კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როდის გრძნობენ ბიჭები ნადია ბენკლიანთან თავს არარეალიზებულად და რატომ ჩავარდა მისი გადაწყვეტილების გაგებისას დედა შოკში

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ნადია ბენკლიანი 13 წლის იყო, როცა „დიდ ავიაციაში“ გადაწყვიტა წასვლა. მიუხედავად წინააღმდეგობისა და ბევრი სტერეოტიპული დამოკიდებულებისა, ყველას დაუმტკიცა, რომ სქესი ხელს ნამდვილად არ შეუშლიდა. ახლა 26 წლისაა, უკვე მეორე წელია, პილოტად მუშაობს და აქამდე ერთადერთი ლიცენზირებული მფრინავი ქალია.
ნადია ბენკლიანი: ავიაციაზე, როგორც წესი, ბავშვობიდან ოცნებობენ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა, მფრინავი ვყოფილიყავი, რადგან იმ პერიოდში საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მფრინავი ქალი არ არსებობდა, რომ მაგალითი მყოლოდა. მამა იყო ავიატორი, ბორტინჟინერი, რუსული ტექნიკით დაფრინავდა. ერთხელ მომიწია მასთან ერთად ფრენა. მახსოვს, სალონში ვიჯექი და მეთაურმა მიკროფონით გამოაცხადა ჩემი სახელი, თუ შეიძლება, კაბინაში შემობრძანდითო. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო (იცინის). მფრინავების კაბინაში შემიყვანეს, მაშინ ცამეტი წლის ვიყავი, პირველად გავიაზრე, როგორ იმართებოდა თვითმფრინავი და საოცარი ემოციები დამეუფლა. მახსოვს, რომ კაბინაში უამრავი ღილაკის დანახვაზე დავიბენი, გაოცებული ვიყავი და  ყველაფერზე კითხვებს ვსვამდი. რაც ვნახე, ძალიან მომეწონა და ამ პროფესიაზე ფიქრი ამის შემდეგ დავიწყე. სკოლას რომ ვამთავრებდი, ზუსტად ვიცოდი, სადაც მინდოდა ჩაბარება. ამის შესახებ მშობლებს რომ ვუთხარი, გაოცდნენ. თავიდან სერიოზულად არც მიიღეს, ხვალ შეიცვლის აზრსო, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, რომ მფრინავობა ავიკვიატე და უკანდახევას არ ვაპირებდი, ძალიან განიცადეს. მამას არ ჰქონია უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ დედა პანიკაში ჩავარდა. მთელი ცხოვრება ნერვიულობდა მამას პროფესიის გამო და ტიროდა – ახლა  შენ უნდა გელოდო ფანჯარასთან, როდის გაფრინდები და ჩამოფრინდებიო. მეც ძალიან განვიცადე მის გამო, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი არჩევანში, რომ ვუთხარი: ან აქ ჩავაბარებ, ან თქვენ სადაც გინდათ, იქ და მერე, ცხოვრებაში რამე რომ არ გამომივიდეს, შენი ბრალი იქნება-მეთქი. აქ უკვე გაჩერდა (იცინის). წარმატებით ჩავაბარე საავიაციო უნივერსიტეტში საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ფაკულტეტზე.
– და იქ, ალბათ, ლექტორიან-სტუდენტიანად ყველა მამრობითი სქესის დაგხვდა. როგორი იყო მათი დამოკიდებულება?
– ჩემთან ერთად კიდევ იყო ორი გოგო, ერთი ჯანმრთელობის გამო „დაგვებრაკა“ და მეორე ახლა იწყებს ფრენას. მე გარეგნულადაც მხედავთ, როგორი პატარა ვარ და პირველი რეაქცია იყო: ვაიმე, შენ უნდა იფრინო? ახლაც რომ მხედავენ, გაოცებულები მეუბნებიან ხოლმე: შენ სწევ ამხელა თვითმფრინავს ჰაერშიო? უნივერსტეტს რაც შეეხება, გაუკვირდათ, მაგრამ პირველივე კურსიდან კარგად წარმოვაჩინე თავი.  სტიპენდიანტი ვიყავი და გულწრფელად რომ ვთქვა, ლექტორები ჩემით ძალიან ამაყობდნენ. ზოგადად, მიყვარს, როცა რაღაც რთულად მეძლევა და მიზნამდე ბარიერების გადალახვა მიწევს, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, როცა ჩემდამი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა. ისე მოხდა, რომ ვერ დაესწრო ჩემს პირველ ფრენას. მამას თავისებური ხასიათი ჰქონდა, სითბოს ვერ გამოხატავდა ხოლმე და პირადად არასდროს მაქებდა, მაგრამ სხვებისგან ვიცოდი, რომ ჩემით ძალიან ამაყობდა. ძალიან მიყვარს ძილი და სულ მეუბნებოდა, შენ ასეთ არეულ გრაფიკს როგორ უნდა შეეგუოო?! ამაზე ნერვიულობდა, მაგრამ მივხვდი, როცა რაღაც ძალიან გიყვარს და სიამოვნებით აკეთებ, უმნიშვნელო ხდება, რომელ საათზე გიწევს ადგომა და დაწოლა.
