კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ არწმუნებდნენ გაგრელებს გაგრის დაცემის წინ, რომ ქალაქი საიმედოდ იყო დაცული და ვინ უთხრა უარი დაქირავებულ კაზაკებს გაგრის შენარჩუნებაში დახმარებაზე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


„1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრიდან რომ გამოგვრეკეს, პირველი საათი იქნებოდა. გაგრის განაპირას ვიყავით. ზუსტად მახსოვს – მარინაშვილი პარაპეტზე იჯდა, თავი ჩაექინდრა, წვიმდა... მიშა, რა გვეშველება-მეთქი? ომი უკვე წაგებულიაო, რუსულად მიპასუხა. მე ჯერ კიდევ ეიფორიაში ვიყავი და ის-ის იყო ქალაქში შებრუნებას ვაპირებდი, რომ გამაფრთხილეს, ჯონი, არ წახვიდე, იქ აფხაზები არიან, ცოცხალს არ გაგიშვებენო... აფხაზეთი 1993 წლის 27 სექტემბერს კი არა, 1992 წლის 2 ოქტომბერს დავკარგეთ... წავაგებდით ომს, აბა, რა იქნებოდა, გაგრაში წმინდა წყლის ღალატი იყო,“ – ეს სიტყვები გაგრის იმჟამინდელ გამგებელს, ჯონი ლატარიას ეკუთვნის, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის. ის რამდენიმე წლის წინათ თბილისში, დევნილობაში გარდაიცვალა და თან წაიღო მოგონებები 1992 წლის ოქტომბრამდე გაგრაში დატრიალებული მოვლენების შესახებ, რომლებიც არათუ არავის გამოუძიებია, დაშვებული შეცდომების გაანალიზებისთვისაც კი არ შეუწუხებია თავი, რომ მსგავსი ტრაგედიები მომავალში მაინც აგვეცილებინა თავიდან.
საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გაგრის დაცვის უფროსად პოლკოვნიკი მიხეილ მარინაშვილი დაინიშნა, თუმცა მას, ფაქტობრივად, არავინ ემორჩილებოდა, არადა, გაგრაში ბლომად სამხედრო
შენაერთი იყო: მოხალისეები, „ავაზა“, „თეთრი არწივი“, „მხედრიონი“, „იმედი“, ოღონდ ყველას თავისი ომი ჰქონდა და ცალ-ცალკე იბრძოდნენ.
ჯონი ლატარია იხსენებდა: „ვითომ 1 500 მებრძოლი იყო ჩამოსული გაგრაში, ამდენი ადამიანის ულუფას ვამზადებდი ყოველდღიურად, თუმცა 2 ოქტომბერს აღმოჩნდა, რომ ამდენი ადამიანი იქ არ ყოფილა.“
1992 წლის 27 სექტემბერს გაგრის მოსახლეობამ ინფორმაცია მოითხოვა. შტაბში მოსახლეობა დაამშვიდეს, რომ გაგრა ისე იყო დაცული, ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა, რეალურად კი, როგორც თვითმხილველები ყვებიან, 2 ოქტომბერს მოწინააღმდეგის ერთი კინკილა ტანკი გრიალით შემოვიდა ქალაქში.
ჯონი ლატარია იხსენებს, რომ სექტემბერში მასთან ნაცნობმა შუამავალმა უცნობი კაზაკი მიიყვანა, შეხვედრას გივი კვანტალიანიც ესწრებოდა. კაზაკმა ქართველებს გარიგება შესთავაზა: „500 კაცი მყავს, ჩაგიყვანთ ბზიფამდე, ოღონდ თითო ჩემს მებრძოლს 10 000 მანეთი მიეცით.“
გივი კვანტალიანმა შემოთავაზებაზე უარი თქვა, მოტივით, რომ ორ დღეში საკუთარი ძალებით გუდაუთის აღებას აპირებდა და ბზიფამდე ჩასვლაში ამდენ ფულს არ გადაიხდიდა. ჯონი ლატარია
ირწმუნებოდა, რომ იმხანად გაგრის ბანკში 2,8 მილიონი მანეთი იდო, რომელიც, ცხადია, გაგრის დაკარგვისთანავე დაიკარგა (ან იქნებ – მანამდეც?!).
გაგრის გამგებელმა 25 სექტემბერს მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა, მაგრამ არავინ დაუჯერა, პირიქით, ლამის პანიკის დათესვაში დასდეს ბრალი.
