კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 დამნაშავეზე მოხერხებული

აგათა კრისტი  


 მისტერ პარკერ პაინი მოთმინებით ელოდა, როდის ამოიღებდა მისი კლიენტი ხმას.
– იმის  წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემი ქმარი ამ ყველაფრის შესახებ გაიგებს. დავიღუპები. წინდაუხედაობა გამოვიჩინე, მისგან დაფარულად კაზინოში ვითამაშე. ჯერალდს სძულს აზარტული თამაშები... სულ ცოტა იღბალი და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, მოკლედ, ვალები დამედო, რა უნდა მექნა? სხვა გზა აღარ დამრჩა. ქალიშვილი გაჩუმდა და მოსასხამის ჯიბიდან ხავერდის ძვირფასი ფუტლარი ამოიღო. ბრილიანტის ბრწყინვალებამ დეტექტივს თვალი მოსჭრა.
– შესანიშნავია, არაჩვეულებრივი. მისი ღირებულება რამდენიმე ათასი ფუნტია, ასეთი სუფთა ბრილიანტი იშვიათია.
– მართალი ბრძანდებით. ამიტომაც გავბედე და მოვიპარე. მერე კი დავაგირავე. მის ჭეშმარიტ პატრონს კი ყალბი ბრილიანტით დამზადებული ზუსტი ასლი გავუგზავნე. ადრე თუ გვიან ჩემი მეგობარი ამ სიყალბეს აუცილებლად შეამჩნევს. მე კი ელენ დორტგეიმერის დაკარგვა არ მინდა. არც ის მინდა, რომ ოჯახი დამენგრეს. თან ბრილიანტი აღარ მჭირდება, ვალები უკვე გავისტუმრე. სრულიად მოულოდნელად ბიძა გარდამეცვალა და მემკვიდრეობა დამიტოვა.
– გინდათ, რომ ბეჭედი დააბრუნოთ. თანაც შეუმჩნევლად. არც ისე რთული იქნება ყალბი ბრილიანტის ორიგინალით შეცვლა. მით უმეტეს, თუ მის პატრონთან მეგობრობთ.
– არა, – ჯიუტად გააქნია თავი ქალიშვილმა, – მისტერ პაინ, მე კარგად გადაგიხდით. დამაბრუნებინეთ ბრილიანტი.
– კარგი, რამე გეგმა გაქვთ?
– ორ დღეში დორტგეიმერებთან მეჯლისია. მე ვერ მივდივარ, ჩემს ქმარს არ უყვარს მეჯლისები. ვიცი, რომ მოცეკვავეებს ეძებდნენ.
– ძალიან კარგი. იქნებ ისიც მითხრათ, სად არის დორტგეიმერების სახლში სინათლის ამომრთველი?
– მგონი, პირველ სართულზე, ჰოლში გასასვლელთან. ერთხელ, როგორღაც შევნიშნე.
– ბეჭედს  დამიტოვებთ?
ქალიშვილი შეცბუნდა.
– ხომ არ გეწყინებათ, თუ ზეგ დილამდე ჩემთან იქნება? რატომღაც მგონია, რომ ასე გაცილებით უსაფრთხოდ ვიქნები.
პარკერმა მხრები აიჩეჩა და თავი დაუქნია...
...ელენ დორტგეიმერი მაშინვე მოხიბლა მოცეკვავის აღნაგობამ და მომაჯადოებელმა ღიმილმა, ამიტომ გამოწვევასაც დაუფიქრებლად დათანხმდა. მამაკაცის ძლიერ მკლავს ბოლომდე მიენდო. მორჩილად მინებდა მოცეკვავის „მბრძანებლურ“ ხელს. უცებ სინათლე გამოირთო. ელენი ამას არ შეუშფოთებია. პირიქით, ესიამოვნა კიდეც. თითქოს წაიფორთხიალა და კაცს მხარზე მიეყრდნო.
