კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ უნდა ვაქციოთ ბავშვისთვის კითხვა სასიამოვნო პროცესად

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

წიგნი ბავშვის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს. წიგნების  კითხვის სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისება არ არის, ამ უნარის განვითარებაზე მუშაობა პატარა ასაკიდან უნდა დავიწყოთ, რათა მომავალში ბავშვმა წიგნთან მეგობრობა შეძლოს. როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა, როგორი წიგნები უნდა შევურჩიოთ და შეიძლება თუ არა ბავშვისთვის კითხვის დაძალება, გვესაუბრა ანა ქურდაძე-კუხაშვილი: წიგნის კითხვა ბავშვს ემპათიკურს ხდის. იგი განიცდის პერსონაჟების მდგომარეობას, ფიქრობს მათზე. კითხვის პროცესში ვითარდება ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, იზრდება სიტყვათა მარაგი. შესაბამისად, ბავშვის მეტყველება ბევრად უფრო მდიდარი და გამართული ხდება. უნარები ვითარდება როგორც მშობლის მიერ წიგნის კითხვის პროცესში, ასევე დამოუკიდებლად კითხვისასაც. ამ დროს ბავშვი გამოყოფს მისთვის მნიშვნელოვან სიუჟეტურ ხაზს,  მიჰყვება ამ ამბავს და სწავლობს მოსმენას. წიგნებთან ურთიერთობა, უმეტეს შემთხვევაში, აადვილებს სკოლასთან ადაპტაციას: ბავშვის მეტყველება გამართულია, სიტყვათა მარაგი – მდიდარი, რაც შედარებით მარტივს გახდის დასასწავლი მასალის აღქმასა და დამახსოვრებას. წიგნის კითხვითა და მისი სიუჟეტის განხილვით იხვეწება ბავშვის მანერები, ქცევა, რაც მის სოციალურ ადაპტაციას აადვილებს.
–  რა როლი აკისრია ზღაპარს ბავშვის აღზრდაში?
– ზღაპრის კითხვა სოციალური და ემოციური განვითარების ნაწილია. ბავშვისთვის ეს მშობელთან სიახლოვის დროა. წიგნის გამოყენება სასარგებლოა ბავშვისთვის არაპირდაპირი შეტყობინებების გადასაცემად. თუკი ვიცით, რომ ბავშვი შფოთავს  ან აქვს კონკრეტული პრობლემა, განვიხილოთ მასთან ისეთი ზღაპარი, რომელიც ირიბად იმეორებს მის პრობლემას და ამასთან ერთად, მისი გადაჭრის ხერხებსაც შემოგვთავაზებს. ესაუბრეთ ბავშვს წიგნის პერსონაჟებზე, მათ ხასიათებზე, დადებით, უარყოფით თვისებებზე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ზღაპარი – ეს ზრდასრულთა ცხოვრების მოდელირებაა.
– რა ასაკიდან უნდა გავაცნოთ ბავშვს წიგნი?
– წიგნი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა გავაცნოთ. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის წიგნისადმი დამოკიდებულებაც. როგორც ვიცით, მშობელი ბავშვისთვის ერთგვარი მოდელია, ვისაც უნდა მიბაძოს, ვინც მისთვის ღირებულია. შესაბამისად, მშობლის მიდგომა წიგნისადმი ბავშვის დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია.
– ძირითადად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წიგნის შერჩევისას?
– არ უნდა დაგავიწყდეთ ბავშვის ასაკი და ნაწარმოების სიუჟეტი ისე შეარჩიოთ, რომ ის ბავშვისთვის გასაგები იყოს. წიგნის მიწოდებისას მნიშვნელოვანია თვალსაჩინოებები, ილუსტრაციები, რათა პატარასთვის ზღაპრის წარმოსახვა უფრო ადვილი გახდეს. ილუსტრაციები ბავშვებს ეხმარება წარმოსახვის სტიმულირებაში და წაკითხულის შინაარსის გააზრებაში. ასაკის მატებასთან ერთად, რთულდება ტექსტების ზომა, სირთულე, ტექსტს ემატება აბსტრაქტული ღირებულებები, მცირდება ილუსტრაციები.
– შეიძლება თუ არა ბავშვისთვის კითხვის დაძალება?
– ბავშვისთვის წიგნი არ უნდა ასოცირდებოდეს ცუდ ემოციასთან. როდესაც თქვენი პატარა დაკავებულია საინტერესო საქმიანობით, ამ დროს მოთხოვნა – დაუყონებლივ დაანებოს ამ საქმიანობას თავი და წიგნი წაიკითხოს, არაეფექტურია. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვისთვის წიგნი ხდება ობიექტი, რომელმაც საყვარელ საქმიანობას ჩამოაშორა. ამის სანაცვლოდ, მიეცით ბავშვს ინსტრუქცია, მაგალითად, „ლეგოებით თამაშის დამთავრებისთანავე, შენ დაისვენებ, შემდეგ კი ვიწყებთ კითხვას“, მიიყვანეთ საათთან და განუმარტეთ: „როდესაც საათის ისარი შვიდთან მივა, ჩვენ ვწყვეტთ ტელევიზორის ყურებას და ერთად ვიწყებთ კითხვას“. თუმცა, ყოველთვის დაელოდეთ მისგან თანხმობას და არ დააძალოთ. იმისთვის, რომ კითხვა ბავშვების ცუდ გამოცდილებად არ იქცეს, ტექსტის კითხვას ეტაპობრივად მიაჩვიეთ და დაიწყეთ ეს მაშინვე, როგორც კი ის ყველა ასოს შეისწავლის. მას მშობლის დახმარება და ჩართულობა დასჭირდება. ერთი აბზაცი თქვენ წაიკითხეთ, ერთი აბზაცი მას წააკითხეთ და ასე თამაშ-თამაშით წაკითხული წიგნების დიდი მარაგი დაგიგროვდებათ.
– რამდენად მნიშვნელოვანია სახლში წიგნის კუთხის მოწყობა?
– სახლში წიგნების კუთხის მოწყობა ძალიან საინტერესო მიდგომაა. ბავშვთან ერთად ირჩევთ სახლში მყუდრო ადგილს, იწყებთ მის მოწყობას, ალაგებთ ბევრ წიგნს, ფერად ბალიშებს, სანათს. ქმნით მყუდრო გარემოს. ეცადეთ, ამ კუთხის მოწყობაში ბავშვი მაქსიმალურად  ჩართოთ: დაინტერესდით, რომელი ფერის ბალიში ურჩევნია. მიეცით უფლება, წიგნები თაროზე თავად განალაგოს  და ასე შემდეგ... წიგნების კუთხის მოწყობის შემდეგ ბავშვთან ერთად აარჩიეთ დღის მცირე მონაკვეთი, 10-15 წუთიც საკმარისი იქნება და ყოველდღე წიგნის კითხვა რიტუალად აქციეთ. კარგი იქნება, თუ ამ  რიტუალში, პერიოდულად, მთელი ოჯახი მიიღებს მონაწილეობას. ეს კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. ბავშვებს უყვართ როლური თამაშები – გამოყავით ერთი დღე სპექტაკლისთვის. აარჩიეთ ერთი წიგნი: გადაინაწილეთ როლები, გაწერეთ სცენარი და მოაწყვეთ სპექტაკლის დღე. დაამზადეთ კოსტიუმები, იმღერეთ, იცეკვეთ, გამოიჩინეთ მაქსიმალური იმპროვიზაციის უნარი, რათა ბავშვის ცხოვრებაში ეს ერთი დღე გამორჩეული გახადოთ. ამ აქტივობით თქვენი შვილისთვის წიგნის პერსონაჟებს უფრო ადვილად აღქმადს გახდით.  წიგნის შესაყვარებლად თქვენმა პატარამ კითხვის პროცესით სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოს. ამისთვის გამოიყენეთ მომენტები ყოველდღიური ცხოვრებიდან – სეირნობის დროს მასთან ერთად წაიკითხეთ წარწერები ბანერებზე, რეკლამებზე. ჰკითხეთ, რას ფიქრობს ამ წარწერების შინაარსზე, ეთანხმება თუ არა მათ. ყოველი მისი მცდელობა წაახალისეთ, შეაქეთ. ამით მის მოტივაციას და თვითშეფასებას შესამჩნევად აამაღლებთ. დაამზადეთ ხელნაკეთი წიგნები – თქვენს პატარასთან ერთად  გაიხსენეთ ის მნიშვნელოვანი დღეები, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეცადეთ, ეს ისტორია  ფურცლებზე გადაიტანოთ, გააკეთეთ ჩანახატები, ბოლოს კი, წიგნად აკინძეთ. გამოყავით პატარა თარო და ერთად შეინახეთ თქვენი ხელნაკეთი წიგნები. კიდევ ერთი მთავარი რჩევა მშობლებს: თავადაც იკითხეთ, რათა ბავშვს ინტერესი გაუჩინოთ კითხვის პროცესის მიმართ. იკითხეთ მისი თანდასწრებით, გამოხატეთ ემოციები, გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მიუხედავად დროის დეფიციტისა, რეგულარულად გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის და მათთვის წიგნის წასაკითხად. და ბოლოს, შეგიძლიათ უარი უთხრათ ბავშვს ეზოში ჩასვლის თხოვნაზე, ახალი სათამაშოს ან ტკბილეულის შეძენაზე, მაგრამ არასდროს უთხრათ უარი, თუკი ის წიგნის წაკითხვას გთხოვთ.
скачать dle 11.3