კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ გამოიწვია საქართველოს მიერ ჩეჩნეთის მხარდაჭერამ სამოქალაქო და ეთნიკური ომები და რატომ იქცევა ჩეჩნეთი რუსეთის დაშლის მთავარ ადგილად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ამა წლის 18 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობკომპანია ჩეჩნეთის საკუთრებაში გადადის. ამ თხოვნით რამზან კადიროვმა რფ-ის პრეზიდენტს ორიოდ წლის წინათ მიმართა, თუმცა საკითხი ადგილიდან არ დაძრულა, იმის მიუხედავად, რომ პუტინი თხოვნას სიტყვიერად მაშინვე დაეთანხმა. ცნობილია, რომ ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკები კრემლის დოტაციაზეა და რომ არა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ეს დოტაცია, თავს ვერ ირჩენდნენ (გამონაკლისი ჩეჩნეთია, იმიტომ რომ აქვს საკუთარი რესურსი, ნავთობის სახით, რომელსაც ამ დრომდე მოსკოვი განკარგავდა და ფლობდა). ეს მდგომარეობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია, რადგან ჩრდილო კავკასიელებს დამოუკიდელად არსებობის შანსს უსპობს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გამონაკლისი ჩეჩნეთია და ახლა უკვე მეორე მხრივაც – ამიერიდან ჩეჩნეთის ნავთობის პატრონი და განმკარგავი ჩეჩნეთივე იქნება (ისევე, როგორ თათარსტანი და ბაშკორტოსტანი). თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ჩეჩნეთ-რუსეთის ორი ომის ერთ-ერთი მოტივიც სწორედ ჩეჩნური ნავთობი იყო (რომლის საქართველოს გავლით გატანაზეც იყო საუბრები თავის დროზე). რა დამსახურებისთვის უწყალობა პუტინმა კადიროვს ასეთი მეფური საჩუქარი: გამორიცხულია, რუსეთის პრეზიდენტს არ ესმოდეს, რომ ჩეჩნეთის მატერიალურად, საკუთარივე რესურსით, გაძლიერება, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად მიიყვანს რესპუბლიკას დამოუკიდებლობისკენ?! ამ თემაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ.
– რა გაუკეთა ასეთი კადიროვმა პუტინს ან აწი რა უნდა გაუკეთოს, რომ მან რუსეთისთვის ამდენად სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო?
– პირველი მოტივი ის არის, რომ პუტინს უჭირს და მას ერთგული ვასალები სჭირდება. კადიროვი კი ამას ამტკიცებს, რაც აფეთებული მამამისი ნახა და ჩვენ გვახსოვს კადრი: ატირებული პატარა ბიჭი რამზანი პუტინთან. პუტინისთვის ეს სცენა ძალიან ხელსაყრელი იყო, რომ თვითონ მამა მარჩენალია, მამამოკლული ბიჭი მივიდა და მან შეიფარა. კადიროვი, მიუხედავად იმისა, რომ, ყველაზე ცუდი გაგებით, პროვინციალის შთაბეჭდილებას ტოვებს…
– არ ამომდის ის კადრი თვალებიდან, კრემლში რომ შეხვდა პუტინს სპორტულ შარვალში გამოწყობილი.
