთვის დამღუპველი აღმოჩნდებოდა. სტალინმა მას უთხრა:
– ბატონო კერენსკი, ჩემი ლიკვიდაციით თქვენს აღსასრულს უფრო დააჩქარებთ, რომელიც საშინელი და უხვსისხლიანი აღმოჩნდება, ხოლო ჩვენს რიგებს კი ვერაფერს დააკლებთ. მეც, ილიჩიც და თუნდაც კიდევ ორი ათეული ჩვენი მეგობარი ერთ დღეშიც რომ დაგვხოცოთ, ამით ჩვენს მოძრაობას ხელი არ შეეშლება, ჩვენს ადგილს სხვები დაიკავებენ. მთავარი აქ სისტემაა, რომელიც ჩვენ შევქმენით და სისხლიან ქარტეხილებში გამოვატარეთ, ამ სისტემას კი ვერ დაამარცხებთო.
– „სტატუს ან სტატუ“, ანუ – სახელმწიფო სახელმწიფოში. ასე ეწოდება ლათინურად თქვენ მიერ შექმნილ სისტემას, ბატონო ჯუღაშვილო. გეთანხმებით. მართლაც უძლიერესი ორგანიზაცია გაქვთ. მე ეს კარგად ვიცი. ვიცი ისიც, რომ ეს ორგანიზაცია თქვენი შექმნილია და უპირობოდ გმორჩილებთ. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, მასთან დემოკრატიული ჭიდილი და არა ომი და ტერორი. მე არც ვფიქრობდი, რომ თქვენი მოკვლის ბრძანება გამეცა და რუსეთში ქარიშხალი გამომეწვიაო, – ასეთი პასუხი გასცა კერენსკიმ სტალინს და ჩვენ წამოვედით.“
კერენსკიმ ეს ეპიზოდი იმიტომ დამალა, რომ მას ბოლშევიკებთან ფარულ გარიგებაში დასდებდნენ ბრალს. მთლად ასე არ ყოფილა, მაგრამ, როდესაც დროებითი მთავრობა დაემხო, კერენსკის გაქცევის საშუალება მისცეს და ამის უკან სტალინი იდგა, რომელმაც ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა კერენსკის და ის არამცთუ მოაკვლევინა, არც კი დააპატიმრებინა. საგულისხმო ფაქტია, რომ როგორც კი ბოლშევიკები რუსეთის სათავეში მოვიდნენ და საბჭოების პირველი ყრილობა ჩაატარეს, მასზე დამსწრე 5 000 დელეგატს შორის 4 800 სტალინის არალეგალი ხელქვეითი იყო, რომლებმაც მთელი რუსეთის მასშტაბით მთავარი მმართველი პოსტები დაიკავეს. ამ ყრილობაზე ერთი საგულისხმო ფაქტიც მოხდა. როდესაც ახალი მთავრობის მეთაურის კანდიდატურა უნდა წამოეყენებინათ. ირკუტსკის დელეგაციამ სტალინი დაასახელა. თუმცა სტალინმა თავადვე განაცხადა ამაზე უარი. ლენინის კანდიდატურა წამოაყენა და სწორედ ის გახდა საბჭოეთის პირველი მმართველი. არა და, 4 800 მომხრიდან სტალინისთვის ნახევარსაც რომ  დაეჭირა მხარი, რაც, რა თქმა უნდა,  გარანტირებული იყო, სტალინი გახდებოდა საბჭოთა რუსეთის პირველი მმართველი. ეს კი გამოცდილ „კობას“ ჯერ ხელს არ აძლევდა და ნელ-ნელა ემზადებოდა დიდი ნახტომისთვის...“
скачать dle 11.3