კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (146)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№43 დაანონსებული შურისძიება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #39-42(929)


– ეგ „გორგასალი“ თორნიკე პატარიძე, ალბათ, ქართველია, ხომ? – ჰკითხა კარას იულიუს პუდინგმა.
– დიახ. ქართველია, – დაუდასტურა კარამ და დაამატა, – და, ძალიან საშიში პიროვნება. რომ გაასამართლეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩასვეს, გაქცევა მოახერხა. წარმოგიდგენიათ? უმაღლესი დონის უსაფრთხოების ციხეს დააღწია თავი და ეს ამ საპყრობილის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო. მას, ალბათ, ვერც  ვერასდროს მოიხელთებდნენ და შეერთებული შტატებიდან გავიდოდა, რომ არა ის კურიოზული შემთხვევა, რამაც „გორგასალი“ ხელში ჩაგვაგდებინა.
– რა შემთხვევა? – ჰკითხა კარას ნოელ ბანმა.
– რა და, გაქცევიდან მესამე დღეს შენიღბული „გორგასალი“ ჩიკაგოდან ნიუ-იორკში მატარებლით მიემგზავრებოდა. გზაში მატარებელს კატასტროფა მოუვიდა. რელსებიდან გადავიდა და ტბაში ჩავარდა. პატარიძეს არაფერი მოსვლია და იმის მაგივრად, რომ რაც შეიძლება, მალე გასცლოდა იქაურობას, წყალში ჩაცვენილი ადამიანების გადარჩენას მიჰყო ხელი. ის წყალში ყვინთავდა და ჩაძირული ვაგონიდან ხალხი გამოჰყავდა. სულ ოცდაათი კაცი ამოიყვანა ნაპირზე და ბოლო ადამიანი რომ გადაარჩინა, იმდენად დაუძლურებული იყო, რომ გონება დაკარგა და იქვე დავარდა. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს და დახმარება აღმოუჩინეს, მხოლოდ მაშინღა გამჟღავნდა, რომ ის ჩვენ მიერ ძებნილი ტერორისტი იყო და გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით, კვლავ ჩიკაგოს საპყრობილეში დააბრუნეს. თუმცა, ამჯერად ერთადგილიან საკანში გამოკეტეს და უკვე ოცი წელია, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. სხვათა შორის, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების გადარჩენისთვის ის დიდი ოქროს მედლითა და მილიონი დოლარით დააჯილდოვა. მედალი და საბანკო ჩეკი მას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საკანში მიუტანა, რაც კანონითაა გათვალისწინებული. ახლა „გორგასალს“ ისინი კედელზე აქვს მიმაგრებული.
– საინტერესო, მართლაც კურიოზული ისტორიაა. კეთილშობილი ტერორისტი, რომელმაც ოცდაათი ამერიკელი ტბის ფსკერიდან ამოიყვანა, უვადო სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის ციხეში, –  თქვა ბანმა და კარას ჰკითხა:
– ესე იგი, „გორგასალთან“ სასაუბროდ ჩიკაგოში მივემგზავრებით?
– დიახ. სწორედ მასეა, – დაუდასტურა დაზვერვის განყოფილების უფროსს „ბიუროს“ შეფის მოადგილემ.
– და თქვენ იმედი გაქვთ, რომ პატარიძე ჩვენთან ითანამშრომლებს? – თქვა ბანმა, კარამ კი მხრები აიჩეჩა და უპასუხა:
– ყოველ შემთხვევაში, სხვა გზა არ გვაქვს და უნდა ვცადოთ მაინც. დრო არ ითმენს და „გიურზამ“ შეიძლება, ყოველ წუთს დაიწყოს აქტიური მოქმედება.
