კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (143)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№43 როგორ მანევრებს მიმართავდა მტერთან შერკინებისას დავით სოსლანი და როგორ ლოცულობდა თამარ მეფე ბრძოლების წინ

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

ადარბადაგანის ათაბაგი აბუბექრი „ბელაქნის კარს“ შირვანშაჰსა და საკუთარ ძმას, ამირ-მირმანს თავს დაესხა და გააქცია. შირვანშა აღსართანმა (ახსითან პირველი) დახმარება სთხოვა თავის მფარველებს – თამარსა და დავითს. შირვანი ჩვენი ყმადნაფიცი იყო და საქართველოს უნდა ეპასუხა აგრესორისთვის.
ათ დღეში შეიკრიბა ქართული ჯარი.
წმიდა მეფემ საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა – დღე და ღამ შეუწყვეტლად ელოცათ. გასცა უამრავი მოწყალება გლახაკთათვის.
შეკრებილ ლაშქარს მეფეთა მეფემ მიმართა: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენ თანა არს...“
წმიდა დედოფალმა დალოცა ჯარი და შეავედრა ღმერთს, წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა. თვითონ ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაუცხრომლად ლოცულობდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს ქრისტიანთა გამარჯვებას.
დავით სოსლანმა წაიძღვანა ძელი ცხოვრებისა და სვიანი დროშა „გორგასლიან-ბაგრატოანური“.
აბუბექრი თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით ქალაქ შამქორსა და მის მიდამოებში გამაგრდა. მზვერავებმა დავით სოსლანს ამბავი მიუტანეს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობის შესახებ.
მეფე დავითი მტრის მრავალრიცხოვნობას არ შეუშინდა და სწრაფად გადავიდა მოქმედებაზე. ჯარი ორად გაყო. ერთ, უფრო მრავალრიცხოვან ნაწილს თავად უთავა, მარჯვნივ შემოუარა შამქორს, გადალახა შამქორ-ჩაის მდინარე, რათა შამქორისთვის ზურგიდან დაერტყა, ჩაეკეტა შამქორისა და განძის გზები. ასეთი მანევრი მტერს დააბნევდა, რომელიც იმდენად მინდობილი იყო თავის მრავალრიცხოვნობას, შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვალობას, რომ დაატოვებინებდა განძისა და არანის გამაგრებულ ადგილებს. შამქორ-ჩაის გარდა, მოწინააღმდეგე გამაგრებული იყო მტკვარში ჩამავალი მდინარეების კოშკა-ჩაისა და განჯა-ჩაის ხეობებში.
ქართველთა მეწინავენი მტერს ეკვეთნენ. მეწინავე მარჯვენა ფრთის სამოქმედო არეალი ვიწრო იყო, მხოლოდ წინა რიგები თუ ებრძოდნენ ერთმანეთს. დავით მეფის რაზმს ცუდი გზის გამო მანევრი შეუყოვნდა. მეწინავე ქართველებს ცხენები გამოუკლეს, ის იყო გაუჭირდათ ქართველებს, რომ გამოჩნდა დროშა გორგასლიანი, რაც მეფის მოახლოებას ნიშნავდა.
მეფის მოსვლამდის უძლებდა ათაბაგის ჯარი. მაგრამ რა იხილეს სოსლანი, თავზარი დაეცათ მაჰმადიანებს.
ქართველთა ჯარმა არ მისცა მაჰმადიანებს მანევრირების საშუალება. მდევარმა ერთი მხრივ განძის მხრისკენ, მეორე მხრივ გელაქუნისკენ მოუჭრა გზა მაჰმადიანებს. დამარცხებული აბუბექრ ათაბაგი შეშინებული გაიქცა.
ეს მოხდა 1195 წლის 1 ივნისს. მეორე დილით შამქორელებმა  მიართვეს ქალაქის კლიტენი მეფეს. შემდეგ დავითი გაემართა განძას. გამოეგებნენ დიდებულები, დიდვაჭარნი, ყადი და მოლები, დაეცნენ მიწაზე და ცრემლით შეავედრეს თავი და ცოლ-შვილი. გაუღეს ჩვენს მეფეს ქალაქის კარი, დაუფინეს სტავრა, შეიყვანეს სასახლეში და სულთნის ტახტზე დასვეს. შეიქმნა დარბაზობა. იჯდა დავით მეფე-სულთანის ტახტზე, ძველი და ახალი ქვეშევრდომები ეთაყვანებოდნენ.
ქართველებმა ღორის ხორცითა და ღვინით კარგად იქეიფეს.