ჯონი ლატარია: „სექტემბრის ბოლოს აბსოლუტური ქაოსი იყო ქალაქში. 30-ში შემოგვიტიეს, იმდენად ძლიერად, რომ მარინაშვილის ბიჭებმა ვეღარ გაუძლეს – სულ 300-400 კაცი ჰყავდა. უკან დაიხიეს და გაგრის რკინიგზის სადგურთან გამაგრდნენ. მართლაც რომ ჰყოლოდათ ის 1 500 კაცი, რომლებისთვისაც საკვებს ვამზადებდი, ხომ გავუძლებდით?! ისინი თურმე ჩინებისთვის სჭირდებოდათ. ალბათ, მათთვის ხელფასებიც ჩამოჰქონდათ. პირველამდე გაუძლო მარინაშვილმა. ყოველ საღამოს ვურეკავდი შევარდნაძეს, ვთხოვდით დახმარებას: მოითმინეთ ორი დღე და ყველაფერი რიგზე იქნებაო. არადა 25 სექტემბრიდან მოყოლებული ვამბობდი, სატელევიზიო გამოსვლებშიც, რომ აიღებდნენ აფხაზები გაგრას. კავსაძესა და ლომინაძესაც ვეუბნებოდი, როდესაც ჩამოდიოდნენ. ისინი კი მაწყნარებდნენ, არძინბას ველაპარაკეთ, 2-3- დღეში ცეცხლი შეწყდებაო…
მოწინააღმდეგემ საბოლოო შეტევა 2 ოქტომბერს დილით დაიწყო. სულ გრიალით შემოვიდა ის ერთადერთი ტანკი „T- 72“, რომელზეც ეწერა: „აფსნი“. აი, იმ ერთადერთმა ტანკმა აიღო, ფაქტობრივად, გაგრა. მას შემოჰყვნენ ჩეჩნები, რუსები, აფხაზები… 2 ოქტომბრის დღის 11 საათზე გაგრიდან გამოგვრეკეს. გადმოვინაცვლეთ ლესელიძეში. ორი დღის განმავლობაში გვეკავა განთიადი-ლესელიძე. დღის, დაახლოებით, 12 საათზე ყარყარაშვილი ჩამოვიდა. ყარყარაშვილმა რუკას დახედა, ალბათ, იცოდა, რა ხდებოდა გარშემო და თქვა: ყველაფერი წაგებულიაო.
დაზვერვაზე თავისი ძმა გოჩა გაუშვა: ეუბნებოდნენ, ხომ იცი, რომ გარშემო მთებში მოწინააღმდეგეაო. რომ არ გავუშვა, იტყვიან, ძმა გადამალაო. ორ საათში
მივიღეთ ინფორმაცია, რომ გოჩა ყარყარაშვილი მოკლეს. ამის შემდეგ გია ყარყარაშვილმა პოზიციების დატოვების ბრძანება გასცა. 4 ოქტომბერს მოსახლეობამ ევაკუაცია მოითხოვა. იმავე დღეს ჩამოვიდა ლესელიძეში შევარდნაძე და ხალხი დააწყნარა: ხუთი გემი გამოგზავნა ფოთის პორტის უფროსმა, აი, იმ ხუთი გემით ვინც გავიყვანეთ, ის იყო და ის… ლესელიძეში დარჩენილები 5-ში და 6-ში ქუჩებში ხეებზე ჩამოახრჩვეს.“
გაგრის დაკარგვას არაპირდაპირ მიხეილ მარინაშვილს აბრალებდნენ., იმიტომ რომ განტევების ვაცისთვის იდეალური კანდიდატურა იყო. ფაქტია, მან იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ამბობდა. ის მალევე დაიღუპა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, ოფიციალური ვერსიით – გულის უკმარისობით. მიხეილ მარინაშვილის დედა, ნათელა შერვაშიძე, ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და არა მხოლოდ ის: ვინც მიხეილ მარინაშვილს იცნობდა, მიიჩნევს, რომ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა: იმის გამო, რომ ბევრი რამ იცოდა.
და კიდევ ერთი თითქოს უმნიშვნელო დეტალი: გაგრის საავადმყოფოდან პაციენტებიც გაიყვანეს. ორი მათგანი უგონოდ იყო. ერთ-ერთის ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ მიერთებული. ექიმებმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს – გადარჩენის მყიფე იმედით.
არავინ იცის დაზუსტებით, რა ბედი ეწია მას, ისევე, როგორც რატომ დაიღუპა პოლკოვნიკი მარინაშვილი და რატომ დაიკარგა გაგრა.
скачать dle 11.3