კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ უჭირთ ნორმაზე მაღალი ინტელექტის ბავშვებს სწავლა და რატომ არ შეიძლება, ბავშვს „ზარმაცი“ ვუწოდოთ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

უფროსებისგან ხშირად გვსმენია, რომ ზოგიერთი ბავშვი ზარმაცია, არ უყვარს სწავლა, უყურადღებოა, გაკვეთილზე ერთ ადგილას ვერ ჩერდება და საბოლოოდ მიდიან დასკვნამდე, რომ  ამ ბავშვებს არ სურთ სწავლა, მაგრამ ამგვარი ქცევა შეიძლება, სულაც არ იყოს სიზარმაცით გამოწვეული, ამ ყველაფერს სხვა მიზეზი  აქვს და ეს შეიძლება, სწავლის უნარის სპეციფიკური დაქვეითება იყოს. ეს არის ნევროლოგიური შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს აღქმაზე, მეხსიერებაზე და სხვა კოგნიტურ უნარებზე. ეს არ არის გონებრივი ჩამორჩენა ან სიზარმაცე  და სამწუხაროდ, არ არსებობს წამალი, რომელიც ამ სიტუაციაში დაგვეხმარება, თუმცა, ამ მოვლენის შემსუბუქება შესაძლებელია.
ანა ქურდაძე-კუხაშვილი (ფსიქოლოგი): ბავშვის განვითარება რთული, ხანგრძლივი პროცესია, რომელზეც გენეტიკური და გარემო პირობების მთელი სპექტრი მოქმედებს. ბავშვის განვითარება ეტაპებად მიმდინარეობს, ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლა კი წინა ეტაპის გადალახვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ეტაპების ცოდნა, რათა გვქონდეს ინფორმაცია და სწორად განვსაზღვროთ, რა ასაკს რა უნარის განვითარება ახასიათებს. უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების ინდივიდუალური ტემპიც, ზოგი ბავშვი 1 წლის ასაკში წინადადებებს ამბობს, ზოგი კი ამ ასაკში მხოლოდ რამდენიმე ბგერიან მანიშნებლებს იყენებს. ბავშვის სწავლის პროცესში ჩართულია უმაღლესი ფსიქიკური პროცესები: მოტორული უნარ-ჩვევები, აღქმა, აზროვნება, მეტყველება, მეხსიერება, ყურადღება. აღნიშნული ფსიქიკური პროცესები რთული ბუნებისაა და ყველა ბავშვთან სტანდარტულად არ ვითარდება. მასწავლებლებისგან და მშობლებისგან ხშირად შეიძლება მოვისმინოთ, რომ ზოგიერთი ბავშვი ზარმაცია, უყურადღებოა, არ უსმენს გაკვეთილს, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე. ასეთ შემთხვევებში ბავშვს მიაწერენ იარლიყს, რომ მას სწავლა არ უნდა, რომ ის ზარმაცია. ამგვარი ქცევა კი, შესაძლოა, სულაც არ იყოს სიზარმაცით გამოწვეული და საქმე გვქონდეს დასწავლის უნარის დაქვეითებასთან.
– როგორ მოქმედებს ბავშვზე, როცა მას „ზარმაცს“ უწოდებენ?
– ბავშვისთვის ზარმაცის იარლიყის მიწერა რთული გადასატანია, ისინი განიცდიან, როდესაც მშობლებს იმედს უცრუებენ, ასეთმა მიდგომამ კი, შესაძლოა, ბავშვის დაბალ თვითშეფასებამდე მიგვიყვანოს. სწავლის უნარის დარღვევა განვითარების დარღვევაა, რომელიც სწავლისა და აკადემიური უნარების გამოყენების სირთულეს გულისხმობს, რაც ვლინდება მოსმენის, გაგების, მეტყველების, კითხვის, წერის დეფიციტში. ასეთი მოსწავლეების უმრავლესობას ინტელექტი ნორმაში ან ნორმაზე მაღალი აქვთ, თუმცა უჭირთ კითხვა, წერა, მათემატიკური მოქმედებების შესრულება, რადგან მათი ტვინი ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ზარმაცი კი არ არის, არამედ დასწავლის უნარის დაქვეითებასთან გვაქვს საქმე?
