კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№44 როგორ გახდა ექიმი-რეპროდუქტოლოგი „ბედნიერების ელჩი“ და ბოლო თაობის ინ ვიტრო განაყოფიერების სისტემის ნათლია

მისთვის პაციენტი პრიორიტეტია. პროფესორ არსენ გვენეტაძესთან უსასრულოდ შეიძლება საუბარი რეპროდუქციაზე, ექიმის მოვალეობებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, არტზე, ბედნიერებასა და უბრალოდ, ცხოვრებაზე.
ინტერვიუ რამდენჯერმე შევწყვიტეთ – ბატონი არსენის კაბინეტი  ის ადგილია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, იპოვონ  ბედნიერება, რასაც მშობლად გახდომის სიხარული ჰქვია.
29 წელი რეპროდუქტოლოგიაში, 9 წელი კლინიკის ხელმძღვანელი, 19 წელი თსუ-ს პროფესორი, 366 მიღებული ორსულობა ერთი წლის განმავლობაში – ეს ჩემი ცხოვრებაა, ამბობს ბატონი არსენი და დაუნანებლად გასცემს პოზიტივს.  

არსენ გვენეტაძე: 55 წლის გახლავართ. 2019 წელს უკვე მექნება ოცდაათწლიანი საექიმო სტაჟი რეპროდუქცია-გინეკოლოგიაში. ოცი წელი შესრულდება, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და ათი წლის გახდება ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა, რომელსაც ვხელმძღვანელობ. რას ნიშნავს ეს ციფრები ჩემთვის? – მთელ ცხოვრებას და იმ თავდაუზოგავ შრომას, რომელსაც ამ ყველაფერში ვდებ. გუშინ ვსაუბრობდი პროფესორ მაკა გეგეჭკორთან, ჩემს კოლეგასთან, მეგობართან  და თანამშრომელთან და გავაანალიზეთ, თუ რა გავაკეთეთ ამ პერიოდში და სად ვართ ახლა: კლინიკა უკვე მესამე წელია, ოფიციალურად სერტიფიცირებული ევროპული სტანდარტის  ცენტრია. ასრულებს ხუთ საერთაშორისო მულტიცენტრულ პროგრამას. ერთ-ერთ მათგანში თვრამეტი წამყვანი, ევროპული, კლინიკაა ჩართული და მეცხრამეტეა ჩვენი. გავხდით ორი და მეტი შეწყვეტილი ორსულობის – „არ პი ელ“ სამედიცინო სამყაროს საერთაშორისო სათანამშრომლო ცენტრი. იმ ტიპის პაციენტებს, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ ასეთ დახმარებას ვერ ვუწევდით, იმიტომ რომ არ იყო სათანადო ცოდნა და თანამედროვე ხედვა, დღეს უკვე სხვა დონის, გაცილებით მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სერვისს  ვთავაზობთ  და ამის შედეგია 8 და 11 შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ  ჯანმრთელი ბავშვები რომ გაჩნდნენ. შარშან, 2017 წლის განმავლობაში, 366 ორსულობა გვქონდა, მაშინ, როცა წინა წლებში ეს ციფრი 240-იდან 270–მდე იყო. აღსანიშნავია, რომ პაციენტების რაოდენობა იმდენად არ გაზრდილა, რომ ასეთი მაჩვენებელი ამის ხარჯზე მიგვეღო. ანუ, პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომებმა, ახალმა ტექნოლოგიებმა და ამ ყველაფრის ცოდნამ მიგვიყვანა წარმატებამდე და ასეთ შედეგებამდე.
– ბატონო არსენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე სწორად შეირჩეს პაციენტის მკურნალობის სტრატეგია. არ დაიკარგოს დრო (რომ არაფერი ვთქვათ ფინანსურ დანახარჯზე), რომელიც ასეთ დროს განსაკუთრებით ძვირფასია.
– ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს, რას ურჩევთ პაციენტსო – პაციენტი თავისი კვლევებისა თუ მკურნალობის სრულფასოვანი მონაწილე უნდა გახდეს, ანუ, მას უფლება აქვს, ჰქონდეს ყველა გამოკვლევისა და ანალიზის დოკუმენტის ასლი. პატიოსანი კლინიკები ამას აკეთებენ და თუ არ აძლევენ, უკვე ჩნდება კითხვის ნიშანი. პაციენტმა უნდა იცოდეს, რას უკეთებს თუ უნიშნავს ექიმი და რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი. ასევე, თუ სამედიცინო დაწესებულებაში ექიმი პაციენტს ეუბნება, აქ არ გაიკეთო ეს ანალიზი, ამ ლაბორატორიას არ ვენდობიო და აგზავნის სხვა ლაბორატორიაში, როგორც მინიმუმ, აქ საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან, ან რაღაც ფინანსურ ინტერესთან. პაციენტმა აღარ უნდა ირბინოს აქეთ-იქით, კლინიკიდან კლინიკაში, ლაბორატორიიდან – ლაბორატორიაში. პაციენტი შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ, მცდარი მოლოდინი არ უნდა გავუჩინოთ. უშვილო ადამიანი ავადმყოფი არ არის.
მე  ევროპაში „ბედნიერების ელჩი“ მიწოდეს  და  სულ ბედნიერებაზე ვსაუბრობ. როცა მოდის ჩემთან პაციენტი ხუთწლიანი უშვილობით, რომელიც არაერთ ექიმთან არის ნამყოფი და ელემენტარული, რეპროდუქციისთვის აუცილებელი კვლევა არ აქვს გაკეთებული, ცოტა მიჭირს „ბედნიერი კომენტარი“. იმედგაცრუება ყველაზე მტკივნეული და ფსიქოლოგიურად მძიმეა ნებისმიერი პაციენტისთვის. აქ მაქვს ერთი პაციენტის მონაცემები: ორმოცდათორმეტი წლის ქალს, რამდენიმეჯერ რომ გაუკეთეს მილების გამოკვლევა და მაშინ, როცა საკვერცხეში არავითარი რეზერვი არ ჰქონდა, თვეობით იკვლევდნენ ერთსა და იმავეს, საინტერესოა რისთვის?