– ეს ლამის მათ ნაციონალურ ტანსაცმლად იქცა: ჩოხის ნაცვლად რეიტუზებით სიარული, ვითომ სპორტული და მებრძოლი სტილია. ეს მათი საქმეა და კომიკურიცაა, მაგრამ კადიროვმა ამ წლების განმავლობაში პუტინს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთა. ჯერ ერთი, მოაშორა რამდენიმე კრიტიკოსი – ეს კვალი მაინც მისკენ მიდის. პუტინი და კადიროვი, უფრო პუტინი, ითმენენ კრიტიკას ზოგად საკითხებზე, მაგრამ აღარ ითმენენ, როდესაც საქმე ჩეჩნეთს ეხება და უახლოვდებიან ჩეჩნეთის პრობლემის საწყისებს: დაწყებული ბოროვოკიდან, პოლტკოვსაკია, ლიტვინენკო, ბერეზოვსკი თუ ბოლოს ნემცოვი. ნემცოვი ძალიან აქტიურად ეძიებდა ამ საკითხს, რაღაცას უახლოვდებოდნენ ისინი და ეს მიახლოება მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. მაგალითად, ნავალნის 15-30 დღე-ღამით იჭერენ, მაგრამ მისი ეშინიათ, საარჩევნო თვალსაზრისით და უთმენენ. ცდილობენ, აქციონ მოხულიგნო პერსონაჟად. მეორე მხრივ, პუტინი უთმობს არჩევნებს კომუნისტებსა და ჟირინოვსკის. კომუნისტებმა ბოლოს გუბერნატორობაც კი მოიგეს: ხაბაროვსკის მხარე – სადაც პუტინს დიდი გეგმები აქვს და ვლადიმირის ძირძველი რუსული ოლქი. ამას პუტინი იტანს. კადიროვი კი ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტში ჰყავს. ჯერ ერთი, ჩეჩნეთის ომების გამო და მეორეც, კადიროვს კბილებით უჭირავს ყველაზე ფეთქებადი რეგიონი, რომელიც გაჩერებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდნენ, განადგურებამდე მივიდოდნენ. ამაზე კი უკან არც პუტინი დაიხევდა და არც რუსეთი და ჩეჩნებმა თავი გადაირჩინეს. მამა კადიროვი რაღაც პროცენტით მართალიც იყო, იმიტომ რომ ომი მიდიოდა ჩეჩენი ეთნოსის განადგურებისკენ და ძალიან დიდი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე იდგნენ. მამაკაცი მოსახლეობა, თავდადებული და პატრიოტი იღუპებოდა.
– საერთოდ, ამ ტიპის ომებში თავდადებული და პატრიოტი მამაკაცები იღუპებიან, როგორც წესი, ლაჩრები ცოცხლები რჩებიან.
– პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, თუ კიდევ ვიომებთ, გავწყდებითო, იმიტომ რომ პირველ მსოფლიო ომში საუკეთესო ნაწილი დაეცა, თუ რამდენიმე თაობა არ შევისვენეთ, დარჩენილები გამოიქცევიან ბრძოლის ველიდანო, რაც გააკეთეს კიდეც ფრანგებმა 1940 წელს.
– ცოდვა გამხელილი ჯობს და გამიხარდა, როდესაც ფრანგების ქცევას გავეცანი გერმანელების წინააღმდეგ, ჩვენზე უარესებიც არსებულან, თურმე.
– თან, გაიხსენეთ, რა იყო საფრანგეთი 1940 წელს – ამხელა ტრადიციის მქონე ქვეყანა და არავინ ელოდა იმ კატასტროფას. ჩვენ ასეთი კატასტროფა არასდროს მოგვსვლია. თუნდაც, ჩეხებსა და სლოვაკებს ერთხელაც არ გაუსვრიათ, ისე შეუშვეს გერმანელები. უკრაინამაც ასევე დათმო ყირიმი. ასე რომ, არავინ იცის, რა უფრო ინარჩუნებს ნაციონალურ სულისკვეთებას.
