კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა ბუნებამ ძმებ ოთარ და თამაზ ჭილაძეების შემთხვევაში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

გთავაზობთ დიდი ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის დღიურებს, რაც თანამედროვეთა თვალით არის დანახული: „დაიბადა ქალაქ სიღნაღში. მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი – ივანე ჭილაძე, პედაგოგი გახლდათ ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარი, საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო. ოთარი მათი მეორე შვილია. სულ სამი შვილი ეყოლათ, ოთარამდე – თამაზი და ოთარის შემდეგ – თინა. ოთარი არც მამას ჰგავს, არც დედას, უფრო სწორად, იმდენად ჰგავს ორივეს, რამდენადაც მაინცდამაინც მას გამოჰყვა თუკი რამე ნაკლი ჰქონდათ მის მშობლებს, ან გარეგნობაში, ან ხასიათში. სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. 1951 წელს კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა, თუმცა დიპლომი აქამდე უნივერსიტეტის არქივში ინახება. სწავლის წლებიდან ყველაზე მძაფრად კოშმარული სიზმარი ახსოვს: ვითომ, რომელიღაც საგანში (საგანს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა) საშემოდგომო გამოცდა გამოჰყვა და არ იცის, გამოცდის ჩასაბარებლად როდის, სად და ვისთან უნდა გამოცხადდეს. პირველი ნაწარმოები ნამდვილად არ ახსოვს. პირველი სიყვარული ახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად. მსახურობდა მხოლოდ რამდენიმე წელი, ჟურნალ „მნათობში“, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა. ჯილდოები მიღებული აქვს, თუმცა, როგორც თვითონ ფიქრობს, ნამდვილად არ დაუმსახურებია ისინი, მით უფრო, საბჭოთა ხელისუფლებისგან. რაც შეეხება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი დაბნეულობისგან, უკვე ორჯერ დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რასაც, თუ მახსოვრობა არ გვღალატობს, მხოლოდ კოტე მახარაძე თუ ღირსებია. დაოჯახდა ადრე, უნივერსიტეტის დამთავრებამდე. რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ. ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. ბევრი, ღმერთმა გაანათლოთ, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ცხოვრებამ აცდუნა, „სხვა გზას“ დაადგა. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც, ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია. „დიდი საზოგადოებრივი საქმე“, ჩვენი აზრით, არ გაუკეთებია. ჩვენში რომ ვთქვათ, არც არავინ ანდობდა, რამდენადაც საბჭოეთის ერთ-ერთი უერთგულესი და უფხიზლესი ცერბერის თვალსაზრისით, „რესპუბლიკის მასშტაბით“, ის იყო ქვეყნისთვის ყველაზე არასანდო ელემენტი, რაც ოფიციალურადაც განაცხადა კიდეც გაზეთში, ოღონდ, უკვე გადამდგარმა. ხოლო, ახალ ხელისუფლებას, მისი რანგის მწერალი, „დიდი საზოგადოებრივი საქმეებისთვის“ალბათ არ ემეტება. სამხედრო სამსახური უნივერსიტეტში მოიხადა: ორჯერ გაიწვიეს ერთთვიან შეკრებაზე გორში, სადაც თითბრის მათლაფიდან ჭამდა და ხვლიკებით სავსე კარავში ეძინა. მწერალთა კავშირში 1959 წელს მიიღეს, პირველი პოეტური კრებულის გამოცემამდე, რაც მაშინდელი ნორმატივების გათვალისწინებით, თითქმის წარმოუდგენელი ამბავი იყო და დიდ პატივად ითვლებოდა. იმანაც შეიფერა და, როგორც ხედავთ, აქამდე ვერ შელევია ამ პატივს, ანუ, ჯერ კიდევ არ გამოსულა მწერალთა კავშირიდან, ჯერ კიდევ ითრევს ფეხს, რამდენადაც ვერც ის გაარკვია, რა სჯობს თავად მწერლობისთვის: ცუდი მწერალთა კავშირის მიტოვება უბრძოლველად თუ განდგომილთა, გაქცეულთა უკან მობრუნება და, მათთან ერთად, კარგი, თუნდაც არსებულზე უკეთესი მწერალთა კავშირისთვის ბრძოლა. ყმაწვილთა საკითხავად სამი ლექსი აქვს დაწერილი: „ზოოპარკი“, „პედრო“ და „ფრანგული ზღაპრის ფრაგმენტი“. რაც შეეხება „საზღვარგარეთ საქმიან მოგზაურობებს“, ასეთი რამ არ ახსოვს. თუმცა, ერთხელ, დიდი ხნის წინათ, მართლაც იყო მცდელობა, ისიც ჩაერთოთ „საქმიან მოგზაურობაში“, ანუ ისიც შეიყვანეს სამკაციან დელეგაციაში, ფინელ მწერლებთან შესახვედრად, მაგრამ ადგილობრივმა ცენტრალურმა კომიტეტმა ვერ გაბედა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რის მერეც, საკმაოდ დიდი ხნით, საერთოდ აეკრძალა ყველანაირი მოგზაურობა საზღვარგარეთ. ასე რომ, კურიოზებს სხვისასაც ვერ იტანს, მით უფრო, კურიოზების სახალხოდ მოყოლას. ხოლო, „ტკივილიანი მოგონებები“ იმდენად ბევრი აქვს, რომელიმეს ვერ გამოარჩევს, თანაც ასე ნაუცბათევად. ჰობი არასოდეს არ ჰქონია, ვერ შეიქმნა საამისო პირობები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ახლო მომავალში, დიახაც რომ ჰობად ექცეს მაჯის თვლა და წნევის ზომვა. არის რუსთაველის, ილიას, ყაზბეგის, საბას და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ასევე – ნობელის პრემიის ნომინანტი (ავტორი – თ. კიკნაველიძე), ამიტომ, „სხვათა შეფასებანი“ სჯობს, სხვებს ჰკითხოთ. ასევე, გაუჭირდება, თავად განსაზღვროს, რა ადგილს იკავებს ლიტერატურაში“.
