კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 დაანონსებული შურისძიება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #39-43(930)


თორნიკე პატარიძე ორიოდე საათის შემდეგ უკვე გარეთ იყო და „ბიუროს“ „ტრიოსთან“ ერთად სპეციალური თვითმფრინავით ვაშინგტონისკენ მიფრინავდა. „გორგასალმა“ კარას პატიოსანი სიტყვა მისცა, რომ გაქცევას არც კი შეეცდებოდა, რაზეც ბანს გაეცინა, მაგრამ „გორგასალმა“ სახეში შეხედა და  უთხრა:
– ტყუილად გეცინებათ, მისტერ ბან. მე ქართველი კაცი ვარ და დადებულ სიტყვას მხოლოდ სიკვდილი თუ დამარღვევინებს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს.
ბანს პასუხი არ გაუცია. კარამ კი „გორგასალს“ მიმართა:
– ნუ ცხარობთ. თქვენი ნდობა რომ არ მქონოდა, ციხიდანაც არ გამოგიყვანდით. მოდი, ახლა საქმეზე გადავერთოთ და „გიურზაზე“ ვილაპარაკოთ. ბატონო პატარიძე, გვიამბეთ მასზე.
„გორგასალმა“ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია  და თქვა:
– „გიურზას“ ნამდვილი ვინაობა არ ვიცი. ჩვენს ჯგუფში არც არავინ იცოდა და ვფიქრობ, ეს არც ჩვენი ჯგუფის ინსტრუქტორმა უწყოდა. შესაძლოა, ეს ინფორმაცია მხოლოდ დივერსიული სკოლის ხელმძღვანელს სცოდნოდა, სადაც ჩვენ მომავალი ოპერაციისთვის გვწვრთნიდნენ. მას ყველა „გიურზას“ ეძახდა. მართალია, დანარჩენებსაც მეტსახელებით მიმართავდნენ და ერთმანეთსაც ამგვარად ვეკონტაქტებოდით, მაგრამ ვინაობები არ ვიცოდით. ასე გავეცანით ერთმანეთს და ამიტომ. ხოლო, როდესაც „გიურზას“ ვკითხეთ ვინაობა, მან მშვიდად და რაც მთავარია, გასაგებად გვითხრა – უბრალოდ, „გიურზა“ და მეტი არაფერიო. ვინაობას თავი დავანებოთ და მისი ეროვნებაც კი სრულიად გაურკვეველი იყო. მართალია, იქ ყველანი რუსულად ველაპარაკობოდით ერთმანეთს, მაგრამ ეროვნება ყველას გვეტყობოდა და არც ვმალავდით. აი, „გიურზა“ კი არც ამას ამხელდა. ერთხელ „გიურზას“ შემოწმება ვცადე და სხვათა შორის ვუთხარი: ისეთი შეუპოვარი ხარ, რომ აშკარად გეტყობა, სუფთა რუსი ხარ-მეთქი. მან კი ჩვეული ცივი სიმშვიდით მიპასუხა: მე აშკარა საბჭოელი ვარო. არადა, ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სუფთა რუსი იყო, რადგან ტიპურ რუსს მაინცდამაინც არ ჰგავდაა. რაღაც ცვალებადი თუ შერწყმული სახე ჰქონდა და ბალტიისპირელსაც წააგავდა, რუსსაც და კავკასიელსაც კი. რატომღაც ქართველიც კი მეგონა. ყოველ შემთხვევაში, მომეჩვენა, რომ ქართული ენა ესმოდა და შესაძლოა, ლაპარაკიც კი იცოდა. ერთხელ, ერთი ოფიცერი მოვიდა ჩვენს შესამოწმებლად და რომ დამინახა, მკითხა, ქართველი ხომ არ ვიყავი. რომ დავუდასტურე, გაუხარდა და ქართულად გამომელაპარაკა. უნებურად „გიურზას“ შევავლე თვალი. შევამჩნიე, რომ  