კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-39(926)


უცნაური ხასიათი მაქვს, როცა თავს კარგად ვგრძნობ, ისეთი განცდა მიჩნდება, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შეიძლება, რაღაც ფობიაა, მაგრამ ფაქტი, მალევე რეალობად იქცევა ხოლმე... ახლა მითხარით, გათხოვილი, ორშვილიანი, პატიოსანი ოჯახის ქალი რატომ უნდა გრძნობდეს თავს კარგად ორი დღის განცობილ მამაკაცთან? ვერ ვიტყვი, რომ ამაზე არ ვფიქროდი, მაგრამ კოტესთან ურთიერთობის სურვილის დათრგუნვა მარტივი არ აღმოჩნდა. მიუხედავად მყარად გამჯდარი მორალური სტერეოტიპებისა, მისკენ რაღაც ძალა ისე მიზიდავდა, შიშმაც შემიპყრო, იმის შიშმა, რომ საკუთარ სურვილებთან ბრძოლაში დავმარცხდებოდი. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ დროზე ადრე ხომ არ გავემგზავრო-მეთქი. მაგრამ ეს ჩემი ოჯახის წევრებში იმდენ არასასურველ შეკითხვას გააჩენდა, ბილეთების ყიდვაზე რომ არაფერი ვთქვათ, განზრახვაზე ხელი ავიღე...
... მიშამ სწრაფად დამალა ტელეფონი და თავი მოიმძინარა. „ეტყობა, ძილი ნებისა უსურვა საყვარელს“, – ჩემს ტვინში თავისთავად მომწიფდა აზრი და იქვე ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი გულს მირევდა. რატომ არ შეუძლია, პირდაპირ მითხრას, სხვა მიყვარსო და წავიდეს? რატომ გვებღაუჭება ორივეს? ნუთუ ისეთი მიამიტია, რომ სჯერა, ეს გამოუვა... ჩემდა გასაოცრად, საერთოდ არ გამჩენია ინტერესი „იმ ქალის“, ანუ მეტოქის მიმართ. ცოლებს ხომ უფრო ხშირად ეს აინტერესებთ ხოლმე. მაგალითად, ნატალია იქამდე არ  დამშვიდდა, სანამ ქმრის „ნაშის“ ფოტო ყველა პროექციაში არ ნახა. ამასაც არ დასჯერდა, არავის დაგვიჯერა და „ცხოვრებაში როგორიას“ გავლენით, ნახა კიდეც. თმით არ უთრევია – საამისოდ ჭკუა ეყო ან გამბედაობამ უმტყუნა. მერე ვკითხე, ამით რას მიაღწიე-მეთქი და იცით, რა მიპასუხა?! – ისეთი „მაიმუნია“, დავმშვიდდი. მაგის გულისთვის არ მიმატოვებსო. ნეტავ, უკეთესი ვიზუალი რომ ჰქონოდა, რას იტყოდა. მოკლედ, მე ქმრის სავარაუდო გატაცების არც გარეგნობა მაინტერესებდა, არც სოციალური სტატუსი. იმ ტიპის ქალების მიმართ, ცოლიან კაცებს რომ ეკიდებიან, ჩემი საკუთარი მოსაზრება ჩამომიყალიბდა. მათზე კარგი აზრის არ ვიყავი, მაგრამ არც არაბუნებრივ ძალებს მივაწერდი... როგორო, იკითხავთ. ყველაფერს მართლაც ვერ ანგრევენ. უნდათ, მაგრამ როცა ცოლ-ქმარს შორის  კავშირი მყარია, არ გამოსდით. ვერ ვიტყოდი, რომ ქმართან იშვიათი მიჯაჭვულობა მაკავშირებდა (მისი ანალოგიური გრძნობების შესახებ არაფერი ვიცოდი) გამომეპარა მომენტი, როცა ურთიერთობაში ცვლილებები უნდა გამეკეთებინა. რაღაცას ველოდებოდი და დამავიწყდა, რომ მთავარი მოთამაშე თავად უნდა იყო. მით უფრო, როცა საქმე ოჯახსა და ქორწინებას ეხება.
