კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ უკრძალავდა კანდიდ ჩარკვიანი მეუღლეს საქორწინო ბეჭდის ტარებას და რის გამო იყო გელა ჩარკვიანი ძმებს შორის ყველაზე დიდი პრობლემა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პირველი პირის ოჯახში დაბადებას ბევრ პლუსთან ერთად მინუსებიც აქვს, რაც საკუთარ თავზე კარგად გამოსცადა გელა ჩარკვიანმა. ის ქვეყნის პირველი პირის, კანდიდ ჩარკვიანის ოჯახში დაიბადა და ჯერ მამის, შემდეგ კი საკუთარი ცხოვრებისა და ოჯახის წყალობით, ისეთი ისტორია შექმნა, რომლის მოსმენაც დიდი სიამოვნებაა.
გელა ჩარკვიანი: არავინ მეგულება საქართველოში, ვინც საბჭოთა ეპოქაში ამ ქვეყანას ჩემსავით პოლიტიკური პირამიდის მწვერვალზე მოევლინა. 1939 წლის პირველ მარტს დავიბადე. იმ დროს მამაჩემი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, რაც ქვეყნის პირველ პირობას ნიშნავდა. მაშინ გაჭირვება იყო და პირველ პირს, რასაკვირველია, უკეთესი პირობები ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას. ამ მხრივ, კარგი იყო ასეთ ოჯახში დაბადება, მაგრამ იყო „სხვა მხარეც“ – ნაკლები თავისუფლება გვქონდა, ყველგან დაცვა დამყვებოდა. სკოლაში  ასეთი წესი იყო, კონფლიქტი თუ მოგვივიდოდა, ვამბობდით, „დავარტყათ“, ანუ ეზოში ვიჩხუბოთო. ერთხელ ერთ ყმაწვილთან უნდა მეჩხუბა და ეზოში რომ გავედით, ერთი ქერა კაცი მოვიდა, ჩემს მოწინააღმდეგეს ხელი მოჰკიდა და უთხრა, წადი აქედანო და მეც წამომიყვანა. ეს ადამიანი ჩემი დაცვა აღმოჩნდა, რომელსაც მე მანამდე არ ვიცნობდი (იცინის).
– როგორი იყო პირველი პირი სახლში?
– სტალინი თავისებურად  მუშაობდა. დღის თერთმეტზე იწყებდა და ღამის ოთხ საათამდე არ ეძინა. მთელი საბჭოთა კავშირის პარტიული აპარატი ამ რეჟიმით ცხოვრობდა. მახსოვს, სტალინი ყოველთვის ღამე რეკავდა. ბუნებრივია, მამაჩემიც ამ რეჟიმში იყო. სამსახურიდან ხუთ საათზე მოდიოდა, ისადილებდა, დაისვენებდა და ისევ მიდიოდა. უკან ღამის ოთხ საათზე ბრუნდებოდა, მე ამ დროს უკვე მეძინა. მაგრამ იყო კვირა დღე – მამას წესად ჰქონდა ამ დღეს ჩვენი ქალაქგარეთ გაყვანა. თევზაობა, ნადირობა, ბუნების დათვალიერება უყვარდა. გარდა ამისა, თავისი ამოცანები ჰქონდა – რუსთავის ქარხნის აშენება თბილისში უნდოდათ, მაგრამ მამაჩემმა სტალინი დაარწმუნა, რომ ამისთვის ახალი ქალაქი უნდა აშენებულიყო, ამიტომ იქაც ხშირად მივდიოდით ხოლმე. ძალიან განათლებული კაცი იყო. კარგად იცოდა ბიოლოგია, ბოტანიკა და ჩემი ცოდნით, რომელიც მამისგან მივიღე, დღესაც ვაკვირვებ ხალხს, განსაკუთრებით ხილის გამყიდვლებს (იცინის). მასთან ერთად, განსაკუთრებით, თევზაობა და ნადირობა მიყვარდა. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ რაც ასაკში შევედი, სულ სხვანაირად მეცოდება ცხოველი და თევზიც კი. ადამიანი ასაკში რომ შედის იცვლება, ახლა რამის მოკვლა ვერც წარმომიდგენია. სხვათა შორის, ინგლისში თევზაობენ, მაგრამ დაჭერილ თევზს ანტიბიოტიკს წაუსვამენ და ისევ გაუშვებენ (იცინის). საერთოდ, კაცობრიობა მეტი და მეტი ჰუმანიზმისკენ მიდის.
– სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?
