კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№45 რატომ სწყევლიან და ეჩხუბებიან ასაკოვანი ქალები გიორგი ნაზღაიძეს და რატომ გადაწყვიტა მან პატიოსნად ცხოვრება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

გიორგი ნაზღაიძე ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდა, რადგან წლების განმავლობაში ბევრი რამ გადააფასა, შეცვალა. როგორც თავად ამბობს: ძველი გიორგი მოკლა და ახლა უკვე ახალი გიორგი არსებობს. მან იმიჯიც შეიცვალა, რომელიც ძალიან უხდება და ბოლო პერიოდში სკანდალებისგანაც შორს იჭერს თავს.
გიორგი ნაზღაიძე: ცხოვრებაში ცვლილებები აუცილებელია. წინა გიორგი მოკვდა და ახალი გიორგი გაცოცხლდა. იმიჯი რომ შევიცვალე, ანუ თმა გავიზარდე, ზოგჯერ უკან ვიკრავ ხოლმე და ჩემმა მეგობრებმა მითხრეს: ძალიან კარგია, არ გაბედო შეჭრაო. ბიჭები მეუბნებიან, წინა ფოტოებს რომ ვუყურებთ, ფუ, რას ჰგავდი, რა მახინჯი იყავიო. ზოგჯერ კი: ალბათ, დაბერდი და მაგის ბრალიაო.
– შენც ფიქრობ, რომ დაბერდი?
– დავბერდი არა, უფრო დავღვინდი. მაგრამ რა აზროვნებაც მქონდა და რა ენაც მაქვს, ისევ ის დამრჩა – ენას ვერაფერს უზამ. როგორც ადრე ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, ახლაც ვაფიქსირებ. იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და სადაც ვაზელინი დიდი რაოდენობითაა, ჩემი ენა რაღაცებში ხელს მიშლის. მაგრამ მირჩევნია, ადამიანს პირდაპირ ვუთხრა, რასაც ვფიქრობ. ერთი-ორჯერ ვცადე „ვაზელინობა“, მაგრამ საკუთარი თავი შემზიზღდა და მანდ გავჩერდი.
– ძველი გიორგი მოკვდაო და შენ მოკალი თუ თავისით მოკვდა?
– მე მოვკალი. საბოლოოდ მკვდარია წინა გიორგი. რაღაცებში ნაკლებად ხმაურიანი და სკანდალურია. თუმცა ტელევიზიაში ჩემს ყველა გამოსვლას მაინც ხმაური მოჰყვება ხოლმე და რა გავაკეთო?! თუ წინ მიზის უვიცი ადამიანი, რა ვქნა, ის გადაცემა ხმაურიანი იქნება. გადაცემაში სულ ვიღაც მყავს ხოლმე „სათრევი“. არასდროს ვნანობ იმას, რაზეც მისაუბრია, რადგან ის იყო რეალობა. თუ ჩემმა მეგობრებმა, ოჯახმა, ჩემმა ძმებმა, ნათესავებმა მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ, საზოგადოებამაც ასეთი უნდა მიმიღოს. თუმცა, ყველას არ ეყვარები, ესეც პლუსია. ესე იგი, აქტუალური ტიპი ხარ. ყველას რომ უყვარდე, შენი ცხოვრება დამთავრებულია. ღმერთი არ უყვარდა ყველას და მე ღმერთზე წინ როგორ წავალ. ჩვენ, ოთხივე ძმას, ცხოვრების რადიკალურად განსხვავებული, სხვადასხვა გზა გვაქვს არჩეული.
– ძმებში შენ იყავი ყველაზე ურჩი და უმართავი?
– ასე გამოვიდა, რომ დღესაც უმართავი ვარ, რადგან ყველამ თავის გზას მიაგნო. დალაგებულები, მშვიდად არიან საკუთარ ოჯახებთან ერთად. ჩემი გზა მაინც მარტო, ქაოსურად მიდის. ჩემმა ოჯახმა იცის, ვინ ვარ და იმის იქით არაფერი არ აინტერესებთ. ეს არის ძალა, რომელსაც ჩემი ოჯახი მაძლევს.
