კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ გახდა მერაბ დვალიშვილი პირველი სპორტსმენი, ვინც რუსეთში „უეფსის“ ბრძოლები მოიგო

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

შერეული ორთაბრძოლების ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა მოსკოვში გამართულ „უეფსის“ ღონისძიებაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩაატარა და ამერიკელი ტერიონ ვეირი ქულათა უპირატესობით დაამარცხა. მერაბ დვალიშვილი ისტორიაში პირველი მებრძოლია, ვინც რუსეთში გამართული „უეფსის“ ბრძოლა მოიგო. მერაბისთვის ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მან რუსეთში ქართული დროშა ააფრიალა და რუსი გოგონებიც მოხიბლა. იქიდან მერაბი ცოტა ხნით საქართველოში ჩამოვიდა.
მერაბ დვალიშვილი:  „უეფსის“ ისტორიაში პირველი მებრძოლი ვარ, ვინც მოიგო „უეფსის“ ბრძოლები რუსეთში, რომელიც ამ ქვეყანაში პირველად ჩატარდა. გამოვედი ჯგუფი „ბანის“ სიმღერაზე – „სამშობლო“, ქართული ფაფახი მეხურა და რუსეთში ქართული დროშა ავაფრიალე. რინგზე რომ შევდივარ, თავს ვგრძნობ როგორც მეფე. როცა ვიბრძვი, მე ვარ და ჩემს თვისებებს ბრძოლით გამოვხატავ. ჩემი მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი იყო, რადგან „უეფსიში“ ყველა ძლიერია, ყველა ანგარიშგასაწევია, ამიტომ ყველასთვის ვემზადები, ყველას ვაფასებ, როგორც ძლიერ მეტოქეს. ტაქტიკურად კარგად ვიყავი მომზადებული, ჭკვიანურად წარვმართე ბრძოლა და ზედმეტი არ გავრისკე, დავიწყე თუ არა, მალე წავაქციე და სამი რაუნდი სულ ზემოდან ვიყავი. როგორც კი დაიწყებდა მტკვინეული ილეთის გაკეთებას ან ადგომას, ვაჩერებდი და როგორც კი მოდუნდებოდა, მაშინ დარტყმებს ვახორციელებდი სამივე რაუნდი.  ჩემი მთავარი კოზირი ჭიდაობის ილეთები და გამძლეობაა, არ ვიღლები. პირველ ჩხუბში სიცხიანი ვიყავი, მალე დავიღალე, დგომში ჩხუბი არ შემეძლო, ჭიდაობა დავუწყე და რეკორდიც დავამყარე, 11-ჯერ წავაქციე, მან – არცერთხელ. რუსეთში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მჭირდებოდა და მიზანსაც მივაღწიე. არ ველოდი, მაგრამ ჩხუბისა და გამოსვლის დროს დარბაზი ამყვა, ყიჟინა და შეძახილები მესმოდა. ამერიკაში გულშემატკივრები უცებ ამყვებიან ხოლმე, მოსწონთ ჩემი ჩხუბი და ჩემი სტილი, მიჩვეული ვარ მათ გულშემატკივრობას, მაგრამ რუსეთში არ ველოდი და გამიკვირდა. ალბათ, იმიტომ რომ ეს ვაჟკაცური სპორტია და დარბაზშიც, ძირითადად, სპორტსმენები იყვნენ. როგორც ვიცი, მოსკოვის ოლიმპიური არენა 45 ათას კაცს იტევს და სავსე იყო, ალაგ-ალაგ ქართული შეძახილებიც მესმოდა.
– ჩხუბის დასრულების შემდეგ რატომ გამოიწვიე შონ მალი?
– შონ მალიმ დანა ვაითის შოუ მოიგო, ნოკაუტით გაიმარჯვა და შემდეგ გადავიდა „უეფსიში“. ეს ბიჭი გამოირჩევა თავისი დგომით, კარგი სტილი აქვს, ილეთების არსენალი და წაუგებელია. ძალიან მალე გახდა პოპულარული. ცხოვრობს კალიფორნიაში, სადაც „პლანის“ მოწევა არ შეიძლება, თუმცა მაინც ეწევა და ჩხუბი რომ დაენიშნება, ბოლო ერთი თვე არ ეწვა. ჩემს წონაში არავის  უნდა მასთან ჩხუბი, ყველას ეშინია, მაგრამ მე ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია და მასთან ბრძოლა ჩემთვის სიახლის მომტანი და დიდი პიარი იქნება, ჩემს ქვეყანასაც უფრო კარგად გაიცნობს ხალხი. ის ყოველთვის სუპერ ბრძოლებში ჩხუბობს. მეც მაგაზე მომიწევს ჩხუბი და უკვე თანხაც დიდი მექნება. ჩემი გამარჯვების შემდეგ მას მივმართე, რომ მინდა მასთან ჩხუბი, იმიტომ რომ ის დაუმარცხებელია, ძლიერია, ვუთხარი, რომ გააგრძელოს „პლანის“ მოწევა, მე გავაგრძელებ მძიმე ვარჯიშებს, როცა ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და ბრძოლა შედგება, ყველა დაინახავს, ვინ არის ძლიერი, ვინ არის ჩემპიონი და ვისი აჯობებს. ამ მიმართვამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მეც მომიწევია, როცა 13-14 წლის ვიყავი, ვვარჯიშობდი და ვიცოდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ერთხელ ვთქვი, რომ არასდროს მოვწევ-მეთქი და აღარც მომიწევია. ჩემთვის მოწევა არასდროს ყოფილა საჭირო, არც ალკოჰოლი, ისედაც ვერთობი. ცხოვრება ნარკოტიკული თრობის გარეშე უფრო კარგია. მე ასე „ვკაიფობ“.