***
ორმოცდათხუთმეტი წლის თორნიკე პატარიძე, იგივე „გორგასალი“, ჩიკაგოს მკაცრი რეჟიმის ციხის განსაკუთრებული სექტორის ყველაზე დაცულ, ერთადგილიან საკანში იჯდა. მას თორმეტი ვიდეოკამერიდან მუდმივად უთვალთვალებდნენ, მასზე სპეციალურად მიმაგრებული კონტროლიორები ყოველ ერთ საათში იხედებოდნენ საკანში, რომ „გორგასლის“ იქ ყოფნაში საკუთარი „ცოცხალი“ თვალით დარწმუნებულიყვნენ. პატარიძე სუფთა ჰაერზე მხოლოდ კვირაში ერთხელ, ერთი საათით გაჰყავდათ  და თანაც, მარტო და ხელ-ფეხბორკილდადებული. ციხის პერსონალს მასთან საუბარი მკაცრად ჰქონდა აკრძალული და არც პატარიძე ცდილობდა მათთან დალაპარაკებას. საჭმელი „გორგასალთან“ საკანში მიჰქონდათ. პატიმარს საკანშივე ჰქონდა ტუალეტი და პირსაბანი. ნებადართულ ნივთებს შორის იყო საპონი, ტუალეტის ქაღალდი, საწერკალამი, ბლოკნოტი ან რვეული და წიგნები, რომლებსაც პატიმარი წინასწარ იწერდა და ინტენსიურად კითხულობდა. მას არ ჰქონდა ჭიქა და წყალს პირდაპირ ონკანიდან სვამდა. მიუხედავად აბსოლუტური იზოლაციისა, „გორგასალს“ მთელი ციხე იცნობდა და პატივს სცემდა. პატივისცემა კი მან გაქცევითა და იმ ისტორიით დაიმსახურა, რის გამოც პატარიძე დიდი ოქროს მედლითა და მილიონი დოლარით დააჯილდოვეს. მართალია, ერთ-ერთმა ლათინოსმა პატიმარმა, მეტსახელად „ვამპირმა“, მასზე თქვა, ყეყეჩია და ღირსია, რომ ციხეში დალპესო, მაგრამ ამ სიტყვებისთვის უმკაცრესად დაისაჯა. „ვამპირი“ ციხეში ხუთი სერიული მკვლელობისთვის იჯდა. მას ხუთი ქალი ჰყავდა ჯერ მოკლული და შემდეგ გაუპატიურებული. ნეკროფილი იყო და მართალია, სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი, მაგრამ დროებით გადაუვადეს და ჯერჯერობით ცოცხლობდა. ერთ დღეს პატარიძე სასეირნოდ გაიყვანეს ციხის დახურულ ეზოში. იქვე იმყოფებოდა „ვამპირიც“. „გორგასალმა“ სეირნობის დროს „ვამპირი“ მოიხელთა და საოცარი ილეთით მანიაკს ღია პირი თავისსავე სასქესო ორგანოსთან მიატანინა და მოაკვნეტინა. ხოლო სანამ ბადრაგი გონს მოეგო და ნეკროფილ მანიაკს მიეშველა, პატარიძემ მას ორივე ლავიწის ძვალი გაუტეხა და მხოლოდ ამის მერე აეკრო კედელს. ამ შემთხვევის შემდეგ, რომელიც ციხის ადმინისტრაციას არ გაუხმაურებია, „გორგასალი“ ექვსი თვე არ გამოუყვანიათ საკნიდან და წერა-კითხვის საშუალებაც მოუსპეს. ექვსი თვის შემდეგ კი ის სასეირნოდ მარტო გაჰყავდათ, თანაც ხელ-ფეხბორკილდადებული. „ვამპირს“ კი ამასობაში მკურნალობდნენ და მართალია, მოტეხილობები შეუხორცბა, მაგრამ ნეკროფილს „მამაკაცური ღირსება“ აღარ დაბრუნებია და განკურნებიდან ექვსი თვის შემდეგ ის ელექტრონულ სკამზე სიკვდილით დასაჯეს.
თორნიკე პატარიძესთან შესახვედრად რომ მიემგზავრებოდნენ, „ბიუროს“ დელეგაციას უკვე დაწვრილებით ჰქონდა შესწავლილი პატიმრის დოსიე და რა თქმა უნდა, „ვამპირთან“ დაკავშირებული ისტორიაც, რომელიც მართალია, დოსიეში არ ეწერა, მაგრამ ციხეში ჩანერგილ „ეფბეერის“ აგენტს საიდუმლო პატაკი ჰქონდა გაგზავნილი ცენტრალურ ოფისში.
„ბიუროს“ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ალექს კარა, ნოელ ბანი და იულიუს პუდინგი. მათი ამოცანა იყო, რაც შეიძლება, მეტი შეეტყოთ „გორგასლისგან“ „გიურზას“ შესახებ და მიახლოებითი ფოტორობოტი მაინც შეედგინათ, რომ მისი ძებნა გაადვილებოდათ. თავიანთი ვიზიტის შესახებ ციხის უფროსს წინასწარ აცნობეს და პატიმრის მომზადება სთხოვეს. „დელეგაცია“ რომ ადგილზე მივიდა, „გორგასალი“ ციხის სასეირნო ეზოში გამოიყვანეს და მათ ხელ-ფეხზე ბორკილდადებული დაახვედრეს. არასასეირნო დღე იყო და პატარიძე მიხვდა, რომ მასთან მნახველები უნდა მისულიყვნენ. თუმცა, ვინ და რატომ, წარმოდგენაც არ ჰქონდა და არც არავისთვის უკითხავს, რადგან იცოდა – არაფერს უპასუხებდნენ.
