კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ „მალავს“ ზურა ნიჟარაძე ცოლს და რის გამო აქვს მას საცხოვრებელი ბინა ბანკისგან დაყადაღებული

ნინო კანდელაკი ანი რევია

ზურა ნიჟარაძე ის ადამიანია, ვის გვერდითაც ნამდვილად არ მოიწყენთ. ქუთაისური იუმორითა და ხალისიანი, პოზიტიური განწყობით ყველა ადამიანში სიმპათიას იწვევს. ბოლო პერიოდში, მას თითზე საქორწინო ბეჭედი არ უკეთია და გაჩნდა ჭორი, რომ ის ცოლს დაშორდა. ეს ამბავი, რასაკვირველია, ჩვენ ზურასთან გადავამოწმეთ და ცხოვრებისეული ამბებიც გამოვკითხეთ.
– „პიკასოს ბიჭობაზე“ თუ ოცნებობდი და თეთრი ხიდიდან თუ გადამხტარხარ?
ზურა ნიჟარაძე:  თეთრი ხიდიდან გადახტომა არ არის ადვილი, კარგად კი ვცურავ, მაგრამ „პიკასოს ბიჭობა“ არასდროს მიცდია (იცინის). „პიკასოს ბიჭობისა“ და ხიდიდან ხტომის რა მოგახენოთ, მაგრამ ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის.
– საყვარელი ქალაქიდან დედაქალაქში საცხოვრებლად გადმოსვლა რის გამო გადაწყვიტე?
– მეექვსე კლასიდან ძალიან მინდოდა მსახიობობა, თეატრალური ინსტიტუტი კი აქ იყო. ასე რომ, ეს ოცნება დედაქალაქში უნდა ამეხდინა. გამიმართლა  და ავიხდინე კიდეც. თავიდან, მეგობართან ერთად, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, მერე – მარტო, მერე ბიძასთან და ბოლოს, როგორც იქნა, ვიყიდე ბინა. ფაქტობრივად, დედაქალაქში, დამოუკიდებლად მომიწია, ცხოვრების თავიდან დაწყება.
– დედაქალაქში ჩამოსულს, ქუთაისური მენტალიტეტი, გაგება და იუმორი დაგეხმარა?
– რასაკვირველია, ძალიან გამომადგა. თბილისიც არანაკლებ მიყვარს და არ მომწონს, როცა ჩამოსულებს აუგად მოგვიხსენიებენ.  თუმცა, პირადად მე, ჩამოსულის პრობლემა არ მქონია. თბილისი ყველასია.
– ყველა ადამიანის ცხოვრებაშია წარმატებულ-წარუმატებელი პერიოდები. როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, როცა სამყარომ ზურგი შეგაქცია და მარტო აღმოჩნდი?
– მეორე კურსზე რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა და ის გვინახავდა. ჩაცმა-დახურვას რომ თავი დავანებოთ, ქირის, სწავლისა და კვების ფული არ მქონდა. მოკლედ, ფინანსური გაჭირვების პერიოდი დაიწყო. მკაცრი რეალობის წინაშე დავდექი. მამის სიკვდილის შემდეგ უდაბნოში ვიყავი და ჩრდილს ვეძებდი. მივხვდი, უნდა ჩამელაგებინა ბარგი, მიმეტოვებინა სწავლა და ისევ ქუთაისში წავსულიყავი. სწორედ ამ დროს გოგი ქავთარაძემ, გიგა ლორთქიფანიძემ და კიდევ ბევრმა კეთილმა ადამიანმა დახმარების ხელი გამომიწოდა. გადამიყვანეს უფასოზე, დამეხმარნენ და ხელი ჩამჭიდეს.
– ზურა, პატიმარი იყავი, მებრძოლიც, სულთანიც... მგონი, მოგკლეს კიდეც. პრეზიდენტისა და მინისტრის რანგში როდის გიხილავთ?
– დიახ, მომიწია პატიმრის, სულთნის, მეომრის როლის შესრულება, თუმცა, ჩემი სიკვდილი არ მახსენდება. დაჭრით კი, ბელორუსიაში დამჭრეს და გადავრჩი. სულთნობა და მებრძოლობა კარგად გამომდის. მართალია, პრეზიდენტი და მინისტრი ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვხვდები, ესეც კარგად გამომივა (იცინის).
– ადამიანი რომ შემოგხედავს, შენთან ქეიფი და ყანწი ასოცირდება. რამდენად ხშირად გიწევს სმა, თუ მოყოლილხარ აყალმაყალში, გალახულხარ?
– ხშირად მიწევს სუფრასთან ჯდომა და ქეიფი, ანუ ქართულად ვცხოვრობ. ახლა რომ დავფიქრდი, ბოლო ათი წელია, გაუგებრობაში და აყალმაყალში აღარ მოვყოლილვარ. ადრე, როგორ არა, მაგრამ ჩემი გალახვა, ცოტა რთულია, მაგარ ჯანზე ვარ (იცინის). ბავშვობიდან ვვარჯიშობდი და ყანწის აწევაც ამიტომ მეხერხება ასე კარგად. არ დამავიწყდება, ერთხელ, თბილისში, რესტორანში ვქეიფობდით ბიჭები. მეზობელი სუფრიდან აგვიტეხეს ჩხუბი და სულ მივლეწ-მოვლეწეთ იქაურობა.
