კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-42(929)


არასდროს გამჩენია სურვილი, დრო უკან დამებრუნებინა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ წინ ისე უნდა იარო, უკან არ მოიხედო. მაგრამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, როცა საათის ისრებს სიამოვნებით გადავწევდი უკან და იქნებ, რაღაცებიც შემეცვალა. ჩემი ქმრის გაშტერებული გამომეტყველების ცქერას ვეღარ გავუძელი, კარადის შორეულ კუთხეში მიმალული სიგარეტის ერთი ღერი მეგულებოდა და იქით გავეშურე. სამზარეულოში სანთებელაც ვიპოვე და აივანზე გავედი. სიმარტოვეში ყოფნა და ფიქრი მინდოდა. ვხვდებოდი, ეს ამბავი  ასე არ ჩაივლიდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მექნებოდა მისაღები, მაგრამ ამის გაცნობიერება შიშს მგვრიდა. იმიტომ არა, რომ ჩემი ქმრის იქით ცხოვრება ვერ წარმომედგინა – ნამდვილად არ ვარ ისეთი ქალი, ლოყებს რომ იხოკავენ – ვაიმე, ჩემი ქმრის გარეშე რა მეშველებაო. უბრალოდ შეჩვეული ჭირის სინდრომი დამემართა. დიდხანს ვიყავი  ლოკოკანასავით შეყუჟული საკუთარ ციხესიმაგრეში და მოულოდნელმა სინათლემ (იქნებ სიბნელემაც) თვალი მომჭრა. სულელი ვიქნებოდი, მომავალი კოტესთან ურთიერთობაზე ამეგო. კაცი ისე გაქრა, „ნახვამდისაც“ არ უთქვამს. რისი იმედი უნდა მქონოდა. მაგრამ კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა ჩემს ქმართან დარჩენა.
ზურგს უკან გახშირებულმა სუნთქვამ მაიძულა შემოვბრუნებულიყავი. ერეკლე იყო. წყენით მოშტერებული რაღაცის თქმას აპირებდა და ვერ ბედავდა.
– რა მოხდა? – ვკითხე მოგონილი სიმშვიდით
– სიგარეტს დიდი ხანია, ეწევი?
– ერეკლე, ეს ამბავი თუ ასე გაწუხებს, შემიძლია, ახლავე დაგიფიცო, რომ მეტს აღარასდროს მოვწევ.
– ახლა რატომ ეწევი?
– რა ხდება? ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ?
– დედა, აი, შენგან ნამდვილად არ ველოდი ამას... მამა კიდევ ჰო... არასდროს ვყოფილვარ მის ერთგულებაზე დიდი წარმოდგენის, მაგრამ შენ? შენ?
– ერეკლე,  რისი თქმა გინდა, რა გგონია, რომ დავაშავე?
– საყვარელი გყავს.
გავშრი. მერე გამეცინა.
– საიდან მოიტანე ეგ სისულელე.
– დედა, თქვენ მართლა სულელი ხომ არ გგონივართ. ყველაფერი მესმოდა. მამაჩემს ცალკე დაველაპარაკები, მაგრამ ჯერ შენგან უნდა ვიცოდე – მართალია, რაც გავიგონე?
– ამაზე ლაპარაკიც არ მინდა.
– იმიტომ, რომ მართალია?
– რა არის მართალი?!  თავი დამანებე ერეკლე. მე და მამაშენს რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვღალატობ ან ოჯახი გვენგრევა. ასე რომ, შეგიძლია, მშვიდად იყო.
ერეკლე აშკარად ვერ დააკმაყოფილა ჩემმა სიტყვებმა. წყრომით შემომხედა და კარი გაიჯახუნა. სიგარეტი ბრაზით მოვისროლე. დარწმუნებული ვიყავი, მიშა არ დამინდობდა. ყველაფერს გააკეთებდა, რომ შვილების წინაშე მართალი გამოჩენილიყო. ზომები დროულად უნდა მიმეღო. ქმარს რომ ერთი სიტყვაც კი არასწორად ეთქვა ჩემზე ან ჩვენს კონფლიქტზე, ვერ გადამირჩებოდა. მინდოდა თუ არა, ისევ უნდა დავლაპარაკებოდი. ოთახში არ დამხვდა. გამიკვირდა, ასე უცებ სად შეიძლებოდა წასულიყო-მეთქი. ძებნა დავუწყე და ჩემდა გასაოცრად, მისი ხმა გავიგონე, ყრუდ, მაგრამ სიტყვების გარჩევა ნამდვილად შეიძლებოდა – ჩემი გარდერობის მინიატურული ოთახიდან მოდიოდა, ანუ სათავსოდან. ფეხაკრეფით მივედი კართან. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ საყვარელთან საუბარში გამოვიჭირე. პირველივე წინადადებამ შოკში ჩამაგდო. მუხლებში ძალა გამომეცალა. რომ არ წავქცეულიყავი, კედელს მივეყრდენი.