ტრიო სასეირნო ეზოში ციხის უფროსის თანხლებით შევიდა. „გორგასალი“ ბეტონის სკამზე იჯდა და ახალმოსულების დანახვაზე არც წამომდგარა. ერთი თვალი შეავლო მათ, შემდეგ ფოლადის გისოსების „ჭერს“ ახედა, თვალები დახუჭა და მზეს მიეფიცხა.
– ბორკილები მოხსენით, – უთხრა კარამ ციხის უფროსს და პროტესტის მიუხედავად, რომ პატიმარი ძალიან საშიში იყო, „ბიუროს“ დირექტორის მოადგილემ მაინც თავისი გაიტანა. შემდეგ ციხის უფროსსა და კონტროლიორებს დელიკატურად დაატოვებინა იქაურობა. პატარიძეს მიუახლოვდა და უთხრა:
– მე ალექს კარა ვარ, „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილე, – კარამ თანმხლები პირებისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – ესენი კი ჩემი კოლეგები არიან – ნოელ ბანი და იულიუს პუდინგი.
ბორკილებმოხსნილი პატარიძე ფეხზე წამოდგა და ახალმოსულებს ღიმილით ჰკითხა:
– რას მივაწერო, ბატონებო, ასეთი პატივცემული უწყების მესვეურთა ესოდენ წარმომადგენლობითი ვიზიტი?
– კრიტიკულ სიტუაციას, ბატონო პატარიძე, რომელიც შეიქმნა და აქ იმიტომ მოვედით, რომ დახმარება გთხოვოთ, – უთხრა კარამ „გორგასალს“.
– ისეთი რა მოხდა, რომ ჩემ გარეშე ვერ აგვარებთ? – ირონიით იკითხა პატარიძემ.
კარამ კი არ შეიმჩნია, „გორგასალს“ გამომცდელი მზერა მიაპყრო და უთხრა:
– დრო არ ითმენს, ბატონო პატარიძე და პირდაპირ გეტყვით, – ჩვენ ვინმე „გიურზას“ ვეძებთ, რომელსაც თქვენ იცნობთ და ამიტომ მოვედით აქ.
– აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე, – გაეცინა პატარიძეს და დააყოლა, – გამოდის, რომ ის ისევ ცოცხალია და აქტიურობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძებნას არ დაუწყებდით. რა ჩაიდინა, თვითმფრინავი გაიტაცა თუ რომელიმე ამერიკული საელჩო ააფეთქა?
– ჯერჯერობით არაფერი ჩაუდენია, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩაიდენს და იმიტომ მოგაკითხეთ, რომ მას ამის საშუალება მოვუსპოთ, – უთხრა პატარიძეს კარამ.
– რისი საშუალება უნდა მოუსპოთ, რას აპირებს? – იკითხა „გორგასალმა“.
– ზუსტად არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის მკვლელობის შეკვეთა აქვს მიღებული, მაგრამ ვისი, წარმოდგენაც არ გვაქვს, – თქვა კარამ და დააყოლა, – აქ იმიტომ ვართ, რომ მის დაჭერაში დაგვეხმაროთ და მომავალი უბედურება აღვკვეთოთ.
– უფრო კონკრეტული ინფორმაცია რომ მითხრათ, არ შეიძლება? – თქვა პატარიძემ.
კარამ „გორგასალს“ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს ჰკითხა:
– აი, სულ ესაა. ახლა თანახმა ხართ, რომ დაგვეხმაროთ?
– რომ დაგეხმაროთ, ამით მე რა სარგებელი მექნება? – კითხვა შეუბრუნა კარას პატარიძემ.
– თქვენ საქმეს გადახედავენ და უვადო პატიმრობას გარკვეული ვადით შეგიცვლიან, –  მიუგო კარამ „გორგასალს“.
– დამცინით, ხომ? აქ უკვე ოცი წელია, ვზივარ და უვადოს, ალბათ, ოცდაათწლიანი პატიმრობით შემიცვლიან და ეს იქნება ჩემი ჯილდო დახმარებისთვის? – თქვა პატარიძემ.
– თქვენ ტერორიზმისთვის ზიხართ. ეს კი ძალიან მძიმე ბრალდებაა, – თქვა კარამ.
პატარიძემ კი ხელი ჩაიქნია და მიუგო.
