კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს დეპრესია აქვს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ბავშვობის ასაკი, უმეტესად, ბედნიერებასთან ასოცირდება, უმრავლესობა ღიმილით ვიხსენებთ ამ პერიოდს, გვაქვს სიხარულის, სილაღის, თავისუფლების განცდა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვობის ასაკი საკმაოდ სტრესულია, თანმდევი მძიმე განცდებით. ბოლო პერიოდის კვლევებიც ადასტურებს, რომ ფსიქოემოციური დარღვევები შესამჩნევად ახალგაზრდავდება. დეპრესია ბავშვებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ბევრი ბავშვი ხშირად თანაარსებობს დეპრესიასთან ერთად,  ბევრს კი ფარულად ტანჯავს, რასაც ხშირად სიჯიუტეს, სიცელქეს, სიზარმაცეს, დაუმორჩილებლობას აბრალებენ. რა იწვევს ბავშვთა დეპრესიას, რა სიმპტომებით ვლინდება ის და როგორ დავეხმაროთ ბავშვს დეპრესიული მდგომარეობის გადალახვაში, გვესაუბრა ფსიქოლოგი ანა ქურდაძე-კუხაშვილი: ბავშვთა დეპრესია საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და მისი სტატისტიკური მაჩვენებელი  მუდმივად მზარდია. აუცილებელია, ბავშვებთან ურთიერთობაში მყოფ პირებს წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ როგორ ყალიბდება დეპრესია, რა არის ის ძირითადი მიზეზები რაც დეპრესიის  პროვოცირებას იწვევს, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და საჭიროების დროს ვის მივმართოთ დახმარებისთვის. სანამ უშუალოდ ბავშვთა დეპრესიაზე გადავალ, მინდა, მოკლედ მიმოვიხილო ის ძირითადი მახასიათებლები, რაც ზოგადად, დეპრესიას ახასიათებს. ესაა უენერგიობა, დანაშაულის, სისუსტისა და დაუცველობის გრძნობა, პესიმისტური ფიქრები, კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულე, ძილისა  და კვების დარღვევები, ნიჰილიზმი.
– რა არის ბავშვთა დეპრესია?
– ბავშვთა დეპრესია, ფსიქოემოციური დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ქცევითი და სომატური სიმპტომებით გამოიხატება. ამ მდგომარეობის ნიშნები გარდამავალ ასაკში ვლინდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სიმპტომები 3 წლამდე ასაკშიც გვხვდება. სწორედ ბავშვთა დეპრესიას უკავშირებენ სუიციდის გახშირებულ შემთხვევებს. დეპრესიის გამოვლინება ინდივიდუალურია, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, შეუმჩნევლადაც მიმდინარეობდეს და მშობლისთვის შვილის უხასიათობა სკოლაში დაღლის ან უგუნებოდ ყოფნის მორიგი ეპიზოდი იყოს.
– რა ნიშნებით ვლინდება დეპრესია ბავშვებში?
–  ბავშვთა დეპრესიის ძირითადი ნიშნებია: ადვილი აგზნებადობა, გაღიზიანება და რისხვა, დაუცველობისა და მუდმივი სევდის განცდა, სოციუმისგან იზოლირება – სწრფვა განმარტოებისკენ, ზედმეტი მგრძნობიარობა და უარყოფის განცდა, მოძრაობის დაქვეითება, ინტერესის დაქვეითება ფიზიკური აქტივობისადმი, მადის ცვლილება – როგორც მადის ზრდა, ასევე, მისი შემცირება, ძილის დარღვევა – უძილობა ან გადაჭარბებული ძილიანობა, შფოთვიანი ძილი, ხშირი ტირილი, შენელებული აზროვნება, კონცენტრაციის სირთულე, ინტრესის დაკარგვა სწავლისადმი,  ცხოვრებისეული ენერგიის შემცირება, გაფანტულობა, ფიზიკური ჩივილები – თავის, მუცლის ტკივილი. სირთულეები ოჯახურ, მეგობრულ ურთიერთობებში, არასაჭიროების განცდა და დანაშაულის შეგრძნება, ფიქრი სიკვდილზე და სუიციდზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის აუცილებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად ვლინდებოდეს.
– რატომ ვითარდება დეპრესია ბავშვებში?