– ბიჭო, შენ რა გთხოვე და რა გააკეთე. არა, ჯერ მომისმინე. მისმინე-მეთქი! დახმარება გთხოვე, ისეთ „პონტში“, კაცურად. შენ რა ქენი? ცოლი „ამახიე“, ტო? ნაშა გეგონა, შე ჩემა? რას ვამბობ და იმას ვამბობ, უკადრებელი რომ იკადრე. მე არ ვიცი, იქ რა მოხდა, მაგრამ გეუბნები, ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. ხვალვე უნდა გნახო. ახლავე წამოვიდოდი, მაგრამ ჯერ გვანცას უნდა დაველაპარაკო. აჰა, ანუ ნანობ, რომ დამთანხმდი? ბიჭო, აზრზე მოდი, ჩემ ცოლზეა საუბარი-მეთქი. როგორ გენდე და ეს რა ჰქენი?! არ გაპატიებ, იცოდე...
როგორ გგონიათ, რა ხდებოდა ჩემს თავს, როცა ამ ყველაფერს ვუსმენდი? ვერ ვიჯერებდი, რომ ცუდ სიზმარს არ ვხედავდი, თანაც, ისეთ სიზმარს, დიდხანს რომ მიგყვება კოშმარად და გაწამებს. ერთმანეთში აირია გუშინდელი და დღევანდელი – კოტე მისი სიტყვები, ღიმილი... საოცარი რომანატიზმით გაჟღენთილი დღეები და უეცარი გაუჩინარება. აქ – ჩემი ქმარი და მისი გაუგონარი მზაკვრული ჩანაფიქრი. თვალები დავხუჭე. ყელში ბურთი გამეჩხირა და ერთი აღრიალება ქვეყანას მერჩივნა. ხომ არის მომენტები, როცა მზად ხარ, საკუთარ თავს სრული თავისუფლება მისცე,  ისეთი რაღაც ჩაიდინო, რისი გაკეთების უფლებასაც აღზრდა და მორალი არ გაძლევს. ხელები დამიბუჟდა, ისე მომინდა, ოთახში შევვარდნილიყავი და მიშასთვის სახე ჩამომეკაწრა. საღმა აზრმა გაიმარჯვა. იქაურობას გავეცალე, ჩემს ოთახში შევედი, საწოლზე წამოვწექი და თავი მოვიმძინარე. ტანსაცმლის გახდის თავი ნამდვილად არ მქონდა. გამანადგურა იმან, რაც მოვისმინე. ანუ, კოტე და ჩემი ქმარი ერთმანეთს იცნობდნენ? ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. კიდევ უარესი – ორივე მატყუებდა. ნაკლებად მაინტერესებდა, მთავარი მიზეზი – რამ მიიყვანა ჩემი ქმარი ასეთ უღირს შეთქმულებამდე. თავი არარაობად ვიგრძენი. მიშას რომ ამას არ ვაპატიებდი, ამაზე უკვე შევუთანხმდი, საკუთარ შინაგან ხმას, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი კოტესთან ანაგარიშსწორება იყო, კაცთან, რომელმაც თითქმის თავი შემაყვარა.  ცრემლები მახრჩობდა. სავარძლიდან პლედი ავიღე და მასში თავიდან ფეხებამდე გავეხვიე. კარმა ყრუდ გაიჭრიალა. არ დამინახავს. ან როგორ დავინახავდი, როცა ცრემლით სველი სახე პლედით მქონდა დაფარული, მაგრამ ვიგრძენი, რომ ოთახში ჩემი ძვირფასი ქმარი შემოვიდა.
– გძინავს?
ხმა არ გამიცია. პირი რომ მომეღო და მაქსიმალური ძალისხმევა არ გამომეჩინა, საშინელებას დავატრიალებდი. ჯერ როგორმე დილამდე უნდა მომეთმინა და კოტე მენახა.