ვიეჭვე, რომ თეო ჩემზე უკეთესად იყო ინფორმირებული, თითქოს მზვერავდა – გარშემო მივლიდა, უცნაურად მაკვირდებოდა. არ დაიჯერა, რომ მამამისის ტელეფონი შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს ხელში, მაგრამ პირდაპირ ვერ მეუბნებოდა სათქმელს. მამა, ჩემი შვილებიდან, თეოს უყვარდა განსაკუთრებულად. ერეკლე, მიუხედავად მისი ზორბა ტანისა და ბრგე აგებულებისა, მიამიტ ბავშვად რჩებოდა. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, არჩევნის წინაშე რომ დაგვეყენებინა, აუცილებლად მე ამირჩევდა. ესეც, შესაძლოა, ცუდი ფიქრები იყო, საერთოდ, რატომ უნდა დამდგარიყვნენ ჩემი შვილები ასეთი მძიმე არჩევნის წინაშე.
– დედა, რაზე ფიქრობ?
– მხრები ავიჩეჩე და თეოს გავუღიმე.
– კონკრეტულად, არაფერზე. ცოტა დავიღალე და ჩავფიქრდი. შენი ძმა სად არის?
  – ოთახში. სად იქნება? მაგას ხომ არაფერი ადარდებს.
შევბრუნდი და ჩემს ქალიშვილს თვალებში მივაჩერდი.
– შენ? შენ რა გადარდებს?
თეო დაიბნა.
– მე? რა ვიცი. აი, შენ რომ მოწყენილი ხარ, მე ვდარდობ.
– არ ვარ მოწყენილი. ცოტა დავიღალე, სულ ეს არის.
მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მხარზე მომეკრო.
– ჰო, დაიღალე, მართალი ხარ. ჩვენ ხომ სულ რაღაცას ვითხოვთ შენგან. ეგოისტები ვართ, ახლა ვხვდები ამას. მითხარი, რა გავაკეთო. გინდა, სახლში ყველაფერზე მე ვიზრუნებ? საჭმელსაც გავაკეთებ, დავალაგებ... შენ მეგობრებთან ერთად გაერთე.
– თეო, რა მოიგონე, ვინ მეგობრებთან გავერთო.
– ხომ გყავს მეგობრები, შეხვდი, სადმე წადით.
– გეყოფა, თეო. წადი, დაიძინე, ყველაფერი კარგად არის.
– შენ რატომ არ წვები? მამას ელოდები?
– დავწვები. მოვა მამაშენი, არ დაიკარგება. ეტყობა, საქმეს შემორჩა, – მზერა უნებლიეთ საათისკენ გამექცა. ბოლო დროს მოუხშირა სახლში დაგვიანებას. ჯერ კიდევ სამი თვის წინ მე მასწრებდა სამსახურიდან დაბრუნებას და სავარძელში მოკალათებული მხვდებოდა. უყვარდა მშვიდად ტელევიზორის ყურება. კარს რომ გავაღებდი, შინაურულად შემეგებებოდა ხოლმე... გული შემეკუმშა, ჯადოსნურ წრეზე აღმოვჩნდი, ჩაკეტილზე და გიჟური ტემპიც თავისით „ავკრიფე“, ისე, რომ საერთოდ არ მინდოდა. სად გაქრა სიმშვიდე და კომფორტი. სად წავიდა ჩემი სიყვარული და ნდობა ამ ადამიანის მიმართ. იქნებ მანამდე დადნა თოვლივით, სანამ იმ წყეულ მესიჯებს ვნახავდი...
... რა ემართება ქალს, რომელიც ხვდება, რომ მის არსებაში, მის შინაგან სამყაროში რაღაც ხდება. „რაღაც“ – არა! უდიდესი რყევა და რწმენის დანგრევა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა ქმარმა ძალიან გამიცრუა მოლოდინები. სიყვარული თავისით განელდა. ყოველდღიურობამ, რუტინამ გადაყლაპა... ან მე შემეშალა რაღაც. იქნებ, ორივეს შეგვეშალა და თავი დავიძვრინე იმით, რომ ყველაფერი რუტინას გადავაბრალე... ხომ ვთქვი, ჯადოსნურ, უფრო სწორად მოჯადოებულ წრეზე აღმოვჩნდი-მეთქი. მთელი ძალით ვცდილობდი, არ დამერღვია დღის რეჟიმი. ჩემი ცხოვრების განაწესი შევადგინე და ყველა მოვლენა თუ ადამიანი სექტორებში განვათავსე. როგორ დამედანაშაულებინა ჩემი ქმარი იმაში, რაშიც მე თავადაც შევიტანე წვლილი. თუმცა, გულს ვერაფერი მოვუხერხე. მაინც მეტკინა!
