კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

იმდენ ხანს ეძინა, როცა გაიღვიძა, ვერ მიხვდა, დღე იყო თუ ღამე. მთელი სხეული სტეხდა, სტკიოდა... თითები თითქოს დაბუჟებისგან გასიებოდა. ვერაფრით გაიხსენა, რა მოხდა გუშინ ან რატომ სჭირდა ეს ყველაფერი. დამძიმებული თავი გაჭირვებით წამოსწია, სიბნელეს თვალი შეაჩვია და ოთახი მოათვლიერა. როცა მიხვდა, რომ სახლში იყო, ცოტა დამშვიდდა. ახლა როგორმე აზრი უნდა მოეკრიფა და ნელ-ნელა აღედგინა მოვლენები. იგრძნო, რომ სწყუროდა, ჩვეულებრივ, წყლით სავსე გრაფინი საწოლთან, იატაკზე ედგა ხოლმე. დედას სთხოვდა, წყალი ყოველთვის ჰქონოდა, რომ ღამე ან უთენია სამზარეულოში არ ერბინა. ხელის მოფათურებამ შედეგი არ გამოიღო. გაუკვირდა. აშკარად თავის საძინებელში იყო, მაგრამ საწოლში არ იწვა. დიახ, რეალობა საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა – იატაკზე იწვა. ეჭვმა, შიშმა, დაბნეულობამ მოიცვა მისი არსება და ბოლომდე გამოფხიზლდა...
... მარიკა სამზარეულოში, კომფორტულ სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულიყო და საყვარელი ფინჯნიდან ყავას მიირთმევდა, თან, ტელეფონში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. ფეხის ხმაზე თავი ასწია და შვილს გაუღიმა.
– უი, შენ სახლში ხარ? როდის მოხვედი? წუხელ, სანამ დავიძინებდი, ოთახში იყავი? რატომ ვერ გნახე?
ბიჭმა პასუხი არ გასცა. ონკანი მოუშვა, ჭიქა აავსო, ბოლომდე დალია და მერე ისევ აავსო.
– იცი, მამაშენმა გადაწყვიტა, მადრიდში თან წამიყვანოს. ორ დღეში მივფრინავთ და მთელი თვე იქ ვიქნებით. კი გამარფრთხილა, შენთვის არ მეცლებაო, მაგრამ ისეთი მოწყენილი ვარ, მაღაზიებში სიარულით მაინც გავირთობ თავს. შენც ჩამოგიტან რაღაცებს.
– რაღა გიჭირს, – ჩაიცინა ნიკამ, – მე ფეხებზე გკიდივარ, ხომ?
– ქალმა ფინჯანი დადგა და შვილს გაოცებით შეხედა. გადატკეცილ შუბლზე ერთი ნაოჭი არ ჰქონდა. თვალები ახალგაზრდულად უბრწყინავდა, ხელოვნურად გაბერილ ტუჩებზე ყავის ნალექი შერჩენოდა.
– რა მოხდა, ნიკუშ? რამე პრობლემა გაქვს?
– ჰო, მაქვს. მაგრამ თქვენ ხომ საერთოდ ვერ მამჩნევთ. ფეხსაცმელი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე საკუთარი შვილი. წუხელ იატაკზე მეძინა.
– იატაკზე გეძინა? აქ, სახლში? კი, მაგრამ რატომ? საწოლზე აღარ მოგეწონა? გინდა, დღეს მაღაზიაში წავიდეთ და ახალი ვიყიდოთ?
ნიკამ ხელი ჩაიქნია.
– მარიკა, საწოლი რა შუაშია. გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ იატაკზე ვწოლილვარ. მთელი სხეული დაბეჟილი მაქვს და მტკივა. შვილი რომ სახლში გვიან მოდის, ყურადღება არ უნდა მიაქციო? ბევრი მაინც გყავდეს. მანანა მაინც სად იყო?
– ნუ იცი შენ ასეთი ლაპარაკი. რას ნიშნავს, ყურადღებას არ გაქცევ. ფულს ვინ გაძლევს, ტანსაცმელს ვინ გყიდულობს... მანქანა ვინ გაჩუქა.
