კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რა ფარული მეთოდებით ერევა რუსეთი საქართველოს არჩევნებში და რატომ ადანაშაულებს რუსეთის აგენტობაში ყოფილი საბჭოთა დიპლომატი ყოფილ ფრანგ დიპლომატს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ამ წინასაარჩევნოდ ბოდიშების ისეთი კორიანტელი დატრიალდა, შექსპირი რომ ცოცხალი იყოს, კიდევ ერთ კომედიას დაწერდა – მაგალითად, „ჭირვეულის მორჯულების“ სტილში. ამან კი კიდევ ერთხელ მთელი ტრაგიზმით დაადასტურა, რომ პოლიტიკოსობა, მართლაც, უძველესი პროფესიაა. აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვები: შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მდინარეში მეორედ შესვლას (და არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მიღწევას ვგულისხმობ, არამედ, უპირველესად, იმავე მეთოდებით მართვას), ანუ რევანშს, ხოლო „ქართული ოცნება“ კი სათანადო გაკვეთილის გამოტანას (როგორ უნდა და როგორ არ უნდა მართვა) და მოინდომებს თუ არა მართვის ხარისხის რეალურად გაუმჯობესებას. ამ თემაზე თავის აზრს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გაგვიზიარებს.   
– უცნაური ბოდიშობანა, იმას გარდა, რომ სიახლეა ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მე აღვიქვი, როგორც ამომრჩევლის, საზოგადოების შეურაცხყოფა, იმდენად იკითხება მოტივი მომბოდიშებლისაც და ბოდიშის მიმღებისაც. თქვენი აზრით, შევა, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ან ცალ-ცალკე მეორედ იმავე მდინარეში?
– თუ ტრივიალურად შევნიშნავთ, მეორედ შესვლა შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი ახერხებს მეორედაც და მეოთხედაც. მაგალითად, ეს მოახერხა შევარდნაძემ. მიშა სააკაშვილიც დაბრუნებულია პოლიტიკაში და თუ ამას დაუშვებს და მიიღებს ქართველი ხალხი, ისიც იმავეს გაიმეორებს. ჯერჯერობით მაინც საზოგადოების ნაწილს ამისადმი მიუღებლობა არ ეტყობა, ოღონდ ეს ისევ და ისევ „ოცნების“ ხელისუფლების სისუსტის გამოხატულებაა, იმიტომ რომ ქართველი საზოგადოების 50-60 პროცენტისთვის და ამას თვით „ენ დი აისა“ და „აი აი რაის“ გამოკითხვებიც ადასტურებს, კატეგორიულადაა მიუღებელი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. მაგრამ ამ საზოგადოების 20 პროცენტი სტაბილურად უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ – მისგან გამოსულ პარტიებთან ერთად მოვიაზრებ. მეტიც, დავუშვათ, ისინი არიან 30 პროცენტამდე, მაინც გამოდის, რომ საზოგადოების ორი მესამედი მათი ხელისუფლების წინააღმდეგია. ოღონდ საზოგადოების ეს ნაწილი არ არის ერთგვაროვანი, აქ ზოგი ცალსახადაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე, ზოგი დასავლეთისკენ სვლისა და იმავდროულად, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მომხრეა და არის მესამე ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ დასავლეთს არანაირი სიკეთე არ მოუტანია და ისევ რუსეთისკენ შებრუნების მომხრეა. სხვათა შორის, არ მიმაჩნია მართებულად, საზოგადოების ამ ნაწილს რომ ლაგამი აქვს ამოდებული და არავინ უსმენს. პოლიტიკური პროცესი ისეთია, რომ ყველა შენაკადი ზედაპირზე უნდა ამოვიდეს.
– მაგრამ წინასაარჩევნოდ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მოქმედება ტოვებს არეულობის, არასტაბილურობის შექმნის მცდელობის შთაბეჭდილებას. მეორე მხრივ კი, რთულად გამოსათვლელი არ უნდა იყოს,  ვის შეიძლება, აძლევდეს ხელს ქვეყნის ეს დესტაბილიზაცია, რაც არ ნიშნავს, მაინცდამაინც, ვინმე დავალებას ასრულებს, დამთხვევა შესაძლოა, იყოს უნებლიეც.
– ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუკი, მაგალითად, ავღანეთში სულ ორი მოთამაშეა: აშშ და რუსეთი, სხვას არაფერი ესაქმება, ჩვენ გარშემო მსოფლიო მასშტაბის ბევრი მოთამაშეა: აშშ, თურქეთი, რუსეთი, თავისთავად – ევროპა და ირანი, რომელიც დღეს სანქციების ქვეშ გმინავს, მაგრამ, თუ იქიდან გამოვიდა, რეგიონული მასშტაბის სერიოზული ინტერესები ექნება. ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ქვეყანაში სტაბილურობას დიდი საფრთხე ემუქრება, მაგრამ არავინ ამას ყურადღებას არ აქცევს. არადა, ჩვენ ვნახეთ, როგორ შეარყია ძველი და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები დიდი ბრიტანეთი და აშშ „ბრექსითმა“ და საპრეზიდენტო არჩევნებმა და ისინი დღემდე ტორტმანებენ. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხიფათის შემცველია ამ ტრანსფორმაციული პერიოდის ეკონომიკის ქვეყანაში ასეთი საზოგადოებრივი სტრესი. მით უმეტეს, ჩვენ საპრეზიდენტო არჩვენებისთვის კი არ ვემზადებით, არამედ, ფაქტობრივად, დაიწყო საპარლამენტო არჩევნების ციკლი. ანუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების ამოცანა, რასაც მიაღწევენ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში და ჩვენთან უვადოდ იქნება საარჩევნო რეჟიმი. ეს ნიშნავს ეკონომიკური პროცესის შეფერხებას, ინვესტორების დაფიქრებას და წინა პლანზე მნიშვნელოვანი კატაკლიზმების წამოწევას. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორმე, ასე ან ისე, ეს პროცესი უნდა დასრულდეს: ან სალომე ზურაბიშვილმა დaა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს და შემდეგ დაიწყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ან პირობა უნდა დადოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ საპრეზიდენტო პოსტის ჩაბარების შემთხვევაში ისინი არ მოითხოვენ დაუყოვნებლივ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის აქტივაციის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება და ბევრი გაუგებრობისთვის გაწირავს ამ ქვეყანას. და ერთ საკითხზე უნდა დავფიქრდეთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი?!
– ხშირად მეც ვფიქრობ ამაზე, ვის მოუნდება ასეთ არასერიოზულ ქვეყანასთან ურთიერთობა, იმას გარდა, რომ მტერს გაუადვილდება თავისი მიზნების მიღწევა?
– ქვეყნის პოლიტიკური ხელმღვანელობა, პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ფხიზლად უნდა აკვირდებოდეს, როგორია ეს დამოკიდებულებები და როგორ იცვლება. შეერთებულ შტატებს აქვს ინტერესი, მაგრამ ჯერაც არ დაუნიშნავს ელჩი, ესეც რაღაცას ნიშნავს, რატომ გახანგრძლივდა ეს პროცესი. ამას ერთი ახსნა აქვს: თვითონ აშშ-ში არის პოლიტიკური კლასი ორ ბანაკად გაყოფილი, ამიტომ აქ ოპერატიული რეაგირება ვერ ხერხდება. ჩემი აზრით, მათ არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოსთან მიმართებაში. ამას ემატება ევროკავშირის ინტერესები და პოლიტიკა და პლუს – რუსეთი. რუსეთს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რაც ჩვენი მედიის, ანალიტიკური და პოლიტიკური სექტორების ყურადღების მიღმაა დარჩენილი. არადა არც რუსული პოლიტიკური კლასი და არც მისი  პროპაგანდისტული მანქანა არ უარყოფს, რომ ყველგან აქვთ ინტერესი და ამ ფონზე როგორ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთს არ აქვს თავისი მკაფიო მიზანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მიმართ?!
– ჩვენთან ისევ აქტუალურია რუსეთის აგენტობის თემა, თითქოს რუსული ჩარევა ისაა, რომ აშკარად გამოაცხადებს, ვის უჭერს მხარს. როდესაც ვიცით, რა სკანდალი გამოიწვია თვით აშშ-ში რუსული სპეცსამსახურების კვალმა. ჩარევა არის უხილავი და ისახება მხოლოდ შედეგში, მათ შორის, დესტაბილიზაციის გამოწვევის მხრივაც. რით იკვეთება რეალური რუსული გავლენა და ჩარევა ქართულ არჩევნებში?  
