კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-41(928)


​ფიქრებიდან მორიდებულმა კაკუნმა გამომარკვია. ვერ მივხვდი, მეძინა და გამეღვიძა თუ ფიქრებით ვიყავი გაბრუებული. საათს დავხედე – შუაღამის პირველ საათს მიჩვენებდა. ავდექი, თმა ისე შევისწორე, რომ სარკეში არ ჩამიხედავს (საკუთარი გამოსახულების დანახვის მეშინოდა), კართან მივედი და გავაღე. თეო იყო. ოდნავ დამფრთხალი მომეჩვენა.
– მამამ თქვა, სძინავს და არ შეაწუხოთო. მე და ერეკლეს კი შენი ნახვა გვინდა. უკვე სამი საათია, გელოდებით.
– ჰო, ჩამეძინა, – ვიცრუე და შვილს ლოყაზე ვაკოცე.
– კარგად დაისვენე? მოგეწონა?
– კი. კარგი იყო... სასტუმრო ნამდვილად მშვენიერი შეგირჩევიათ.
– მამამ იყოჩაღა.
– ერეკლე სად არის? – ოთახი მოვათვალიერე.
– სამზარეულოში. ყავა გაამზადა და გველოდება. ტორტი მოვიტანეთ. ის, შენ რომ გიყვარს. მამა სპეციალურად წავიდა.
– ჰო? მამაშენიც სახლშია?
თეომ დამნაშავესავით გაიღიმა.
– იყო. ტორტი მოიტანა და ცოტა ხნით გავიდა. მალე მოვა. დაიბარა. სანამ გვანცა გაიღვიძებს, სახლში ვიქნებიო.
ჩემი ანტიკვარული საათისკენ გავიხედე. თეო მაშინვე მიხვდა.
– დედა, ვიღაცამ დაურეკა. ეტყობა, საქმე გამოუჩნდა. მართლა არსად აპირებდა წასვლას.
– რატომ ნერვიულობ, თეო. რა პრობლემაა?! მომიყევი, როგორ იყავით ჩემ გარეშე.
– კარგად. წარმოიდგინე, ერეკლეც კი არ მაბრაზებდა.
... ერეკლე – ყველაზე კეთილი და მიამიტი ბიჭი. ჩემი შვილი, რომლის თვალებშიც მხოლოდ გულწრფელ სიყვარულს ვხედავდი. ახლაც ისე მომეხვია, მკლავები მეტკინა. პატარა ბავშვივით ცქმუტავდა, შემომციცინებდა.
– დე, დე... რა მაგრად გამოიყურები. სუპერ! აი, მართლა, გეფიცები... საჩუქრები ჩამოგვიტანე? დე, ხომ იცი, რომ ვერ მოვითმენ, მითხარი, რა მიყიდე.
ერთბაშად გამახსენდა ის ნივთები, რომლებიც კოტემ მიყიდა. მაღაზიებში ის აქტიურობდა და ისე ვიყავი გაბრუებული კოტეს ყურადღებით, სულ აღარ გამხსენებია, მეც მეყიდა რამე, თუნდაც, ბავშვებისთვის.
– ამჯერად არაფერი მიყიდია... – დავჯექი და ყავა მოვსვი. არ შევიმჩნიე ერეკლეს გაოცებული მზერა... ხომ ვერ ვეტყოდი, ცხოვრებაში პირველად რატომ არ გამახსენდა შვილებისთვის საჩუქრების ჩამოტანა.
– რა გინდოდა, მეყიდა. მოგცემ ფულს და შენ თვითონ იყიდე, კარგი? ისე მოხდა, რომ სასტუმროდან არ გავსულვარ.
– არა, დე... რა პრობლემაა, – ერეკლემ გამიცინა და მომეხვია, – რა კარგია, რომ აქ ხარ. უშენოდ ძალიან მოწყენილები ვიყავით. აი, მგონი, მამაც მოვიდა... – ერეკლე კარის გასაღებად გაქანდა.
თეომ მხარზე დამადო ხელი და ხმადაბლა მკითხა:
– რამე მოხდა?