ნიკას რაღაც უკმეხად უნდა ეთქვა დედისთვის, რომ ერთბაშად გონება გაუნათდა.
– მანქანა, მანქანა წამართვეს! ჰო, ნამდვილად არ დამსიზმრებია.
– მანქანა წაგართვეს? რას იგონებ?
– დედა, ვცდილობ, რაღაცები გავიხსენო. ნერვები დაწყვეტაზე მაქვს. შენ კი მთვარიდან ჩამოსულივით მიყურებ და ცეცხლზე ნავთს მისხამ. შენს შვილს იატაკზე ეძინა და საერთოდ არ გადარდებს, ხომ?
– ვაიმე, ნიკუშ. მე ხომ არ  ვიცოდი, იატაკზე რომ გეძინა. ახლა მეუბნები. მთვრალი იყავი? ამდენი როგორ დალიე? მამაშენმა რომ გაიგოს, გაგიჟდება.
– მამაჩემი... ჰმ, კარგ დროს გამახსენე, – ნიკამ მაცივარი გამოაღო და უკმაყოფილოდ დაიჯღანა, – ოდესმე შეიძლება, მინერალური იყოს ამხელა მაცივარში?
– მანანას ჩავაგზავნი და ამოიტანს. ეტყობა, გათავდა.
– მანანა როდის ამოიტანს? მე ახლავე მინდა, – გაჭირვეულდა ნიკა, – მარიკა, დაურეკე შენს ქმარს და უთხარი, რომ მანქანა წამართვეს და საპატრულოში დარეკოს.
– ნიკა, ხომ იცი, მამაშენის ხასიათი, ვერ დავურეკავ, გადაირევა.
– მაშინ, მის მოადგილეს დაურეკე. თუ ამას არ გააკეთებ, ახალი მანქანის ყიდვა მოგიწევთ. იმიტომ რომ უმანქანოდ ვერ ვიქნები.
– ნიკა, შეგიძლია, წესიერად ამიხსნა, რა მოხდა?
– აი, მანანა რომ მინერალურს ამომიტანს და დავლევ, მოგიყვები, თორემ ახლა თავი მისკდება.
– მანანა! მანანა! ჩადი მაღაზიაში და ნიკას მინერალური წყალი ამოუტანე. ოღონდ ცივი და რაც შეიძლება, მალე. თავი სტკივა ბავშვს, – მარიკა ძვირფასი ხალათის კალთების ფრიალით გავიდა ოთახიდან შინამოსამსახურის მოსაძებნად.
შვილმა დამცინავი მზერა გააყოლა. დაცარიელებულ სავარძელში ჩაჯდა და შუბლზე ორივე ხელი მიიჭირა. დალია? არა... მით უმეტეს, იმდენი დალია, რომ მეხსიერება დაკარგა?! მაშინ რა მოხდა? მანქანის წართმევის ამბავიც ბუნდოვნად ახსოვდა. უნივერსიტეტის კამპუსიდან გამოსულს ბიჭებმა დაურეკეს და სუშის საჭმელად წავიდნენ. მერე ერთ-ერთს გაახსენდა, რომ ვიღაც ნაცნობი „ნაშას“ დაბადების დღე იყო.  თაიგულები იყიდეს და ავიდნენ. მერე რა მოხდა? იქ რამდენიმე გოგო იყო. ჰო, დიდად არცერთზე გაგიჟებულა. „პონტისთვის“ იყო. მგონი, იცეკვა კიდეც. კოქტეილი დალია. მოიცა, იქნებ, იმ კოქტეილში იყო რამე ისეთი. შორიდან ძლივს გასაგონად ჩაესმა მობილურის ხმა. ზარზე იცნო, მისი იყო.
– მანანა, მობილური მომიტანე, მანანა!
სამზარეულოში მარიკა შემოფარფატდა უკმაყოფილო სახით.
– რა გაყვირებს, ბიჭო? მანანა მაღაზიაში ჩავიდა. მინერალურზე არ ჩავაგზავნე? გამომართვი შენი ტელეფონი. ვიღაც უზრდელი შეუჩერებლად რეკავს.
ნიკამ ტელეფონის ეკრანს დახედა.
– წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის.