თამაზ ჭილაძე: ის ავადმყოფობის გამო ისე ვეღარ მუშაობდა, როგორც ადრე და ამას ძალიან განიცდიდა. არადა, იყო დრო, როდესაც დღეში 12-18 საათი
წერდა და ეს მის შემოქმედებაზეც აისახა. ვიცოდით, რომ წერდა და ამას არც მალავდა, მაგრამ უკვე ხშირად ამბობდა, ნეტავ თუ დავამთავრებო. ბოლოს ისე იყო, რომ სახლიდან აღარ გადიოდა, აივანზე სეირნობდა მხოლოდ და უყურებდა ვერეს ხეობას, რომელიც დარიაჩანგის ბაღს აგონებდა მისი პირველი რომანიდან და დარდობდა იმაზე, რომ იქ გზა გაჰყავდათ. ნუთუ, დარიაჩანგივით უნდა გაიჩეხოსო, მეუბნებოდა. ვერეს ხეობა მან ბოლო რომანშიც აღწერა და როდესაც წავიკითხე, დიდი სინანული გამიჩნდა, რადგანაც მივხვდი, რომ ძალიან კარგი გამოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შესავალია დაწერილი. დღევანდელობაზე, ჩვენს სინამდვილესა და თბილისზეა. მისი მთავარი გმირი მწერალია და ის, შესაძლოა, ავტობიოგრაფიულიც ყოფილიყო – აი, ამიტომ კიდევ უფრო მწყდება გული იმაზე, რომ ოთარმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იქ ერთი სცენაა, სადაც ვერეს ხეობას გადაჰყურებს და სინანულს განიცდის. მწერლის გარდა, მასში ჩანს მსახიობი ქალი, რომელიც დავრდომილ დედას უვლის, ჰყავს შვილი, მაგრამ ქმარი – აღარ. მასზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა: თუმცა, მასში ჩანს გადარჩენის იდეა.  მე მას პირობითად „წმიდა პანტელეიმონის დაბრუნებას“ დავარქმევდი. ოთარს ბოლომდე არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მასზე მუშაობას ვერ დაამთავრებდა, მაგრამ ერთხელაც თქვა, როგორღაც, მგონი მართლა ვკვდებიო. ბევრს ჩვენი ძმობა უკვირდა, ჩვენ კი ის გვიკვირდა, მათ რომ უკვირდათ და ვიყავით ასე. ამასთან, ერთი საქმე გვქონდა, მაგრამ ამაში თუ ვინმე არ ჰგავდა ერთმანეთს, ჩვენ ვიყავით. პოზიცია კი ყოველთვის საერთო გვქონდა, ჩვენი ხედვა და პოზიცია კამათში იბადებოდა. მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩვენთან ცხოვრობდა. აქ საცხოვრებლად მას შემდეგ გადმოვიდა, რაც მეუღლე გარდაეცვალა და ამ დროს ვთხოვე ჩვენთან წამოსულიყო, დამთანხმდა. ამაზე დიდი სიხარული, ალბათ, არც მქონია და ეტყობა, კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა აქ იყო. თურმე, როგორ ავსებდა აქაურობას თავისი სიჩუმითაც კი. სულ დუმდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კი არ დუმდა – ფიქრობდა და ჩვენც ვცდილობდით, მისთვის ხელი არ შეგვეშალა. აი, ასე ვცხოვრობდით მე, ოთარი და თინა. თინა იყო მაგის პატრონი და ბოლოს დედაც კი დაუძახა. მას, რა თქმა უნდა, თავს დასტრიალებდნენ შვილები, შვილიშვილები, მაგრამ უპირველესი მაინც თინა იყო და ბოლოს ყველაზე ახლობელიც აღმოჩნდა მისთვის. სულ თინას ეძახდა, მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვა ძალიან უჭირდა და იტანჯებოდა, ის მთელი თავისი არსებობით უპირისპირდებოდა არყოფნას და გადარჩენის იდეა სულ აწუხებდა. მისი ორიენტირი იყო ილია ჭავჭავაძის ვარსკვლავი და მეც, დაახლოებით, იგივეს ვფიქრობ. ვიდრე ამაოების კედელზე არსებობს ხავსის ძაფი, ყველაფერი დაკარგული არ არისო, ამბობდა ოთარი იმ იმედით, რომ მისი იმედს მოჭიდებული ხალხი ღირსეულ მომავალში გადაინაცვლებდა. ამის იმედი მეც მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, გულუბრყვილო კაცი არ ვარ.