– მარტივი იყო მუშაობის დაწყება? მგონია, რომ მაინც სტერეოტიპულად აზროვნებენ ამ სფეროში გოგოების მიმართ.
– სწავლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ მივედი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“, სადაც რეზერვში ჩამსვეს. როგორც სტაჟიორმა გავიარე ყველა შიდა საფეხური და შემდეგ იყო გადასწავლება. აქ სქესს არ აქვს მნიშვნელობა. გოგო ხარ თუ ბიჭი ისე გაფასებენ, როგორც თავად წარმოაჩენ საკუთარ თავს.
– პირველი ფრენა როგორ ემოციებთან იყო დაკავშირებული?
– გადასწავლების შემდეგ უკვე პილოტ-სტაჟიორი ხარ და ინსტრუქტორთან ერთად დაფრინავ. ეს არის მფრინავის „მწყობრში შეყვანის“ პერიოდი. ბუნებრივია, პირველი ფრენა სტაჟიორის ამპლუაში იყო. რაც შეეხება ემოციებს, ამ კითხვას წესიერად ვერ ვპასუხობ ხოლმე. აღფრთოვანებული და ემოციებით სავსე ვიყავი, არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა ჩემს თავს.
– მგზავრებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა პატარა გოგოს გხედავენ?
– ძირითადად, დადებითი რეაქციები აქვთ. გაკვირვებულები არიან, მაგრამ თან, ბევრ კომპლიმენტს მეუნებიან და მამხნევებენ. ცოტა ხნის წინ ნინო ქათამაძე მოგვყავდა, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი. კაბინის კარი ღია იყო, რომ შემოვიდა და დამინახა, მოვიდა, ჩამეხუტა და მკოცნიდა. მაგრამ არიან ისეთები, ვისაც სტერეოტიპული რეაქცია აქვთ. ვისთვისაც ქალი საჭესთან პრობლემაა, თვითმფრინავში რა დაემართებათ, ხომ წარმოგიდგენიათ? ერთი მგზავრი გვყავს, რომელსაც ძალიან ეშინია ფრენის. ახლა უკვე ვიცნობ, მაგრამ პირველად რომ ვნახე, არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. ბერლინში მივფრინავდით, კაბინაში შემოვიდა მამაკაცი, ფული დაგვიდო და გავიდა. რომ შემომხედა, ფერი ეცვალა. რატომ მოიქცა ასე-მეთქი, რომ ვიკითხე, გავიგე, რომ თურმე, ამ კაცს ძალიან ეშინია ფრენის და რიტუალი აქვს, გაფრენამდე მფრინავებს ფულს სჩუქნის, რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნოს (იცინის). კაბინიდან რომ გასულა, ბორტგამცილებლებისთვის უთქვამს, რატომ არ მითხარით, რომ ქალი იყო, ხომ იცით, როგორ მეშინიაო?! მთელი ფრენა ეკლებზე იჯდა და პირჯვარს იწერდაო. რომ ჩავფრინდით, გავედი და ვკითხე, რომ დამინახეთ, ძალიან შეგეშინდათ-მეთქი და ვაიმე, შვილო, ძალიან შემეტყო სახეზე? რა კარგია, მშვიდობით რომ ჩამოვფრინდითო (იცინის).
– დედა რას ამბობს ახლა?
– ძალიან ამაყობს, მაგრამ სანამ არ ჩამოვფრინდები, ფანჯარასთან ზის, გამორიცხულია, დაიძინოს.
– ბიჭებს როგორი რეაქცია აქვთ, შენს პროფესიაზე რომ იგებენ?
– უმეტესობას – დადებითი, მაგრამ ისეთი მომენტებიც მქონია, როცა თითქოს, ჩემს წინაშე თავს არარეალიზებულად გრძნობენ. მყავს შეყვარებული და ისიც მფრინავია. ავიაცია მარტო პროფესია არაა, ეს ცხოვრების სტილია, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს.
– ქალების როლი დიდ ავიაციაში როგორ იცვლება?
– ისეთი დრო მოდის, ქალებმა უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ამ საქმის კეთება მამაკაცებზე არანაკლებ შეგვიძლია. პირველ რიგში, საკუთარ თავს და მერე სხვებსაც დავუმტკიცოთ, რომ შეუძლებელი არაფერია. საავიაციო უნივერსიტეტში ჩვენ შემდეგ, ყოველ წელს, ყველა ფაკულტეტზე უფრო და უფრო მეტი გოგო აბარებს, რაც ძალიან მიხარია.
скачать dle 11.3