– ვფიქრობ, პაციენტების მხრიდან თქვენი სიყვარულის მიზეზი სწორედ ის გულახდილობაა, რომელიც მათთან ურთიერთობაში გაქვთ.
–  მე არასოდეს ვცდილობ, შევედარო სხვას ან ჩვენი კლინიკა შევადარო სხვა კლინიკას. ვისაც უნდა შევედაროთ, ვართ ისევ ჩვენ და ვიაროთ წინ, ჩვენი მიზნისკენ. სულ ახლახან, 7 ოქტომბერს, ჩვენი სამეცნიერო ნაშრომი მეორედ აღიარეს „ბესთ პოსტერად“, ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა კონგრესზე.
ამ ზაფხულს, 26-29 ივნისს, მიწვეული ექსპერტის სტატუსით გახლდით მადრიდში, მესამე მსოფლიო „არ პი ელ“ კონგრესზე და როგორც შეწყვეტილი ორსულობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს საქართველოში, ნახევარსაათიანი ლექცია მქონდა,. იქ ასევე, გაიმართა დიდი, მსოფლიო მონოგრაფიის პრეზენტაცია, რომლის თანაავტორთა შორის ჩემი გვარიცაა.
– მნიშვნელოვანი ამბავი იყო ესპანეთში, რომელიც უშუალოდ თქვენ გიკავშირდებათ. მოგვიყევით ამის შესახებ.
– ეს უკვე ორი დღის შემდეგ იყო. 1 ივლისს ბარსელონაში, ევროპის „ეშრეს“ კონგრესზე, თორმეტი ათასი მონაწილით, ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთ თანამედროვე აპარატს, ჩემი იდეით, უწოდეს „ჩამბარ ოფ ჰეფინეს“ – „ბედნიერების სისტემა“. ამასთან ერთად, მის საიმიჯო გამოსახულებად აიღეს ჩემი ნახატი – „კვერცხუჯრედი განაყოფიერების პროცესში“. დიტერ რეგალმა, ამ სისტემის ავტორმა მკითხა, ამ იდეაშიო ფულს მოითხოვთო. არა-მეთქი. რადგან თუ ანაზღაურებას მოგთხოვთ,  შესაძლოა, არ დაარქვათ და ეს მე ბედნიერს არ გამხდის. დაარქვით და ადამიანები ბედნიერებაზე მეტს ილაპარაკებენ.  ამით უფრო ბევრი ბედნიერი ადამიანი ვიქნებით-მეთქი. რა თქმა უნდა, ყველგან აღნიშნულია, რომ ეს არის ჩემი არტი და ჩემი იდეა.
– ანუ , ამ ახალი ინ ვიტრო სისტემის ნათლია ხართ.
– (იღიმის) დიახ, ასეა და მიმაჩნია, რომ ეს მარტო ჩემი კი არა, საქართველოს აღიარებაცაა. „ბედნიერების სისტემამ“ – ინ ვიტრო განაყოფიერების უახლესმა სისტემამ უკვე ჩვენს კლინიკაში  დაიდო ბინა. რას მისცემს ეს ჩვენს პაციენტებს? – კიდევ უფრო მეტ შანსს, რადგან ეს არის უფრო ბუნებრივი გარემო კვერცხუჯრედის განაყოფიერებისა და ემბრიონის განვითარებისთვის. ფინანსურადაც უფრო ხელმისწვდომია. 366 ორსულობა, რომელიც გასულ წელს გვქონდა – ეს არის ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის ექიმების სამეცნიერო და პრაქტიკული დაუღალავი შრომის შედეგი. თუ კლინიკაში თუნდაც ყველაზე თანამედროვე სისტემას, ტექნოლოგიას არ გამართავ,  პაციენტს არ მიიღებ და არ უმკურნალებ, მაშინ ასეთი შედეგები ვერ გექნება. ბატონი ზურაბისა და ჩემ მიერ გაზრდილი ექიმები ერთ-ერთი საუკეთესოები არიან რეპროდუქტოლოგიის დარგში. ლომის წილი მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკისა და აწ განსვენებული ბატონი ზურაბის სკოლის დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, სადაც უნდა იყვნენ ისინი, პაციენტებს პატიოსნად და ცოდნით უმკურნალებენ. არაპროფესიონალური გზით არ შეეცდებიან „ფოჩიანი კანფეტების“ მოპოვებას. კანფეტებს იქით ვურიგებთ პაციენტებს (იღიმის).
– როდისმე ისვენებთ?
– ხუმრობით ვამბობ ხოლმე: თავდაუზოგავი შრომისა და თავაწყვეტილი დასვენებისთვის ვარ გაჩენილი-მეთქი. თავაწყვეტილი დასვენების რა გითხრათ, იშვიათად გამომდის, მაგრამ რამდენიმესაათიანი ხატვისას ვისვენებ. უკვე თექვსმეტი გამოფენა მქონდა და ჩემთვის ბედნიერებაა ის, რომ ერთ-ერთი  ჩემი ნახატით გაფორმდა თანამედროვე ბედნიერების სისტემა. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ წელს, 25 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გვყავს 294 ორსული და წლის დასრულებადე  კიდევ ორი თვეა დარჩენილი.
скачать dle 11.3