... ლექსების წერა ორივემ სიღნაღში პაპიროსის წევასთან ერთად დავიწყეთ. კაკლის ხმელ ფოთლებს ვფშვნიდით, გაზეთის ნაგლეჯში ვახვევდით და იმას ვეწეოდით. თან, ცრემლი ჩამოგვდიოდა ღაპაღუპით, მაინც ჯიუტად არ ვეშვებოდით. მართალია, სიმწარე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სიამოვნება, მაგრამ როგორც ჩანს, „აკრძალული ხილის“ სიტკბო ერია ამ ჩვენ მიერ გახვეულ სიგარეტში. ასე რომ, ჩვენს პოეტობას თავიდანვე ცრემლიც დაჰყვა... – იხსენებს ბატონი თამაზი უთბილესი მოგონებებით აკინძულ წიგნში – „ოთართან ერთად“. მისი ცხოვრებაც ასეთია – „ოთართან ერთად“. ტყუპივით გაზრდილან და უცხოვრიათ. ბავშვობაში ბათუმის ბულვარში დასაძმობილებლად კინაღამ დანით გაუჭრიათ თითები. მეგობარს შეუხსენებია, ისედაც ერთი სისხლისანი ხართო. მშობლებს მუსიკალურ სასწავლებელში რომ შეუყვანიათ, თამაზ ჭილაძეს ოთხი წლის განმავლობაში უსწავლია, ოთარ ჭილაძე კი პირველივე კლასიდან გაურიცხავთ. ბატონ თამაზს ძლივს გაუძლია ის ოთხი წელიწადი. ყველაზე საშინელი ქუჩაში, თანატოლი ხულიგნების თვალწინ ნოტების აბგით ხელში გავლა ყოფილა. ერთხელაც ბატონ ოთარს, რომელიც სასწავლებელში დაჰყვებოდა ხოლმე, აბგა ჩამოურთმევია, – მომეცი, მე ვატარებო და მას შემდეგ, ვიდრე უფროსი ძმა გაკვეთილზე იტანჯებოდა, უმცროსი გარეთ, კიბეზე იჯდა და ელოდა. – აი, ასე, ნოტების აბგით ხელში, ჩვენთან ერთად ფეხი აიდგა ჩვენმა მეგობრობამო, – იხსენებს ბატონი თამაზი. ბიოლოგიური – არა, მაგრამ მართლა სიამის ტყუპივით ყოფილან: თითქმის ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ ყველაფერზე. ოთარ ჭილაძეს დაუწერია კიდეც თავის ერთ-ერთ რვეულში: „საბედისწერო შეცდომა დაუშვა ბუნებამ, როცა ჩვენ გაგვყო“. მიუხედავად ამ „იდუმალი ერთიანობისა, ერთარსებისა“, თამაზ ჭილაძის თქმით, „ძნელად წარმოსადგენია ორი ერთმანეთისგან ასე მძაფრად განსხვავებული მწერალი, როგორებიც ჩვენ ვიყავით. ამავე დროს ჩვენ, როგორც მწერლებს, გვწამდა და, ამდენად, გვჯეროდა კიდეც ერთმანეთის. ერთმანეთის ფასი ვიცოდით...“ ორივეს ფასი კი არაჩვეულებრივად იცოდა და იცის უმცროსმა დამ, ქალბატონმა თინამ, რომელსაც ოთარ ჭილაძე ღმერთის ძვირფას საჩუქარს უწოდებდა და რომელმაც ძმების გულისთვის, ბატონი თამაზის თქმით, „მართლაც ყველაფერი დათმო. მათ შორის, ყველაზე მთავარი რამ – პირადი ცხოვრება... თინა, ნიჭიერი პიროვნებაა საერთოდ და კერძოდ, ნიჭიერი ლიტერატორიცაა... მისი ზუსტი შენიშვნები ხშირად დაგვხმარებია მეც და ოთარსაც. თინამ ოთარის „თაკოს და ზაზას“ მიბაძვით, ჩვენზე, ანუ ძმებზე ასე იხუმრა: „ჩემი ცხოვრება აეწყო ასე,/ ბევრი სურვილი გაქრა თავისით,/ ფრთებიღა შემრჩა და თითო ფრთაზე,/ თითო ბებერი ბარტყი დავისვი./ თამაზ და ოთარ,/ ოთარ და თამაზ,/ ორი მწერალი,/ ორივე დიდი!/ ერთი, ჯერ კიდევ პონით სეირნობს,/ მეორე – გზაზე მიდის და მიდის”...
 скачать dle 11.3