– აკადემიურ გარემოში დასწავლის უნარის დარღვევის ძირითადი ნიშნებია: შეცდომები ხმამაღლა კითხვისას, ტექსტში არსეული სიტყვების ხშირი გამეორება ან გაჩერება;  წაკითხულის გააზრებისა და აზრის წერილობითი გადმოცემის სირთულე;  საწერი კალმის, ფანქრის მოუხერხებელი დაჭერა და გაურკვეველი ხელნაწერი; მწირი ლექსიკური მარაგი; რიცხვებისა და სხვა სიმბოლოების შეცდომით წაკითხვა; ამბის თანმიმდევრულად გადმოცემის სირთულე. რაც შეეხება ყოველდღიურ გარემოში დასწავლის უნარის დარღვევის ნიშნებს: ცნობისმოყვარეობის ნაკლებობა; ახალი ინფორმაციის, ჩვევების დასწავლის ნელი ტემპი; ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა;  ინსტრუქციების შესრულების სირთულე; დღის განრიგის დაცვის პრობლემა; რიცხვების, ანბანის, ფერების, ფორმების, კვირის დღეების, მიმართულებების (მარჯვენა-მარცხენა) დასწავლის პრობლემები; სუსტი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, ბავშვი ვერ ახერხებს დავალებების შესრულებას ან მასზე დაკისრებული მოვალეობების ორგანიზებას, ქმედებების თანმიმდევრულად დალაგებას. სირთულე თანატოლებთან ურთიერთობისას; მოუსვენარი, მშფოთვარე ძილი. გარკვეულ შემთხვევებში დასწავლის უნარის დარღვევას თან ახლავს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ნიშნები, მაგალითად, ბავშვი გაკვეთილზე მოუსვენარია, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე ვერ კონცენტრირდება დავალებაზე, ახასიათებს ყურადღების გადატანა ერთი საქმიანობიდან მეორეზე, უჭირს ინსტრუქციების შესრულება, დამახასიათებელია გადაჭარბებული საუბარი და სასკოლო ნივთების ხშირი კარგვა.
– რა ასაკში ვლინდება ბავშვებში სწავლის უნარის დაქვეითება?
– უმეტეს შემთხვევაში დასწავლის უნარის დაქვეითებას ბავშვის სკოლაში შესვლის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე, როდესაც სწავლის გამოხატული პრობლემები იწყება. მშობლები შემდეგ იხსენებენ, რომ სკოლამდელი ასაკის პერიოდშიც ბავშვი ნელა ითვისებდა ახალ ინფორმაციას, იყო იმპულსური, ამბავს თანმიმდევრულად ვერ გადმოსცემდა და ასე შემდეგ. თუ ბავშვს შეამჩნევთ, რომ 3 წლის ასაკშიც აქვს ხელების მოუხერხებელი კოორდინაცია, უჭირს ფანქრის ხელში დაჭერა, ვერ ასახელებს ძირითად ფერებს და სხეულის ნაწილებს, მიმართეთ სპეციალისტს მისი ფსიქიკური განვითარების შეფასების მიზნით.
– რატომ ხდება დასწავლის უნარის დაქვეითება?
