კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№39 როგორ დასდევს გიორგი ჭინჭარაული მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს ბავშვებივით უკან და რატომ ეტყობა მას ნუცა ბუზალაძის კბილები ხელზე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვარსკვლავური ქორწილი მოექცა. გიორგი ჭინჭარაულისა და სოფო ადუაშვილის შვიდწლიანი სიყვარული მათი ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. გიორგი ძალოსნობის ფედერაციის ექიმია და ამ ლამაზმა დღემ არაერთი ჩემპიონი და ვარსკვლავი შეკრიბა.
გიორგი ჭინჭარაული: ამ ქორწილს ძალიან დიდი შრომა დასჭირდა. უდიდესი მადლობა ჩემს მეუღლეს – აბსოლუტურად ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. ასევე, დიდი მადლობა ყველა ვარსკვლავს, ვინც ეს დღე კიდევ უფრო გაგვილამაზა და ცნობილ პიარმენეჯერ მაცაცო კევლიშვილს – სწორედ ის დაგვეხმარა ყველაფრის დაგეგვმაში. სპორტული ექიმი ვარ, ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან ვმუშაობ და შესაბამისად, ქორწილში იყო, როგორც სპორტული ელიტა – ორგზის და სამგზის მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის თუ ოლიმპიური ჩემპიონები და ასევე, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები. სამი სეზონის განმავლობაში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ექიმი ვიყავი და შესაბამისად, ამ წრეში ბევრი მეგობარი მყავს. მათ შორის: ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მარიამ როინიშვილი, ნუცა ბუზალაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი შერმადინი, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, რატი გაჩეჩილაძე, კარინა ლისენკო, გიორგი გაჩეჩილაძე, მარიამ კუბლაშვილი. ცეკვა იქნებოდა თუ სიმღერა, თუ ვინმეს რამე შეეძლო, მაქსიმალურად დაიხარჯნენ და ნამდვილი ზეიმი გამოვიდა.
– მარიამ კუბლაშვილი მეჯვარე იყო. რაც გამორჩეული ამბავია, რადგან გოგო მეჯვარე ბიჭებს იშვიათად ჰყავთ ხოლმე.
– მარიამთან ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ ერთად ბევრი გაჭირვებული პერიოდი გამოვიარეთ. მარიამს სერიოზული ტრავმები და ცხოვრებისეული პრობლემები ჰქონდა, რომელთა მოგვარებაშიც, ჩემი აზრით, გარკვეული როლი ვითამაშე და დიდი მეგობრები გავხდით. მინდოდა, ჩემი შვილის ნათლია ყოფილიყო. ქორწილზე რომ ვსაუბრობდით, თვითონ წამოჭრა ეს თემა: რა კარგი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს, შენი მეჯვარე ვიყოო. ძალიან გამიხარდა, რას ჰქვია, რომ შეიძლებოდეს? მე, უბრალოდ, ვერ გაგიბედავდი, როგორც გოგოს, თორემ ამაზე კარგი შემოთავაზება არ მიმიღია-მეთქი და ამ იდეას სასწრაფოდ შევასხით ფრთები (იცინის).
– მეუღლეს რაც შეეხება? როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
– ორივე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიყავით და ერთმანეთი იქ გავიცანით. თითქმის შვიდწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. თავიდან ვმეგობრობდით, მერე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ინიციატივა მე გამოვიჩინე, დადებით პასუხს არ ველოდი, მაგრამ გამიმართლა. სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ვიყავით. მე ხელმოკლე ოჯახიდან ვარ, რაიონიდან ჩამოვედი და რთული იყო თბილისში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანთან ურთიერთობა დამეგეგმა. ხშირად, რომ ვაცილებდი ხოლმე, სამარშრუტო ტაქსის ფულიც არ მქონდა, რომ მე გადამეხადა. შეყვარებული ადამიანისთვის
რთულია, როცა ამის შესაძლებლობაც არ გაქვს. ესეც რომ არ შეგიძლია, სხვა რაღა უნდა შეძლო? არაფერი გამაჩნდა, ბინაც არ მქონდა და ეს წლები ცხოვრების შესაქმნელად დამჭირდა. ამიტომ გაიწელა ჩვენი ურთიერთობა ამდენ ხანს. ამასობაში შევქმენი ჩემი კარიერა და ცხოვრებაც. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. ძნელია, ამდენი ხანი ალოდინო ადამიანი. მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, როცა გიყვარს, არ გბეზრდება.
– როგორი იყო კარიერის დასაწყისი?