არც კადიროვი მალავს, რომ დროს იგებენ, დემოგრაფიული ბუმი აქვთ, მშენებლობის ბუმი, მაგრამ იყვნენ დოტაციაზე, მაშინ, როდესაც, თქვენ მართალი თქვით, შეიძლებოდა, არც ყოფილიყვნენ. ვითომ ეს დოტაცია იყო მათი დაჭერის საშუალება. როგორც ჩანს, ჩეჩნებს ეს აღარ აკმაყოფილებთ. ეს ბიჭი, კადიროვი, კაი ეშმაკი აღმოჩნდა: ან თანდათან გაიწაფა, ან მამამ დაუბარა და მომენტი დაიჭირა. პუტინს ძალიან უჭირს: ყირიმისა და ყველაფრის მიუხედავად, მისი რეიტინგი ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. ვითომ იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ ქვეყანას ამ სანქციების გამო მნიშვნელოვანი გასაჭირი აქვს. სირიაშიც უაზროდ ჩაეფლნენ. ამერიკამ კიდევ ერთხელ რომ ესროლოს, აღმოჩნდება, რომ ვერ პასუხობენ და მთელი ეს ბაქიბუქი გაიფანტება. აი, ამ მომენტს ელოდება ტრამპი. ხალხს ტყუილად ჰგონია, რომ პუტინმა ტრამპს მოუგო. ტრამპი, უბრალოდ, დაიბნა და ეს ამერიკის ყველა პრეზიდენტს დამართნია. გახსოვთ, ობამამაც გადატვირთვის პოლიტიკით დაიწყო.
– მახსოვს, როგორ სიამტკბილობდა მედვედევთან და რა ცუდად, ანუ სანქციებით დამთავრდა ის პოლიტსიყვარულობანა.
– ბუშიც ამბობდა, თვალებში ჩავხედე პუტინს და რაღაც კარგი დავინახეო. მოკლედ, ყველა დაიბნა, გარდა რეიგანისა, რომელიც უაღრესად აწვებოდა საბჭოეთს და ასევე, პატიოსნად ინარჩუნებდა საბჭოეთისთვის მიცემულ სიტყვას.
ისევ კადიროვს რომ დავუბრუნდეთ: მე მგონია, რომ დაუჭირეს მომენტი პუტინს, ერთგულება კი არაერთგზის დამტკიცებულია. ხომ გახსოვთ, როდესაც ნემცოვი მოკლეს, ორმა ჩეჩენმა აიღო თავის თავზე. კადიროვი იმ ოჯახში მივიდა და უთხრა, რა ვაჟკაცები გაზარდეთო, იმიტომ კი არა, რომ ნემცოვი მოკლეს, იმიტომ რომ თავიანთ თავზე აიღეს მისი მკვლელობა. პუტინი არც მალავდა მადლიერებას კადიროვის მიმართ, ეს ამბავი რომ დაიბრალა მსოფლიოს თვალში. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაადასტურა, საიდან მოდიოდა ნემცოვის მკვლელობა. ამიტომ სწორად შეადარეთ: თათრეთსა და ბაშკორტოსტანს აქვთ თავიანთი ნავთობკომპანიები, თანაც, საკმაოდ მსხვილი და ამან გამოიწვია, რომ რუსები ადგილობრივი ენების სწავლებას ამცირებენ. ჩრდილოეთ ოსეთში კი ამას თვითონვე აკეთებენ, 20 პროცენტითაა შემცირებული საკუთარ ენაზე სწავლების პროგრამები და აფხაზები და ოსებიც ჩვენ თვალწინ გაქრებიან. ამდენად, ჩეჩნური დიპლომატიისა თუ გამჭრიახობის შედეგია, რაც მოხდა.
– მაგრამ ეს ხომ ნაღმია რუსეთისთვის? პუტინი სულ ხომ არ იქნება და კადიროვი მასზე საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა მაინც არავინ იცის, ვინ ვის გაასწრებს იმქვეყნად.