– არაფერი. რატომ მეკითხები?
– მეჩვენება თუ რაღაცნარი, სხვანაირი ხარ?
– გეჩვენება. და საერთოდ, რატომ მიყურებთ შენ და მამაშენი უცხოპლანეტელივით. რვა დღე არ ვიყავი სახლში და უკვე უცხოდ აღმიქვამთ?
– არა, რა თქმა უნდა. საიდან მოიტანე? – თეო შეცბა. მხრები გაურკვევლად აიჩეჩა და სამზარეულოში შემოსულ მამამისს შეთქმულივით შეხედა.
– გაიღვიძე? ტვირთი შეფერხდა საბაჟოზე და სასწრაფოდ გამომიძახეს. ტორტი გასინჯე? მგონი, არ  შემეშალა და შენ რომ გიყვარს, ის არის.
– მიკვირს, რომ კიდევ გახსოვს, რა მიყვარს.
– გვანცა, რა მოხდა? – შუბლი შეიკრა ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, –  თუ რამე გაქვს სათქმელი, პირდაპირ მითხარი.
– არაფერი... წავალ, დავწვები. ხვალ ადრე ვარ ასადგომი. სამსახურში წასვლამდე სალონში უნდა შევიარო და თავი მოვიწესრიგო.
– ტორტი მაინც არ გასინჯე... – მომაძახა მიშამ.
– ხვალ გავსინჯავ... აუცილებლად, – ვუპასუხე, სანამ საძინებლის კარს მივხურავდი. ტანსაცმელი საწოლზე მივყარე და სარკის წინ შიშველი დავდექი. რატომ მოხდა ისე, რომ ბუნებრივ სიამოვნებაზე უარი ვთქვი. ჯერ ისევ ახალგაზრდა სხეული სულაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ და ძალიან მომინდა მისი მშვენიერების ვიღაცისთვის გაზიარება. თუმცა, რა ვიღაცისთვის – კონკრეტულად ერთი მამაკაცისთვის. თავის დროზე, ბინაში რემონტს რომ ვაკეთებდით, ფართმა საშუალება მოგვცა და სააბაზანო ოთახი ჩემს საძინებელსაც გავუკეთე. უფრო სწორად ჩვენს – ჩემი და ჩემი ქმრის საძინებელს – მეტი სიმყუდროვისა და ინტიმურობისთვის. რატომაც არა... შხაპი ერთად მივიღოთ ხოლმე და ვისიამოვნოთო, – მეუბნებოდა მიშა, აბა, მკითხეთ, ეს რამდენჯერ გავაკეთეთ? – არცერთხელ. ჰო, არცერთხელ.
თბილი წყლის ჭავლს სახეს ვუშვერდი და ვგრძნობდი, როგორ შლიდა წყლის წვეთები მარილიანი ცრემლების ნაკვალევს. გვიან მივხვდი, რომ სააბაზანოში ვიღაც შემოვიდა. მოულოდნელობისა და განცვიფრებისგან შევკივლე.
– ჩუმად, რა გაყვირებს? ბავშვები გაიგონებენ.
– აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! – შევყვირე საკუთარ ქმარს, თითქოს ვიღაც უცხო მამაკაცი ლამობდა შხაპის კაბინაში შემოძვრომას.
– რას ნიშნავს, რას ვაკეთებ? შხაპი მინდა მივიღო შენთან ერთად.
– გაგიჟდი? მიშა, სისულელეს თავი დაანებე და ახლავე გადი აქედან!
ჩემს ქმარს წასვლა არც უფიქრია. აშკარა იყო, რომ თავის განზრახვაზე ხელის აღებას არ აპირებდა. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა ქვედა საცვალს დაეჯაჯგურა გასახდელად. ონკანი სწრაფად დავკეტე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და საძინებელში გავსხლტი. მიშამ საცვალს ხელი უშვა და უკან გამომეკიდა. საწოლზე ჩამოვჯექი გული ამოვარდნამდე მიცემდა.