გვისმენდა და ქართული რომ არ სცოდნოდა, რატომ მოგვისმენდა? ახლა, რაც შეეხება მის, თუ შეიძლება ითქვას, ფსიქოტიპსაც. გარეგნულად ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანს, მაგრამ საშინელი აფეთქებაც შეუძლია და ეს მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. ხელჩართული ბრძოლის ილეთებს რომ ვეუფლებოდით, ერთხელ ინსტრუქტორმა  გვითხრა: დღევანდელი სპარინგების მიზანია, რომ ერთმანეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენოთ, მაგრამ იმედია, რომ სერიოზულ ტრავმებამდე და მით უმეტეს, ლეტალურ შედეგამდე საქმე არ მივა. გარგად ხართ მომზადებული და ამას ამიტომ გეუბნებითო. დაიწყო სპარინგები. დადგა „გიურზას“ ჯერი. ის ვინმე „ჩუქჩას“ ესპარინგებოდა. ბრძოლის დროს „გიურზა“ ცდილობდა, შეტევები მოეგერიებინა. დარტყმები არ მიეღო და ერთი, მაგრამ ნაღდი და სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა „ჩუქჩასთვის“. თუმცა, „ჩუქჩამ“ „გიურზას“ ორი ისეთი მოსდო, პირველად ნოკდაუნშიც ჩააგდო, მეორედ კი ცხვირი გაუტეხა. აი, მერე უნდა გენახათ „გიურზას“ ნამდვილი სახე. ის ერთბაშად შეიცვალა. „ჩუქჩას“ მიუშვა და მიუშვა. ძირს დააგდო. გათიშა და ჯერ წიხლებით შედგა, ბოლოს კი დახრჩობას უპირებდა და ძლივს ავაგლიჯეთ. „გიურზა“ სპარინგის მეორე ფაზაში უკიდურესად გააფთრებული იყო, რომ ვერ იცნობდით, ხოლო ბრძოლის დამთავრებისთანავე დამშვიდდა და ისევ ისეთი გახდა, როგორსაც ჩვეულებრივ ვიცნობდით. სხვათა შორის, „ჩუქჩა“ მიყენებული ტრავმების სიმძიმის გამო მომზადებიდან მოხსნეს  და სხვა მოიყვანეს. ამ ეპიზოდიდანაც ნათელია, რომ „გიურზა“ ყოვლად დაუნდობელი, ფეთქებადი და ყველაფერზე წამსვლელია. ხოლო ამას თუ დავუმატებთ იმ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მას აქვს მიღებული, „გიურზას“ პორტრეტი გვეუბნება, რომ ის ძალიან საშიში და ძნელად მოსახელთებელი ადამიანია. ხოლო, რაც შეეხება მის ვიზუალს – „გიურზა“ 180-182 სანტიმეტრის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცია. თმიანი. ზომიერი შუბლით. ღია ფერით თმა და იერი აქვს. თვალები – უფრო მომწვანო. ოდნავ მოკაუჭებული, სწორი ცხვირი. ტუჩ-ნიკაპი ზომიერი, ჩვეულებრივი. ერთი სიტყვით, განსაკუთრებული მახასიათებლები არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ „გიურზა“ გიურზასავით ჩუმი, მოულოდნელი და სასიკვდილოდ დაუნდობელი თავდასხმით გამოირჩევა. აი, სულ ესაა, რაც შემიძლია, მასზე გითხრათ და კიდევ შეგიძლიათ, ჩემი დიდი იმედი იქონიოთ და დარწმუნებული იყავით, რომ მის ძებნაში თავს არ დავზოგავ.
– კეთილი, – თქვა კარამ და დააყოლა, – თქვენ ძალიან ნათლად დაგვიხატეთ მისი პორტრეტი.