...კოტემ ფრთხილად შემახო თითებზე ხელი. შევკრთი, თუმცა ველოდი ამას. ყოველდღიურად ძლიერდებოდა ჩვენ შორის ის ნაპერწკალი, რომელიც ისე გაჩნდა, განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია. არც ძალისხმევა დამიხარჯავს. ვხვდებოდი, რამდენად სარისკო იყო ნაპერწკლის სიახლოვეს ყოფნა, მაგრამ მის ჩასაქრობად წვიმას მაინც არ ვნატრობდი.
– ძალიან ბევრს ფიქრობ, სულ ფიქრობ... ოთხი დღეა გიცნობ და ვხედავ, როგორ ღრმად ხარ ჩაძირული საკუთარ ფიქრებში. რას აღარ ვაკეთებ, მაგრამ ეს ფიქრები ჩემზე ძლიერია. ვერ ვერევი. არ შეიძლება ასე, დაიღლები. დასასვენებლად არ ჩამოხვედი?
– მე? სიმართლე რომ გითხრა, არც ვიცი, რისთვის ჩამოვედი.
– თუ გინდა, რამე მომიყვე, მე მზად ვარ. გამომიყენე. გპირდები, ზედმეტ შეკითხვებს არ დაგისვამ და ყველა სიტყვა ჩემთან დარჩება სამუდამოდ.
– აღსარება გინდა ჩაგაბარო? – გამეცინა, – არ გამოდგები მოძღვრად. მით უმეტეს, რომ სათქმელიც არაფერი მაქვს. უმნიშვნელო ქალური პრობლემებია, ჩვეულებრივი საზრუნავი, ცხოვრებისეული პროზა.
– შენი ნებაა. უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს, როგორი ხარ, როცა იღიმები.
– რა? – დავიბენი. ჩემთვის გავიფიქრე, ნუთუ ამ დღეების განმავლობაში ერთხელაც არ გამიღიმია-მეთქი.
– ჰო. მაინტერესებს შენი ღიმილის ნახვა. ვაფასებ სერიოზულ ქალებს, მაგრამ აქ, ასეთ შესანიშნავ გარემოში...
– რა გითხრა, ეტყობა, ჯერ ვერაფერმა გამამხიარულა.
– არავის უთქვამს შენთვის, რომ მშვენიერი ხარ? – კოტემ უკვე თამამად მოიმწყვდია ჩემი თითები თავის ხელისგულში და ალერსიანად მომიჭირა. მესიამოვნა მისი ხელისგან წამოსული სითბო და გავინაბე. წინააღმდეგობა არ გამიწევია.
– მე გათხოვილი ვარ... – წამომცდა მექანიკურად.
გაიცინა.
– ვიცი. მივხვდი.
– ჰო. ჩემი საქორწინო ბეჭდის კვალი.
– ეგ არაფერ შუაშია. მიუხედავად იმისა, რომ შევნიშნე. გათხოვილი ქალის გამოხედვა გაქვს.
– გათხოვილ ქალებს სხვანაირი გამოხედვა აქვთ?
– რა თქმა უნდა, არის მასში რაღაც დედურ-მზრუნველური, – კოტეს მხიარულად აუციმციმდა თვალები, – გათხოვილ ქალებში ვიღაცაზე ზრუნვის უზარმაზარი მოთხოვნილებაა აკუმულირებული და ეს თქვენს გამოხედვაში ჩანს.
– ყველა ქალს აქვს სურვილი, ვიღაცაზე იზრუნოს. მით უფრო, როცა დედა ხდება. მგონი, შვილებსაც მაგიტომ ვაჩენთ.
– ვერ გეკამათები. მაგრამ ვხედავ, რომ ეს შენში დიდი დოზით არის.
– იცი, რატომ გითხარი, გათხოვილი ვარ-მეთქი?
– რა თქმა უნდა. ისედაც ვიცი, რომ შენგან თავი შორს უნდა დავიჭირო, მაგრამ ძალიან რომ მომწონხარ?