– უპასუხე, უპასუხე... ო, ღმერთო ჩემო, რა რთულია რამე შეგაგნებინოს ადამიანმა.
ნიკამ ხელი აუქნია.
– წეღან რაც გითხარი, ხომ გახსოვს. დროს ნუღარ კარგავ. დაურეკე შენს ქმარს.
– ნიკუშ, რატომ მირთულებ ცხოვრებას? იმდენს იზამ, მადრიდში აღარ წამიყვანს.
– აჰა! გითხარი, ფეხსაცმელები უფრო მნიშვნელოვანია შენთვის-მეთქი? ძალიანაც რომ შეიცხადე? იქნებ მშია, ყავა მაინც შემოგეთავაზებინა.
– ვაიმე, ჯერ მინერალური მოითხოვე... რა გინდა, გაგიკეთებს მანანა. ყავაც არ არის პრობლემა.
– პრობლემა ის არის, ჩემი რომ არ გესმით.
– ტელეფონს არ უპასუხებ? – ამოიოხრა მარიკამ.
ნიკამ რაღაც ჩაიბურტყუნა, გამოტოვებული ზარი მოძებნა და დარეკა.
 – გამარჯობა, – გოგოს უცხო ხმამ უპასუხა, – თქვენ ნიკა ხართ, ხომ? გირეკავდით, რომ გუშინდელისთვის მადლობა მეთქვა.
– რა? ერთი წუთი მოიცადე...
ნიკამ დედას გახედა და აივანზე გავიდა. მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა უცნობთან საუბარი, – გუშინ ასეთი რა გავაკეთე?
– გადამარჩინეთ.
– რა? მე? დარწმუნებული ხართ, რომ ნომერი არ გეშლებათ?
– თქვენ ხომ ნიკა ხართ და გუშინ გადამარჩინეთ.
– რისგან გადაგარჩინე? მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ.
– თავმდაბლობა კარგია, მაგრამ მე რომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ხელს ნუ შემიშლით.
– გინდა, შეგხვდები და მომიყევი, როგორ გადაგარჩინე, – ნიკამ მოიაზრა, რომ ეს გოგო წინა საღამოს ამბების გახსენებაში დაეხმარებოდა. თან მისი ხმის ტემბრმაც მიიზიდა – სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
– კარგი. შევხვდეთ. იქ, სადაც გუშინ მნახე პირველად.
ბიჭმა იგრძნო, რომ თუ რამეს არ მოიფიქრებდა, შარში გაეხვეოდა. ხომ არ ეტყოდა, ამნეზია დამემართა და საერთოდ არაფერი მახსოვს, წარმოდგენაც არ მაქვს, შენ ვინ ხარო.
– იცი, რა ვქნათ. სადმე კაფეში დაგპატიჟებ. ნაკლებად ხმაურიან და მყუდრო ადგილას. ყავა დავლიოთ... კარგი, მაშინ ჩაი დავლიოთ გემრიელი დესერტით. შენ აარჩიე და ერთ საათში ვიქნები.
ნიკამ ტელეფონი გათიშა და ოთახში შებრუნდა. მარიკამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– სად მიდიხარ?
– მარიკა,  სასწრაფოდ ასი ლარი მჭირდება. უნდა მომცე. ჰო, ახლა ტაქსის გამოვიძახებ, სანამ დავბრუნდები, შენ მანქანაზე იჩალიჩე.
– გაჩერდი, ბიჭო, ცოტა ხანი...  ისიც არ ვიცი, მამაშენს რა ვუთხრა?
– გაუგებარი რა არის? ჩემი მანქანის ნომერიც იცის და მარკაც. გითხარი, პატრულმა წაიყვანა-მეთქი. თუ დავუტოვე და წამოვედი, მოკლედ, არ ვიცი. გაარკვიოს თვითონ.
ნიკამ დედას ასლარიანი ხელიდან წასტაცა, ლოყაზე აკოცა და ოთახიდან ისეთი სისწრაფით გავარდა, კართან ბოთლებით დატვირთულ მანანას შეეჯახა და ლამის წააქცია. კიბეზე სირბილით დაეშვა და დამხმარე ქალის განცვიფრებული შეძახილი გაიყოლა:
– რა სჭირს ამას? – ჰკითხა მარიკას, როცა სამზარეულოში შევიდა და ბოთლები მაგიდაზე დაალაგა, – მინერალური მოვუტანე, ხომ უნდოდა?
