კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ უნდოდა ნიკა ქაცარიძეს „კანონიერი ქურდობა“ და მღვდლობა და რატომ გაატარა მან მთელი ბავშვობა რადიატორზე მიბმულმა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ნიკა ქაცარიძე უკვე 15 წელია, რუსთაველის თეატრის მსახიობია. ბევრი სახასიათო როლი აქვს შესრულებული სცენასა თუ ფილმში, თუმცა, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მისმა ნათამაშებმა ბარხატაშვილმა, ხალხში მისდამი სხვანაირი სიყვარული და ცნობადობა გამოიწვია.
ნიკა ქაცარიძე: აუტანელი, ცელქი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. დიდი ენერგია სჭირებოდათ ჩემს მშობლებს, როგორმე დავეოკებინე. სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, მაბამდნენ და ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა რადიატორზე მიბმულმა და პრომეთესავით მიჯაჭვულმა გავატარე (იცინის). საბავშვო ბაღის ასაკში რომ მესმოდა, როგორ გარბოდნენ წივილ-კივილით სახანძრო მანქანები ხალხის დასახმარებლად, მეხანძრე მინდოდა გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემგან დამხმარე და გმირი ვერ გამოვიდა. დედას ხშირად დავყავდი ეკლესიაში და ისე მომწონდა იქაური ატმოსფერო, ვიფიქრე, მღვდელი გამოვალ-მეთქი. ყოველ სამ საათში ვდგებოდი და ვლოცულობდი. ამანაც გადამიარა. მერე იყო ქუჩა, ძველბიჭობა და ჩხუბები. თუმცა, მაშინდელი ქუჩა სხვანაირი იყო, დანებით კი არ ვჩხუბობდით, სკოლის „პაპკებს“ ვურტყვამდით ერთმანეთს და ამის გამო დალურჯებული  და „დაფანარებული“ დავდიოდი. ბევრჯერ თუ არ გაილახე, ისე ცხოვრებას ვერ ისწავლი (იცინის). მოკლედ, ავარა და მოჩხუბარი ბავშვი ვიყავი. ჩემი საქციელით მასწავლებლებს ნერვებს ვუშლიდი და ამიტომ მაგდებდნენ სკოლიდან, თორემ სწავლა მიყვარდა. ერთი პერიოდი მწერლობაც ვცადე და დავწერე „მეგობრობა და სიყვარული ვეფხისტყაოსანში“. რომ წაიკითხეს მასწავლებლებმა, იფიქრეს, ეს ან გენიოსია ან მაგარი გიჟიო, მომიშორეს და გამაგდეს სკოლიდან.
– კი მაგრამ, გენიოსობის გამო გამოგაგდეს სკოლიდან?
– მწერლობაზე მქონდა ამბიცია და დავწერე, რანაირი სიყვარულია ახლა ეს, კაცი ლომებს და ვეფხვებს რომ ეომება, ქალის გამო ზის და ტირის, ეს რა კაცის საქციელია-მეთქი (იცინის). მოკლედ, ჩემი ჭკუით, ქუჩა გადავიტანე „ვეფხისტყაოსანში“ და გადი კაცო, თავი დაგვანებეო და გამომაპანღურეს (იცინის). ატესტატი არ ამიღია, ცხრა კლასის მერე, თეატრალურ კოლეჯში ჩავაბარე. ასე რომ, ატესტატი არ მაქვს, მაგრამ მაქვს ორი დიპლომი და სულ ვხუმრობდი, ორდიპლომიანი უატესტატო სასიძო ვარ-მეთქი (იცინის).
– იმ დროს ბიჭებს ავტორიტეტები, „კანონიერი ქურდებიც“ ხომ მოსწონდათ?
– კი, როგორ არა. ბევრს უნდოდა „კანონიერი ქურდობა“, რომ ავტორიტეტი ჰქონოდათ, მათთვის დაეკითხათ ჭკუა და ლიდერები ყოფილიყვნენ. თან, გოგონებსაც ასეთი მაგარი ტიპები მოსწონდათ და მეც მინდოდა, თუ გარეგნულად არა, ავტორიტეტის, მაგარი ბიჭობის, დამრტყმელობისა და „კაი როჟობის“ გამო ვყვარებოდი. ასე რომ, „კანონიერი ქურდობაც“ მინდოდა, მაგრამ ძმაკაცები დამცინოდნენ: რიჟა ქურდი რა უბედურებაა, ღამეც რომ ანათებო (იცინის). ეს ეტაპიც გავიარე. ისე, ქურდი რომ ვყოფილიყავი, შაკირას სახლს არ „გავიტანდი“, რა უნდა წამეღო იქიდან, მიკროფონი? თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს – აი, ბანკს გავიტანდი დიდი სიამოვნებით, ჯერ ერთი, კრედიტები მაქვს, ცხოვრებას ავიწყობდი, ზურა ყიფშიძეს ბინას დავუბრუნებდი, ბევრ გაჭირვებულს გავუმართავდი ხელს და ბევრ კარგ საქმეს მოვახმარდი.
– თქვი, კრედიტები მაქვსო. არადა, რაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ სკვითი ბარხატაშვილის როლში გამოჩნდი, ბევრს მილიონერი ჰგონიხარ.
– ამას წინათ, ძმაკაცმა დამირეკა: „აუ, ნიკუშ ძმაო, გამოგივლი და 500 დოლარი მასესხე, რა...“ არც ჩათვალა საჭიროდ, ეკითხა, მქონდა თუ არა. არადა, რეალურად, სულ 50 ლარი მედო ჯიბეში. ჰოდა, მეც ვუთხარი: აუ, ბიჭო, ძალიან მაგარია, ფულიანი რომ გგონივარ-მეთქი. კარგია ასეთი ფულიანი კაცის იმიჯი რომ მაქვს, მაგრამ ბარხატაშვილს სად შევედრები (იცინის).