– გეყოფათ, ბატონო დირექტორის მოადგილევ, გეყოფათ! მკვლელობა მე თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ ჩამიდენია, მით უმეტეს, ტერორისტული აქტი. ნაძირალა „სპინოზას“ ლიკვიდაციისთვის კი ჩემთვის ციხე კი არ უნდა მოგესაჯათ, ჯილდო უნდა მოგეცათ. მერწმუნეთ, რომ მას ან თქვენვე მოუღებდით ბოლოს, როგორც პაბლო ესკობარს, ან ციხეში ჩაალპობდით, როგორც პანამის დიქტატორ ნორიეგას, რომელზეც თავიდან დიდ იმედებს ამყარებდით და ხელისუფლებას უმაგრებდით, შემდეგ კი გადაგიდგათ და დედა უტირეთ.
– შეიძლება, მართალსაც კი ბრძანებთ, მაგრამ კანონი კანონია და პატივი უნდა ვცეთ, – თქვა კარამ.
– კეთილი. პატივი ეცით კანონს და მე აქ ამომალპეთ. ამასობაში კი „გიურზა“, ალბათ, უკვე უხმაუროდ მისრიალებს თავისი მსხვერპლისკენ, რათა სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს და გაანადგუროს, – თქვა „გორგასალმა“.
„გიურზას“ ხსენებაზე კარა კანონზე ლაპარაკს მოეშვა და პატარიძეს უთხრა:
– მაინც, რას ითხოვთ ჩვენი დახმარების სანაცვლოდ?
– ჩემი განაჩენის გადახედვას და გათავისუფლებას, ჩემს სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებას, – თქვა „გორგასალმა“.
– ეს შეუძლებელია, – კატეგორიული ტონით თქვა კარამ.
– მაშინ „გიურზას“ დაჭერაც შეუძლებელია ჩემი დახმარების გარეშე, – თქვა პატარიძემ.
– ნუ გაქვთ თქვენს თავზე დიდი წარმოდგენა, – საუბარში ნოელ ბანი ჩაერთო, – ადრე თუ გვიან „გიურზას“ მაინც დავიჭერთ.
პატარიძემ მშვიდი მზერა მიაპყრო „ბიუროს“ „მთავარ მზვერავს“ და უფრო მშვიდად უთხრა:
– სულაც არ მაქვს ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. „გიურზა“ შეიძლება, დაიჭიროთ კიდეც, მაგრამ მას მერე, როდესაც ის თავის შეკვეთას შეასრულებს.
ნოელ ბანმა პირი დააღო, რომ „გორგასლისთვის“ პასუხი გაეცა, მაგრამ ის კარამ გააჩერა და პატარიძეს უთხრა:
– კეთილი, შევეცდები, თქვენი პირობა შევასრულო და თუკი გათავისუფლებას ახლავე ვერ მივაღწევ, გპირდებით, რომ მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ გაგიშვებენ. ამისთვის კი „გიურზა“  უნდა დაგვაჭერინოთ.
– კარგი. თანახმა ვარ, რომ „გიურზა“ დაგაჭერინოთ, მაგრამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოთ, – თქვა პატარიძემ.
– რა პირობა? – იკითხა კარამ.
– დროებით აქედან უნდა გამომიყვანოთ და სამძებრო ჯგუფში ჩამრთოთ. გარწმუნებთ, რომ ასე უფრო მალე დავიჭერთ იმ ნაძირალას, –  თქვა პატარიძემ.
კარას სახეზე გაბრაზება აღებეჭდა და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მას ბანმა დაასწრო და თქვა.
– ხომ ხედავთ, ბატონო კარა, რომ პატიმარი ჩვენს გაცურებას ცდილობს და ჩვენი დახმარებით გაქცევთა უნდა.
კარამ ხელქვეითს შეუბღვირა, პატარიძეს კი უთხრა:
– ეს შეუძლებელია. აქედან ვერანაირად ვერ გაგიყვანთ და თუ ჩვენი დახმარება გსურთ, აქ დაგვეხმარეთ და აქვე მოგვაწოდეთ „გიურზაზე“ ინფორმაცია.
– ბატონო კარა, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ გაქცევაზე არც კი ვიფიქრებ. „გიურზაზე“ მოწოდებული ინფორმაციით კი შორს ვერ წახვალთ და ჯობია, თქვენს ჯგუფში ჩამრთოთ. მე კარგად ვიცნობ მას და გარწმუნებთ, მის კვალს ძალიან მალე დავადგებით, – უთხრა კარას „გორგასალმა“.
– კეთილი, – მიუგო კარამ პატარიძეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3