გავიდა 7-8 წელი. დიდი ხიფათი დაემუქრა ჩვენს სამშობლოს. საქართველოს შემოესია რუმის სულთანი რუქნადინი – რუქ-ალ-დინ სულეიმან შაჰი. უამრავი მეომარი წამოუყვანია თან. ზოგი 400 000-ს ამბობს, ზოგი – 800 000-ს (გადაჭარბებულია, მაგრამ, ფაქტია, მომხვდურები ჩვენი წინაპრების ჯარზე მეტი იყვნენ).
მეფე თამარმა ვარძიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ცრემლებით შეავედრა ღმერთს დავით სოსლანი, ქართველთა ჯარი და სეფე დროშა. მერე ფეხშიშველი ავიდა ამაღლებულ ადგილას და დავარდა ლოცვად. მთელი ლაშქარი აღელვებული, ცრემლმორეული უცქერდა დედოფალს და ლოცულობდა თავადაც. თამარმა ცრემლით დაალტო მიწა. შემდეგ უხმო მხედართმთავრებს და ერისთავებს თავისთან, რათა მთხვეოდნენ წმიდა ჯვარს.
მოდიოდნენ ქართველი სარდლები, ტირილით ეთაყვანებოდნენ ჯვარსა და თამარ მეფის ხელს, ანდერძს უტოვებდნენ მეფეთ მეფეს და შესთხოვდნენ ცოლ-შვილის მფარველობასა და ლოცვას თავიანთი სულისთვის.
შემდეგ წმიდა თამარმა აიღო ხელში წმიდა ჯვარი, სამგზის გადასწერა ჯარს და ფეხშიშველმა და თვალცრემლიანმა გააცილა ლაშქარი. შემდეგ ოძრხეს წავიდა სალოცავად და სამარხულოდ.
ქართველებმა ხერხი იხმარეს: სავაჭრო ქარავანთა მისვლა-მოსვლა შეაყოვნეს, რომ სულთანს არ გაეგო ქართველთა საომარი სამზადისის შესახებ. არც სულთნის ელჩი გაუშვეს დროზე ადრე პატრონთან.
ქართველთა ჯარი ბასიანს მიადგა – ადგილს, რომელსაც ბოლისციხეს უწოდებენ. ქართველები რომ მიუახლოვდნენ რუქნადინის ბანაკს, მიავლინეს მისი ელჩი, რომელსაც თან ჰქონდა საქართველოს მბრძანებლის წერილი:
„შენ დიდძალ ოქროსა და მრავალრიცხოვან მხედრობას ხარ მინდობილი, მე კი – უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და ჯვრის ძალას... წამოვგზავნე ქრისტეს მხედრობა არა თაყვანისცემად, არამედ შენს დასამხობად და, აი, ისინი შენი კარვის წინ დგანან...“
როცა წერილი მიუტანეს რუქნადინს, ღამით, უჩუმრად და მოულოდნელად მისული ქართველები უკვე მისი ჯარის წინ იყვნენ დაბანაკებული. რუქნადინს უსაფრთხოების ნორმალური ზომებიც კი არ მიეღო.
ქართველები მოულოდნელად დაესხნენ თავს. საერთო სარდლობა დავით სოსლანს ებარა. მან ჯარი სამ ნაწილად დაყო. წინამბრძოლები იყვნენ ზაქარია მხარგრძელი – ამირსპასალარი, შალვა მანდატურთუხუცესი და მისი ძმა – ივანე ახალციხელი, ჭიაბერი და სხვა თორელები.
მაჰმადიანებმა შეტევას ვერ გაუძლეს, მიატოვეს სადგომები და გამაგრებულ ადგილებს შეეფარნენ. თურქთა ამ ნაწილებს მეორე ეშელონი წამოეშველა. ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები დაუხოცეს ივანე მხარგრძელ-მსახურთუხუცესს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს და სხვა მეთაურებს.
სხვა ქართველებმა ეს რომ იხილეს, ჩამოქვეითდნენ. დადგა კრიტიკული მომენტი. ამ დროს დავით სოსლანმა ხერხი იხმარა: მან თურქების წინააღმდეგ დატოვა ჩამოქვეითებული ქართველები, რათა ქართველთა ცხენებს არ დაეზიანებინათ ქვეითი თანამებრძოლები. თვითონ მარცხნიდან, ხოლო ზაქარია მხარგრძელი მარჯვნიდან, ცხენოსანი მოლაშქრეებით,  მოულოდნელად ეკვეთნენ მტრის ფლანგებს.
სოსლანის გეგმამ წარმატება მოიტანა – უცებ მტრის ჯარი „განსქდა“, გაიფანტა და გაიქცა.
მაჰმადიანთა კარვებში ქართველებმა იპოვეს შაქრის ნატეხების მთა. იმ ადგილებში ბევრი წყარო იყო. ქართველთა მეომრებმა მუზარადებს ამოაფხრიწეს ჩასაფენები, შაქრით გატენეს, წყალი დაასხეს, მოურიეს და სვამდნენ დატკბილულ წყალს.
скачать dle 11.3