– ძალიან კარგი კლასი მყავდა. ჩემს კლასში სწავლობდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. რაც შეეხება სწავლას, მაინცდამაინც ფრიადოსანი არ ვყოფილვარ. ხუთები და ოთხები მყავდა. სწავლით თავს არ ვიკლავდი, მაგრამ რაღაცები მიყვარდა და ვცდილობდი, მეტი გამეგო.
– ნათქვამი გაქვთ, ბავშვობა ცამეტი წლის ასაკში დასრულდაო, რატომ?
– 1952 წელს მამაჩემი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მოსკოვში გადაიყვანეს და ჩვენც იქ გადავედით. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. ეს ის ასაკია, როცა ბავშვი ამბოხს იწყებს, ცოტა ველურდება (იცინის). მაგრამ მე სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს, გამოცდილება ხომ უნდა მიიღოს ადამიანმა? მერე ჩნდება პირველი ინტერესები გოგოების მიმართ და ასეც იყო. მამაჩემი ერთი წელი იყო მოსკოვში, შემდეგ „გადაასახლეს“. მთლად ისეთი მკაცრი გადასახლება არ იყო, თანამდებობა მისცეს, მაგრამ უთხრეს, რომ თბილისსა და მოსკოვში არ იმუშავებდა, შუა აზიაში, ტაშკენტში უნდა ემუშავა, თუმცა ჩამოსვლა შეეძლო. დედასთვის, რასაკვირველია, რთული იყო, სამი ბიჭი ჰყავდა. მათი მიმოწერა დღემდე მაქვს შენახული და დედაჩემი მუდმივად წერს მამაჩემს, რომ სამ ძმას შორის ყველაზე დიდი პრობლემა მე ვარ. მთლად უფროსი საოცრად დამჯერია, ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლობს, საშუალოზე ცოტა კიდევ შეიძლება რამის თქმა, მაგრამ ჩემზე წერს, რომ ყოფაქცევაში ოთხიანი დამიწერეს, რაც ძალიან ცუდ ტონად ითვლებოდა. ადრე ბიჭები და გოგოები ცალ-ცალკე ვსწავლობდით. მაგრამ მაშინ უკვე შეერთებული იყო კლასები და ერთად ვიყავით. თავს არ ვიქებ, მაგრამ ბევრ გოგოს მოვწონდი და მეც შესაბამისად ვიქცეოდი (იცინის). მაგალითად, თმას უკვე ჩემებურად ვივარცხნიდი, სხვანაირად ვიცვამდი. ის კი არა, ერთი კარგი ქალი გვასწავლიდა ინგლისურს. ინგლისურის ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ შესახედად კარგი ქალი იყო (იცინის). რადგან ინგლისური ვიცოდი, მისი ფავორიტი ვიყავი, მაგრამ გარდა ამისა... ერთხელ, თეთრი ქურთუკით მივედი გაკვეთილზე. ამ ქალმა მიყურა და მითხრა: ჩარკვიანო, მეტჯერ აღარ ჩაიცვათ ეს ქურთუკიო! რატომ-მეთქი.
მეტისმეტად გიხდებათ და ეგ საშიშიაო (იცინის). იმ თეთრ ქურთუკსაც ვიცვამდი, მერე ჯაზის დაკვრა დავიწყე, რის გამოც კომკავშირში არ მიმიღეს, დავდიოდი ლომონოსოვის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, სადაც ყველას სტუდენტი ვეგონე, არადა, მხოლოდ მერვე კლასში ვიყავი.  გარეგნობით დიდს ვგავდი და მეც  ვიტყუებოდი (იცინის). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა დედას და მამას სწერდა ხოლმე.
– მამის თანამდებობის გამო უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილხართ?
– თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, როცა მოსკოვში, საციგურაო მოედანზე, ვეება ციმბირელ ოყლაყთან, ბორის კოლჩასთან ჭიდაობისას ფეხი მოვიტეხე. კლასში ყველას ვაქცევდი და მეგონა, ამ ახლად გადმოსულ გოლიათსაც დავცემდი ბეჭებზე. შევცდი, წონით მაჯობა. ილეთი რომ გავუკეთე, ორივენი ყინულზე მუხლებზე დამდგარი აღმოვჩნდით და რომ მომაწვა, საზარელი ტკაცანი გავიგონე. ეს ჩემი მარჯვენა ფეხის დიდი ძვალი იყო. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში მომათავსეს. პალატაში ათამდე ხელფეხმოტეხილი, მეტწილად შუახნის პაციენტი იწვა. რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, გაუხარდათ. სტალინი რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო და ქართველების ცუდად მოხსენიება ნორმად იყო ქცეული.«Страна лимонов, апельсинов, где вечно пляшут и поют»
– წაიმღერა პირველსავე დღეს ერთმა სამოციოდე წლის ინტელიგენტმა, რომელსაც ერთი, მავთულზე მიბმული ფეხი მუდამ აწეული უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მოსკოვის ერთ-ერთი მოწინავე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო. ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა. აუდიტორიას მონატრებული, ჯერ მე დამიცაცხანებდა და მერე მთელ პალატას მიმართავდა: „გადაეჩვიეთ, არა, შრომას, მუქთახორებო?! ნუთუ არ გრცხვენიათ, ამდენი ხანი ჩვენს ხარჯზე ცხოვრობდით. დაფნის ფოთოლს ჰყიდდით, ეგ იყო და ეგ. მეტი არც არაფერი იცით. მოგეხსენებათ თუ არა თქვენ, ამხანაგებო, რომ ამათი ცეკას მდივანი, გვარს ვერ ვიხსენებ, ქრთამს ოქროსა და ბრილიანტებში იღებდა. ბერია მფარველობდა. ახლა დაჭერილია.“ ნუთუ მამაჩემზე ლაპარაკობს-მეთქი, – გავიფიქრე, – კანდიდზე, რომელსაც სიტყვა ოქროს გაგონებაც კი უხერხულობას უქმნიდა და დედაჩემს საქორწინო ბეჭდის ტარებას უკრძალავდა. რაღაც გადასახლებისმაგვარში მართლაც არის ტაშკენტში, მაგრამ დაჭერილი არ არის. თავისუფლად მოძრაობს.  „ქართულ ჩაის რომ სვამთ, ხომ არ გგონიათ, იმ პლანტაციებზე ქართველები მუშაობდნენ? მთელი საბჭოეთიდან ჩაჰყავდათ ქალები და მცხუნვარე მზის ქვეშ, ჩაკუზულებს დაღამებამდე აკრეფინებდნენ, არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ და კაპიკებს უხდიდნენ. მაგრამ არაფერია, лафа დამთავრდა.“
დილით გაღვიძება აღარ მინდოდა. სულ მეგონა, რომ ერთხელაც პროფესორი გაარკვევდა, რომ ის „მექრთამე გველეშაპი“ მამაჩემია. ეს შეიძლებოდა, მარტივად მომხდარიყო. ჩვენი პალატის ექიმი ქართველი ოთარ ღუდუშაური იყო. ის ღუდუშაური, ვის სახელსაც ატარებს დღეს საავადმყოფო თბილისში. მან იცოდა, ვინც ვიყავი და დედაჩემს ყოველდღე აბარებდა, ასე ვთქვათ, „ანგარიშს“ ჩემი მდგომარეობის შესახებ. მისი ქართველობის მიუხედავად, პალატის პაციენტები, პროფესორის ჩათვლით,  Атар Наскидович-ს აღმერთებდნენ, რადგან მისი ახალი გამოგონების იმედად იყვნენ. მას ზურგს უკან არც лаврушка-ს (დაფნიას) ეძახდნენ და არც мандаринщик-ს.
ერთ დღეს პალატის კარი ხმაურით გაიღო და შემოვიდა დედაჩემის დეიდაშვილი, გენერალი ვანო ბაბალაშვილი. „რა იყო, ბიჭო, ერთი ფეხი  გქონდა ჯანსაღი და ისიც წაიტეხე. დედაშენს კიდევ ეგ უნდოდა?!“ – შემომიტია და დიდხანს მჯორავდა, მაგრამ მე მას აღარ ვუსმენდი. გაოცებული შევცქეროდი ჩემი მტანჯველების აღფრთოვანებულ სახეებს.
როცა ვანო წავიდა, რაღაც ხანს ხმას არავინ იღებდა. ბოლოს პროფესორმა მკითხა, ეს გენერალი შენი ვინ არისო. დავიბენი. „რისი გრცხვენია, თქვი, მამაშენია თუ არა?“ „მამაჩემია“ – ვთქვი თითქმის ჩურჩულით. ეს იყო და ეს, ქართველების ლანძღვა შეწყდა. მუნდირისა და სამხრეების ძალას ქართველთა მთავარმა მოძულემაც ვერ გაუძლო. როგორი თავმდაბალი ბიჭი ყოფილაო, ამბობდა ჩემზე და როცა ყავარჯნებზე შემდგარი პალატას საბოლოოდ ვტოვებდი, ისიც მითხრა, ძალიან დაგვაკლდებიო.
скачать dle 11.3