კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ ემართებათ უკონტაქტო ბავშვებს „კარლსონის სინდრომი“ და როგორ აფარებენ თავს ისინი წარმოსახვით მეგობარს დაუცველობის შეგრძნების დროს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ალბათ, ყველა ვიცნობთ ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებს – ბიჭუნასა და სახურავის ბინადარ კარლსონს, მათი მეგობრობის ისტორიას. სწორედ კარლსონის სახელს ატარებს სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია წარმოსახვითი მეგობრების ყოლა. რა არის „კარლსონის სინდრომი“, რატომ ჰყავთ ბავშვებს წარმოსახვითი მეგობარი და რა საფრთხეებს შეიცავს მისი ყოლა, გვესაუბრა ფსიქოლოგი ანა ქურდაძე-კუხაშვილი: უმცროს სასკოლო ასაკში ფანტაზია და წარმოსახვა, ისევე, როგორც სხვა ფსიქიკური პროცესები, ცვლილებებს განიცდის. ამ ასაკში ფანტაზია განვითარების ისეთ მაღალ დონეს აღწევს, რომ ბავშვმა შეიძლება, მის მიერ გამოგონილ სამყაროში „იცხოვროს“ და თან ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი. ბოლო დროის კვლევებმა გვაჩვენა  სტატისტიკა – ბავშვების  65 პროცენტს 3-დან 7 წლამდე ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ  წარმოსახვითი მეგობარი ბავშვის ერთგვარი „საცდელი მეა“ – ისინი აკვირდებიან, როგორი რეაქცია ექნებათ გარშემო მყოფებს ამა თუ იმ საქციელზე, პატარა მას  „აკეთებინებს“  ყველაფერს, რისი ჩადენაც თავადაც უნდა, თუმცა ვერ ბედავს.
– როდის იჩენენ ბავშვები წარმოსახვით მეგობარს?
– წარმოსახვითი მეგობრის გაჩენას გარკვეული წინაპირობა აქვს. სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა არის ეს წინაპირობა და რა სიგნალი შეიძლება მოგვცეს მან ბავშვის განვითარების პროცესზე. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ბავშვს არ ჰყოფნის მშობლის ყურადღება – მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან, არ უთმობენ დროს თავიანთ შვილს. მარტოობა ბავშვს აიძულებს, წარმოსახვაში ეძებოს მხარდამჭერი ადამიანი. აღზრდის უნებლიე ხარვეზები – ამ შემთხვევაში მშობლები ბავშვს ყურადღებას უთმობენ, თუმცა ურთიერთობა დაყვანილია მინიმუმამდე. მაგალითად, ბავშვი მშობლებს სთხოვს ძილის წინ ზღაპრის წაკითხვას, მშობელი კი პასუხობს, რომ ზღაპრის გარეშეც დაიძინებს. ბავშვს აკლია მშობელთან ემოციური დიალოგი. მოსაწყენი ბავშვობა – როდესაც ბავშვს აქვს ცოტა სათამაშო, მას არ უკმაყოფილებენ ინტერესებს, არ დაჰყავთ მისთვის საინტერესო წრეებზე. არ აქვთ დრო, ატარონ სპორტზე ან ხელოვნების სკოლაში. ბავშვი იტანჯება მოწყენილობით, ამიტომაც ქმნის ალტერნატიულ სამყაროს და საინტერესო თავგადასავლებს. მოკლებულია კონტაქტს თანატოლებთან – ბავშვი ჩაკეტილია, ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას ბავშვებთან. ამიტომ წარმოსახვაში ქმნის ისეთ მეგობრებს, ვისთანაც კონტაქტი არ გაუჭირდება.
– როგორი ტიპის წარმოსახვითი მეგობრები ჰყავთ ბავშვებს?
– კომპანიონი – ის შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველი ან რაიმე მაგიური, ჯადოსნური არსება რომელიმე მულტფილმიდან (ფერია, ელფი, გნომი...). არის შემთხვევები, როდესაც წარმოსახვითი მეგობარი საპირისპირო სქესისაა და მას „თაყვანისმცემლის“ როლი აქვს. ასევე შესაძლებელია, წარმოსახვითმა მეგობარმა ნამდვილი „ყაჩაღის“ როლი მოირგოს, რომელიც ბევრ მავნე საქციელს ჩადის. ასეთი ქცევები ბავშვების სურვილებზე მიგვანიშნებს, რომლის რეალიზებასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ბედავს. მსხვერპლი – წარმოსახვითი მეგობარი სუსტია, ბავშვი მას აგრესიულად ეპყრობა, ჩაგრავს, უყვირის, ურტყამს, მიმართავს ისე, როგორც მშობლებისგანაა მიჩვეული. ეს დამოკიდებულება მიუთითებს ბავშვის დათრგუნულობასა და ზოგადად, ნეგატიურ ემოციებზე, რომელსაც წარმოსახვითი მეგობრის მიმართ ავლენს. მცველი – როგორც წესი, წარმოსახვითი მეგობარი, რომელსაც ეს როლი აქვს მორგებული ასაკით ბავშვზე დიდია და ძლიერი. მას აქვს მზრუნველის, დამცველის როლი. იგი ბავშვისთვის უფროსი და დიდი მეგობარია.
– რატომ  მოსწონთ ბავშვებს წარმოსახვითი მეგობარი?