– რამ გადაგრია? – ჩემი ქმარი უკმაყოფილო ჩანდა, – ძალიან მომენატრე. შენ არ მოგენატრე? რამდენი ხანია, არაფერი გვქონია.
– მერე, ეს ახლა გაგახსენდა?
– ახლა გამახსენდა, რას ნიშნავს. სულ მახსოვდა, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო.
– შენც მიხვდი, რომ ჩვენ შორის რაღაც ვეღარ აეწყო? – არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემში ამდენი ირონია. არც აგრესიის ნაკლებობა იყო და მიშა გაოგნებული მომაჩერდა.
– გვანცა, რა ხდება?
შეიძლება, ძალიან სასაცილო ვიყავი ნახევრად შიშველი, თავზე და ტანზე პირსახოცშემოხვეული. აშკარად ხელოვნური ბრაზით, მაგრამ უკანდახევას აზრი აღარ ჰქონდა.
– ეს მე უნდა გკითხო, რა ხდება. გგონია, სულელი ვარ? ვერაფერს ვხვდები და არაფერი მესმის? დასასვენებლად გამიშვი, აქაურობას მომარიდე, თითქოს რაღაცის გეშინოდა. რისი გეშინოდა, მიშა? რატომ გახდი ერთბაშად ასეთი მზრუნველი და ყურადღებიანი? ახლა, თურმე, მოგნატრებივარ კიდეც.
– გვანცა, რა სისულელეს ლაპარაკობ. გაოგნებული გისმენ. რა დაგემართა? რას ნიშნავს, აქაურობას გაგარიდე? მინდოდა, ცოტა დაგესვენა, ვხედავდი, როგორ იღლებოდი და ვიფიქრე, ეს შენთვის სასარგებლო იქნებოდა. ახლა კი ჩამოხვედი და თავს მესხმი.
– მე გესხმი თავს? მიშა, იქნებ სიმართლე მითხრა.
– რა სიმართლე გაინტერესებს, გვანცა? წარმოდგენა არ მაქვს, რას მთხოვ, რაზე მელაპარაკები. თუ ჩემთან სიახლოვე არ გინდა, პირდაპირ მითხარი. ვერ გეტყვი, რომ ამას გავიგებ, მაგრამ...
ხელის აქნევით შევაწყვეტინე.
– მიშა, მგონი, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ახლა არა.  ერთი, რომ ძალიან გვიანია და მეორე – თავი უნდა მოვიწესრიგო. ჩავიცვა და დავიძინო. დილით გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთობა. ეს გაცილებით სერიოზულია, ვიდრე წარმოგიდგენია.
– უკვე მივხვდი, თუმცა მიზეზი გაუგებარია. ასეთი რა მოხდა ამ რვა დღის განმავლობაში, რომ შეიშალე. არადა, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო.
– რას ელოდი? ჩამოვიდოდი და მადლიერებით აღვსილი კისერზე ჩამოგეკიდებოდი? ისეთი მიამიტი გგონივარ, რომ შენი ასეთი ხელგაშლილობა  ბუნებრივი მოვლენა მგონია?
მიშამ ხელები გაშალა და ამოიოხრა.
– ვეღარ გცნობ. იმის თქმა გინდა, რომ ძუნწი ვარ? მითხარი, გვანცა, როდესმე რამე დამნანებია შენთვის?
– იცი, რა, ჩემო კარგო. შესაძლებლობა არ მქონია, ეს გამერკვია. საკუთარი ფული ყოველთვის საკმარისად მქონდა. მე კითხვის შინაარსს შევცვლიდი, – „იმის თქმა გინდა, რომ უყურადღებო ვარ?!“
– ჰო... მოიცა, ანუ მე ვარ უყურადღებო? გვანცა, რამე გითხოვია და უარი მითქვამს? – ისე გულუბრყვილოდ გაიოცა, რომ სხვა სიტუაციაში აუცილებლად გამეცინებოდა, მაგრამ ახლა მშვილდივით ვიყავი შემართული.