... ხომ ვთქვი, თამაში ჩემი ხასიათის ძლიერი თვისება არასდროს ყოფილა-მეთქი. ჰოდა, ვერც ამჯერად შევძელი, ის დამემალა, რაც იმ წუთას ვიგრძენი.
– მეც მომწონხარ, მაგრამ...
– მაგრამ ორივე უნდა შევჩერდეთ ხომ? რატომ? ჩვენ რომ ორივეს გვინდა ეს?!
– „მინდასა“ და „შეიძლებას“ შორის განსხვავებაა. არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებულებად გედება ურთიერთობაში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზუსტად ვიცი, სად გადის ზღვარი.
– კეთილგონიერი ქალი განსაკუთრებით საშიშია.
კოტემ ტუჩის კუთხეებით გაიღიმა, შეეტყო, რომ ჩაფიქრდა.
– რამდენ ხანს რჩები აქ?
– კიდევ ერთი კვირა. რაზე ფიქრობ?
– ცოტაც არის და ბევრიც-მეთქი, გავიფიქრე. არ მინდა, წარმოვიდგინო, როგორ წახვალ და ვეღარასდროს გნახავ.
– ვერ დავიჯერებ, რომ ამ რამდენიმე დღეში ასეთი ძვირფასი გავხდი შენთვის.
– ადამიანებს დიდი დრო არ სჭირდებათ მონათესავე სულის საპოვნელად. მე ამისთვის რამდენიმე საათიც მყოფნის ხოლმე.
... ქალური გეგმები და მცდარი მოლოდინები – აი, რა გვღუპავს ჩვენ, რომანტიკოს ქალებს. მით უმეტეს, როცა შეჩვეული ხარ სიტუაციის მართვას და ყველაფრის გაკონტროლებას. ქვეცნობიერად, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ისე, რომ არა მარტო საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები ავიღე ხელში. უამრავი რამ ვიტვირთე ჩემს „სუსტ“ მხრებზე და ყველა საქმის ერთდროულად კეთება მოვინდომე. შეცდომა დავუშვი, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ამას მივხვდი, უკვე ძალიან გვიან იყო. იმიტომ არა, რომ სიტუაციის გამოსწორებას ვეღარ შევძლებდი. დამენანა და აღარ მომინდა ძალაუფლების დათმობა. რა ვუყავი საკუთარ ცხოვრებას? გასაკეთებელი საქმეების ვრცელ სიად ვაქციე. პერიოდულად გადავხაზავდი ხოლმე ზოგიერთ პუნქტს და ახალს ვამატებდი. როგორ უნდა მქონოდა პრეტენზია ქმრის მიმართ, როცა ამ სიაში საერთოდ ვერ მოიძებნა მისი ადგილი. ბევრ ცოლს უჭირს იმის აღიარება, რომ წამხდარ ურთიერთობაში თავად მიუძღვის ლომის წილი. რას უნდა ელოდე სასიკეთოს, როცა ქმარი შენი პრიორიტეტი არ არის. დიახ, სწორედ მეუღლის სიყვარულზე უნდა ჩაიციკლო, თუ მართლა გინდა, მის გვერდით დიდხანს და ბედნიერად იცხოვრო...
– წავიდეთ, გავცუროთ. საღამოს კი სადმე ყალიონი მოვწიოთ და აღმოსავლურ კულტურას ვეზიაროთ.
– მუცლით ცეკვა მინდა ვნახო. როგორ ფიქრობ, შევძლებ, ეს სურვილი ავიხდინო?
– მე მომანდე ეგ საქმე. მუცლით ცეკვასაც ნახავ და დერვიშების თავბრუდამხვევ ტრიალსაც. ეს ისეთი სანახაობაა... გიჩნდება შეგრძნება, რომ ცა და დედამიწა გაერთიანდა. საოცარი სიმსუბუქე გეუფლება და ცაში აჭრას ლამობ.
– მინდა ეგ ყველაფერი! – გაცივებული ყავა დავლიე და მკვირცხლად წამოვხტი. სახე გამებადრა. ეს თავისით  მოხდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. კოტემ ხელი ხელს შემოჰკრა.
– აი, გაიღიმე კიდეც და ეს ჩემთვის დერვიშების ცეკვისგან მიღებულ ემოციაზე მეტია. ისევ არ მოიღუშო, ძალიან გთხოვ.