– წარმოსახვით მეგობარს აქვს ბევრი ბენეფიტი: ის თამამია და ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისთვის. ერთგულია, მუდამ ეხმარება „გამოაძვრინოს“ თავისი მეგობარი ნებისმიერი სიტუაციიდან. მასთან ერთად შეიძლება დიდ მოგზაურობაში წასვლა, მაგალითად, ჯუნგლებში ხეტიალი ან დინოზავრებთან დაბრუნება, ოკეანის ფსკერის დათვალიერება. წარმოსახვითი მეგობარი ყოველთვის უსმენს ბავშვს, არ გასცემს საიდუმლოებებს და არასდროს დააღალატებს მას. არ არის ბოროტი და მასთან ურთიერთობა ადვილია. როგორც აღვნიშნე, წარმოსახვითი მეგობარი, ყოველთვის უწყინარი არ არის. ბავშვისა თუ ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ის დომინანტური ფიგურა ხდება. ასეთ დროს ფერხდება სოციალური, ემოციური განვითარება. ადამიანი იკეტება თავის წარმოსახვით მეგობართან, ნაკლებ ინტერესს ავლენს გარესამყაროს მიმართ. როდესაც ასეთი მდგომარეობა აუტანელია, ცვლილებები აუცილებელია.
– სახიფათოა თუ არა ბავშვისთვის წარმოსახვითი მეგობრის ყოლა?
– ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით ვერ ვიტყვით, რომ წარმოსახვითი მეგობარი ფსიქიკური პრობლემის ნიშანია, თუმცა, ყოველთვის არის გარკვეული რისკი, რომ ბავშვი არარეალურ სამყაროში გადავა. რისკს აორმაგებს ბავშვის ცხოვრებაში კომპიუტერის დიდი დოზებით არსებობა. არის ლეგიტიმური საფრთხე, რომ ბავშვი რეალურ და არარეალურ სამყაროს შორის დაიბნევა. სპეციალისტებს არ აქვთ ცალსახა პასუხი, ვნებს თუ არა ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი. მიიჩნევენ, რომ ბავშვი, რომელსაც ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი, შემოქმედებითი ნატურაა, აქვს კარგად განვითარებული ფანტაზია და ინტელექტი. მნიშვნელოვანია, მშობლებს ახსოვდეთ, რომ წარმოსახვითი მეგობრის არსებობა საგანგაშო ნიშანი არაა, თუმცა ყოველთვის არის რისკი, რომ მშობლის მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის დომინანტური არსება გახდეს. ამიტომ თუ თქვენს შვილს ჰყავს წარმოსახითი მეგობარი, მიიღეთ ეს ნიშნად, რომ ბავშვს თქვენი მხრიდან დიდი დროისა და ყურადღების მობილიზება დასჭირდება.
– შეიძლება თუ არა წარმოსახვითი მეგობარი ბავშვს ზრდასრულობაში გაჰყვეს?
– ასაკის მატებასთან ერთად, ყველა არ ჩქარობს წარმოსახვით მეგობართან გამომშვიდობებას. არც თუ იშვიათად ადამიანებს წარმოსახვითი მეგობარი ზრდასრულ ასაკშიც ჰყავთ. ამის მიზეზი კი მრავალნაირია, მათ შორის: ჩაკეტილი ხასიათი და მარტოსულობის განცდა – როდესაც ბავშვობის ასაკიდან გართულებულია კონტაქტი თანატოლებთან; ადამიანი დაძაბულია რეალურ ურთიერთობებში; უჭირს თვალით კონტაქტის დამყარება; შფოთავს, როდესაც ახალ ადამიანებთან უწევს კონტაქტის დამყარება. ამ მიზეზების გამო ადამიანი არ უშვებს წარმოსახვით მეგობარს, რადგან ხშირად ის ერთადერთია, ვისთანაც თავისუფლად გრძნობს თავს. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია დეპრესია – დეპრესიული განწყობა ამცირებს ახლობელი ადამიანების რიცხვს, ამიტომაც ადამიანები ვირტუალურ მეგობართან კონტაქტს ირჩევენ. დაუცველობის შეგრძნება – დღეს სამყარო საკმაოდ სასტიკია, ამიტომ ადამიანები დაცულობის შეგრძნებას ეძებენ. ისინი კი, ვისაც გამძაფრებული აქვს ეს შეგრძნება, ხშირად თავს წარმოსახვით მეგობარს აფარებენ. სპეციალისტების რეკომენდაციები კი ასეთია –  უნდა მოხდეს საკუთარი ცხოვრების, საკუთარი იდეალებისა და შიშების გადაფასება. მნიშვნელოვანია, ადამიანმა გაიაზროს, რომ რეალური ცხოვრებისკენ „შემობრუნება“ გარდაუვალია და გამოსავალი მხოლოდ ახლობელი ადამიანებისგან მხარდაჭერის მიღებაშია. ეცადეთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები, ხშირად ისეირნოთ, გაიჩინოთ ზრუნვის ობიექტი, მაგალითად, შინაური ცხოველი. გადაერთეთ თქვენს საყვარელ საქმიანობაზე, გაიხსენეთ ძველი ჰობი, დაკავდეთ სპორტით. თუ ვერ ხერხდება წარმოსახვითი მეგობრისგან თავის დაღწევა, უმჯობესია, მიმართოთ ფსიქოლოგს. ამ დროს ფსიქოთერაპიის კურსი ეფექტურად მუშაობს.
скачать dle 11.3