კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ გამოუგზავნა ბიზანტიის კეისარმა ქართველ ხელმწიფეებს ორი გვირგვინი და რა მოითხოვა აფხაზეთის ერისთავისგან

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

 მურვან ყრუს შემოსევის შედეგად აოხრებული იყო საქართველო, სომხეთი და რანი. აღარსად დარჩა შენობა, რომელიც დამპყრობლებს არ დაენგრიათ. აღარ იყო საკვები ადამიანებისთვის და პირუტყვებისთვის.
 მეფე მირი, მისი ძმა არჩილი და მათი თანამებრძოლი, აფხაზეთის ერისთავი ლეონი, დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ. აღმოსავლეთში გაცილებით მოძლიერებულიყვნენ არაბები, თითქმის ყველაფერს აკონტროლებდნენ და ტფილისის საამიროც დაეარსებინათ. აფხაზეთი ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო.
 დაჭრილმა მეფე მირმა, მისმა ძმამ, არჩილმა და აფხაზეთის ერისთავმა ლეონმა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის კეისართან ელჩი გააგზავნეს და აუწყეს, რაც მოხდა მურვან ყრუსთან ომის დროს, როგორი ზიანი მიაყენა არაბების ჯარს სტიქიამ, როგორ დაამარცხეს არაბები ანაკოფიასთან და რა მდგომარეობა იყო ქვეყანასა და რეგიონში. ბიზანტია ქრისტიანული იბერიისთვის მაინც მოკავშირე იყო. გაუჭირდა ბიზანტიას და ამიტომ, აღმოსავლეთში იბერიის ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ ხელს აძლევდა.
 ბიზანტიის იმპერატორმა გამოაგზავნა ორი სამეფო გვირგვინი მირისა და არჩილისათვის და გუჯარი, სადაც ეწერა:
 „ქართლში თქვენი მეფობა იყო ბრძნული და მხნე. მართალია, ახლა იდევნებით ჯვრის მსახურებისთვის, ქრისტიანობისთვის, მაგრამ უფალმა აღგვითქვა ქრისტიანებს, რომ გვადიდებს.
 ახლა გამაგრდით თქვენს ციხე-სიმაგრეებში, სანამ არ გავა სამასი წელი. სამასი წელი უნდა გავძლოთ.
ორას ორმაცდამეათე წელს გაიყოფა მათი სამეფო. მესამასე წლის დასასრულისათვის გაძლიერდება ჩვენი სამეფოები, შევმუსრავთ აგარიანებს და ყველა მათგანი, ამაღლებული დამდაბლდება და ჩვენთან ერთად ქრისტეს მადიდებელნი ამაღლდებიან!“
აქ კეისარი გულისხმობდა შემდეგს: ცოტა წინ, ჰერაკლე კეისრის ამბებზე რომ მოგვითხრობს მატიანე, წერია, რომ რამდენიმე ათეული წლით ადრე, როცა არაბების შემოსევები გაძლიერდა, კეისარმა ჰერაკლემ დიდი სვეტი ააგო და წააწერა ზედ: „მშვიდობა, შუამდინარეთო და ფილისტიმო, სანამ ჩაივლის შვიდი შვიდეული“. რაც ფილოსოფოსებმა განმარტეს შემდეგნაირად, რომ ეს უდრის ორას ორმოცდაათ წელს. ამის შესახებ უპოვიათ ჰერმეს ტრისმეჯისტონის (ჰერმეს ტრისმეგისტი, სამგზის დიდებული) წიგნში. ჰერმეს ტრისმეჯისტონი ადრე სინკრეტული ღვთაების სახელი იყო. შემდეგში, ქრისტიანული ტრადიციით, ბრძენი ჰერმეს ტრისმეჯისტონი მიიჩნეოდა საიდუმლო სწავლების ავტორად. მას მიეწერებოდა სხვადასხვა გამოთვლები და წინასწარმეტყველებები. ანუ, ჰერმეს ტრისმეჯისტონის წინასწარი გამოთვლით, მაჰმადიანები ამდენ ხანს იბატონებენო. ამგვარად, მირისა და არჩილისადმი მოწერილ წერილში იგულისხმებოდა, რომ სამასი წლით იყო დაშვებული აგარიანთა ბატონობა, ამ ხნის განმავლობაში ქრისტიანებს უნდა გაეძლოთ, თავი გადაერჩინათ ციხე-სიმაგრეებში და სამასი წლის მერე დადგებოდა ქრისტიანთა დიდების ხანა.
ლეონ აფხაზთა ერისთავს კი ბიზანტიის კეისარმა მოსწერა:
 „სრულიად ქართლის მიწა-წყალს ჩვენგან ზიანი მიადგა, მათი მეფეებისგან კი თანადგომა და დახმარება ვიხილეთ. ახლა, უკვე მესამედ, მათ სამსახური და დახმარება გასწიეს ჩვენი სამეფო ტახტის მიმართ:
 პირველად, როცა ჩვენი ხელით მიიღეს ქრისტიანობა (აქ იგულისხმება, რომ ქრისტიანობა გავრცელდა ქართლში რომიდან (ბიზანტიიდან), ამ საქმეში წმიდა ნინოსა და მირიან მეფეს დაეხმარა რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდი – გ. მ.).