– თბილისიდან 35 კილომეტრში, სოფელ ლაფანაანთკარში დავიბადე და გავიზარდე,. ძალიან ზარმაცი ბავშვი ვიყავი, მხოლოდ ლიტერატურა მიყვარდა და ძალიან ბევრს ვკითხულობდი. სკოლას რომ ვამთავრებდი, მშობლებმა მითხრეს, იქნებ მოემზადო და სადმე ჩააბაროო. ოჯახში ბევრი მასწავლებელი მყავს, განათლებულები არიან და არ უნდოდათ უსწავლელი შვილი (იცინის). ერთი ამბავი ატეხეს, სამედიცინოში ჩავაბაროთო, საგამოცდო ბარათიც თვითონ შეავსეს და პირველი სამედიცინო ჩაწერეს. სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია მაშინ ახალი ფაკულტეტი იყო. თუმცა მამაჩემი მეუბნებოდა, შენგან არაფერი დადგება, საქონელს მოგიშენებ, სოფელში იქნები და საჭმელი გექნებაო (იცინის). მაგრამ მე ძალიან ჯიუტი ვიყავი და საკუთარი თავის რწმენა მქონდა, რაც მაძლიერებდა, ამიტომ ყოველთვის წინ მივდიოდი. თუმცა ჩემები ყოველთვის თვლიდნენ, რომ საკმარისს არ ვაკეთებდი. მოკლედ, მოვემზადე და ოცდაათპროცენტიანი გრანტიც ავიღე. ძალიან გამიჭირდა თბილისთან შეგუება. თან, ბინა არ მქონდა და ყოველდღე სოფლიდან დავდიოდი უნივერსიტეტში, იშვიათად თუ დავრჩებოდი ნათესავებთან. ჩემს ყოველდღიურ ფულს გზისთვის განკუთვნილი ხუთი ლარი შეადგენდა. მშობლები კი ყველანაირად გვერდში მედგნენ, მაგრამ მე თვითონ ვერ ვაძლევდი მეტის უფლებას თავს. ჩემი ძმა მოსწავლე იყო და მაქსიმალურად ხელმომჭინედ ვხარჯავდი ფულს. ერთი წლის შემდეგ ისიც სტუდენტი გახდა.
– ფედერაციაში როგორ დაიწყეთ მუშაობა?
– უნივერსიტეტში პრაქტიკული მეცადინეობის დროს გავიგეთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები თურქეთში მიდიოდნენ, სადაც ცერებრალური დამბლით
დაავადებულ ბავშვებთან მუშაობდნენ და ათასი დოლარი ჰქონდათ ხელფასი. ეს მაშინ იმხელა ფული იყო, რა თქმა უნდა, გაქცევა მქონდა გადაწყვეტილი. იმ პერიოდში გავიცანი ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა და ახლა ჩემს ქორწილში თამადა იყო – ზურა კახაბრიშვილი, ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი. ლექციებს გვიკითხავდა და არ ვიცი, რით, მაგრამ რაღაცით მოვეწონე, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო. მისი დამსახურებით გავხდი ძალოსნობის ნაკრების ექიმი. მოჭრილ ხელფასთან ერთად, თავის ჯიბიდან დამინიშნა სტიპენტია, რადგან იცოდა, შორიდან დავდიოდი და არ უნდოდა ხელი შემშლოდა. სიხარულისგან გადავირიე, სოფელში გავიქეცი და მამას ვახარე, რას გეუბნებოდი-მეთქი?! (იცინის). დავიწყე მუშაობა ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან, მაგრამ იმ პერიოდში გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ვეღარ ვმუშაობდი. ერთხელ, ისევ ზურასთან ვიყავი სამედიცინოში და მეუბნება, ახლა გაგაგზავნი სოფო ნიჟარაძის დასახვედრად და აქ მოიყვანეო. სოფო ნიჟარაძის მარტო ხსენებაზე დამემართა ელეთმელეთი და რომ ვნახე, ხომ, საერთოდ (იცინის). მაშინ სოფო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა და ფეხზე ტრავმა მიიღო. ძალიან მებრძოლი ადამიანია, ექიმებმა უთხრეს, რომ ცეკვას ვეღარ გააგრძელებდა და ჩვენთან მოვიდა. ჩვენ ხომ ზუსტად ამისთვის ვართ, რაც არ უნდა მოხდეს, სპორტსმენი ბოლომდე, გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ. ზურამ მოუსმინა და უთხრა: ჭინჭარაული მოგხედავს და რას ჰქვია, ვერ იცეკვებ, ბოლომდე მიგიყვანსო. „ვაიმე, ჭინჭარაულო, ამ ფეხით ვინ უნდა აცეკვო-მეთქი“ – ვფიქრობ, მაგრამ სოფოსთან თავს ხომ არ შევირცხვენდი და ვთქვი ერთი და ორი გვიცეკვებია-მეთქი?! (იცინის). მართლა მაქსიმალურად მოვინდომეთ და ასეთი ფეხით ერთი თვე ვაცეკვეთ, თან პროცესი მორჩენისკენ წავიყვანეთ. მაგრამ შემდეგ სოფოს მამა გარდაეცვალა და პროექტი აღარ გააგრძელა. მეც ჩავალაგე გუდა-ნაბადი და წამოვედი. სამ დღეში ისევ დამირეკეს თაკო ჩორგოლეიშვილის მეწყვილეს უტკენია ხელი, მერე თავად ნოე სულაბერიძემ დაიზიანა ხელი, მასთანაც ჩავერიე და მოკლედ, მომდევნო სეზონიდან ამიყვანეს. ჩვენი თანამშრომლობა რამდენიმე სეზონი გრძელდებოდა და ახლაც, თუ რამე სჭირდებათ და მე დრო მაქვს, დიდი სიამოვნებით მივდივარ მათთან. ამასობაში ძალოსნობის ფედერაციაშიც „მოიქოქა“ სიტუაცია. დღეს საუკეთესო ნაკრები გვყავს და მათთან ვმუშაობ.