– მე რა ვიცი, მაგას რა უნდა. მანქანა წაურთმევია პატრულს. წუხელ რომელ საათზე მოვიდა, გაიგე?
მანანამ თავი გააქნია.
– ხომ იცი, როგორი ძილი ვიცი, ქვეყანა რომ დაინგრეს, ვერ ვიგებ. ისე, ადრე როდის მოსულა. ნასვამი ვიყავიო?
– რა ვიცი, ვერ გავიგე... იატაკზე მეძინაო.
– უიმე, იატაკზე რატომ?
– ვაიმე, მანანა... შენ მაინც ნუ მიშლი ნერვებს. ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო, როგორ ვუთხრა მანქანის ამბავი პაატას. გადაირევა. რა დააშავა ნეტავი. ღმერთო, რატომ მიმწარებს ეს ბიჭი ცხოვრებას, რა დავაკელი?
– კარგი, მარიკუნა, რა გემართება? რომელი ოცდაერთი წლის ბიჭი იქცევა სხვანაირად. ჩვენი კიდევ სხვებს სჯობია. სასწავლებელში მაინც დადის და სულ უწიგნურიც არ არის.
მარიკამ უკმაყოფილოდ შეხედა დამხმარე ქალს.:
– რანაირი ლაპარაკი იცი. შენ ფიქრობ, რომ დამამშვიდე? ყველაფერს რომ ვუსრულებ, მაგის ბრალია. ახლაც ასი ლარი გამომართვა და სად გავარდა, ვინ იცის. მაგრამ ერთადერთი მყავს და რა ვქნა.
– ამდენი ფული რად უნდოდა? უნდა გეკითხა.
– რამდენია ასი ლარი. კაფეში გოგო რომ დაპატიჟოს, წვენზე და ნამცხვარზე ძლივს ეყოფა.
– რომელი გოგო, შეყვარებული ჰყავს? აქამდე რომ არ გითქვამს?
– ვაიმე, მანანა, – თავზე იტაცა ხელები მარიკამ, – შენ რაღა გჭირს დღეს? ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და ისე გავარდა აივანზე, ლოგიკურად ვიფიქრე, რომ გოგოს ელაპარაკებოდა. გაიგებ მაგისას რამეს? ნეტავი, ვინ არის? ისე მაინტერესებს... ისეთი სულელიც არ არის, რომ მახინჯსა და „გოიმს“ გადაეკიდოს. ვაიმე, მანანა, ვერ გადავიტან, ჩემი რძალი ქაჯი, ტუტუცი, უგემოვნო და „ძონძი“ იყოს. გეფიცები, მოვკვდები,
მანანამ მთელი სერიოზულობით გადაიწერა პირჯვარი.
– ღმერთმა დაგვიფაროს, მარიკუნა, ღმერთმა დაგვიფაროს... ახლა რას იზამ, დაურეკავ პაატას?
– სხვა რა გზა მაქვს? ნიკამ მითხრა, მოადგილეს დაურეკეო, მაგრამ შეიძლება, უფრო გაბრაზდეს. მომიტანე ტელეფონი!
მანანა დიასახლისის თხოვნის შესასრულებლად წამოდგა, მაგრამ ერთბაშად შეჩერდა და მიაყურადა.
– ვიღაც მოვიდა. ზარის ხმა გაიგონე? იქნებ პაატაა?
– პაატა ზარს არასდროს რეკავს, ვითომ არ იცი, – მხრები აიჩეჩა მარიკამ, სიგარეტს მოუკიდა და ფიქრიანად ჩაილაპარაკა, – რა ვქნა, რა ვუყო ამ ბიჭს?
– ქმრის ხმა რომ გაიგონა, უკვე გვიანი იყო. სიგარეტის გადაგდებას ან დამალვას ვეღარ მოასწრებდა. კაცი უკვე სამზარეულოში იყო და თავზე ადგა.
– მარიკა, რას აკეთებ? ეს არის, სიგარეტს აღარ ვეწევიო?