– ბეჭედი დაგივარდათ, მისის, – ალერსიანად წასჩრურჩულა კაცმა. სინათლე აინთო და ბრილიანტმაც გაიბრწყინა. ელენმა თითი მორჩილად გაუწოდა და მოცეკვავემაც ბეჭედი წამოაცვა...
პარკერმა სიამოვნებით მოიფშვნიტა ხელები.
– ჩემმა ასისტენტმა საქმეს თავი კარგად გაართვა. აი, გამომართვით, – პაინმა ქალიშვილს ფუტლარი გაუწოდა.
– ო, როგორი მადლობელი ვარ... რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
პაინმა ჩეკი გაუწოდა.
– მხოლოდ თექვსმეტი ფუნტი და თერთმეტი შილინგი? სულ ეს არის? – გაოცდა ქალი
– დიახ, ეს სწორედ  ის ხარჯია, რომელიც კომპანიამ ამ საქმეში გასწია. ჰონორარი არ მინდა.
ქალიშვილი შეიჭმუხნა
– ეს რას ნიშნავს?
– გახსენით ფუტლარი, მისის. შიგნით ზუსტად ის ბეჭედი დევს, რომელიც პირველი ვიზიტისას მაჩვენეთ და არა ის, რომელიც მერე მომიტანეთ, – პაინმა დაჟინებული მზერა მიაპყრო ქალიშვილს, რომელიც ჯერ გაწითლდა, მერე კი ცარცივით გათეთრდა და წამოხტა.
– დაბრძანდით. ჭკვიანი ქალიშვილი ბრძანდებით და ზუსტად ამოირჩიეთ ადამიანი, რომელიც თქვენი გენიალური ჩანაფიქრის განხორციელებაში შეგიწყობდათ ხელს. თქვენ არც გათხოვილი ბრძანდებით და არც არანაირი ვალები გქონიათ. საერთოდ, მომწონს ჭკვიანი და მოხერხებული ქალები, მაგრამ საკუთარი რეპუტაცია ძალიან ძვირად მიღირს. თქვენ იმ ქალბატონის მოახლედ მუშაობდით. მიხვდით, რომ ეს ერთი ბრილიანტი მთელ თქვენ, ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. თქვენზე ეჭვსაც არავინ მიიტანდა. მშვენიერი სცენარი დაწერეთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ. მალე თქვენს ქალბატონს მოეჩვენა, რომ ბეჭდის თვალი ოდნავ მოძრაობდა. იუველირთან გაგატანათ და თქვენც მოქმედება დაიწყეთ: მოხვედით ჩემთან და მაჩვენეთ ნამდვილი ბრილიანტი. თან, გულისამაჩუყებელი ამბავი მომიყევით.  იუველირთან მიხვედით და ყალბი ბრილიანტი შეუკვეთეთ.  ნამდვილი ქალბატონს დაუბრუნეთ.  ანუ,  ყალბი კი არ უნდა შემეცვალა ნამდვილით,  არამედ პირიქით – ნამდვილი ყალბით. ძვირფასო, მე ხომ პარკერ პაინი ვარ. ყველაფერს მივხვდი. ეს ის ყალბი ბრილიანტია, რომელიც წვეულების დილას მომიტანეთ. ხომ გითხარით. ჩემი რეპუტაცია ძვირად მიღირს-მეთქი. წაიღეთ თქვენი ყალბი ბრილიანტი მისის. საკმაოდ კარგი ნამუშევარია. ნებისმიერს შეიყვანს შეცდომაში, მხოლოდ მე არა – სიყალბეს პირველივე წუთიდან ვცნობ. ადრე თუ გვიან ქალბატონი სიყალბეს აღმოაჩენდა და გაახსენდებოდა წვეულებაზე თავაზიანი, მომხიბლავი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თითიდან მომძვრალი ბრილიანტი მიაწოდა. ხოლო იმის დადგენას, რომ ეს კაცი ჩემთან კავშირშია, დიდი დრო სულაც არ სჭირდება...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ        
скачать dle 11.3