–  ძალიან ხშირად დეპრესია ვითარდება დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებთან. დაბალ თვითშეფასებას საფუძვლად მშობლებისგან, მეგობრებისგან პოზიტიური უკუკავშირის დეფიციტი წარმოადგენს,  საგულისხმოა დედის მხირდან გულგრილობა და ნაკლებ ემოციური მხარდაჭერა. დეპრესიული მდგომარეობის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: ოჯახური კონფლიქტები, მშობლების მუდმივი ჩხუბი, მათი დაცილება, ჰიპერმზრუნველობა, ან პირიქით – სრული გულგრილობა მშობლების მხრიდან. ჰიპერმზრუნველი მშობელი ბავშვს არ აძლევს საშუალებას, იპოვოს თავისი თავი, როგორც საზოგადოების წევრმა, ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი უსუსური და დაუცველი ხდება. დეპრესიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია სხვადასხვა სახის პათოლოგია და ადრეულ ასაკში გადატანილი ინფექციები, რომელმაც შესაძლოა, თავის ტვინის ტრავმა გამოიწვიოს, დაავადებები, რომლებიც ნაწიბურებს და ლაქებს ტოვებს. ასევე ფსიქიკური ტრავმა, გადაღლა, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა. ბავშვზე ცუდად მოქმედებს საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლილება, შესაბამისად, ბავშვს არ ჰყავს მუდმივი სამეგობრო წრე, ვერ ახერხებს ადამიანებთან ახლო კონტაქტის დამყარებას, არ აქვს მიჯაჭვულობისა და სოციუმისადმი მიკუთვნებულობის განცდა.
– რა არის დეპრესიის მაპროვოცირებელი?
– მაპროვოცირებელია სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, სასკოლო პროგრამაში ჩამორჩენა, რაც აუარესებს ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს და ხელს უშლის მის ფსიქოემოციურ განვითარებას; დეპრესიის მაპროვიცირებელია ახლობელი ადამიანის ქრონიკული ავადმყოფობა ან გარდაცვალება, რომელსაც თან ახლავს თანმდევი მწვავე სტრესი. ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება გააადვილა, თუმცა გაართულა სოციალური ურთიერთობები, ბავშვებს არ ჰყავთ მეგობრები, მხარდამჭერი ადამიანები, ვერ უზიარებენ თავის გრძნობებს სხვებს, რაც საბოლოოდ აუარესებს ურთიერთობის უნარებს და უარყოფითად აისახება ბავშვის  ემოციურ თავისებურებებზე.
– როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლაში?
– თუკი შეგეპარათ ეჭვი, რომ თქვენს შვილს შესაძლოა, ჰქონდეს დეპრესია, უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ სპეციალისტებს – ნევროპათოლოგს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. გახსოვდეთ, რომ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლას ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, საჭიროა როგორც სპეციალისტების ჩარევა, ასევე მშობელთა ჩართულობაც; სასურველია, ხშირად დავინტერესდეთ მისი ყოველდღიურობით, როგორ გაატარა დღე, რა აქტივობები ჰქონდა სკოლაში, დაინტერესდით მისი მეგობრებით, გაარკვიეთ რითია დაკავებული თავისუფალ დროს. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ გესმით მისი დეპრესიული განცდების, ბავშვები ხშირად სოციალური არასასურველობის გამო მალავენ განცდებს, ეშინიათ, რომ მათი ქცევა უფროსებისთვის მოსაწონი არ იქნება, ამიტომაცაა აუცილებელი, რომ გვქონდეს ნდობა და ბავშვმა შეძლოს საკუთარ დეპრესიულ განწყობებზე საუბარი. თამამად მოუყევით საკუთარ შეცდომებზე, განწყობებზე, როგორ უმკლავდებოდით რთულ სიტუაციას, ამით მას უბიძგებთ უფრო გახსნილად ისაუბროს შეგრძნებებსა და განწყობებზე.  ხელი შეუწყვეთ ბავშვის სოციალიზაციას, გაუკეთეთ ორგანიზება მცირე წვეულებებს, დაპატიჟეთ თქვენი შვილის მეგობრები, მოაწყვეთ მცირე ექსკურსიები. ეს აქტივობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი შვილის ემოციურ მდგომარეობას. დეპრესიის მკურნალობა ოჯახში პოზიტიური ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება. აუცილებელია, ბავშვს მშობლისგან ჰქონდეს უპირობო სიყვარულისა და მიმღეობის განცდა, რომ მას არ უარყოფენ და მის საჭიროებებს გულგრილად არ მოეკიდებიან. უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მისწრაფებები და გატაცებები, გავუღრმავოთ ცნობისმოყვარეობა და ვასწავლოთ ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა გზები.  და ბოლოს, დეპრესია არ არის ავადმყოფობა, ეს ფსიქოლოგიური დარღვევაა, თუ დეპრესიული მდგომარეობა ხანგრძლივია, შესაძლოა, მთელი რიგი ფსიქო-სომატური დარღვევები გამოიწვიოს. ამიტომაცაა აუცილებელი სპეციალისტების დროული ჩარევა და მათგან დახმარებისა და რჩევების მიღება.
скачать dle 11.3