– პაატა, რა კარგია, რომ მოხვედი. ახლა შენთან ვაპირებდი დარეკავს. ისე, რატომ მოხვედი? ასეთ დროს... პატიკო, რა ხდება?
– მიამიტი ბავშვივით ნუ მეკითხები იმას, რაც ჩემზე უკეთესად იცი. სად ბრძანდება ვაჟბატონი?
– უი, იცი უკვე? ვინ გითხრა? მანანა, მაგარი ყავა გაუკეთე პაატას. ნამცხვარიც მოუტანე.
– ღმერთო, ჭკუიდან შემშლით, ნიკა სად არის-მეთქი, ვიკითხე.
– სადღაც გავიდა.
– მანქანით?
მარიკამ დაგრძელებული წამწამები დაახამხამა.
– რანაირად, პატიკო... იმ საზიზღარ პატრულებს წაურთმევიათ მანქანა ბავშვისთვის. არადა, მთვრალი არ ვიყავიო, დაიფიცა.
– აჰა, ესე იგი, დაიფიცა, – პაატამ ხელები მოიფშვნიტა და ცოლს წარბშეკრულმა შეხედა, – მარიკა, იყო დრო, ეგ შენი მსუბუქი, ქარაფშუტა ხასიათი ძალიან მომწონდა და მიყვარდა კიდეც, მაგრამ ეს ოცდახუთი წლის წინ იყო. გათხოვილი ქალი ხარ, ოცდაერთი წლის ვაჟი გყავს. მგონი, რაღაც საკითხებს უფრო სერიოზულად უნდა მიუდგე. ანუ, მთვრალი არ ვიყავიო, ხომ? მაშინ, სად ჯანდაბაში გაიქცა და მანქანა მიატოვა. დაურეკე, აქ მოეთრეს და პასუხი გამცეს.
– ბავშვზე ასე ნუ ლაპარაკობ, – მარიკამ ხმა და გამომეტყველება გაამკაცრა, მაგრამ კაცმა ისე გადახედა, მაშინვე მოლბა, – პატიკო, გამარკვიე, რა ხდება. სად არის ნიკუშას მანქანა?
– საჯარიმოზე. მძღოლი გავგზავნე და მოიყვანს. ამას ეშველება, მაგრამ იმას რა ეშველება, ჭკუა საერთოდ რომ არ აქვს? წარმოიდგინე, უცხოელი სტუმრები მყავდნენ, სერიოზული ხალხი, საპატრულოდან რომ დამირეკეს, თქვენმა შვილმა წუხელ პატრულის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცაო. მითხარი ერთი, რა დააშავა?
– პატიკო, რა უცნაური კაცი ხარ? მე საიდან უნდა ვიცოდე, მე რომ მეკითხები, იმათ ვერ ჰკითხე?
კაცმა ამოიოხრა. უზადოდ შეკერილი, ძვირფასი პიჯაკიდან არარსებული მტვერი ჩამოიფერთხა და ცოლს სინანულით შეხედა.
– მარიკა, შვილს როდის უნდა მიხედო?
– მოიცა, ამით რისი თქმა გინდა? რომ მე შვილზე არ ვზრუნავ, არ ვუვლი და საერთოდაც, ცუდი დედა ვარ?
– არა. მე ეს არ მითქვამს, მაგრამ ნიკას რომ ყურადღება აკლია, ფაქტია. აჰა, ახლა მაინც იცი, სად არის, სად წავიდა?
მარიკამ თავი გააქნია.
– ხედავ? – ნიშნისმოგებით მიუგო კაცმა, – მოკლედ, მე არ მცალია. შენ ვერ აცნობიერებ, როდის დაშორდი შვილს... ასე ვეღარ გაგრძელდება.
– ძალიანაც ნუ გაასერიოზულებ. ქვეყანა არ დაუნგრევია. უნდა გავუგოთ, შეყვარებულია ბავშვი... – მარიკას ეს სიტყვები გაუაზრებლად, უნებლიეთ წამოსცდა, თუმცა ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ ვერც წარმოიდგენდა.
კოტე დაჯდა, ორივე ქალს გამომცდელი მზერა შეავლო და დადარაჯებულივით იკითხა6
– შეყვარებულია? ესღა გვაკლდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3