კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ მოუწია ცოლის მოსაყვანად ავანტიურაზე წასვლა ჯანსუღ კახიძეს და რატომ არ უნდოდა ის სიძედ მომავალი ცოლის ოჯახს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია


ჯანსუღ კახიძე – სახელგანთქმული დირიჟორი, დიდი მაესტრო, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, კომპოზიტორი, ადამიანი, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა და ქართული ოპერა პირველმა გაიტანა უცხოეთში. საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ, როცა ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმი მკვიდრდებოდა, ქართულ ფოლკლორს გადაგვარების საფრთხე დაემუქრა. „50-იან წლებში ქართული ხალხური სიმღერის დიდი შიმშილი დაიწყო გნებავთ სუფრასთან, გნებავთ ყოფაში. ხალხი უკვე აღარ მღეროდა ხალხურ სიმღერებს. თუ უცხოური სიმღერები არ იცოდი, არაფერს წარმოადგენდი. აი, ამ ყველაზე მწვავე პერიოდში ჯანსუღ კახიძე, მაშინ ჯერ კიდევ უმწიფარი მუსიკოსი, კონსერვატორიის სტუდენტი, „შვიდკაცას“ აყალიბებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. მას მშობლებისგან გენეტიკურად ერგო ეს საოცარი ნიჭი”, – ამბობს ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი... სახელმწიფო ანსამბლებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ხალხური სიმღერები არ სრულდებოდა. თენგიზ კახიძე, ჯანსუღ კახიძის ძმა იხსენებს: „1956 წელს, ჯანოს ხელმძღვანელობით, შევიკრიბეთ უბნელები, სკოლელები და ჩვენი ბავშვობის მეგობრები, ვინც სკოლაში ვმღეროდით: თვითონ ჯანსუღი, ჯონდო მიქელაშვილი, თენგიზ კორინთელი, მე, ვანიკო მაჭავარიანი, გოგი გუგუშვილი. ჯანომ თქვა, „ხასანბეგურა“ აუცილებლად უნდა გაკეთდესო. დატრიალდნენ საქართველოში ხმის მაძებრები. მიშა შავიშვილი მოძებნეს და ოზურგეთიდან (ყოფილი მახარაძის რაიონი) ჩამოიყვანეს. დიდი მომღერალი და პროფესიონალი, მამია ხატელიშვილი ჩვენს ანსამბლში მოიწვიეს”. „შვიდკაცაში“ ორი პროფესიონალი მუსიკოსი იყო – ჯანსუღ კახიძე და მამია ხატელიშვილი, რომლებმაც ნოტი იცოდნენ. დანარჩენები სმენით მღეროდნენ. ჯანსუღი რეპეტიციებზე ყოველდღე ოთხ საათს, უღვინოდ და უწყლოდ გვამღერებდაო, იხსენებს თენგიზ კახიძე. ანსამბლი პირველად რუსთაველის თეატრში გამოვიდა. „შვიდკაცას“ ჩოხები მხატვარმა ფარნა ლაპიაშვილმა შექმნა. ანსამბლის თითოეულ წევრს საგვარეულო ხანჯლები ეკეთა. ფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე, ცნობილი მუსიკოსი ფილიპ ჟერარი გახლდათ. ჟიურიში ტიტოსკიპა, ცნობილი იტალიელი ტენორიც შედიოდა. „შვიდკაცამ“ ჟიურის აღტაცება გამოიწვია. მათ ყოველგვარი ეთიკა დაარღვიეს, კულისებში ავიდნენ და მათი თხოვნით „შვიდკაცამ“ რამდენჯერმე გაიმეორა სიმღერები. ჯანსუღ კახიძე ანსამბლის არა მარტო ხელმძღვანელი იყო, არამედ თვითონაც მღეროდა. ანსამბლმა ფესტივალზე ოქროს მედლები მიიღო და მერე