– საყვარელო მეუღლევ, აბა, კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე – ბოლოს როდის გთხოვე რამე? ვერ იხსენებ? ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე. მაგას ვეძახი მე უყურადღებობას და ჩემზე გულის აცრუებას. ასეთი გაშტერებული რატომ მიყურებ? არ მოგწონს ხომ, რასაც ვამბობ.
– გვანცა, რა გემართება, დამშვიდდი.
– გიკვირს? რა თქმა უნდა, გიკვირს. შენ ხომ არ ხარ შეჩვეული ერთი სასიყვარულო სიტყვის გაგონებასაც კი. არ გამტყუნებ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩუმად ვიყავი, როცა ნელ-ნელა ცივდებოდი ჩემ მიმართ... ჩუმად ვიყავი, როცა ვეღარ მამჩნევდი... ჩუმად ვიყავი, როცა კარს გაიხურავდი და ოჯახით აღარ ინტერესდებოდი.
– გვანცა, ძალიან უსამართლო ხარ.
– მე? სულაც არა. უბრალოდ, უსამართლობის ბოღმა, რომელიც ყელში მქონდა გაჩხერილი, ახლა სააშკარაოზე გამოვიდა და შენც შეამჩნიე. გეუბნები, არაფერში გამტყუნებ-მეთქი, მაგრამ ტყუილს ვერ  ავიტან. ვერ გაპატიებ და ვერც თავს გავისულულებ.
აი, აქ კი გამოვიჭირე. ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე – დამნაშავეს კუდი რომ აეწვება და სამალავის ძებნას იწყებს. ერთმა სიტყვამ – „ტყუილი“ ჩემს ქმარში ისეთი ტრანსფორმაცია მოახდინა, რომ მეც კი გამიკვირდა. არ ველოდებოდი, თუ ასე მალე „გატყდებოდა“.
– როდის მოგატყუე, გვანცა, გეკითხები, როდის მოგატყუე და რა მოგატყუე-მეთქი. სხვა ქალებს დაემსგავსე და გინდა, ნერვები მომიშალო? ხომ არ ჯობია, პირდაპირ თქვა სათქმელი და ზღაპარი არ მოყვე. ვერ ვიტან, როცა ქალები თავს ძალით ისულელებენ. ნუ ეცდები, შეტევაზე გადმოხვიდე და ამით რაღაც სერიოზული გადაფარო. რა გინდა, თქვი!
– ნუ ყვირი, ბავშვები გაიგონებენ. – ისეთი სიმშვიდე დამეუფლა, რომ მიშას ნამდვილად ჭკუიდან შევშლიდი. გაწითლდა. თვალებიდან თითქოს ნაპერწკლებს ყრიდა და ყბაც კი აუკანკალდა.
– კარგად დასვენებული კი ჩამოხვედი, ვერაფერს იტყვი. საინტერესოა, რითი იყავი იქ დაკავებული, რომ აქ ჩამოსული პირდაპირ შეტევაზე გადმოხვედი. ვიცოდე მაინც, რა დავაშავე, რას მედავები.
– არაფერი დაგიშავებია, მიშა, არც არაფერს გედავები. უბრალოდ, მინდა, ჩემი ოთახიდან გახვიდე.
– მგონი, დაგავიწყდა, რომ ეს ჩემი ოთახიც არის. თუ მაგდებ?
– არ გაგდებ. უბრალოდ, გთხოვ, გახვიდე.
– რატომ? სანამ მიზეზს არ მეტყვი, ფეხს არ მოვიცვლი.
– პატარა ბავშვივით ნუ გაჯიუტდები, აჯობებს, გახვიდე და რამდენიმე დღე სასტუმრო ოთახში დაიძინო.
– სანამ არ მეტყვი, რა ხდება, ჩემი ტერიტორიის დათმობას არ ვაპირებ.
– მიშა, ამას სერიოზულად ამბობ?
– რა თქმა უნდა. ძალიან გაკვირვებული და შეურაცხყოფილი ვარ. ნამდვილად არ ველოდი, თუ სრულიად უმიზეზოდ დამაცხრებოდი. ამიტომ, ოთახიდან არ გავალ.