მიშამ ცოტა ხანს კიდევ იბოდიალა ოთახში. რამდენჯერმე გაჩერდა და ალბათ, ამ დროს მე მიყურებდა. არანაირი მინიშნება, რომ მეღვიძა. როგორმე გათენებამდე უნდა მიმეღწია. მანამდე კი ჩემს ქმარს უნდა დასძინებოდა ღრმად, რომ მე მის მობილურში კოტეს ტელეფონის ნომერი მომეძებნა. სამოქმედო გეგმა შედგენილი და მოფიქრებული მქონდა. შვილებს მერე ავუხსნიდი ყველაფერს. სუნთქვაც კი შევაჩერე. არ მახსოვს, რამდენი დრო გავიდა. ძილი არ მომკარებია. დაძაბულობისგან მთელი სხეული დამეჭიმა და დამეძაბა. როგორც იქნა, მიშა დაწვა. მალე მისი თანაბარი, მშვიდი სუნთქვაც გავიგონე. ღმერთო, როგორ შეეძლო, აი, ასე დაწოლილიყო და დაეძინა, თითქოს არაფერი მომხდარა. ან ძალიან უსინდისო იყო, ან იმაზე მშვიდი ნერვები ჰქონდა, ვიდრე წარმომედგინა. კოტეს ტელეფონის ნომერი ჩემს მობილურში რომ დავიგულე, ვიგრძენი, რომ ოდნავ დავწყნარდი. სხეული აღარ მიკანკალებდა. გულისცემაც დასტაბილურდა...
ბინიდან ისე გამოვედი, არავის გაუგია. გამიმართლა, ჩემი მანქანა ავტოფარეხში განაპირას ეყენა და ადვილად გამოვიყვანე. ცხოვრებაში პირველად ისე ვმართავდი ავტომობილს, რომ საერთოდ არ  ვფიქრობდი. მექანიკურად მიმყავდა და კიდევ კარგი, რომ დროის ამ მონაკვეთში, ქალაქში მანქანები, ფაქტობრივად, არ იყო. სამაგიეროდ, იყო პატრული და გამაჩერა კიდეც.
– ქალბატონო, შეიძლება, ალკოტესტზე  შეგამოწმოთ? – პატრულმა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდამ, ეჭვით შემათვალიერა. ნაძალადევად გავუღიმე.  
– როგორც საჭიროდ მიიჩნევთ, მაგრამ ნასვამი არ ვარ. საერთოდ არ ვსვამ, მით უფრო საჭეთან. მთვრალს ვგავარ?
– არა, ქალბატონო. კარგად ხართ? ხომ არ გნებავთ, ვინმეს დავურეკოთ. სად მიბრძანდებით?
– სახლში. რა თქმა უნდა, კარგად ვარ. რაშია საქმე? ვინმემ ამ დროს მანქანით გადაადგილება აკრძალა და მე  ვერ გავიგე?
– დამშვიდდით, ქალბატონო, – პატრული აშკარად შეწუხებული მიყურებდა. მე ბრაზისგან უკვე ვკანკალებდი. ის რა შუაში იყო, მაგრამ ჩემმა დაგუბებულმა ემოციებმა ჯებირი გაარღვია.
– რატომ გამაჩერეთ, გეკითხებით – დავარღვიე რამე? ჩქარა ვმოძრაობდი? ჩემნაირ კანონმორჩილ მძღოლს მეორეს ვერ ნახავს ადამიანი...
– გასაგებია ქალბატონო, მაგრამ ახლა დამშვიდდით, – პატრულმა თავის მეწყვილეს, ამასობაში საპატრულო მანქანიდან რომ გადმოვიდა და განცვიფრებული მოგვიახლოვდა, ისე შეხედა, თითქოს მისგან ითხოვდა ნებართვას. ისტერიკას აღარაფერი მაკლდა. ეს ახალგაზრდა კაცმაც იგრძნო და უცებ ხელები შემომხვია. მის მკერდზე მიყრდნობილი ერთბაშად მოვეშვი, მოვდუნდი და პატარა ბავშვივით ავტირდი...
 ჩემი ხმა მაშინვე იცნო. პასუხს აყოვნებდა. მინდოდა, მისი სახე წარმომედგინა.
– კარგი, მოვალ და დაგელაპარაკები. სად ხარ?
– წავკისში, ჩემს აგარაკზე. მოაგნებ, არ გაგიჭირდება. დარწმუნებული ვარ, ნამყოფი ხარ კიდეც. ჩემს ქმართან საიდუმლო მოლაპარაკება, ალბათ, აქ შედგა. მოკლედ, გელოდები...