თვითმფრინავის მეორე განყოფილებიდან, სადაც „ეფბეერის“ მოძრავი ლაბორატორია იყო განთავსებული, ერთ-ერთმა თანამშრომელმა კარას ლურჯი ფაილი მიუტანა, ყურში რაღაც უჩურჩულა და წავიდა. კარამ ფაილიდან ორი ფურცელი ამოიღო და დაათვალიერა. შემდეგ კი „გორგასალს“ გაუწოდა და უთხრა:
– თქვენ რომ „გიურზას“ გარეგნობას აღწერდით, მას ჩვენი თანამშრომელი ხატავდა. პარალელურად კი, მონაცემები კომპიუტერში შეიყვანეს და მან ფოტორობოტი დაამზადა. ეს ორი სურათი თითქმის იდენტურია. აი, ინებეთ და თქვენ თვითონვე შეაფასეთ.
პატარიძემ სურათებს დახედა. კარგა ხანს ათვალიერა. ბოლოს მაგიდაზე დადო და კარას უთხრა:
– მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტი უფრო ჰგავს „გიურზას“, თუმცა არც კომპიუტერული ვერსიაა ურიგო. უბრალოდ, მხატვარმა მას სული ჩაუდო, „გიურზას“ ბოროტი სული და ის ორიგინალს დაამსგავსა. ყოჩაღ თქვენს მხატვარს, შესანიშნავი სპეციალისტი გყოლიათ.
– ძალიან კარგი. მაშინ ამ სურათს გადავამრავლებთ და შესაბამის ხალხს დავურიგებთ, – თქვა კარამ.
– დიახ. ვცადოთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „გიურზა“ ამ სახით აქ არ ჩამოვა და საკმაოდ შთამბეჭდავ გრიმს მოირგებს, ისეთს, რომ ოდნავი საერთოც არ ექნება ამ ფოტოსთან. ჩემი ღრმა რწმენით, უფრო სხვა ხერხებზეა გასამახვილებელი ყურადღება და თქვენმა უწყებამ ანალიტიკური მუშაობა უნდა გააძლიეროს. პირველ რიგში, ყველა პოტენციური სამიზნის დაცვა უნდა გაძლიერდეს და მანამდე კი მათი სიაა შესადგენი. ანალიტიკოსებმა კი, პირველ რიგში, იმაზე უნდა გააკეთონ აქცენტი თავის მუშაობაში, მკვლელობის რომელ ხერხს და ზოგადად, რა გეგმას აირჩევს „გიურზა“ ამა თუ იმ პოტენციური სამიზნის მიმართ. შემდეგ კი შედგეს სავარაუდო კონტრზომების განხორციელების გეგმა. მართალია, ეს ძალიან რთული, შრომატევადი საქმეა, მაგრამ „ეფბეერს“ ამისთვის ყველა რესურსი გააჩნია, – უთხრა კარას „გორგასალმა“.
კარას გაეცინა და პატარიძეს უთხრა:
– დიახ. თქვენ მართალს ბრძანებთ. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ამის რესურსი მართლაც გვაქვს  და ამ  კუთხით მუშაობენ კიდეც ჩვენი ანალიტიკოსები. რა თქმა უნდა, მისტერ ბანის განყოფილებასთან მჭიდრო კონტაქტში, – კარამ ხელი გაიშვირა „ბიუროს“ დაზვერვის განყოფილების უფროსისკენ, რომელიც უხმოდ ისმენდა დიალოგს და დაამატა, – და რამდენიმე საეჭვო ეპიზოდიც გამოავლინეს, რომლებსაც სწავლობენ.
– შეიძლება, გავეცნო?
– იკითხა პატარიძემ.
– რა თქმა უნდა. თქვენ ხომ სწორედ ამიტომ ხართ აქ, – მიუგო კარამ და ბანს შეხედა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ეფბეერის“ დაზვერვის უფროსს „გორგასალისთვის“ მასალები უნდა ეჩვენებინა.
ნოელ ბანი თვითმფრინავის მეორე განყოფილებაში გავიდა და ლურჯი ფაილით დაბრუნდა, სადაც თაბახის ფურცლების საკმაოდ სქელი დასტა იდო. ბანმა ფაილი მაგიდაზე დადო და პატარიძეს უთხრა:
– აი, ის მასალები, რომლებიც ჩვენმა განყოფილებამ ანალიტიკოსებს შესასწავლად მისცა და შეგიძლიათ, გაეცნოთ.