დაიწყო „შვიდკაცას“ ტრიუმფალური სვლა უცხოეთში. პირველად პოლონეთში გავიდნენ, შემდეგ ბელგიაში... ანზორ ერქომაიშვილი: „ქართული ხალხური სიმღერა უცხოეთში პირველმა ჯანსუღ კახიძემ გაიტანა. „შვიდკაცამ“ გზა გაუკაფა ქართულ სიმღერას, რომელიც მერე ნიაღვარივით მოსკდა და მოედო მთელ მსოფლიოს. შეუძლებელია, არ ითქვას ისიც, რომ ჯანსუღ კახიძემ გაუკვალა გზა არა მარტო სიმღერას, თვითონ ანსამბლებსაც. ჩემგან დავიწყოთ: „რუსთავს“ მოვლილი აქვს სამოცზე მეტი ქვეყანა“... 1961 წელს, 21 წლის ასაკში, ჯანსუღ კახიძემ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო. კონსერვატორიაში სწავლისას, მან ვანდა კაკაბაძეზე იქორწინა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, რეჟისორი გურამ მელივა იხსენებს: „ჩვენ კურსელები ვიყავით. ვანდასა და ჯანოს ერთმანეთი უყვარდათ. ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ, მაგრამ ჩვენ ავანტიურულად დავასრულეთ ყველაფერი. მე „მანტიორის“ ტანსაცმელი გადავიცვი, მოვითუთხნე ხელები და ვანდას სახლში ელექტრომრიცხველის სანახავად მივედი. ჩემდა საუბედუროდ, მრიცხველი კართან აღმოჩნდა. მაშინ ვიეშმაკე და ქვითრები მომიტანეთ-მეთქი, ვთხოვე. ვიცოდი სად იყო ვანდას ნივთები და ჩუმად ავიღე. გარეთ მანქანა მელოდებოდა”. თენგიზ კახიძე: „მაშინ „მოსკვიჩი“ მყავდა, რომელიც კონსერვატორიის სათადარიგო შესასვლელთან დავაყენეთ. ვანდას კონცერტი ჰქონდა და რომ დაასრულა, ჯანომ მოჰკიდა ხელი, ჩავსვით მანქანაში და მოვიყვანეთ სახლში. გურამ მელივაც იქ იყო. ამ ამბავს ვანდას ოჯახიდან დიდი შეხლა-შემოხლები მოჰყვა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს შესანიშნავი ოჯახი აქვთ“.
...ქართული ოპერა საზღვარგარეთ პირველად ჯანსუღ კახიძემ გაიტანა. გურამ მელივა: „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 1970 წელს პოლონეთში, ლოძის დიდ თეატრში გასტროლები ჰქონდა. მაშინ ოპერის დირექტორი დიმიტრი მჭედლიძე გახლდათ. მე სარეჟისორო პულტთან ვიჯექი, სპექტაკლი მიმყავდა. ჯანო დირიჟორობდა. მჭედლიძე ანტრაქტში მირეკავს: „ბიჭუნი, ცუდათაა რაცხა საქმე, აგერ აქაური დირექტორი და საოლქო ხელმძღვანელობა კახიძის თავს მთხოვს და ეს იმას ნიშნავს, რომ შენც დაგკარგავ“. მე ვერასდროს დამკარგავთ, მაგრამ მოდი, კახიძე დავკარგოთ-მეთქი, ვუთხარი. ჯანსუღი კონტრაქტზე დათანხმდა იმ პირობით, თუ სხვა რეპერტუართან ერთად აუცილებლად დადგამდა ქართულ ოპერას. ცხადია, „აბესალომ და ეთერს“ ვგულისხმობდით. 1972 წელს პრემიერა შედგა. „აბესალომ და ეთერი“ პოლონურად ბრწყინვალედ თარგმანა იგორ სიკირიცკიმ. მაშინ ჯანოს პოლონეთში ოქროსხელებიანი დირიჟორი უწოდეს“.
1991 წელს, იტალიაში, ქალაქ ბუსეტოში, ერთ-ერთი კონცერტის დასასრულს, ჯანსუღ კახიძეს სადირიჟორო ჯოხი სთხოვეს, რათა ვერდის მუზეუმში
დაედოთ. მან უარი უთხრა – ევროპაში  გასტროლები უნდა გავაგრძელო და მჭირდებაო. ამასობაში, პულტიდან ჯოხი ააცალეს და დღეს ჯანსუღ კახიძის სადირიჟორო ჯოხი ვერდის მუზეუმში, ტოსკანინის სადირიჟორო ჯოხის გვერდით დევს.