აღარ მოვყვები, როგორ მიმაცილა პატრულმა ჩემს აგარაკამდე წავკისში, როგორ დავლიეთ ერთად რამდენიმე ფინჯანი ჩაი და როგორ ვუსმენდი მათ მოყოლილ ღამის ისტორიებს უბედურ ადამიანებზე. როცა მიმახვედრეს, რომ განსაკუთრებული და საშიში არაფერი მჭირდა, თავაზიანად დამემშვიდობნენ და წავიდნენ.
კარი გავაღე. მისი მოსვლისთვის უკვე საკმარისად ვიყავი დამშვიდებული.
– შემოდი. ალბათ, გაგიკვირდა, როცა დაგირეკე. შენ ხომ ჩემთვის ტელეფონის ნომერი არ მოგიცია.
კოტემ უმწეოდ გაიღიმა.
– ტელეფონის ნომრის გაგებას ბევრი არაფერი უნდა, თუ მოინდომებ.
– მართლა? თუმცა მართალი ხარ. თუკი მოინდომებ, ნებისმიერ შეთქმულებას გამოააშკარვებ და არამზადებსაც ახდი ფარდას და ტელეფონის ნომრის გაგებას რაღა უნდა.
– ნება მომეცი, ყველაფერი აგიხსნა.
– რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ დაგიბარე. გაინტერესებს, საიდან გავიგე სიმართლე? გავიგონე, მიშა რომ გელაპარაკებოდა. მინდა გითხრა, რომ ძალიან გამაოცე.  არა, სულელი არ ვარ, ვხვდებოდი, ერთი ნახვით რომ არ შეგყვარებივარ, მაგრამ მიზეზი უფრო ბანალური მეგონა – ჩემი საწოლში შეტყუება და სექსი. ჰმ, რა მასშტაბებისა და გაქანების ყოფილხარ? გილოცავ, მოლოდინებს გადაამეტე. ყველაფერს წარმოვიდგნდი, მაგრამ, თუ ჩემს ქმართან იქნებოდი შეკრული და შენი თავგამოდება შეთქმულების ნაწილი იქნებოდა, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი.
– შეგიძლია მომისმინო? – კოტემ მუდარით შემომხედა, – ვიცი, რომ გამართლება არა აქვს ჩემს საქციელს. არ ვიცი, საერთოდ როგორ დავთანხმდი ასეთ ავანტიურაზე. მე და შენი ქმარი ბიზნესპარტნიორები ვართ. მოკლედ, სიტუაციამ მოიტანა...  არა, არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ ჩემი ბრალი არ არის და მიშამ დამიყოლია. მთხოვა... როგორ აგიხსნა, არ ვიცი...
– მე ვიცი და თუ გინდა მოგიყვები, – სარკასტულად ვუღიმოდი, პირდაპირ სახეში შევცქეროდი და მისი დაბნეულობით ვტკბებოდი. აშკარად წვალობდა, განიცდიდა, მაგრამ მისი განცდები რა  მოსატანი იყო ჩემს განცდებთან – მოკლედ, ორი „სირი“ დასხედით და გადაწყვიტეთ, ჩემს გრძნობებზე გეთამაშათ. სხვა სახელს ამას ვერ დავარქმევ. იმას ვამბობ, რაც იყო. კარგად კი გამოგივიდა. თუმცა, რატომ არ გამოგივიდოდა, ჩემმა ქმარმა ხომ წინასწარ დაგატრენინგა. ჩემი ცოლი ახლა ეჭვებშია, რომ ვუღალატე. არ მინდა, ისტერიკები მომიწყოს და დაამშვიდეო. შემთხვევით რომ არ აღმოჩნდი თურქეთში იმავე სასტუმროში, რომელშიც მე, ამას ხომ ვერ უარყოფ.
– ხომ ვთქვი, რომ არაფრის უარყოფას არ ვაპირებ. პირიქით, გეუბნები, ძალიან დავაშავე-მეთქი. მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც საერთოდ ვერ გავითვალისწინე.
დამცინავად შევხედე. გაფითრდა და მზერა მომარიდა.
– შეგიძლია არ დამიჯერო, შეგიძლია კარი გააღო და გამაგდო აქედან, მაგრამ  მაინც გეტყვი,  არ შემიძლია რომ არ გითხრა... შემიყვარდი...