– ძველი გიორგი უფრო მოგწონს თუ დღევანდელი?
– პრინციპში, მეგობრებში ისევ ისეთი მასხარა ვარ. ადამიანი ყველა ასაკში უნდა იცვლებოდეს, იზრდებოდეს. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც 40 წლის ასაკში თინეიჯერობს, 30 წლის ასაკში კი მოხუცივით იქცევა, ვიღაც თავისი ასაკისთვის შეუფერებლად „ნაშობს“... 40 წლის მერე ეწყებათ ხოლმე კაცებს
მსგავრი რაღაცები. ჩემს მეგობრებს სულ ვეუბნები: მსგავსი რამ თუ დამემართება, აზრზე მომიყვანეთ-მეთქი.
– მასხარა ვარო და რას გულისხმობ?
– ჩემს მეგობრებთან სულ ვცანცარებ. გარეთ სერიოზული ვარ, ჩემი კედელი მაქვს, რომელიც ერთგვარი თავდაცვაა. დიდი სამეგობრო წრით არ გამოვირჩევი, უახლოესი მეგობრები მყავს და მათთვის ვარ მასხარა, ვცანცარებ და ვახალისებ ხოლმე, პოზიტივს ვაფრქვევ.
– რის გამოსწორებას ცდილობ საკუთარ თავში?
– მომთმენი არ ვიყავი. როცა რაღაც გინდა, ცოტა უნდა გაჩუმდე. დღეს უფრო მეტად ვითმენ. ასევე, უკვე ყველას აღარ ვენდობი, ბევრს არ ვლაპარაკობ, სიგარეტს აღარ ვეწევი, აღარაფერს აღარ ვეკარები.
– რას გულისხმობ?
– ხომ არსებობს გართობის ბევრი საშუალება, აღარაფერს აღარ ვეკარები, პატიოსნად ვცხოვრობ. ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში, ნემსი არა, მაგრამ მძიმე ნარკოტიკიც იყო და ზოგადად, ჩემნაირი ტიპაჟისთვის მარტივია ეს ყველაფერი. უნდა გასინჯო, ნახო, გაერთო, მაგრამ სადღაც უნდა დაამთავრო. უცხოეთში რომ მიდიხარ, რაღაც ახალი უნდა გასინჯო, ნახო, მაგრამ გოიმივით არ უნდა „შეჯდე“. ხამობაა ის, რაც დღეს ხდება. მარიხუანა რომ დაუშვეს საქართველოში, დახამებულები არიან, თითქოს მანამდე არ ეწეოდნენ.
– უდარდელი ტიპი ხარ?
– რომ დავდგე და ჩემი პრობლემები მოგიყვე, მერე აზრი? მომისმენ, მაგრამ შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე – ჩემი. რატომ უნდა „დაგგრუზო“. ვცდილობ, ჩემი პრობლემები თვითონ მოვაგვარო. ბევრს უთქვამს: გიორგის რა ედარდება, არ მუშაობს, ფული აქვს... მაგრამ საიდან აქვსო – ეს ვერ ამოხსნეს. პრობლემები იგივენაირად მაქვს, შეიძლება, მეტადაც კი. მთელი ჩემი დაგროვილი ქონება, ძვირად ღირებული ავტომობილი, საათი, ყველაფერი გავყიდე. ესეც ძველი მეგობრების ამბავია – ვენდე, მანქანა მივეცი, ფული ვასესხე და მოკლედ, ამხელა პრობლემებში გავეხვიე და ისევ ჩემით ამოვედი.
– ისე, მართლა საიდან გაქვს ფული – ამოვხსნათ ეს ამოცანა.
– ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ბევრ ადგილას. მათი სურვილია, ჩავიდე, მოვინახული. მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მეგობრები ჩაგვიყვანონ და თავისთან, სახლში დაგვასვენონ. არის სიტუაცია, როცა სადღაც საკუთარ საქმეზე მივდივარ. ჩემს ბიუჯეტს გარეთ ვერ გამოვფენ. ვმუშაობ უძრავი ქონების კომპანიაში და ვისაც გინდათ, ბინას გაგაყიდინებთ ან გაყიდინებთ.