– მათი პრობლემა სწორედ ის არის, რომ რუსეთის ლიდერები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავენ. გორბაჩოვმა, მაგალითად, იმის სურვილით, როგორმე შეენარჩუნებინა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ, თუ საბჭოთა კავშირი არ იქნებოდა, არც ხელმძღვანელი ეყოლებოდა, თავისსავე რუსეთს დაუდო ნაღმი, სხვა საქმეა, რომ ჩვენც, როდესაც გამოაცხადა სახაროვის იდიოტური  იდეა, რომ საბჭოეთი უნდა გადაქცეულიყო ორასი ერთეულის კავშირად, ანუ ყველა ნაციონალობა უნდა გათანაბრებულიყო, ეს რუსეთს ნაკუწებად შლიდა. ჩვენთან კიდევ ორგანულია ეს ამბავი: ვერც აფხაზეთი და ვერც ცხინვალის რეგიონი სულს ვერ ითქვამს. რუსეთს რომც შეუერთდნენ, ცხინვალი ჩიხია. ფულს ყრიან, ყრიან და ქრება, როგორც ცხელ ქვიშაში წყალი. სოხუმიც და ცხინვალიც მწიფე ვაშლებივით ჩამოცვივდება, მაგრამ ხე მაინც უნდა დავარხიოთ და ხელი შევუშვიროთ, ჩვენ კი ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომ პირსაც არ აღებს იმ ვაშლის ჩასაყლაპავად, თავში სანამ არ დაეცემა და არც ნიუტონები არიან, რომ რამე კანონი გამოიგონონ.
პუტინიც ამ გზაზეა დამდგარი: ოღონდ თავისი ძალაუფლება, საკუთარი და გარემოცვის მილიარდები და ის არანორმალური კორუფცია შეინარჩუნოს, რაც რუსეთში ტრიალებს, ყველაფერზე მიდის. საქართველო იმდენად ორგანული და ისტორიულად შედუღაბებული ერთობაა, რომ, როგორც ქვეყანას, ვერაფერი ერევა, თუმცა სახელმწიფოებრიობას უშლიან. შვიდ სამეფო-სამთავროდ რომ იყო დანაწევრებული, მაინც ერთი ქვეყანა იყო და ისიც დავძლიეთ. განსხვავებით ჩვენგან, რუსეთი არ არის ასეთი ორგანული ერთობა. ჩვენ ახლაც და მაშინაც, ზვიადის დროს, აშკარად და ნაადრევად ვთამაშობდით ამ სამ წერტილზე – თათარსტანზე, ბაშკორტოსტანსა და ჩეჩნეთზე. ელცინი გვეუბნებოდა, აშკარად მაინც ნუ უჭერთ მხარს ჩეჩნეთსო და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოხდა ჩვენთან გადატრიალება.
– ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ღირდა ჩეჩნეთის მხარდაჭერად, რაც მერე დაგვმართა რუსეთმა?
– ზვიადი რომანტიკოსი იყო და რომანტიკული რომ არ ყოფილიყო, ამ საქმესაც ვერ იზამდა. ერთი სიტყვით, რუსეთმა ამჟამად უკვე ლეგიტიმურად მისცა ჩეჩნეთს, თათარსტანსა თუ ბაშკორტოსტანს თავიანთი ნავთობკომპანიები. არადა, თათრები და ბაშკირები ენობრივად გურულ-იმერლებივით განსხვავდებიან და თუ გაერთიანდა, 12-მილიონიანი ქვეყანა იქნება და ის იქნება ცხელი წერტილი. მატრიოშკის პრინციპს უწოდებდნენ: ერთი მატრიოშკა იყო სოცქვეყნები, მეორე – მოკავშირე რესპუბლიკები და მესამე – ავტონომიები. ვიცით ხომ, რა არის მარტიოშკა?
– როგორ არა, ვიცით.
– მაინც შევახსენოთ მკითხველს: ერთი თოჯინა მეორეშია, მეორე – მესამეში და ასე შემდეგ. ჩვენც გვეუბნებოდნენ, ჯერ სოცქვეყნების ერთი მატრიოშკა გაიხსნას და მერე თქვენი მატრიოშკაც ამოვარდებაო. ბოლო მატრიოშკა რუსეთის ავტონომიებია. ეს მატრიოშკებიც ამოვარდება და სეირი იქნება. ამიტომაც ჩეჩნეთისთვის ნავთობკომპანიის გადაცემა იმის მაჩვენებელია, რომ პუტინს უჭირს, კადიროვის მხრიდან კი ნიჭიერი დამოკიდებულების მანიშნებელია, რომ მომენტით ისარგებლა.
скачать dle 11.3