– რა? ჰა, ჰა... ღმერთო, როგორი ცინიზმია. კოტე შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ჩემმა ქმარმა სპეციალურად მომიგზავნა შენი თავი, რომ გეცდუნებინე და ახლა მეუბნები, შემიყვარდიო? რამდენი წლის ხარ. . თუმცა, რას გეკითხები. ასეთ რამეს ჩემი ოცი წლის შვილი არ გააკეთებს. ღირსება აქვს და იმიტომ.
– მესმის, უღირსი ვარ, ნაძირალაც, უჭკუოც. მოკლედ, რაც გინდა ის დამიძახე, მაგრამ სიმართლეს ვამბობ – შემიყვარდი.
– იცი, შენ ახლა რისი ღირსი ხარ? მიშა მოვიყვანო აქ და მის თვალწინ გაგამეორებინო ეგ სიტყვები.
კოტემ ამოიოხრა.
– დაურეკე!
– რა?
– ჰო, დაურეკე მიშას. მოვიდეს.
– და ეტყვი, რომ გიყვარვარ?
– ჰო, იმასაც ვეტყვი, რომ დანებებას არ ვაპირებ და ვიბრძოლებ შენი გულისთვის.
– გიჟი ხარ. თუმცა, გულახდილად გეტყვი, მიშაც უკვე ფეხებზე მკიდია და შენც. აღარც დეტალები მაინტრესებს. მარტო ის მინდა, ორივე აორთქლდეთ ჩემი ცხოვრებიდან.
– შენს ქმარს რომ საყვარელი ჰყავს, ამაში მე არ ვარ დამნაშავე, მაგრამ თავისებურად უყვარხარ. ამიტომ მთხოვა, შენზე მეზრუნა. სტრესი შემერბილებინა.
– როგორი ნაძირალა ხარ. ფულიც მოგცა ხომ? როგორ მძულხართ ორივე. გაეთრიე აქედან!
კოტემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვეღარ მასწრო, საკეტში გასაღებმა გაიჩხაკუნა, კარი გაიღო და ზღურბლზე ჩემი ქმარი აღიმართა. მის ზურგს უკან ჩემი შვილების შეშფოთებული სახეებიც გავარჩიე.
– ხომ გეუბნებოდით, აბა, სად წავიდოდა. მოიცა, შენ რაღას აკეთებ აქ?  გვანცა, არ მითხრა, რომ ეს ის არის, რაც გავიფიქრე.
– მობრძანდა ძვირფასი მეუღლე. აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, რა ვერსიები იბადება, შენს მახინჯ ტვინში. მაგრამ, მგონი, სწორედ ეს გინდოდა, ასე არ არის?
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდი კოტეს და მხარზე დავადე ხელი. ამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
მიშას ლამის თვალები გადმოსცვივდა ბრაზისა და განცვიფრებისგან. კბილები გააღრჭიალა და კოტესკენ გამოიწია.
ორივე ხელით მკერდზე ვუბიძგე.
– არ გინდა ყალბი გაქაჩვა და ჩემთვის სიყვარულის დამტკიცება. ყოველ შემთხვევაში, ჩემ თვალწინ ამას ვერ იზამ. სრულიად საკმარისია ის სპექტაკლი, რაც შენი წყალობით ვნახე. იცი, რა მიკვირს? თუ ისეთი ძვირფასი იყო ის ქალი შენთვის, რომ კაციც კი მიუგზავნე საკუთარ ცოლს, შეაბი და თავიდან მომაცილეო, რატომ პირდაპირ არ მითხარი?
– მოიცა, რა? – თეომ ძმას დაასწრო, მამამისს მხარში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია, – ეს მართალია?
– რა თქმა უნდა, მართალია. აი, ასეთი ორიგინალური მამა გყავთ. მაგრამ მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე. ბავშვებო, არანაირი პანიკა. ჩვენ ცალკე დავილაპარაკებთ, მოგვიანებით. ახლა კი უნდა წავიდე.
სავარძლიდან ხელჩანთა ავიღე. ფული მქონდა. ისიც ზუსტად ვიცოდი, სად შევაფარებდი თავს და რამდენიმე დღე სიმშვიდეში გავატარებდი. ყველაზე დიდ სიამოვნებას ორივე მამაკაცის გალენჩებული სახეები მანიჭებდა. მილურსმულებივით იდგნენ და სიტყვას ვერ ძრავდნენ.
კართან მისული შემოვბრუნდი და ხელი დავუქნიე.
– სად მიდიხარ? – ჩაწყვეტილი ხმით მკითხა მიშამ.
– მე? პატრული შემიყვარდა.  
დასასრულიскачать dle 11.3