– კარგი, მაშინ, მე გავალ, – საღამური და ხალათი ავიღე. გზა გადამიღობა და ოთახის კარს ზურგით მიეყრდნო.
– მითხარი, რა ხდება.
– არაფერი. საკუთარ თავთან მარტო მინდა, დავრჩე.
– ხომ იყავი საკუთარ თავთან მარტო, იქ, თურქეთში.
– არ ვყოფილვარ მარტო.
– რა? – მიშამ წარბები შეიკრა და გულზე ხელებდაკრეფილმა კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. პასუხი დავუგვიანე. ანერვიულდა. მოუსვენრობა დაეტყო.
– გვანცა, პასუხს ველოდები.
– რის მოსმენა გინდა? – კითხვა შევუბრუნე.
– სიმართლის, რა თქმა უნდა. ხომ უნდა ვიცოდე, რა ხდება ჩვენს თავს.
– უცნაურია, რომ ამით მხოლოდ ახლა დაინტერესდი.
– რას ნიშნავს, ახლა დავინტერესდი. მანამდე ამის საჭიროება არ ყოფილა. რა, იყო? – გვანცა, შენ გეკითხები.
მხრები გულგრილად ავიჩეჩე.
– რა გითხრა? თუ შენ ვერ ხვდებოდი, ესე იგი, არ გაწუხებდა ის ამბავი, რომ ბოლო დროს ცოლ-ქმარი მხოლოდ ფორმალურად ვიყავით. სულელი არ ვარ, მიშა. ყველაფერს ვხვდები. შეიძლება, ჩუმად ვარ, მაგრამ ვხვდები.
– არ გინდა შეთქმულების თეორიები. დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. შენ ამბობ, რომ სერიოზული პრობლემები გვქონია, მე კი მეგონა, ეს შვებულება წაგადგებოდა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
– იქნებ, შეიცვალოს კიდეც, – ჩავილაპარაკე ხმადაბლა. მიშა გაფითრდა.
– გვანცა, რა ხდება?!
შევხედე და გამეღიმა.
– ისეთი სასაცილო ხარ, ასეთი ხელოვნურად შეშფოთებული. ჰო, რაღაც ნამდვილად მოხდა – შენს ცოლს უკეთური და გარყვნილი აზრები გაუჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ ამაში დამნაშავე მარტო შენ ხარ, მაგრამ ლომის წილი ნამდვილად მიგიძღვის.
– მოიცა, უკეთური აზრები რას ნიშნავს, რა უკეთური აზრები? გვანცა, სხვა კაცი გაიჩინე?
– ლეგიტიმური შეკითხვაა, თუმცა, არც ისე შესაფერისი შექმნილ სიტუაციაში, იმიტომ რომ მეც შემიძლია იგივე გკითხო და ამის სრული უფლება მექნება.
– ადამიანურ ენაზე მითხარი – სხვა კაცი გყავს? დიდი ხანია? ღმერთო, როგორი ბრმა ვყოფილვარ, თანაც სულელი.
– არ გინდა. თვითგვემას ნუ მიეცემი, – დავცინე, მაგრამ ვერ მიხვდა. მოტყუებული და შეურაცხყოფილი ქმრის როლში ძალიან ღრმად იყო შესული.
– ვინ არის?
– ჰა, ჰა, მორჩა, უკვე დაიჯერე, რომ საყვარელი მყავს? კარგი, მაშინ ბოლომდე გულახდილები ვიყოთ. მითხარი, ვინ არის, ახალგაზრდა, წაბლისფერთმიანი ქალი, რომელთან ერთადაც რამდენჯერმე გნახეს, ოღონდ არ მკითხო, სად გნახეს და ვინ გნახა. უბრალოდ, მიპასუხე.
ჩემს საყვარელ მეუღლეს მოულოდნელობისგან ლამის ენა ჩაუვარდა  და ნაცემი ლეკვივით აქოშინდა. ვერ ვიტყვი, რომ ამან სიამოვნება მომანიჭა, პირიქით, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. თვალწინ კოტე დამიდგა. მექანიკურად გავიფიქრე – ნეტავ, ახლა სად არის-მეთქი...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3