– სულ ლაპარაკობენ იმაზე, რომ გიორგის მდიდარი საყვარელი ჰყავს, რომელთან ერთადაც ზღაპრულ ადგილებში ისვენებს ხოლმეო. ამის ეჭვს ისიც ბადებს, რომ ასეთ ადგილებში მხოლოდ შენს ფოტოებს დებ ან მაგიდის ფოტოს, რომელიც ორ კაცზეა გაშლილი და მეორე არასდროს ჩანს. კადრს მიღმა ვის მალავ ხოლმე?

– პიარი ვიცი კარგად და ამას ვიყენებ დასვენებაშიც, ფოტოებშიც და ყველგან, სადაც საჭიროა. როდესაც საჯარო პირი ხარ, არ გინდა აქტუალურობა დაკარგო. რაღაცის გამოჩენა რომ არ მინდოდეს, არ გამოვაჩენდი. ახლაც ვიყავი დასასვენებლად და არ ვამბობ, სად ვიყავი. ორგან ვისვენებდი და სულ რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარმა იცის. აქედან მარტო წავედი. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, როდესაც არავის ვუთხარი, სად ვიყავი და ვისთან ერთად. რომ ჩამოვედი, ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, დასვენებული სახე გაქვსო. ძალიან რთულია, ამ ქვეყანში მშვიდად იცხოვრო. თან, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, ბევრი უთანხმოება მომივიდა: მძარცვავდნენ, ფული წამართვეს გამატყავეს, დასტერესილი ვიყავი და ყველაფრისგან ერთიანად დავისვენე. ზოგადად, მიყვარს მარტო დასვენება და ყველაზე დიდ სიმშვიდეს მაშინ განვიცდი, როცა მარტო ვარ. როცა საკუთარი თავის მბრძანებელი ვარ, ეს არის ყველაზე დიდი „კაიფი“. ის, რომ ვიღაც მყავს – არა. ჩემი გული თავისუფალია, უბრალოდ სიყვარულის არ მჯერა.
– რატომ არ გჯერა?
– იყო დიდი იმედგაცრუება, მეგონა, სამუდამო სიყვარული იყო და ტკივილად დამრჩა. გაუგებარი რამ მოხდა, ერთ დღესაც დავიშალეთ, მიზეზიც არ ვიცი. მინდა, რომ სიყვარულის მჯეროდეს, მაგრამ ჯერ ვერ ვიჯერებ. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ, მე არ ვარ ის კატეგორია, აქეთ-იქით სიარული რომ უყვარს. არც ის კატეგორია ვარ, რადგან სიყვარული არ არის, აქეთ-იქით უნდა ვიარო. მაგრად მეზარება და არც მადარდებს, აღარ ვარ იმ ასაკში.  33 წლის ვარ, რაღა დროს ჩემი ასეთებია.
– იყო ისეთი რამ, რაც ძალიან გაღიზიანებდა?
– რომ ვხედავ, ჩემს ოჯახის წევრებს არ ეშლებათ ნერვები, არც მე მეშლება. შემიძლია, მშვიდად დავჯდე და ჩემ შესახებ დაწერილი სტატიის ქვეშ ვიკითხო კომენტარები. ამას სულ ვაკეთებ. ბევრი დადებითია, ბევრი – უარყოფითი. შეიძლება, ძალით გავაღიზიანი, ქვემოთ რამე დავუწერო. მერე უარესს წერენ ხოლმე და მომწონს, მანდაც ჩემს პიარს ვიყენებ. „ფეისბუქში“ აგრესიული შეტყობინებებიც მომსვლია, მუქარები, ლანძღვები... რაღაც გადაცემების მერე მოხუცი ქალები მწყევლიან, მეჩხუბებიან და მაგათაც ვწერ ხოლმე. გამორიცხულია, რომ ვლანძღო. ჩემი თავის ფასი ვიცი, სხვებმაც იციან და ვიღაც სულელი ქალის, კაცის გამო ნერვებს არ მოვიშლი.
скачать dle 11.3