კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ ცდილობდა ტრამვაის ქვეშ მოყოლილი ხატია თებიძე დამოუკიდებლად თავის დახსნას

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

„როცა სისტემატურად ნარკოზის ქვეშ ვიმყოფებოდი, ჰალუცინაციები მქონდა. მელანდებოდნენ ჩემი ძმის მეგობრები, რომლებიც საოცრად მღერიან. ერთი სული მქონდა, ბათუმში დავბრუნებულიყავი და მათი ნამღერი ისევ მომესმინა. ერთი სული მქონდა ისევ მენახა ჩემი ახლობლები, მენახა, როგორ იღვიძებს ჩემი ქმარი და რადგან ეს ყველაფერი მოხდა, ხელს აღარასდროს ჩავიქნევ. რაც მთავარია, მე დღეს ცოცხალი ვარ და ჩემს მეუღლეს და ახლობლებს ჩემს საფლავთან არ უწევთ მოსვლა“ – ეს სიტყვები 28 წლის ხატია თებიძეს ეკუთვნის. ერთი წლის წინ, ის უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
ხატია თებიძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. მხიარული და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მხატვარ-დიზაინერის პროფესიას დავეუფლე. 2014 წელს დავოჯახდი. მე და ჩემი მეუღლე დაწყებით კლასში ერთად ვსწავლობდით, ისიც ბათუმელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეგობარია, შემიძლია, ველაპარაკო ყველა თემაზე, ვენდო. როგორც იტყვიან, თვალებით, ერთი შეხედვითაც კი გვესმის ერთმანეთის. სამი წლის დაქორწინებულები ვიყავით, როცა საქართველოდან წასვლა გადავწყვიტეთ. ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ვგეგმავდით. უკრაინაში რომ ჩავედით, ჯერ ნათესავებთან ვცხოვრობდით, შემდეგ ცალკე გადავედით. იმ დროს უკვე ორივე ვმუშაობდით. მე ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად დავიწყე მუშაობა, რაც ძალიან მომწონდა. კულინარია საოცრად მიყვარს. მეუღლეს თავის საქმე ჰქონდა და მოკლედ, ძალიან კარგად ვიყავით. ჩასვლის დღიდან უცნაური დამოკიდებულება მქონდა ტრამვაისთან. დეიდამ შემომთავაზა მგზავრობა, მაგრამ უარი ვუთხარი: ტრამვაიში ვერ ჩავჯდები-მეთქი. რელსებზე ფეხის დაბიჯებასაც კი ვერიდებოდი. გაუცნობიერებელი შიში მქონდა და ვუპასუხე: ამაში რომ ჩავჯდე, ან დენი დამარტყამს ან სხვა რამ დამემართება და ადგილზე მოვკვდები-მეთქი. მაგრამ ვერ ვხდებოდი, რატომ. აღმოჩნდა, რომ შიში და ზიზღი ტყუილად არ მქონია.
– ეს შემთხვევა როგორ მოხდა?
– სამსახურში მივდიოდი, ტაქსიში ვჯდებოდი, უკვე კარს ვაღებდი, ტრამვაის სიგნალის ხმა რომ გავიგონე. მოვბრუნდი და გავიფიქრე, ოღონდაც არ დამარტყას-მეთქი და იმავე წამებში მარჯვენა მხრიდან დამეჯახა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე და როგორ შევძელი, რომ დავარდნის დროს თავი ზემოთ ავწიე – არ მინდოდა, ბორბლებში მომყოლოდა. წავიქეცი და ორი ბრუნი გავაკეთე. ფეხები ბორბლებში გამეჭედა. რომ მოვიხედე, ხალხი უკვე ჩამოცლილი იყო ტრამვაიდან. ყველა შოკში იყო, კიოდნენ და წიოდნენ, ვერავინ მეკარებოდა. დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ ვერ მიახლოვდებოდნენ. როცა წყალი ვითხოვე, ერთმა ბიჭმა მოიტანა, მაგრამ ახლოს რომ მოვიდა, შემომხედა და დაინახა, სისხლი აქეთ-იქით იქცეოდა, ბოთლი ხელიდან გაუვარდა. სისხლისგან რომ ვიცლებოდი, თავი მივარდებოდა, ისიც კი ვერ შეძლეს, ახლოს მოსულიყვნენ და თავის ქვეშ რამე დაედოთ. ერთმა ქალმა ჩემი თხოვნით ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ტრამვაის ქვეშ მოვყევი და სასწრაფოდ უნდა მოსულიყო. იმ წუთასვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოვსულიყავი, როგორ დამეხსნა თავი ბორბლებიდან. არანაირი ტკივილის გრძნობა არ მქონდა, თვალი წამითაც არ დამიხუჭავს. ფეხს რომ შევხედე, საშინელ მდგომარეობაში მქონდა – ჩახვეული იყო და ჯინსის შარვალს ეჭირა ნაფლეთები. გადავწყვიტე, ეს ჯინსი გამომეყენებინა, ზედვე შემომეხვია და ფეხი გადმომეღო. როგორც იქნა, შევძელი და მარცხენა ფეხი გადმოვიღე. მოწყვეტილი არ მქონია და მიწაზე დავდე. აი, მარჯვენა კი არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ მუხრუჭს ეჭირა ტერფი და ისე ვაწვალე საკუთარი თავი, ისეთი სიძლიერით ვაკეთებდი ამას, რომ შიდა მყესები და კუნთები დავიზიანე. შეიძლება ამიტომაც ვერ შევინარჩუნე მეორე ფეხი, მაგრამ იმწუთას ამაზე ვერ ვიფიქრებდი, მთავარი იყო იქიდან თავი დამეხსნა. ამ დროს მოვიდა ჩემი მეუღლე, უკვე სისხლისგან ვიცლებოდი. რომ დამინახა, მახსოვს მისი განწირული ხმა, მაგრამ ალბათ, ჩემმა დამოკიდებულებამ არ მისცა გატყდომის ნება. მშვიდად ვიყავი, არც კი ვტიროდი. ვუთხარი, ალბათ, ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და იმიტომ მინდოდა, ერთად რაც შეიძლება ბევრი დრო გაგვეტარებინა-მეთქი. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, მამშვიდებდა. მითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა ბრძოლას, რომ ხელით იქიდან თავის დახსნა წარმოუდგენელი იყო. მე არც ვიცოდი, რა დონის დაზიანებები მქონდა. აღმოჩნდა, რომ მარჯვენა მხარეს საჯდომი, ფაქტობრივად, აღარ მქონდა, მაგრამ ჯინსი მიფარავდა და ვერ ვხედავდი. ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობდა, გადათხრილი იყო და 40 წუთი ველოდებოდით ამწეებს, რომ ტრამვაის ქვემოდან გამოვეყვანე. წვალებით, როგორც იქნა, საკაცეზე გადამიყვანეს და ტკივილები „სასწრაფოს“ მანქანაში დამეწყო. ავტომობილი რომ მოძრაობდა, ძვლები ერთმანეთს ეჯახებოდა, ეს დაფლეთილი ხორციც და აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი, ვიხვეწებოდი, როგორმე გადამარჩინეთ-მეთქი. როცა მიმიყვანეს, ანალიზიც ვერ ამიღეს,  5 ლიტრამდე სისხლი მქონდა დაკარგული, ანუ საერთოდ აღარ მქონდა. ექიმები გაოცებულები იყვნენ, ჟარგონით რომ გითხრათ, გული „ხალასტოიზე“ მუშაობდა. იმ წუთას გამიკეთეს მარცხენა ფეხის ამპუტაცია, თოთხმეტმა ადამიანმა გადამისხა სისხლი. მეორე დღეს კი – მარჯვენას ამპუტაცია გამიკეთეს, ცდილობდნენ შენარჩუნებას, მაგრამ არ მოხერხდა, დაგლეჯილი მქონდა. საჯდომიც ბოლომდე მომკვეთეს. მერე განგრენა წავიდა და ფეხს ნელ-ნელა, ყოველდღე მჭრიდნენ. ბოლომდე რომ უნდა მოეჭრათ, მეუღლეს დაუძახეს, დაემშვიდობე, გადარჩენის შანსი არ არსებობს, მაგრამ მაინც ვცდითო.
– როგორც ვიცი, კომაში იყავი.
– სასწრაფოს მანქანიდან რომ გადმომიყვანეს და ექიმი დავინახე, თვალები დავხუჭე და ვეღარ გავახილე. რვა დღე კომაში ვიყავი. გვირაბში ვიყავი-მეთქი, ასეთ რამეს ვერ ვიტყვი, მაგრამ როცა თვალს ვახელდი, ვიღაც ქალის ხმა მესმოდა. ერთ მხარეს სინათლეს ვხედავდი, მეორე მხარეს კი – სიბნელეს. წინ და უკან დავდიოდი. ქალი მეუბნებოდა: ხატია, უკან თუ კიდევ გადადგამ ნაბიჯს, შენს მეუღლეს ვერ ნახავ და თუ თვალს გაახელ, პირველი მას დაინახავო და ვცდილობდი, ეს გამეკეთებინა. ვახელდი და მესმოდა ექიმების ხმა: გონს მოდის... ისევ ვკარგავთ... შოკი დაუმატეთ... ამ ყველაფრის შემდეგ თვალი რომ დავახილე, პირველი ჩემი მეუღლე დავინახე. რეალურად იქ არ ყოფილა ქალი, ვინც მე ამას მეუბნებოდა, ეს ყველაფერი ჩემს ქვეცნობიერში ხდებოდა. მერე გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, ამიტომ ყოველდღე ნარკოზს მიკეთებდნენ მთელი ერთი თვე.
– მერე როგორ გაიაზრე ეს ყველაფერი?