ბიძინა კვერნაძე, კომპოზიტორი: „გარდა ზენიჭიერებისა, იშვიათი ადამიანი იყო. ყველაფერში ამოგიდგებოდა გვერდით. ამავე დროს, დაუნდობელი იყო უნიჭობის მიმართ და ამის შესახებ ხმამაღლა ამბობდა. მან მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორთა გვერდით დაიმკვიდრა სახელი. სულ ვეუბნებოდი: ბიჭო, თარგმნოს ვინმემ უცხოეთში გამოქვეყნებული რეცენზიები, ხალხმა ხომ უნდა გაიგოს-მეთქი და არაო, ყველამ ყველაფერი იცისო, მპასუხობდა. სწორია, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის უმეტესობა თვითდამკვიდრებაზეა გადასული... ამბობდა: კომპოზიტორი არა ვარო და ამ დროს შესანიშნავ ნაწარმოებებს ქმნიდა. „სულწასული“ დავარქვი. ბიჭო, რატომ ვარ „სულწასულიო“ და მე ვუთხარი: აბა, რა ხარ, სულ წასული ხარ-მეთქი. ბოლოს, უცხოეთიდან რომ ჩამოვიდა, დამირეკა და მითხრა: დღეს მნახე, რადგან მერე შეიძლება, ვერ მნახო, მივდივარო. ასეც მოხდა“... ვერდიმ ქალაქ ბუსეტოში პაწაწინა თეატრი ააშენა და თავისი ოპერების იქ დადგმა აკრძალა, მაგრამ ხანი გავიდა და დიდმა მაესტრომ, დეფერელიმ დადგა „ტრავიატა“ და მერე ვერდის ოპერების ციკლი დაიწყო. ცოტა ხნის წინ, გარდაცვალებამდე, ჯანსუღ კახიძე ბუსეტოში სპეციალურად ჩავიდა და დეფერელის წარმატება მიულოცა. ორკესტრს სახელგანთქმული მუსიკოსი, პლაჩიდო დომინგო დირიჟორობდა. ამ საღამოს შესახებ ჯანსუღ კახიძემ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში უამბო გურამ მელივასა და თენგიზ კახიძეს. დეფერელიმ კახიძისაგან უამრავი კომპლიმენტი მიიღო. დომინგოს კი უთხრა, რომ ცხელი გული ჰქონდა და კარგად ესმოდა მომღერლების, მაგრამ პლაჩიდო, როგორც დირიჟორი, არ შეუქია. მაშინ დომინგო კახიძეს არ იცნობდა. მეორე დღეს ჯანსუღ კახიძეს ბუსეტოდან 60 კილომეტრის მოშორებით, სხვა ქალაქში კონცერტი ჰქონდა და მასზე დასასწრებად დომინგო სპეციალურად ჩავიდა. კონცერტმა ტრიუმფით ჩაიარა. კონცერტის შემდეგ უცებ კარი გაიღო და დიდი მაესტროს ოთახში დომინგო შევიდა (წყარო: opentext.org.ge). მან რამდენიმე პროფესიული კითხვა დაუსვა და სთხოვა, გაკვეთილები მომეცითო. ჯანსუღ კახიძეს უპასუხია: „გაკვეთილებს მოგცემთ, ოღონდ პირობა მომეცით, რომ თბილისში ჩამოხვალთ. გამღერებთ, რასაც გინდათ, გადირიჟორებთ, რასაც გინდათ, სამოთხეში გაცხოვრებთ და სამოთხის სიმღერებს მოგასმენინებთ (ფოლკლორი ჰქონდა მხედველობაში)“. ბოლოს შეთანხმდნენ, მაგრამ ყველაფერი დიდ მაესტროსთან ერთად წავიდა მარადისობაში.
скачать dle 11.3