– მათი თითოეული გამარჯვების მოწმე ხართ. საპასუხისმგებლოსთან ერთად, ძალიან სასიამოვნო და საამაყო სამსახურია. როგორია ჩემპიონებთან
მუშაობა?

– ასეა 2015 წლიდან არცერთი შეჯიბრება არ ჩამიგდია. მით უმეტეს, როცა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს ეხება საქმე – ჩვენ ყველაფერი ერთად მოვიგეთ. ლაშა ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და მისი მეჯვარე მე ვიყავი. ერთმანეთი 2013 წელს გავიცანით და მას შემდეგ ერთად მოვდივართ, ძმებივით ვართ. მათთან მუშაობას რაც შეეხება, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალოსნობა ისეთი სპორტია მაქსიმალური მობილიზებაა და ყურადღებაა საჭირო. ახლა სეზონი რომ იცვლება, ბიჭებს უკან დავდევ – „ნასკი“ ჩაიცვით-მეთქი, ბავშვებივით არიან (იცინის). ლაშა ხომ ამხელა სპორტსმენია, მაგრამ თუ კუდში არ ვდიე, არ გამოდის (იცინის). იცით, ოლიმპიადაზე რა ქნა? ცოტა ხნით ადრე მაგრად გაცივდა. ყელი გაუსივდა, ჩირქოვანი ანგინა ჰქონდა და ვარჯიშები ჩაუვარდა. ორმოცი ჰქონდა ტემპერატურა და ძლივს მოვიყვანეთ გონს. მეუბნება, ჩემით ვიმკურნალე, მაგრამ არ მიშველაო. როგორ იმკურნალე-მეთქი? რაღაც პერიოდით ადრე მისმა ძმამ გლანდები ამოიჭრა და ექიმმა ნაყინი დაუნიშნა. ამასაც ყელი რომ წამოსტკივდა, ჩემთან არ მოვიდა, წავიდა და ნახევარი ყუთი ნაყინით „იმკურნალა“ (იცინის).
– ვარსკვლავებთან ურთიერთობა როგორია, რამდენად ხშირია ტრავმები?
– საკმაოდ ხშირი, თუმცა ყველაზე მთავარი აქ ნებისყოფაა. ნუცა ბუზალაძის ამბავი მახსენდება: ფეხი გადაუტრიალდა და მოტყდა. მოტეხიოლობის გამო ტრავმული შოკი განვითარდა და გული წაუვიდა. ოცდაათი წამის განმავლობაში გონს ვერ მომყავდა. ვცდილობდი, პირი გამეხსნა, რომ სუნთქვა შეძლებოდა. ძალიან მაწვალა, ხელები დამაგლიჯა, მისი კბილების „შრამები“ ახლაც მაქვს თითებზე. იატაკზე რომ წამოვსვი, გარშემო ყველა პანიკიორობდა. ერთმა გონს მოსული რომ დაინახა, დაიყვირა: უიმე, რა კარგია გადარჩაო და ნუცამ: რა დამემართაო და ამ გაღებულ პირზე იმან ერთი ლიტრი წყალი შეასხა და კინაღამ დამიხრჩო, მეორეჯერ გამიხდა მოსასულიერებელი (იცინის).
P.S. ფოტოები მოგვაწოდა გიორგი   ცაავამ.
скачать dle 11.3