„გორგასალი“ უფრო მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დაზვერვის განყოფილების მიერ შეგროვილი მასალების გაცნობას შეუდგა, რომლებსაც მათი აზრით, შეიძლება, შეხება ჰქონოდა „გიურზას“ მისიასთან შეერთებულ შტატებში.
***
იმ დროს, როდესაც თორნიკე პატარიძე, მეტსახელად „გორგასალი“, „ეფბეერის“ უწყებრივი თვითმფრინავით ჩიკაგოდან ვაშინგტონში მიფრინავდა და გასაანალიზებელ ცნობებს კითხულობდა, „გიურზა“ ნიუ-იორკისკენ მიემართებოდა. ის „შევროლეტის“ „ჯიპის“ საჭეს ეჯდა. ჯიბეში კი უილიამ შენკლის სახელზე დამზადებული პასპორტი ედო, რომელიც ლონდონში გააკეთებინა სანდო ადამიანს. ლონდონიდან ნიუ-იორკში კი სტივენ გროსის სახელით  ჩაფრინდა. გროსს პასპორტი „გიურზამ“ ლონდონის „ჰიტროუს“ აეროპორტში მოჰპარა და იმავე დღეს გადაფრინდა ნიუ-იორკში. ხოლო გროსს რომ დამსგავსებოდა, აეროპორტის ტუალეტში მაკიაჟი და გრიმი გაიკეთა. ნიუ-იორკში ჩაფრენისთანავე გროსის პასპორტი კანალიზაციაში ჩააგდო და მატარებლით მეზობელი პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში გაემგზავრა, სადაც არალეგალური სახლი ჰქონდა საიმედო სამალავით. იქვე უკვე ახალი გრიმი მოირგო. შენკლის სახელით „შევროლეტის“ „ჯიპი“ შეიძინა. მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი და მომავალი საქმისთვის საჭირო მოწყობილობები ჩაალაგა და ნიუ-იორკისკენ აიღო გეზი. იქ კი ბინა იქირავა. მომავალი საქმისთვის საჭირო მოწყობილობები საიმედოდ შეინახა და შეკვეთის შესრულებისთვის მზადებას შეუდგა. „გიურზამ“ სალიკვიდაციო ობიექტისთვის ნიუ-იორკი წინასწარ იმიტომ შეარჩია, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, გარკვეულ დღესა და საათს ის აუცილებლად იქნებოდა ზუსტად იქ, სადაც „გიურზას“ უნდა მოეკლა.
***
სანამ თვითმფრინავი ვაშინგტონში დაჯდებოდა, „გორგასალმა“ ყურადღებით წაიკითხა „ბიუროს“ ანალიტიკოსებისთვის განკუთვნილი მასალა და კარას უთხრა:
– ჩემი აზრით, აქ ძალიან საგულისხმოა სტივენ გროსის პასპორტის გაუჩინარება ლონდონის აეროპორტში. მისი ჩვენებებიდან და მომავალი ამბებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ აქ „გიურზას“ ხელი ურევია.
ალექს კარას ეს მასალები წაკითხული არ ჰქონდა და „გორგასალს“ უთხრა:
– თუ შეიძლება, უფრო გასაგებად მითხარით.
პატარიძემ კარას თავი დაუქნია  და თქვა:
– შეერთებული შტატების მოქალაქე სტივენ გროსი ოთხი დღის წინ ლონდონიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, მაგრამ პასპორტი დაკარგა, შეფერხდა და ის მხოლოდ მეორე დღეს შტატების საელჩოს დახმარებით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. თავის ჩვენებაში კი გროსი აღწერდა მსუქან მამაკაცს, რომელიც მოსაცდელ დარბაზში მის გვერდით იჯდა და დარწმუნებული იყო, რომ მას სწორედ იმ მსუქანმა მოჰპარა პასპორტი. ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ იმავე დღეს ნიუ-იორკში გროსის პასპორტით, სავარაუდოდ, ის „მსუქანი“ ჩაფრინდა და ჩემი ღრმა რწმენით, ეს კაცი „გიურზა“ უნდა იყოს.