– პირველად რომ გავახილე თვალები, მაშინვე ზეწარი გადავიხადე და დავინახე, რომ ფეხები არ მქონდა. მშვიდად გადავიფარე და დაველოდე, როდის შემოვიდოდა მეუღლე. ვკითხე, იცოდა თუ არა ჩემი მდგომარეობა. დამშვიდება დამიწყო, მაგრამ რეაქცია არ მქონია. როცა უკვე ლაპარაკიც შევძელი, ვთქვი: რაც მთავარია, მიწაში არ ვარ-მეთქი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ჯობდა, მოვმკვდარიყავი ან ეს მაინცდამაინც მე რატომ დამემართა-მეთქი. ზუსტად ვიცი, იმიტომ ამირჩია ღმერთმა, რომ დარწმუნებული იყო ჩემში. დარწმუნებული იყო, მე შევძლებდი და ამ ყველაფერზე გავიმარჯვებდი!
– ფინანსურად როგორ შეძელით ამ ყველაფრის უზრუნველყოფა?
– იმ წუთიდან, როცა მიმიყვანეს, საავადმყოფოს ეზო გაივსო როგორც ქართველებით, ასევე იქაური მცხოვრებლებით, ჩემთვის უცნობი ადამიანებით. დაუჯერებელია, მაგრამ ისინიც ერთი თვე ათენებდნენ ღამეებს. ყველას მოჰქონდა რაღაც: ეს იყო ფული თუ საკვები ჩემი ოჯახის წევრებისთვის. სახელმწიფოც დაგვეხმარა. შემდეგ სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, ფრენა არ შეიძლებოდა, მაგრამ იქ კანის გადანერგვის ოპერაციას ვერ გავიკეთებდი. თბილისში გადმოვფრინდით და აქ გამიკეთეს სამი ოპერაცია. თითქმის 1 თვე გავატარე საავადმყოფოებში და ბათუმში დავბრუნდით. დაახლოებით ორთვე-ნახევარში შევძელი ეტლში გადაჯდომა. ეს ყველაფერი მეუღლის არსებობამ გადამატანინა. ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ასევე, დღემდე თავს დამტრიალებენ ნათესავები, მშობლები, ძმა, მეგობრები, რაც სასიამოვნოა. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, იქამდეც მიყვარდა სიცოცხლე. ვინმე თუ მომენატრებოდა, არ შემეძლო არ დამერეკა და არ მეთქვა ორი სიტყვით, თუ როგორ მიყვარდა და მენატრებოდა. მიყვარდა დღესასწაულები, განსაკუთრებით ჩემი დაბადების დღე. ახლა გაასმაგებულად მიყვარს. შეცვლით, რა თქმა უნდა, შევიცვალე – დროის ფასი ვისწავლე, ბევრ რამეს სხვა თვალით ვუყურებ და ვაფასებ. მეორე დღისთვის არაფრის გადადება არ მიყვარს, რადგან ის „ხვალ“ შეიძლება, აღარ გათენდეს. ამიტომ მინდა, ვიყო იმათ გვერდით, ვინც მიყვარს, გავცე უფრო მეტი სითბო, ვიდრე აქამდე გამიცია.
– ახლა როგორ ცხოვრობ და რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც მოულოდნელად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა?
– ახლა ვცხოვრობ ისე, როგორც ადრე. მართალია, ბევრი რამისთვის მიწევს თვალის გასწორება, ბევრი რამ დაბრკოლებაა ჩემთვის, მაგრამ ვცდილობ, ისიც გადავლახო. თვითონ ვუვლი ჩემს თავს, სადილსაც ვამზადებ, შემიძლია, დამოუკიდებლად ტაქსით ვიმგზავრო, დავალაგო ჩემი ოთახი, გავრეცხო და ასე შემდეგ. არ ვფიქრობ, რომ რაკი ეტლში ვზივარ, საქმე სხვამ უნდა გამიკეთოს. სახლში უმეტესად მარტო ვარ, ყველას ვუთხარი, იმუშავეთ, თვითონ შევძლებ საკუთარ თავზე ზრუნვას-მეთქი. ვიცი, მალე ისევ დავდგები ფეხზე! ისიც ვიცი, ძველებური ხატია ვეღარ ვიქნები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მივიღო ის, რაც დღეს მაკლია და მენატრება. ჯერ პროთეზებისთვის საჭირო თანხა არ მაქვს, მაგრამ როდესაც ამ საკითხსაც მოვაგვარებ, აუცილებლად დავიწყებ მუშაობას, კვლავ სამზარეულოს დავუბრუნდები და ჩვეული ტემპით გავაგრძელებ ცხოვრებას... ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, მე და ჩემს მეუღლეს უამრავი გეგმა გვქონდა. პირველ რიგში, ძალიან მინდოდა, დედა გავმხდარიყავი. ჯერჯერობით ამ სტატუსს ვერ ვატარებ, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია. რახან ცოცხალი დავრჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც მისია მაკისრია.
скачать dle 11.3