– დასწავლის უნარის დარღვევა დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციასთან, რის გამოც ბავშვი ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას, მის მოწესრიგებას და ერთმანეთთან დაკავშირებას, გართულებულია ინფორმაციის დამახსოვრება. რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას, არ არსებობს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი, მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორები, პრობლემები მუცლადყოფნის და მშობიარობისას, დაბადების შემდგომი ტრავმები, მშობლის მიერ ორსულობისას ალკოჰოლის თუ სხვა მავნე ნივთიერებების მიღება, ეკოლოგიური დაბინძურება. სწავლის უნარის დაქვეითების დახასიათება საკმაოდ რთულია, რადგან ყოველი კონკრეტული შემთხვევა განსხვავებულ ხასიათს ატარებს. დასწავლის უნარის დარღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა სწორი და დროული დახმარების პირობებში მოსწავლეები ახერხებენ გარემოსთან ადაპტირებას, სუსტი უნარების სხვა უნარებით კომპენსირებას და არსებული პროგრამის დაძლევას. თანამედროვე კვლევების მიხედვით, სწავლასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ბავშვების 5-7 პროცენტს აღენიშნება. სწავლის სირთულეები გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე, რაც გამოვლინდება სოციალური ურთიერთობების სფეროში, ეს კი საბოლოოდ აფერხებს საზოგადოებაში მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ბავშვისთვის დროული დახმარების აღმოჩენა და მისი განვითარების პროცესში სპეციალისტების ჩარევა.
– რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, რომელთაც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ?
– უპირველესად, დააკვირდით ბავშვს, აქვს თუ არა მას სკოლაში პრობლემები, რამდენადაა მასწავლებელი კმაყოფილი მისი დასწავლის უნარებით. მნიშვნელოვანია ვიცოდეეთ, როგორ ითვისებს სასწავლო პროგრამას, დიდი ძალისხმევა სჭირდება თუ არა დავალების შესრულებისთვის. თუ ბავშვის განვითარების შესახებ ეჭვი დაგებადათ, მიმართეთ სპეციალისტებს, ფსიქოლოგს ან ნეიროფსიქოლოგს. ისინი ზუსტად შეაფასებენ ბავშვის მდგომარეობას და დააკვირდებიან მას სხვადასხვა სიტუაციაში. სწორედ ამ შეფასებაზეა დამოკიდებული მისი სწავლებისა და აღზრდის სტრატეგიების შემდგომი დაგეგმვა. უნდა მოხდეს პრობლემის დროულად იდენტიფიცირება, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების ზუსტი დადგენა. უნარების შეფასების საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ბავშვს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სთავაზობს. გეგმის მიხედვით სწავლების მეთოდი ფოკუსირდება ბავშვის ძლიერ მხარეებზე და არაპირდაპირ ავითარებს ბავშვის სუსტ მხარეებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში კომპლექსურად ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები – ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი. თუ დახმარება დროული, სისტემატური და თანმიმდევრული იქნება, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ბავშვები ხომ თავისი დროის უმეტეს ნაწილს მშობლებთან ატარებენ, ამიტომ მათი მხრიდან მუდმივად ესაჭიროებათ სტიმულირება – გაამხნევეთ პატარა, შეაქეთ, შესთავაზეთ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. იცინეთ, იმხიარულეთ მასთან ერთად. ბავშვებთან ურთიერთობისას ინიციატივა მშობლებმა უნდა გამოიჩინონ. ხშირად ეთამაშეთ მას, გამოიყენეთ ლოტო, კუბიკები, თემატური სურათები, მოზაიკა, ისეირნეთ. დაიხმარეთ ბავშვი სახლის საქმეებში, ეცადეთ, რომ ამ საქმიანობაში აქტიურად იყოს ჩართული. ესაუბრეთ მშვიდი ტონით. ითამაშეთ ბავშვთან ისეთი თამაშები, რომლებიც მოძრაობას მოითხოვს, სახალისოა სხვადასხვა ზომის ბურთების გამოყენება, რაც ავარჯიშებს თვალისა და ხელების შეთანხმებულ კოორდინაციას, რეკომენდებულია ხატვა, ძერწვა, აღნიშნული აქტივობები კარგად ავითარებს ნატიფ მოტორიკას.
скачать dle 11.3