– რატომ ხართ ასე დარწმუნებული? – იკითხა კარამ.
– იცით, ნაცნობი ხელწერაა და ამიტომ. თითქმის ყველაფერი ზუსტად ემთხვეკვა, – მიუგო „გორგასალმა“ კარას.
– რა ემთხვევა და რა ხელწერაზე ლაპარაკობთ, ვერ ვხვდები, – მხრები აიჩეჩა კარამ.
პატარიძეს გაეცინა და თქვა:
– ეს ჩვენ დივერსიულ სკოლაში გვასწავლეს, ანუ, მსგავს სიტუაციებში მოქმედების „კაგებეს“ სტერეოტიპული ვარიანტია. თანაც, ლონდონიდან ამერიკაში ლეგალიზება რუსულ-საბჭოური უშიშროების კარგად აპრობირებული ხერხია და ამ ყველაფერს საუცხოოდ ფლობს „გიურზა“.
– თუ თქვენ არ ცდებით, გამოდის, რომ „გიურზა“ უკვე შეერთებულ შტატებშია, – თქვა კარამ.
– დიახ, ასე გამოდის, – დაუდასტურა „გორგასალმა“.
„ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ თავი გააქნია და დარდიანად თქვა:
– ჩვენ, თივის ზვინში ნემსის ძებნა მოგვიწევს.
პატარიძემ ღიმილით დაუქნია თავი კარას და უთხრა:
– დიახ. მაგრამ ის მაინც ვიცით, რომ ნემსი ნამდვილად თივის ზვინშია და რომ ის ნემსია, – პაუზის მერე კი დააყოლა, ამ ნემსს კი ჩხვლეტა არ უნდა ვაცადოთ.
„ეფბეერის“ კუთვნილი თვითმფრინავი რომ ვაშინგტონის სპეციალური აეროდრომის საფრენ ბილიკზე დაეშვა, მის მგზავრებს სპეციალური შავი „ჯიპებით“ დახვდნენ და „ბიუროს“ შტაბ-ბინაში წაიყვანეს.  დანიშნულების ადგილზე მისვლას საკმაო დრო დასჭირდა. შენობაში  სათადარიგო შესასვლელით ისარგებლეს. ლიფტში ჩასხდომის წინ კარამ პატარიძეს უთხრა:
– აქვე, ამ შენობის სპეციალურ ოთახში იცხოვრებთ და თქვენს განკარგულებაში ორი ადამიანი იქნება, ისინი თქვენს დავალებებს შეასრულებენ. მათივე მეშვეობით შეგეძლებათ ჩემთან დაკავშირება – დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ახლა კი დაისვენეთ.
„გორგასალი“ „ბიუროს“ სპეციალურ ფლიგელში განათავსეს და ორი ადამიანი მიუჩინეს, რომლებიც ერთდროულად მეთვალყურეებისა და მსახურების ფუნქციებს ასრულებდნენ. პატარიძის საცხოვრებელი საძინებლის, კაბინეტისა და სასტუმრო ოთახებისგან შედგებოდა, სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით. ეს იყო კარგად მოწყობილი, კომფორტული ბინა ფანჯრების გარეშე. თუმცა, სპეციალური განათლება და საჰაერო-საკონდენსაციო სისტემა შეუმჩნეველს ხდიდა ამ ნაკლს. „ბინაში“ იყო კომპიუტერიც, მაგრამ „ინტერნეტის“ გარეშე, რათა მის მაცხოვრებელს საშუალება არ ჰქონოდა მიეღო და გადაეცა ინფორმაცია. იქ არ იყო  ტელეფონიც და გარე სამყაროსთან კავშირისა და ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებას უზარმაზარი ტელევიზორი წარმოადგენდა, რომელიც სამას არხს იჭერდა.
თორნიკე პატარიძემ ყურადღებით დაათვალიერა თავისი ახალი საცხოვრებელი. შემდეგ იბანავა. ტანსაცმელი გამოიცვალა, ივახშმა და როგორც კი დაწვა, მაშინვე მკვდარივით დაეძინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3