– დასტურად მოტანილია თითქოს კოსაჩოვის ნათქვამი, მხარს დავუჭერთ ზურაბიშვილის კანდიდატურასო, მაგრამ როდის იყო, რომ რომელიმე ქვეყანა მხარს უჭერდა რომელიმე კანდიდატს და ამის შესახებ საჯაროდ ამბობდა?! მეორე – არ გამოვრიცხავ, რომ მათ ეიმედებათ ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსეთში გამდიდრებული ადამიანი და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფალი, მაგრამ, რეალურად, ჯერჯერობით ამ დაიმედების შედეგი რუსეთის სასარგებლოდ არ ჩანს. მეორე კანდიდატი არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ატომური სააგენტოს ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც რუსული კულტურის ნაწილად მიიჩნევს თავს და რომლის პიარსაც რუსეთიდან ჩამოსული სპეციალისტები უძღვებიან. „მიმოს“ კურსდამთავრებული და კარგად ვიცით, რას წარმოადგენდა „მიმო“ – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, მათ შორის, მისი ფილიალი კიევში, რომელიც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დაამთავრა.
– მართლაც მოხერხება უნდა, რომ ადამიანმა, ვინც აცხადებს, რომ ამაყობს, რაკი საბჭოთა დიპლომატი იყო, მოახერხა მისი კონკურენტისგან რუსეთის აგენტი შეექმნა.
– ვინც პიარტექნოლოგიებს იცნობს, მისთვის ცხადია, რა ხდება. ის აზრი შექმნეს კონკურენტზე, რაც შეიძლებოდა, მათ მიმართ გაჩენილიყო, ამიტომ დაგეგმეს მისმა პიარკონსულტანტებმა და დააბრალეს კონკურენტს. თეორიულად, არავის მიმართ არ გამოირიცხება არც რუსეთის, არც აშშ-ს, არც თურქეთის აგენტობა, მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვსვამთ კითხვას, რა ინტერესი აქვს რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს საპარლამენტო არჩევნების რეჟიმში?! ამაზე ჩვენთან არავინ ლაპარაკობს, თუმცა მე რუსეთისგან ბუის შექმნას ვერიდები და მასთან ურთიერთობის მოწესრიგების მომხრე ვარ, რაც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლის საფრთხე განეიტრალებული იყოს. თუ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ, როდის დადგება გლობალურ სივრცეში ის ვითარება, რომ საქართველო დადგეს ბევრ რეგიონზე წინ რუსეთისა და აშშ-ს მოლაპარკებათა დღის წესრიგში.
– როგორ ფიქრობთ, „ნაციონალები“ იმ მდინარეში მეორედ შესვლის შემთხვევაშიც მართვის იმავე მეთოდებს გამოიყენებენ  და გამარჯვების შემთხვევაში რეალურად გამოასწორებს თუ არა „ოცნება“ მართვას?
– თავის დროზე, როგორც მათმა წარმომადგენელმა განაცხადა, 25 წლით აპირებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას, სხვათა შორის, ამ მხრივ, ბიძინაც სცოდავს: რომელმაც 2030 წელი მოინიშნა და არც ერთი და არც მეორე არ ითვალისწინებს, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, რომელიც გარიყულია პოლიტიკიდან იმის შიშით, რომ მართლაც არ გაიმარჯვოს ღირსეულმა სამართლიან არჩევნებში. რაც შეეხება იმას, გააკეთებენ თუ არა იმავეს: მათი ლიდერი და მისი მიმდევრები იმდენად ვირტუოზი პოლიტტექნოლოგები არიან, რომ მათ შეუძლიათ 2-3 წლის განმავლობაში ვირტუალურ სივრცეში შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს სხვაგვარად მოქმედებენ, მაგრამ ის ხელისუფლება, რომელიც ახლა მოვა, თუ მოვიდა, იქნება გაცილებით დაუნდობელი სხვაგვარად მოაზროვნეების მიმართ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში. თუ მაშინ თავისუფალი აზრი უკიდურეს დონეზე არ იდევნებოდა და, მაგალითად, მე და თქვენ ვმუშაობდით და გარდა გარკვეული შეზღუდვებისა, რეპრესიები არ შეგვხებია, თუმცა  ხიფათის შემცველი იყო ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება, ახლა გაცილებით დაუნდობლად იმოქმედებენ, ამიტომ აქვე უნდა დავაზუსტო: არ გამოვრიცხავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ მე, როგორც საზოგადოების ერთ წევრს, მაქვს კატეგორული მოთხოვნა: ადეკვატურად შეფასდეს, რა გააკეთეს იმ ცხრა წელიწადში და მეორე – რაც მოხდა, იმ დანაშაულობებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პირები წავიდნენ ამ პარტიიდან და პოლიტიკიდან. სანამ ეს არ მომხდარა, მათი დაბრუნება ნაადრევია.
скачать dle 11.3