 შემდეგ შემუსვრას გადაარჩინეს პონტოს დიდი ქალაქი და ჩვენსა და სპარსელებს შორის მშვიდობა დაამყარეს. მაშინ ვახტანგ იბერიის მეფე შუამავლად მოგვევლინა და თავისი ხმლით პალესტინა და ჯაზირეთის (შუამდინარეთის) ორი ნაწილი დაუბრუნა ჩვენს სამეფოს (აქ საუბარია იმაზე, რაც „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ არის მოთხრობილი, რომ ჩვენი წმიდა მეფის ძალისხმევით მოხდა სპარსელთა და ბიზანტიელთა ომის ზავით დასრულება – გ. მ.).
 ახლაც, ღმერთს რომ მათი საშუალებით არ დაებრკოლებინა ბოროტი მტერი, არაბთა დიდი ჯარი შემოსული იქნებოდა კონსტანტინოპოლამდე (აქ იგულისხმება, რომ ბიზანტიისა და არაბების ბრძოლაში არაბთა დიდი ჯარი დაკავებული იყო საქართველოში, რაც შეღავათი იყო ბიზანტიისთვის – გ. მ.).
 ღმერთმა ნებროთის შვილებში ეგენი გამოაჩინა, რომ მათ მოდგმას არ მოჰკლებოდა გულისხმიერი და მეომარი ბრძენი, როგორც მოგვითხრობენ ჩვენ დაწერილ გუჯარში (ვახტანგ გორგასალი ითვლებოდა ნებროთის შთამომავლად), სადაც აღწერილი არიან მეფეები და წარჩინებულები, მათი ტომებითა და სოფლებით. შენთვის მიბრძანებია აფხაზეთის ერისთაობა, შენთვის, შენი შვილებისა და შთამომავლობისათვის, უკუნისამდე. პატივი ეცი იბერიის მეფეებს და ხალხს. ამიერიდან უფლება აღარ გაქვს, ზიანი მიაყენო მათ და ეგრისის საზღვრებს, სანამ იქ იქნებიან და სანამ წავლენ.
 ანაკოფიასთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გაურთულდა მეფე მირს. სასიკვდილო აღმოჩნდა ჭრილობა, ვერ მოარჩინეს მკურნალებმა. მიხვდა მეფე, რომ კვდებდა და უთხრა თავის ძმას:
 „მივდივარ, ძმაო, ჩვენს წინაპრებთან. წამიღე და დამასაფლავე ჩვენი მამა-პაპის საფლავებთან. შენ გაუწყებ ადგილს, სადაც დაფლულია საგანძური. არ მყავს ვაჟი, არამედ მყავს შვიდი ასული. ახლა შენ ხარ ჩვენი სამეფო ტახტის, მირიან მეფის მემკვიდრე.
 შენ იცი, რომ ჩვენ, მეფეები, არ ვაძლევთ ჩვენს ასულებს ცოლად ერისთავებს, არამედ ვათხოვებთ მათ მეფეებზე ან თუ მოვა ვინმე ჩვენთან სპარსეთიდან, მეფეთა ნათესავი, როგორც ფეროზი, რომელსაც მიათხოვა მირიან მეფემ თავისი ასული ცოლად.
ჩვენ შემცირებული ვართ, შენ ხარ უცოლო, მე ვარ უძეო. რადგან ჩვენს წინაპრებს ცოლად მოჰყავდათ ერისთავთა ასულები. მიათხოვე ერისთავებს ჩემი ასულები და გაუყავი მათ ქართლის ქვეყნები. ნახევარი შენ და ნახევარი მათ. რაც მე მქონდა საუხუცესოდ, შენთვის მიანდერძია. გქონდეს საუხუცესოდ. ეგრისი, სვანეთი, თაკვერი, არგვეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეცი ჩემს ასულებს, რათა შიშიანობის ჟამს იქ იყვნენ უსაფრთხოდ.
მამაჩვენი ამ ომს შეეწირა და ვერ მოვახერხეთ და ვერ გადავასვენეთ მცხეთაში. გადაასვენეთ მისი ძვლები და დაასაფლავეთ ქუთათისის საყდარში, რათა იყოს იქ, იმის დასამტიცებლად, რომ ჩვენი სამკვიდროა. შენ აქ დარჩი და დაუმეგობრდი ბერძნებს, სანამ ეს უკუნი განქარდება, სანამ არ გამოსწორდება ვითარება.
გარდაიცვალა მეფე მირი და გადმოასვენეს მცხეთაში და დაკრძალეს ზემო ეკლესიის შესავალ კართან.
მის მაგიერ იბერიის სამეფო ტახტზე ავიდა მეფე არჩილი.
скачать dle 11.3