მოვყვე, როგორი ჯადოსნური ღამე მომიწყო კაცმა, რომელსაც ყველა მორალური კანონის მიხედვით, არც კი უნდა გამოვლაპარაკებოდი? ვიცი, რაშიც ჩამეთვლება ეს ყველაფერი და რას იფიქრებენ პატიოსნების თავსაბურავში გამოხვეული დიასახლისები. მეც ხომ ერთ დროს მათი „კლუბის“ წევრი ვიყავი. როგორ მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შემთხვევა ბევრ რამეს წყვეტს და შეიძლება, ვერსად გაექცე ღალატს, რომელიც წინასწარ არ დაგიგეგმავს. ვისაც საპირისპირო  აზრი აქვს, მათი ნებაა. სრულიად თავისუფალი ვარ და ჩემს სიტყვებზე პასუხსაც ვაგებ. მინდოდა, რაც ჩემს თავს ხდებოდა...
სასტუმროში გამთენიისას დავბრუნდით. უამრავი სუვენირი მიყიდა. როდის ასწრებდა იმ ნივთში ფულის გადახდას, რომელზეც წამით ვაჩერებდი აღფრთოვანებულ მზერას, არ ვიცი. სამაგიეროდ, როგორი ბედნიერი იყო, როცა ბავშვური აღტაცებით ვხსნიდი შეფუთულ საჩუქრებს. ლაჟვარდისფერ, ჰაეროვან მოსასხამზე ისეთი რეაქცია მქონდა, კოტემ თავი ვერ შეიკავა და სიცილი აუტყდა.
– წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, შენთვის ძვირფასი ქურქი ან სამკაული რომ მეჩუქებინა.
– არაფერი. არცერთზე არ ვგიჟდები. შენ როგორღაც მიხვდი და ისეთი საჩუქრები შეარჩიე, ყველაზე მეტად რომ მახარებს. დიდი მადლობა ამისთვის.
– გინდა, კიდევ გაგახარო?
დავიძაბე. კაცის ხმას ერთბაშად შეეცვალა ტემბრი და მზერაშიც ვიგრძენი რაღაც უთქმელი სურვილი.
– კოტე... – დავიწყე ყოყმანით.
ხელი ფრთხილად ამაფარა ტუჩებზე.
– არასდროს თქვა უარი იმაზე, რაც ჯერ არ შემოუთავაზებიათ. მხოლოდ მზის ამოსვლა ვნახოთ ერთად და ფეხშიშველებმა სანაპიროზე გავისეირნოთ.
განიარაღებულმა და საკუთარი უკეთური აზრებით ცოტათი შერცხვენილმა, თავი დავუქნიე.
დიახ. ზოგჯერ ილუზიებს ვყვებით. დიახ, ასეთი მამაკაცები ბუნებაში, პრაქტიკულად, არ არსებობენ და თუ არსებობენ, ისიც ფილმებში. მაგრამ რატომ არ შეიძლება, რამდენიმედღიანი ბედნიერების უფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის. ვინ არ იმსახურებს სულ ცოტა ბედნიერებას, თუ ის სხვისი უბედურების ხარჯზე არ ხდება.
... მიშასთვის, ალბათ, სულერთი იყო, ფეშენებელურ კურორტზე გამიშვებდა თუ უღრან ტყეში, ფიცრებით აშენებულ ქოხში. მაგრამ ფეხქვეშ მიწა ეწვოდა და რისკზე როგორ წავიდოდა. ამიტომაც გაიკრა ჯიბეზე ხელი. კომფორტისადმი ჩემი დამოკიდებულება იცოდა. თან, მზრუნველი ქმრის როლშიც უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა მასში მომხდარი საგანგაშო ცვლილებები. საგანგაშო ჩვენი ურთიერთობისთვის, თორემ თავად რა უჭირდა – ბოლო დროს  განსაკუთრებულად დაიწყო საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. სტილიც კი შეიცვალა, უფრო ახალგაზრდულ ბრენდებზე გადავიდა. ჩემი რცხვენოდა, თორემ თმასაც შეიღებავდა და ბოტოქსსაც გაიკეთებდა. ჰა, ჰა, როგორი სასაცილოა ამჩატებული მამაკაცი. ამჩატებული ქალის დახასიათებისგან თავს შევიკავებ, ჯერ კიდევ არ მქონდა მიშვებული სადავეები ბოლომდე.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3