– მოსკოვში რამდენიმე დღით ადრე ჩახვედი, როგორ გაერთე?
– „უეფსის“ წესის მიხედვით, მოსკოვში ხუთი დღით ადრე ჩავედით მე და ჩემი ორი მწვრთნელი. წონას ვიკლებდი ამ პერიოდში. იქ დამხვდნენ ქართველი მებრძოლები: გიგა კუხალაშვილი და ირაკლი მირიანაშვილი. პირველად ვიყავით მოსკოვში და დაგვათვალიერებინეს. ქალაქის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი გვაჩვენეს, ძალიან კმაყოფილები იყვნენ ჩემი მწვრთნელები და მეც, თან, ჩემთვის შეჯიბრების წინ კარგი განტვირთვა იყო, მშიერი ვიყავი, ვსეირნობდი და თან წონას სიარულშიც ვიკლებდი. მერე გიგა კუხალაშვილმა და ირაკლი მირიანაშვილმა ქართულ რესტორანში დაგვპატიჟეს. ჩემმა მწვრთნელებმა დააგემოვნეს ხინკალი, ხაჭაპური და ქართული სამზარეულო ძალიან მოეწონათ. გამარჯვება ვიწრო წრეში, მეგობრებთან, იმათთან ერთად აღვნიშნე, ვინც ჩემ გვერდით იყო – ჩემი ორი მწვრთნელი, ჩემი მეგობარი ზუკა, გიგა და ირაკლი. მოდიოდნენ რუსეთში მცხოვრები ქართველები, მილოცავდნენ, ყველას უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. შემდეგ ბიჭებს გართობა მოგვინდა და გიგა კუხალაშვილმა მოსკოვის საუკეთესო ბარ-რესტორანში მიგვიყვანა, სადაც ყველაზე მაგარი გოგოები არიან. ის რუსი გოგოები რომ მახსენდება, მეტირება.
– რუსი გოგონები თუ გამოხატავდნენ შენ მიმართ ყურადღებას, განსაკუთრებით მოგების შემდეგ?
–  რუსი გოგოები თავისუფლად გამოხატავდნენ ყურადღებას, მოწონებას. ჩხუბი რომ დავამთავრეთ, იქვე, კაფეში ჩემმა მეგობარმა ზუკამ მენაყინე გოგოს რაღაც კომპლიმენტი უთხრა და იმან ეგრევე სამი დაქალი მყავს, გამოვიყვან და ამაღამ გასართობად წავიდეთო. ამერიკაში გოგოები უფრო პრინციპულები არიან, მომავალ პერსპექტივაში უნდა ხედავდეს შენთან ურთიერთობას, ერთჯერადად – დღეს რომ გაერთოს, არ წამოგყვება.
– თაყვანისმცემელი გოგონები გყავს?
– თაყვანისმცემლები მყავს და ეს კარგია, სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის ისინი მხოლოდ თაყვანისმცემლებად რჩებიან. ახლა გოგოებისთვის აღარაფრის გაკეთება არ მჭირდება, ჩემი პოპულარობა მშველის. ჩემი ოდნავი ყურადღებაც კი საკმარისია, უცებ იხიბლებიან, თუმცა, ძირითადად, თვითონ იჩენენ ყურადღებას. ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ვისთანაც შეხება მაქვს, ვეუბნები, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, იმედს არ ვაძლევ. სხვათა შორის, ბევრს სწყინს. როგორ ვეუბნები, იცი? მე არ ვფიქრობ შენთან სერიოზულად არაფერს. გთხოვ, ნუ იეჭვიანებ. შენც თავისუფლად იყავი – „იგულავე“, გააკეთე, რაც გინდა-მეთქი და გიჟდებიან. შეიძლება, შემიყვარდეს, მაგრამ მარტო შეყვარება ხომ არ არის, უნდა უგებდე. ასე შეიძლება, ვიღაც გადარეული გოგოც შეგიყვარდეს, მაგრამ მაგ დროს ჯობია, გონებით იმოქმედო, ვიდრე გულით. თუ შევხვდები ისეთ ადამიანს, ვისთანაც მარტივია ურთიერთობა და ხელს შემიწყობს, კარგია, მაგრამ ისეთებს ვხვდები ხოლმე, ვაიმე... შენი დრო და ყველაფერი რომ უნდათ, მერე ეჭვიანობას იწყებენ – ეს გოგო ვინ არის, რომ დაგილაიქა, ვინ დაგიკომენტარა და ასე შემდეგ... ჩემ გვერდით ქართველი გოგო უნდა იყოს, რადგან როცა ადამიანი გიყვარს, მასთან ბევრი საერთო უნდა გქონდეს. ერთ მსოფლმხედველობაზე რომ ხართ გაზრდილი, ურთიერთობა მარტივია. უნდა იყოს კეთილშობილი და ჰუმანური ადამიანი, მშვიდი, არ უნდა იყოს ეჭვიანი.
скачать dle 11.3