– ვიცი, კარგი თამადაც ხარ. ფული თუ შემოუთავაზებიათ და გითამადია უცხო სუფრაზე?
– რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ შემოუთავაზებიათ თანხა თამადობისთვის. ჩემი თამადობა ათი ათასი ღირს, მაგრამ ჯერ ეს თანხა არ ამიღია, უბრალოდ, ვაფასებ (იცინის).
– საკმაოდ მოიმატე წონაში. გავიგე დიეტაზე ხარ, მართალია?
– მსახიობი ვარ, ხან როლს სჭირდება, ხან ქეიფებს ავყვები ხოლმე და წონაშიც ვიმატებ. ახლაც მომატებული ვარ, დიეტაზე ვარ და დავიკლებ. თან, ვარჯიშის დაწყებაც მინდა. მოკლედ, იმ ეტაპზე ვარ, ფორმაში ჩავდგე. მთლად 50-ს ვერ დავიკლებ და ტანწერწეტა ვერ გავხდები, მაგრამ 10-15 კილოს დაკლება აუცილებლად მინდა.
– ბოლო პერიოდში, საკმაოდ დიდ წვერს ატარებ და რაშია საქმე?
– რაღაც პროექტს ველოდები და დიდი წვერი უნდა მქონდეს. ზოგადად, მეორე კურსის მერე, წვერს ვატარებ და უწვეროდ არავის ვახსოვარ.
– ერთი ეს მითხარი, სერიალში რომ ქალების მიმართ დამთმობი ხარ, რეალურად ეგონასნაირ სიდედრს გაუძლებ?
– რას ამბობთ? ეგონასნაირ სიდედრს ნამდვილად ვერ შევეგუები და ვერც გავუძლებ! ასეთი ადამიანები არ მიყვარს. დათმობა მიყვარს და მშვიდად, საუბრით შეჯერება, მაგრამ ჩემს სიდედრ ეგონასთან საუბარი შეუძლებელია. ასეთ ადამიანს ან უნდა გაეცალო, ან არ მიაქციო ყურადღება. რეალურ ცხოვრებაში ქალებთან დამთმობი ვარ, მაგრამ ცოტა შენიშვნების მიცემა მიყვარს (იცინის).
– სერიალში, „დარმაედული“ ფული მოგდის და ბიზნესიც ააწყვე. გაქვს ბიზნესის ნიჭი და არ გიფიქრია, რამე ბიზნესი წამოგეწყო?
– ბიზნესნიჭი მაქვს, მაგრამ ყველაფერს თანხები სჭირდება. „დარმაედული“ ფული არსებობს, მაგრამ ჩემთვის – არა, ფული მხოლოდ, ჩემი შრომით მოდის. ფული ხან მქონია და ხან – არა, ასეთია ცხოვრება. მთავარია, ხალხს ჩემი იუმორითა და სიკეთით ვუყვარვარ და არა ფინანსებით.
– მართალია, რომ ბინა გაქვს დაყადაღებული და ბანკთან ამის პრობლემა გაქვს?
– პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ, ბინა მაქვს ჩადებული ბანკში, სესხი ავიღე. იმ ფულით ბიზნესი არ დამიწყია, უბრალოდ, სახლი არ მქონდა, ვიყიდე და ბინა ჩავდე ბანკში. ასე რომ, იპოთეკური სესხით მაქვს ნაყიდი და სანამ არ გადავიხდი, ბინა დაყადაღებულია. თუ არ გადავიხდი, კი წამართმევენ, მაგრამ ჯვარი მწერია.
– ბოლო დროს საქორწინო თითზე ბეჭედს არ ატარებ. მეორე ნახევრის გვერდით არსად ჩნდები, ჭორი დადის, თითქოს ცოლს გაშორდი და მართალია?
– ღმერთმა დამიფაროს, ცოლს გავშორდე. საქორწინო ბეჭედი, მხოლოდ ქორწილში მეკეტა და მერე მოვიხსენი. ზოგადად, არ მიყვარს ბეჭდის ტარება, ვერ ვიგუე. საათები – კი ბატონო. ცოლთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ასე რომ არ იყოს, ჩემ გვერდით არ იქნება. უბრალოდ, არ უყვარს ჩემს ცოლს საზოგადოებაში გამოჩენა და მეც ვმალავ (იცინის).
– რთულია შენი ცოლობა? რომანტიკული ხარ?
– ჩემი ცოლობა საერთოდ არ არის რთული. მეოჯახე ვარ, იუმორიც მიყვარს და ჩახუტებაც. 37 წლის ვარ და არა მარტო პირადში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა და მიმაჩნია, რომ იღბლიანი ბიჭი ვარ. რაც შეეხება რომანტიკას, ადრე ვიყავი, ამ ბოლო დროს უფრო რეალისტი გავხდი.
скачать dle 11.3