– ერთხელ თქვი, ქალი თეატრივითაა – დღეს კომედიაა, ხვალ ტრაგედია, ზეგ, შეიძლება, საერთოდ გასტროლებზე წავიდესო. რამდენი ქალი გაუშვი „გასტროლზე“?
– მე კი არ ვუშვებდი ქალებს „გასტროლებზე“, ისინი მაგზავნიდნენ (იცინის). დიახ, ქალი თეატრივითაა, დღეს კომედიაა, ხვალ ტრაგედია და ზეგ შეიძლება, გასტროლებზე წავიდეს. ქალი ადამიანი არ არის, ის გაცილებით მეტი არსება და ქმნილებაა. ადამიანია კაცი! ჩემი მთავარი და გენიალური ქალი კი, სახლში მყავს – ჩემი ცოლი.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი? ისიც ხელოვანია?
– არა, არქიტექტორია. იტალიურ სახლში ვცხოვრობ, ძველ უბანში, სახლი ჩამონგრევაზე იყო და მივედი, რომ დამხმარებოდა. შევხედე, მომეწონა. მერე სოციალურ ქსელში დავიმატე და მომწერა: შენ მარტო პროექტი არ გაინტერესებსო. ჰოდა, მეც ვუპასუხე: როგორ არა, მე გაცილებით დიდი პროექტები მაქვს, თქვენთან დაკავშირებით-მეთქი (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცრემლი და ტკივილი იყო, მაგრამ მაინც იღბალმა არ მიმატოვა, რა სიგნალიც გავუშვი კოსმოსში, უკან დამიბრუნდა. ანუ, რაც გულით ვინატრე, მომცა ღმერთმა – სიყვარულიც, თეატრიც და შვილიც. სხვათა შორის, დედა ჩემს სპექტალებს ვერ ესწრება. სულ ორჯერ იყო და ისე ინერვიულა, მისი „კაპლის“ სუნი, მთელს თეატრში იდგა და სცენაზეც ვიგრძენი (იცინის). აი, სერიალს კი უყურებს, მდიდარი შვილი მოსწონს. ადრე, სერიალ „შუა ქალაქში“ ხელოსნის, ამირანის, როლს ვთმაშობდი. ორი დღეა მეხვეწება დედაჩემი  გადამწვარი ნათურა გამოცვალეო. არ ვიცი და ვერ ვეკარები. ჰოდა, ბრაზდება და მსაყვედურობს: რა ვიცი, ყველას რემონტებს უკეთებდი და სახლში ვერ გამოგიყენეო. ქუჩაში ზოგი ამირანს მეძახის, ზოგიც, ვა, ნახეთ ბარხატაშვილი მოდისო, ვინც თეატრში დადის, ის, სხვა თვალით მიყურებს. ბათუმში რომ ჩავედი, ვერ მიხვდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი თუ ჩოხატაურის, სამაგიეროდ, სერიალიდან ყველა მცნობდა.
– წარმოშობით იმერელი ხარ და ადამიანი რომ შემოგხედავს, ამ კუთხის მამაკაცისთვის დამახასიათებელი გარეგნობაც გაქვს, აი, ისეთის, სმა-ჭამა და ყანწების ტრიალი რომ უყვარს.
– კარგი ქეიფიც მიყვარს, სიმღერაც, ცეკვაც და ყანწის ტრიალიც, თუმცა „კამანდასაც“ გააჩნია. ადრე, რასაც ცეცხლი ეკიდებოდა, ყველაფერს ვსვამდი. არაყს წყალივით ვსვამდი, სხვა მდგომარეობაში შესვლა მომწონდა. ახლა, ბავშვი დავიფიცე და მხოლოდ ღვინოსა და ლუდს ვსვამ, ამაზე არ დამიფიცია (იცინის). კუპეში დუდუკი, კლარნეტი და აკორდეონი რომ უბერავს, სასმელი ხომ უნდა დალიო კაცმა, აბა, ყავას ხომ არ მიეძალები? მე სუფრაზე სიყვარულის ძალა მჭირდება, სხვა განზომილებაში გადასვლა, სხვა ტალღაზე დაჯდომა და ამაში სასმელი მშველის, თორემ ოჯახში დედა, ცოლი და შვილი მავსებენ სიყვარულით.
– ვიცი, კარგი სმენა გაქვს და ამაში გენეტიკა გშველის. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ესპანეთში მოღვაწე, მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ტენორი ნუგზარ გამგებელი, შენი ბიძაა. არ გიცდია, მის კვალს გაჰყოლოდი?
– მქონდა კონსერვატორიაში ჩაბარების მცდელობაც, თუმცა თეატრმა გადამძალა. გეთანხმებით, ბევრს ეგონა, ბიძის, ნუგზარ გამგებლის კვალს გავყვებოდი. ფიზიკურადაც ძალიან ვგავარ მას. ფაქტობრივად, მის გვერდით გავიზარდე, კონსერვატორიაშიც დავყავდი და რეპეტიციებზეც – ოპერისა და ბალეტის თეატრში. მახსოვს, იქაც ვცელქობდი, კულისებში და მაესტრო ჯანსუღ კახიძე მაგდებდა (იცინის). ამბობდა, მოაშორეთ, კაცო, ეს ბავშვი, აგვიკლო, გიჟივით დარბის აქეთ-იქითო.
скачать dle 11.3